არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტები
არტერიული წნევის გასაკონტროლებლად და ისეთი საშიში გართულებების განვითარების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, საჭიროა არა მხოლოდ დიეტის, ფიზიკური აქტივობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, არამედ ექიმის მიერ დანიშნული ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები რეგულარულად მიღებაც.
მთავარი ამოცანა- არტერიული წნევის უსაფრთხო ციფრები
ჰიპერტენზიისას მედიკამენტების მიღების მთავარი მიზანია არტერიული წნევის დაქვეითება უსაფრთხო დონემდე: 140/90 მმ.ვწყ.სვ-ზე დაბლა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების განვითარების მაღალი რისკის მქონე თანმხლები დაავადებების არსებობის შემთხვევაში (როგორიცაა დიაბეტი, სიმსუქნე, თირკმლის დაავადება, კორონალური არტერიის დაავადება), რეკომენდებულია არტერიული წნევის დაქვეითება 130/80-ზე მმ.ვწყ.სვ-ზე ქვემოთ.
ამ მიზნით გამოიყენება ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების 5 ძირითადი ჯგუფი:
1 ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები -აგფ-ინჰიბიტორები;
2 ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები -სარტანები;
3 კალციუმის არხების ბლოკატორები (ანტაგონისტები);
4 ბეტა ბლოკატორები ;
5 შარდმდენი საშუალებები (შარდმდენები ანუ დიურეტიკრბი);
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების თითოეულ ჯგუფს აქვს კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი თვისებები, რაც ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტისთვის ინდივიდუალური მკურნალობის დანიშვნისას.
შენიშვნა! ნებისმიერ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატს შეუძლია არტერიული წნევის დაქვეითება პირველი დოზის მიღების შემდეგ, მაგრამ წნევის სტაბილურობის მისაღწევად და უეცარი ნახტომების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული წამლის მიღება ყოველდღე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მხოლოდ ასეა შესაძლებელი სისხლში წამლის იმ კონცენტრაციის შენარჩუნება, რომელიც აუცილებელია მუდმივი ჰიპოტენზიური (წნევის დამაქვეითებელი) ეფექტის მისაღწევად. |
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ძირითადი ჯგუფების თავისებურებები
1 ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ-ინჰიბიტორები)
მოქმედების მექანიზმი
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები წნევას აქვეითებენ ორგანიზმში ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის შეფერხებით. სწორედ ანგიოტენზინ II ზრდის არტერიულ წნევას სისხლძარღვების შევიწროვების ხარჯზე. გარდა ამისა, ანგიოტენზინ II განაპირობებს ორგანიზმში ჰორმონ ალდოსტერონის გამომუშავებას. ეს უკანასკნელი სითხის შეკავებას უწყობს ხელს, შედეგად ორგანიზმში გროვდება ჭარბი სითხე, რაც წნევის მატების ერთ-ერთი მიზეზია.
ასე რომ, აგფ ინჰიბიტორები თრგუნავენ ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, რასაც მოჰყვება სისხლძარღვები გაფართოვება, თირკმელების სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესება, შედეგად სითხის ჭარბი შეკავება აღარ ხდება და წნევაც ქვეითდება.
დამატებითი თვისებები
აგფ ინჰიბიტორები ანელებენ თირკმელების ქრონიკული დაავადების განვითარებისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის პროცესს. ამცირებენ თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი. ხელს უშლიან ორგანოების დაზიანებას და თუ ამ ჯგუფის პრეპარატების მიღება დაავადებულმა დაგვიანებით ანუ უკვე დაზიანებული ორგანოების ფონზე დაიწყო, მაშინაც კი შეიძლება ამ დაზიანებების უკუგანვითარება, მაგალითად, მცირდება მარცხენა გულის ჰიპერტროფია და სხვა.
აგფ-ინჰიბიტორები ხშირად ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან აწუხებთ გულის ქრონიკული უკმარისობა.
მიღების თავისებურება
არტერიული წნევის სტაბილურობა მიიღწევა პრეპარატის რეგულარული ყოველდღიური მიღებიდან 4-6 კვირის შემდეგ.
ხველა
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მიღებისას ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება მშრალი ხველა და, იშვიათად, შეშუპება. ხველის გაჩენა პირდაპირ კავშირშია წამლის მოქმედებასთან- ხდება ანგიოტენზინ II-ს დაბლოკავა, შედეგად გროვდება ბრადიკინინი (სისხლძარღვების გამაფართოებელი ჰორმონი), რომელიც იწვევს ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას და რეფლექსურ ხველას.
ხველის აღმოცენების შემთხვევაში პრეპარატი შეიძლება შეიცვალოს სარტანის ჯგუფის (ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორები) რომელიმე პრეპარატით. მათ აგფ ინჰიბიტორის ანალოგიური მოქმედების მექანიზმი აქვს, თუმცა მშრალ ხველას არ იწვევენ. და თუ მაინც დაგეწყებათ ხველა, მაშინ მიზეზი სხვა რამაა - გულის უკმარისობა, ფილტვების დაავადებები (ბრონქიტი, ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), ალერგია და სხვა მიზეზები.
ეს საინტერესოა! წნევის დამწევი საშუალებების ან მისი აქტიური ნივთიერების სახელწოდება თუ ბოლოვდება ,,პრილი“-ზე, მაშინ აგფ ინჰიბიტორთან გვქონია საქმე (ბენაზეპრილი, ზოფენოპრილი , პერინდოპრილი, ტრანდოლაპრილი , კაპტოპრილი , ენალაპრილი , ლიზინოპრილი და რამიპრილი) .
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
არ არის რეკომენდებული ამ ჯგუფის მედიკამენტების დანიშვნა სისხლში კალიუმის მაღალი დონის (ჰიპერკალიემია), თირკმლის სისხლძარღვების მუდმივი შევიწროების და შეშუპებისადმი მიდრეკილების შემთხვევაში.
2 ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები -სარტანები
მოქმედების მექანიზმი
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები ბლოკავენ ანგიოტენზინ II რეცეპტორებს, რომლებიც მდებარეობს სისხლძარღვების და თირკმლის ქსოვილების კედლებში და ამით თრგუნავენ მის აქტივობას, რის შედეგადაც არტერიული წნევა თანდათან მცირდება.
დამატებითი თვისებები
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მსგავსად, სარტანები ხელს უშლიან თირკმელების დაზიანებას, ხელს უწყობენ თირკმლის ფუნქციის შენარჩუნებასა და თირკმელების უკმარისობის განვითარების თავიდან აცილების საშუალებას იძლევიან. გარდა ამისა, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები მარცხენა წინაგულისა და პარკუჭის ჰიპერტროფიის პრევენციას იწვევენ ან თუ უკვე ადგილი ამ ცვლილებებს, ამცირებენ მათ.
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები ენიშნებათ გულის ქრონიკული უკმარისობით, შაქრიანი დიაბეტით ან მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილ პაციენტებს.
მიღების თავისებურებები
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს, როგორც წესი, კარგად იტანენ პაციენტები. არტერიული წნევის დასტაბილიზება ხდება თანდათან- რეგულარული მიღებიდან 6 კვირის განმავლობაში.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები შეიძლება დაინიშნოს, თუ ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები არაეფექტურია ან ცუდად გადაიტანება.
ეს საინტერესოა! წნევის დამწევის საშუალებების ან მისი აქტიური ნივთიერების სახელწოდება თუ ბოლოვდება სარტანეზე, მაშინ საქმე გვქონია ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან (ლოსარტანი, კანდესატრანი, ირბესარტანი, ვალსარტანი და ა. შ.) |
3 კალციუმის არხის ანტაგონისტები (ბლოკატორები)
მოქმედების მექანიზმი
კალციუმის არხის ანტაგონისტები (ბლოკატორები) ამშვიდებენ და აფართოებენ სისხლძარღვების კედლებს, ამცირებენ პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობას, რის გამოც მათ შეუძლიათ მოკლე დროში მნიშვნელოვნად შეამცირონ არტერიული წნევა. აუმჯობესებენ კორონალური სისხლის მიმოქცევასს, ამცირებს დატვირთვას გულზე.
დამატებითი თვისებები
კალციუმის არხის ანტაგონისტები არ ახდენენ გავლენას ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე, რაც მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომის და ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებისთვის. კალციუმის არხის ანტაგონისტებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ სტენოკარდიის შეტევების განვითარებას. ისინი ამცირებენ ინსულტის რისკს და თრგუნავენ სისხლის შედედების წარმოქმნის პროცესს.
მიღების თავისებურებები
ჰიპოტენზიური ეფექტი ვითარდება რამდენიმე (7-8) დღის განმავლობაში. ამ ჯგუფის ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა მიღებიდან 15-20 წუთში.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
არ არის რეკომენდებული კალციუმის არხის ანტაგონისტების დანიშვნა აორტის სარქვლის გამოხატული სტენოზის, გულის მძიმე უკმარისობის, არტერიული ჰიპოტონიის, ტაქიკარდიის, კოლაფსის, სისხლძარღვოვანი და კარდიოგენული შოკის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პირველი კვირის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების დროს.
კალციუმის არხების ბლოკერების გავრცელებული გვერდითი ეფექტებია შეშუპება კოჭ-წვივის არეში, ქვედა კიდურების ტკივილი, შეკრულობა, კანზე გამონაყარი, სახის წამოწითლება და წამოხურება, თავის ტკივილი, ღრძილების შეშუპება, მამაკაცების შემთხვევაში ღამით გახშირებული შარდვა.
რა უნდა ვიცოდეთ კალციუმის არხების ბლოკერებით მკურნალობისას?
კალციუმის არხების ბლოკერებით მკურნალობისას არ არის რეკომენდებული გრეიპფრუტის წვენის მიღება, რადგან გრეიპფრუტის წვენის მიღების შემთხვევაში სისხლში მედიკამენტის შემცველობა ხანგრძლივად მაღალი დარჩება და შეიძლება წნევის უეცარი, ძლიერი დაქვეითება მოხდეს. ფორთოხლისა და ნებისმიერი სხვა წვენი ასეთ ეფექტს არ იწვევს.
ეს საინტერესოა! წნევის დამწევის საშუალებების ან მისი აქტიური ნივთიერების სახელწოდება თუ ბოლოვდება „პინი“-ზე, მაშინ საქმე გვქონია კალციუმის არხების ბლოკერებთან (ნიფედიპინი, ნიტრენდიპინი, ამლოდიპინი და სხვა). |
4 ბეტა ბლოკატორები
მოქმედების მექანიზმი
ბეტა ბლოკატორების დახმარებით ხდება გულის არითმიების, გულის შეტევებისა და ჰიპერტენზიის რეგულირება. ისინი ძირითადად არიან ნორადრენალინისა და ადრენალინის ანტაგონისტები და შესაბამისად იწვევენ მათ ბლოკირებას ადამიანის ორგანიზმში.
ჰიპერტენზიის დროს, ხანგრძლივი რეგულარული გამოყენებისას ბეტა- ბლოკატორები აქვეითებენ წნევას. ამ ეფექტის მექანიზმები არ არის ბოლომდე შესწავლილი, თუმცა, სავარაუდოდ, იგი კომპლექსურია და მოიცავს სხვადასხვა სახის ეფექტებს გულსა და სისხლძარღვებზე. ნორმალური არტერიული წნევის მქონე ჯანმრთელ ადამიანში ბეტა-ბლოკატორების ჩვეულებრივი დოზები ჰიპოტენზიას იწვევს.
ბეტა-ბლოკატორები ამცირებენ გულისცემას, ამცირებენ სისხლის მოცულობას, რომელსაც გული „გამოტყორცნის“ ყოველი შეკუმშვისას და ხანგრძლივი რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობას, რის შედეგადაც არტერიული წნევა თანდათან მცირდება.
დამატებითი თვისებები
ბეტა ბლოკატორები ამცირებენ ტაქიკარდიას, ამცირებენ გულის მოთხოვნილებას ჟანგბადზე და იშემიის რისკს.
მიღების თავისებურებები
ბეტა ბლოკატორების ჯგუფის სხვადასხვა პრეპარატების სტაბილური ჰიპოტენზიური ეფექტი შეიძლება განვითარდეს 2-4 კვირის ან 1-2 თვის რეგულარული გამოყენების შემდეგ. როგორც წესი, ბეტა ბლოკატორები ინიშნება სტენოკარდიის, გულის ქრონიკული უკმარისობის, აორტის ანევრიზმის მქონე პაციენტებში, აგრეთვე მათ, ვინც გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი ან საჭიროებს გულისცემის კონტროლს.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
ბეტა ბლოკატორების უკუნაჩვენებია ინტრაკარდიული გამტარობის დარღვევის და ბრონქული ასთმის შემთხვევაში. ასევე შეიძლება გაზარდოს ინსულინის რეზისტენტობა და დიაბეტის განვითარების რისკი.
5 შარდმდენი საშუალებები (შარდმდენები, დიურეტიკები)
მოქმედების მექანიზმი
შარდმდენი საშუალებები ზრდიან მარილების (ნატრიუმის, ქლორის, კალიუმის) გამოყოფას შარდით, ამცირებენ სისხლძარღვებში მოცირკულირე სისხლის მოცულობას და ამით ამცირებენ არტერიულ წნევას.
დამატებითი თვისებები
შარდმდენები ეფექტურად აფერხებენ გულის უკმარისობის განვითარებას, ამცირებენ სისხლში კალიუმის დონეს და ამცირებენ ფილტვებში შეშუპებას.
არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ შარდმდენთა შორის უპირატესად თიაზიდური შარდმდენები გამოიყენება. ისინი არტერიულ წნევას აქვეითებენ ორგანიზმში სითხისა და ნატრიუმის შემცირების ხარჯზე. გარდა ამისა, შარდმდენი ეხმარება სისხლძარღვების ტონუსის დაქვეითებას და ამითაც უწობენ ხელს წნევის დაქვეითებას.
გარდა თიაზიდური შარდმდენებისა, შეიძლება დაინიშნოს ორგანიზმში კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენებიც.
როდის არ გამოიყენება შარდმდენები
შარდმდენები არ გამოიყენება შარდვის პრობლემების, პოდაგრის, თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს, ადისონის დაავადების ანუ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობას ექიმი წყვეტს პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით.
არის გარემოებები, რომელთა დროსაც შარდმდენებით მკურნალობისას აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის ხშირი შეფასება, მათ შორის - ლაბორატორიული კვლევა. ეს ეხება ხანშიშესულ პაციენტებს, რომლებსაც თირკმლის ან ღვიძლის დაავადება, დიაბეტი ან სისხლში კალიუმის ან ნატრიუმის დაბალი დონე აქვთ.
შარდმდენების გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, შარდმდენებსაც აქვთ გარკვეული გვერდითი ეფექტები. მათ შორის აღსანიშნავია გახშირებული შარდვა (შეიძლება მკვეთრი დისკომფორტი გამოიწვიოს), სისუსტე, წნევის დაქვეითება წამოდგომისას, კუნთების ტკივილი, სისხლში შარდმჟავას მომატება, გლუკოზის მომატება. უკანასკნელი ეფექტის გამო, გარკვეულ პაციენტებთან, პირველი რიგის პრეპარატებად შარდმდენები აღარ გამოიყენება.
შარდმდენები აქვეითებენ სისხლში კალიუმის დონეს, ამიტომ მათი მიღებისას ხშირად მოწმდება სისხლში კალიუმის შემცველობა ან ინიშნება პრეპარატი, რომელიც კალიუმის დონეს ზრდის.
მიღების თავისებურებები
არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოყენებადი შარდმდენების უმეტესობის თერაპიული ეფექტი იწყება სისტემატური გამოყენების შემთხვევაში პირველი მიღებიდან 1-2 კვირის შემდეგ. შარდმდენები განსაკუთრებით კარგად მოქმედებენ, როგორც კომბინირებული თერაპიის ნაწილი, ისე სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად. დიურეტიკების ჰიპოტენზიური ეფექტის გასაძლიერებლად რეკომენდებულია მარილის ყოველდღიური მიღების შეზღუდვა.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
ხანგრძლივი გამოყენებისას ზოგიერთი შარდმდენი ხელს უწყობს ინსულინის რეზისტენტობის გაზრდას. ამიტომ, შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ შეირჩევა შარდმდენების ჯგუფის პრეპარატებიდან ისინი, რომლებიც გავლენას არ ახდენენ ლიპიდურ და ნახშირწყლების ცვლაზე.
მაქსიმალური ეფექტურობისთვის
სამწუხაროდ, ერთი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის დანიშვნა, თუნდაც ძალიან მაღალი დოზებით, ბევრ პაციენტში არ ამცირებს არტერიულ წნევას უსაფრთხო დონემდე. როგორც წესი, ეს გამოწვეულია იმით, რომ არც ერთ წამალს არ შეუძლია დათრგუნოს არტერიული წნევის მატებაზე პასუხისმგებელი ყველა მექანიზმი. ამიტომ, დღეს ექიმები ერთდროულად უნიშნავენ ორ, ზოგჯერ კი სამ პრეპარატს არტერიული ჰიპერტენზიის მქონე თითქმის ყველა ადამიანს. შემდეგი კომბინაციები ითვლება ოპტიმალურად:
1 აგფ-ინჰიბიტორი + კალციუმის არხების ბლოკატორები
2 აგფ ინჰიბიტორი + შარდმდენი
3 ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები + კალციუმის არხების ბლოკატორები
4 ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები + შარდმდენი
5 კალციუმის არხების ბლოკატორები + ბეტა ბლოკატორების
6 კალციუმის არხების ბლოკატორები + შარდმდენი
7 ბეტა ბლოკატორების + შარდმდენი
კომბინირებული პრეპარატები
დადებითი და უარყოფითი მხარეები
კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები შეიცავენ რამდენიმე ჯგუფის ჰიპოტენზიურ საშუალებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ჩვეულებრივ ინიშნება არა ერთი, არამედ რამდენიმე პრეპარატი, რომლებიც ერთგვარად ავსებენ ერთმანეთს. მაგალითად, მიზანშეწონილია კალციუმის არხის ბლოკატორების კომბინაცია (აჩქარებენ გულისცემას) ბეტა-ბლოკერების ჯგუფის პრეპარატებთან ( აქვთ საპირისპირო ეფექტი). აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის II რეცეპტორების ბლოკატორები, რომლებიც ინარჩუნებენ კალიუმს ორგანიზმში, ჩვეულებრივ შერწყმულია დიურეტიკებთან, რომლებსაც ორგანიზმიდან კალიუმი გამოაქვთ. თუმცა, შარდმდენები, როგორც ჰიპერტენზიის სამკურნალოდ საშუალებები, კარგად ერწყმის ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ნებისმიერ სხვა ჯგუფს.
პლიუსები
კომბინირებული მედიკამენტები ქმნიან რამდენიმე წამლის ნაცვლად ერთი წამლის მიღების ილუზიას. ეს გარკვეულწილად ამცირებს რამდენიმე მედიკამენტების ყოველდღიური მიღებით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ტრავმას. იმ ადამიანებსაც კი, რომელთაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ კომბინირებულ წამალში აქტიური ინგრედიენტების რაოდენობა ზუსტად იგივეა, რაც ცალკე აღებულ კომპონენტებში, ურჩევნიათ ერთი ტაბლეტის გადაყლაპვა, ვიდრე სამი ან ოთხის და ეს ბუნებრივიცაა.
კომბინირებული მედიკამენტების მეორე უპირატესობა ის არის, რომ ნაკლებია რომელიმე წამლის მიღების დავიწყების რისკი.
მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ხარჯების დაზოგვა. ერთი წამალი უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ორი-სამის.
მინუსები
სამწუხაროდ, კომბინირებული პრეპარატების მინუსებიც აქვს.
მთავარი მინუსია მანევრის სირთულე, განსაკუთრებით წამლების შერჩევის საწყის ეტაპზე. ჰიპერტენზიის მკურნალობის პროცესის დასაწყისში პრეპარატის დოზა თანდათანობით შეირჩევა. პაციენტი იკონტროლებს წნევას, იწერს წნევის ციფრებს, რეგულარულად აკითხავს ან ურეკავს ექიმს და აცნობს მკურნალობის შედეგს. ამ პერიოდის განმავლობაში პრეპარატის დოზა შეიძლება შეიცვალოს, ასევე შეიძლება გადაიხედოს თავდაპირველად დანიშნული პრეპარატის უწყვეტი მიღების მიზანშეწონილობა. მაგალითად, თუ საჭირო გახდება აგფ ინჰიბიტორის დოზის გაზრდა ან შარდმდენის დოზის შემცირება, მაშინ დანიშნული კომბინირებული პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და შეცვალოს იგივე, მაგრამ კომპონენტების განსხვავებული თანაფარდობის პრეპარატით. შედეგად, ხარჯი იზრდება. ასევე შეიძლება არტერიული წნევის გაზომვის შედეგებიდან გამომდინარე გადაწყდეს შარდმდენის დილით, ხოლო დარჩენილი კომპონენტები საღამოს მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ღამის და დილის წნევა მაღალია. არ არის რეკომენდირებული შარდმდენის მიღება ღამით - ძილი ირღვევა ტუალეტში ხშირი გასვლის გამო. გარდა ამისა, ზოგჯერ კარგად შერჩეული ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო მკურნალობაც კი შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, ზაფხულში ბევრი პაციენტი აღნიშნავს არტერიული წნევის მნიშვნელოვან კლებას, რაც საშუალებას აძლევს ექიმს შეამციროს ერთ-ერთი დანიშნული წამლის დოზა. თუ პაციენტი იღებს რამდენიმე სხვადასხვა ტაბლეტს, მაშინ ერთი მათგანის დოზის შეწყვეტა ან შემცირება არ იწვევს რაიმე სირთულეს. ერთი კომბინირებული პრეპარატის მიღებისას კი ეს შეუძლებელია. პაციენტები ცდილობენ ტაბლეტების შუაზე გაყოფას, რაც იწვევს ყველა კომპონენტის დოზის შემცირებას და შედეგად არტერიული წნევის მატებას.
მეორე მინუსი არის დოზირებაში დაბნეულობა. არსებობს კომბინირებული სამ ან ოთხ კომპონენტიანი პრეპარატები ამ კომპონენტების უამრავი სხვადასხვა კომბინაციით. მათ სახელწოდება საერთო აქვთ, განსხვავება მხოლოდ დოზაშია და შეგიძლება იყიდოთ არასწორი დოზა.
ალბათ ჯობს წამლების შერჩევის ეტაპზე უპირატესობა მიენიჭოს წნევის დამწევი რამდენიმე პრეპარატის დანიშვნას და არა კომბინირებულის. თუმცა, თუ დიდი ხანია ღებულობთ წამალს კომბინირებული ჯგუფიდან და ყველაფერი კარგად მიდის, მაშინ არაფრის შეცვლა არ გჭირდებათ .
დაბოლოს
იმისათვის, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს, მნიშვნელოვანია არტერიული წნევის წამლების ყოველდღიურად მიღება, თუნდაც თქვენი წნევა ნორმალური იყოს, რადგან მედიკამენტების გამოტოვებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები, როგორიცაა ინსულტი ან გულის შეტევა.