რა უშლის ხელს გულის კუნთის რეგულარულ შეკუმშვას

მოდი, გავარკვიოთ, გულის კუნთში აღმოცენებული რომელი ცვლილებები განაპირობებს ადამიანის ამ უმთავრესი ორგანოს რეგულარული მუშაობის დარღვევას.
გულის შეკუმშვათა რეგულარობის დარღვევას მედიცინაში არითმია ეწოდება. არითმიის დროს გულის შეკუმშვათა სიხშირე გახშირებულიც შეიძლება იყოს, გაიშვიათებულიც და არარეგულარულიც. ხშირად არითმია არც განსაკუთრებით საშიშია და არც გულის დაავადებას უკავშირდება, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა გადაუდებელი დახმარებაა საჭირო:
შესაძლოა დაირღვეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების - თავის ტვინის, გულის - სისხლის მიმოქცევა. დღეს ასეთ მძიმე არითმიებსაც კი უმეტესად წარმატებით მკურნალობენ არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ოპერაციული (მცირეინვაზიური) ჩარევითაც, რომლის შედეგად არითმიით დაავადებული მრავალი ადამიანი სრულფასოვან ცხოვრებასა და მოღვაწეობას განაგრძობს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
როგორ ვითარდება არითმია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავიგოთ, როგორია გულის ელექტრული სისტემის აგებულება.
გულის შეკუმშვათა სიხშირესა და რეგულარობას გულის ელექტრული სისტემა აკონტროლებს. მარჯვენა წინაგულში მდებარეობს სინუსის კვანძი - იმ უჯრედების ერთობლიობა, რომლებიც ელექტრულ იმპულსს წარმოქმნიან. ჯანმრთელი ადამიანის სინუსის კვანძში რეგულარულად, რიტმულად წარმოიქმნება წუთში 60-დან 100-მდე ელექტრული იმპულსი.
თავდაპირველად იმპულსი წინაგულებს მოიცავს, შედეგად წინაგულები იკუმშება და სისხლი პარკუჭებში გადაიტყორცნება, იქიდან კი მიემართება ქვემოთ, ატრიოვენტრიკულური (წინაგულ-პარკუჭოვანი) კვანძისაკენ, რომელიც წინაგულსა და პარკუჭს შორის მდებარეობს. ატრიოვენრტიკულური კვანძიდან იმპულსი ჰისის კონაში ვრცელდება, მისი ორი ფეხით ორივე პარკუჭს მოიცავს და პარკუჭების შეკუმშვას იწვევს, რის წყალობითაც სისხლი აორტასა და ფილტვის არტერიაში გადაიტყორცნება და მთელ ორგანიზმს მიეწოდება. ასე ვრცელდება ელექტრული სიგნალი გულის გამტარი სისტემით მთელ გულში.
ეს პროცესი ავტომატურად, რეგულარულად მეორდება ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ჩვენ მიერ დასახელებული სტრუქტურების ნებისმიერ ადგილას აღმოცენებული დარღვევა შეიძლება არითმიის მიზეზად იქცეს.
რა იწვევს არითმიას
არითმია მაშინ ვითარდება, როცა გულის შეკუმშვათა გამომწვევი ელექტრული იმპულსის წარმოქმნა ფერხდება ან იბლოკება, ეს კი მაშინ ხდება, როცა ელექტრული იმპულსის წარმომქმნელი უჯრედები სათანადოდ ვერ მუშაობენ ან თვით იმპულსი ამა თუ იმ პათოლოგიის გამო გულში ვერ ვრცელდება. არითმია მაშინაც შეიძლება აღმოცენდეს, როცა ელექტრული იმპულსების წარმოქმნა სინუსის კვანძთან ერთად ან მის ნაცვლად იწყება გულის სხვა უბანშიც - ექტოპიურად. ამ დროს გული ექტოპიურ იმპულსზე რეაგირებს და არა ნორმალურზე. შეგვიძლია დავასახელოთ მიზეზები, რომლებიც იმპულსის წარმოქმნის ასეთ ცვლილებას იწვევს:
- თამბაქოს წევა;
- ალკოჰოლის ჭარბი მიღება;
- ზოგიერთი მედიკამენტი (კოკაინი, ამფეტამინი, გაციებისას რეკომენდებული საშუალებები და სხვა);
- კოფეინიანი სასმელების (ყავა, ჩაი, კოლა) ჭარბი მიღება;
- ემოციური სტრესი, მრისხანება, რომლის გავლენით გული ჭარბი დატვირთვის პირობებში მუშაობს, იმატებს სისხლის წნევა, სისხლში გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, მაგალითად, ადრენალინი.
განასკუთრებული ყურადღება კი იმ მდგომარეობას უნდა მიექცეს, როცა გულის იშემიური დაავადების, მაღალი არტერიული წნევის, კარდიომიოპათიის ან გულის უკმარისობის დროს ზიანდება გულის კუნთი და მისი გამტარი სისტემა და არითმიაც სწორედ ამის გამო აღმოცენდება. გარდა ჩამოთვლილი შემთხვევებისა, არითმია ხშირად აღმოცენდება გულის მანკის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, მწვავე რევმატიზმის დროსაც. ამ შემთხვევაში გულის კუნთში აღმოცენებული ცვლილებები, მისი ჰიპერტროფია ან ელასტიკურობის დაქვეითება არღვევს ელექტრული იმპულსის გავრცელებას. არის შემთხვევები, როცა პაციენტს აქვს გულის გამტარი სისტემის ანომალია - დამატებითი გამტარი გზა. ეს მდგომარეობა ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის სახელით არის ცნობილი და პაროქსიზმული ტაქიკარდიის - გულის რიტმის უეცარი მკვეთრი გახშირების - შეტევები ახასიათებს. ამ დროს შეკუმშვათა სიხშირე წუთში 140-ს აღემატება. ზოგჯერ პულსის დათვლა შეუძლებელიც კია. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა არითმიის მიზეზს ვერ ადგენენ.