მიოკარდიუმის ინფარქტის ქვემწვავე პერიოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიოკარდიუმის ინფარქტის ქვემწვავე პერიოდი

- გულის კუნთის ინფარქტის ქვემწვავე ფაზა მწვავე დაზიანებიდან 4-7 დღის შემდეგ იწყება და შესაძლოა, 2 კვირამდე გაგრძელდეს. დაავადების განვითარების ეს სტადია პროგნოზის თვალსაზრისით გაცილებით კეთილსაიმედოა, ვინაიდან ადრეული გართულებების პერიოდი უკვე ჩავლილია, თუმცა გართულების რისკი მაინც რჩება, რადგან ამ პერიოდში ცვლილებებს განიცდის დაზიანებული გულის კუნთი, შესაბამისად, გულისა და მთელი ორგანიზმის სისხლის მიმოქცევა, მათი სარეგულაციო და აღდგენითი მექანიზმები. ინფარქტის ქვემწვავე ფაზაში ხდება გულის კუნთის დანეკროზებული, მკვდარი უბნების გაწოვა და მათ ადგილას ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარება. ქვემწვავე პერიოდის შესაფასებლად, გარდა მწვავე შეტევის შემდეგ გასული დროისა, გამოიყენება სპეციფიკური კლინიკური, ელექტროკარდიოგრაფიული და ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემები. გულის კუნთის მყარი ნაწიბური ინფარქტიდან მხოლოდ სამი კვირის შემდეგ ყალიბდება. ამ დროისთვის დაზიანების მიდამოში ცხრება შეშუპება, გადარჩენილ მომიჯნავე ქსოვილში აღდგენითი პროცესი მიმდინარეობს, დარბილებულ მკვდარ ქსოვილს ნაწიბური ენაცვლება. გულის კუნთის ეს მიდამო გულის მუშაობაში აღარ მონაწილეობს, რის გამოც გულის ფუნქცია არასრულფასოვანი ხდება. რაც უფრო მცირეა დაზიანება და შემდგომ დანაწიბურებული უბანი, მით უფრო ნაკლებად ირღვევა გულის ფუნქცია. ეს რთული პათოლოგიური პროცესი საჭიროებს სათანადო მედიკამენტურ და არამედიკამენტურ მკურნალობას, რათა თავიდან ავიცილოთ ინფარქტის გვიანი გართულებები - გულის უკმარისობა, თრომბოემბოლია და სხვა.

- როდის ვითარდება რეინფარქტი?

- რეინფარქტი (განმეორებითი ინფარქტი) შესაძლოა განვითარდეს როგორც მწვავე, ისე ქვემწვავე პერიოდში. გულის კუნთის დაზიანება, რომლის მიზეზიც არის მისი მკვებავი სისხლძარღვის - კორონარული არტერიის თრომბოზი, შესაძლოა განმეორდეს და უფრო დიდი უბნის და უფრო ღრმა დაზიანება გამოიწვიოს. ამ დროს ძველი დაზიანების ადგილას ნაწიბური ჯერ ჩამოუყალიბებელია, რის გამოც საგრძნობლად იმატებს ფატალური გართულებების - გულის კუნთის გამობერვის (ანევრიზმის), გულის რიტმის სიცოცხლისთვის საშიში დარღვევის, გულის კუნთის გახეთქვის ალბათობა. რეინფარქტი უმეტესად არასათანადო რეჟიმისა და არასაკმარისი მკურნალობის შედეგია. სწორედ მისი განვითარების საფრთხე გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც არ შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა შინ, სადაც ავადმყოფის მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობა მინიმალურია. ინფარქტის მწვავე და ქვემწვავე სტადიების მართვა უნდა განხორციელდეს სპეციალიზებულ სტაციონარულ განყოფილებაში, სადაც არსებობს პირობები პაციენტის მიმდინარე მონიტორირებისთვის და კლინიკური, ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული გამოკვლევისთვის. მხოლოდ ამ გამოკვლევათა მეშვეობით შეიძლება დავადგინოთ და თავიდან ავიცილოთ რეინფარქტი თუ სიცოცხლისთვის საშიში სხვა გართულებები. არსებობს გულის კუნთის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანების ისეთი ხარისხიც, როდესაც რეინფარქტისა და სხვა გართულებების თავიდან აცილება მკურნალობის კონსერვატიული მეთოდებით შეუძლებელია. ამ შემთხვევაში სისხლძარღვთა გამავლობის აღსადგენად ოპერაციულ მეთოდებს მიმართავენ.

- როდის აძლევენ ავადმყოფს მოძრაობის უფლებას?

- როდესაც გართულება არ აღინიშნება, პაციენტს საწოლში მსუბუქი მოძრაობის - ხელების ამოძრავების, თვითმომსახურებისა და თვითმოვლის, თავის წამოწევის, გვერდზე გადაბრუნების უფლება შეიძლება მეორე დღესვე მიეცეს. ინფარქტის დროს ნებადართული ფიზიკური აქტიურობა ავადმყოფის ფუნქციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, მის შესაფასებლად და გადაწყვეტილების მისაღებად კი სპეციფიკური გამოკვლევებია საჭირო. ასეთივეა მიდგომა ინფარქტის ქვემწვავე პერიოდშიც. თუ მიმდინარე დაკვირვებისას გამოკვლევის შედეგები დარღვევათა უკუგანვითარებაზე, დადებით დინამიკაზე მიუთითებს, ფიზიკური აქტიურობის რეჟიმს აფართოებენ - ავადმყოფს შეიძლება დართონ წამოჯდომის, მჯდომარე კვების ან პირადი ჰიგიენისა და ტუალეტის ჩასატარებლად წამოდგომის უფლება. ფეხით სეირნობის დაწყება შესაძლებელია, როდესაც გამოკვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ გულის კუნთის მკვდარი ინფარქტული უბნები გაწოვილია და დაწყებულია ნაწიბუროვანი ცვლილებების ჩამოყალიბება. გართულების რისკი ამ დროს საგრძნობლად უნდა იყოს შემცირებული. რაც შეეხება პოსტინფარქტული პერიოდის რეგულარულ და სავალდებულო სარეაბილიტაციო ფიზიკურ აქტიურობას, მისი ინტენსიურობა სპეციალურ სადიაგნოზო ღონისძიებათა შედეგებით განისაზღვრება. ჩვეულებრივ, ტარდება ეკგ გამოკვლევა დოზირებული ფიზიკური დატვირთვის სინჯით და/ან ე.წ. 24-საათიანი ეკგ-მონიტორირება. ეს გამოკვლევები გვაწვდის ინფორმაციას გულის ფუნქციური მდგომარეობის შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე ვაწესებთ შეზღუდვებს და ვადგენთ დასაშვები ფიზიკური აქტიურობის ფარგლებს. ფიზიკური აქტიურობა მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ იზრდება. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ პაციენტის თვითშეგრძნების გაუმჯობესებას არ ნიშნავს; დადებითი დინამიკა კლინიკურმა, ინსტრუმენტულმა და ლაბორატორიულმა პარამეტრებმაც უნდა დაადასტუროს. ფიზიკური აქტიურობის რეჟიმის გაფართოება მიზნად ისახავს პოსტინფარქტულ პერიოდში დატვირთვის ოპტიმალური დონის მიღწევას, ამ დონეზე ფიზიკური აქტიურობის ხანგრძლივ შენარჩუნებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. თუ განვითარდა პოსტინფარქტული გართულება: გულის უკმარისობა, რიტმის რეგულარული დარღვევა, პოსტინფარქტული სტენოკარდია, - ფიზიკური აქტიურობა იზღუდება, ტარდება სამედიცინო გამოკვლევა და მისი შედეგების გათვალისწინებით განიხილება რევასკულარიზაციის (სისხლძარღვთა აღდგენის) ჩატარების შესაძლებლობა. სისხლძარღვების აღმდგენი ქირურგიული ოპერაცია უმეტესად შედეგიანია. ის აუმჯობესებს ან სავსებით აღადგენს ფიზიკური დატვირთვისადმი პაციენტის ამტანობას.

- რამდენი ხანი უნდა დაყოს ავადმყოფმა სტაციონარში?

- გააჩნია დაავადების მიმდინარეობას. დადგენილია, რომ პაციენტთა ადრეული გააქტიურება ხელს უწყობს ისეთი გართულებების თავიდან აცილებას, როგორიც არის შეგუბებითი პნევმონია, კუნთების ატროფია, თრომბოემბოლია, კუჭ-ნაწლავისა და საშარდე სისტემების ატონია. თუ გართულებამ არ იჩინა თავი, დღევანდელი პრაქტიკა საშუალებას იძლევა, სტაციონარში დაყოვნების პერიოდი 10-14 დღემდე შემცირდეს, გართულების შემთხვევაში კი სტაციონარული მკურნალობის ხანგრძლივობა შესაძლოა ოთხ კვირამდეც კი გაიზარდოს. სტაციონარიდან გაწერის ვადა იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად შესაძლებელია ადრეულ პოსტინფარქტულ პერიოდში სრული ამბულატორიული მეთვალყურეობისა და სათანადო მკურნალობის განხორციელება.

- რომელი დღიდან იწყება რეაბილიტაცია?

- შეძლებისამებრ ადრე. გართულების არარსებობისას სარეაბილიტაციო ღონისძიებები ქვემწვავე პერიოდის პირველივე დღეებიდან ხორციელდება. ფიზიკური რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს საფეხურებრივად, დატვირთვის თანდათანობითი გაზრდით. ორიენტაციას ვიღებთ რისკის შემცირებაზე, ფიზიკური აქტიურობის ოპტიმალური დონის მიღწევაზე, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტიურობას, თამბაქოსთვის თავის დანებებას. ყოველ პაციენტს სარეაბილიტაციო პროგრამას ინდივიდუალურად, დაავადების მიმდინარეობის, გართულებათა არსებობა-არარსებობის, ასაკის და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით ვუდგენთ. გეგმის შედგენაში თავად პაციენტიც მონაწილეობს - ასე ის უფრო დამყოლი ხდება და სასურველი ეფექტის მიღებაც იოლდება.

- არსებობს თუ არა ფიზიკური რეაბილიტაციის უკუჩვენება?

- სარეაბილიტაციო ღონისძიებები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს. სხვა საქმეა უშუალოდ ფიზიკური აქტიურობა. ფიზიკური აქტიურობის რეჟიმის გაფართოებას მთავარ დაბრკოლებას უქმნის პოსტინფარქტული სტენოკარდია, გულის უკმარისობის III-IV სტადია, გულის რიტმის დარღვევისა და თრომბოფლებიტის შემთხვევები, ასევე - თანმხლები დაავადებები (არტერიული ჰიპერტენზია, ცხელება და სხვა), თუმცა ამ უკანასკნელთა მკურნალობის შემდეგ შეგვიძლია, სარეაბილიტაციო ღონისძიებები სრულფასოვნად განვახორციელოთ. ფიზიკური აქტიურობა შეზღუდვის პირობებშიც დასაშვებია, თუმცა მინიმალური დატვირთვით.

- რამდენ ხანს უნდა იღებდეს ინფარქტგადატანილი ადამიანი მედიკამენტებს?

- მკურნალობა ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. საქმე ის არის, რომ ინფარქტი გულის იშემიური დაავადების კლინიკური გამოვლინებაა, გულის იშემიური დაავადება კი პოსტინფარქტულ პერიოდშიც გრძელდება და შესაძლოა, გამოვლინდეს სტენოკარდიით, რომლის სამკურნალოდ გამოიყენება ნიტრატების ჯგუფის მედიკამენტები. ერთ-ერთი მათგანია საყოველთაოდ ცნობილი ნიტროგლიცერინი, რომელიც ხსნის სტენოკარდიულ შეტევას. ნიტროგლიცერინის მიღებას თავისი წესები აქვს, რომელთა იგნორირებამ შესაძლოა გართულება გამოიწვიოს. ეს წესები მარტივია და მედიკამენტის დანიშვნის დროს ექიმი აუცილებლად განუმარტავს პაციენტს. გულის იშემიური დაავადების სიმპტომების კონტროლისთვის გამოიყენება ბეტა-ბლოკერებიც. გარდა ამისა, აუცილებელია ისეთი ფაქტორების კონტროლი, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია,  ქოლესტერინის დონის მომატება, შაქრიანი დიაბეტი. აუცილებელია აგრეთვე მკურნალობა თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. წესისამებრ, ინიშნება ასპირინის მცირე დოზებიც, ფაქტობრივად სამუდამოდ.

ამრიგად, პოსტინფარქტულ პერიოდში, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი, პაციენტთა უმრავლესობას სჭირდება რამდენიმე, ხშირად 3-4 მედიკამენტის კომბინირებული მიღება. კლინიკური გამოკვლევის შედეგების მიხედვით ფასდება ამ მედიკამენტების გამოყენების ჩვენება-უკუჩვენებები და სავარაუდო გვერდითი ეფექტები. მრავალი პაციენტი ასეთ მკურნალობას წლების განმავლობაში საჭიროებს.


- როგორია პოსტინფარქტული პერიოდი?

- პოსტინფარქტულ პერიოდში პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება უნდა გაგრძელდეს. ამას კდიევ ერთი მიზანი აქვს: კორონარული სისხლძარღვების ოპერირება ინფარქტის მწვავე პერიოდში ყოველთვის ვერ ხერხდება, პოსტინფარქტულ პერიოდში კი შესაძლოა საამისოდ სათანადო პირობები შეიქმნას. ასე რომ, უნდა განისაზღვროს ოპერაციული მკურნალობის ჩვენებები, მისი სავარაუდო შედეგები და, რასაკვირველია, ჩატარების შესაძლებლობა. ამ მიზნით ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური გეგმით უნდა განხორციელდეს საექიმო, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები. დაავადების კეთილსაიმედო მიმდინარეობისას ასეთი კვლევები შედარებით იშვიათად ტარდება. გულის იშემიური დაავადებისა და ინფარქტის გვიანი გართულებებისას (გულის უკმარისობა, არითმიები), პაციენტს გამოკვლევები უფრო ხშირად უტარდება. პოსტინფარქტულ პერიოდში ავადმყოფის მდგომარეობის შეფასება, ჩვეულებრივ, ამბულატორიულ პირობებში ხორციელდება. რასაკვირველია, ამ პროცესში პაციენტის როლი განსაკუთრებულია. კარგად გათვითცნობიერებულ პაციენტს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რისკის გამოვლენასა და აღმოფხვრაში. თვითონვე აკონტროლოს არტერიული წნევა, პერიოდულად ჩაიტაროს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის შესაფასებლად საჭირო ანალიზები, აიწონოს, აკონტროლოს კვებისა და ფიზიკური აქტიურობის რეჟიმი. 

- როგორ უნდა იკვებებოდეს ინფარქტგადატანილი ადამიანი?

- სტაციონარულ პირობებში საგრძნობლად იზღუდება როგორც საკვების ოდენობა და სახეობა, ასევე კალორაჟი. უმთავრესად იკრძალება ისეთი საკვები, რომელიც ცხიმებისა და შაქრების წყაროს წარმოადგენს. იზღუდება მარილისა და წყლის მოხმარებაც. სტაციონარში ინიშნება სამკურნალო დიეტა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის არასასურველი ნივთიერებებისგან გაწმენდას და ამასთანავე მას აუცილებელი საკვები კომპონენტებით უზრუნველყოფს. ამავე დროს ეს დიეტები თავიდან გვაცილებს კუჭ-ნაწლავის სისტემის გართულებებს. სტაციონარში კვების ტიპური რეჟიმი ასეთია:

  • სადღეღამისო კალორაჟი შეადგენს 1000 ან 1500 კკალ-ს.
  • საკვები პაციენტს ეძლევა მცირე ულუფებით და ხშირად (5-6-ჯერ დღეში).
  • საკვები ადვილად ასათვისებელია, არ შეიცავს ქოლესტერინსა და ცხოველურ ცხიმებს.
  • მარილის სადღეღამისო ოდენობა არ აღემატება 4-5 გრამს, ხოლო წყლისა - 1 ლ-ს, ზოგჯერ უფრო მეტადაც იზღუდება.
  • სასურველია, საკვები არ იწვევდეს კუჭ-ნაწლავის შებერილობას.

მიოკარდიუმის ინფარქტის პირველ დღეებში პაციენტმა შეიძლება მიიღოს დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები (მაწონი, ხაჭო), ორცხობილა, მინერალური წყალი, ხილის წვენები, ჩირი, შავი ქლიავი, მცენარეული ზეთი. პოსტინფარქტულ პერიოდში აკრძალვებსა და შეზღუდვებს ენაცვლება რაციონალური კვების პრინციპები,  რომლებიც წლობით არის გამოცდილი და მთელ მსოფლიოში გამოიყენება. კვების ასეთი რეჟიმი უზრუნველყოფს აუცილებელი ნივთიერებების მიღებას და ზღუდავს მავნე ნივთიერებების - ცხოველური ცხიმების, შაქრებისა და სუფრის მარილის - მოხმარებას. ეს ყოველივე ზრდის სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ეფექტს და აადვილებს სხეულის ოპტიმალური წონის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ოპტიმალური დიეტური რეჟიმის ფონზე შესაძლებელია შემცირდეს არტერიული წნევის, მომატებული ქოლესტერინის და შაქრის კონტროლისთვის საჭირო მედიკამენტთა დოზები. თუ რომელიმე თანმხლები სნეულების, მაგალითად, დიაბეტის, სიმსუქნის, კუჭ-ნაწლავის ამა თუ იმ დაავადების გამო კვების სპეციალური შეზღუდვაა საჭირო, პაციენტს სპეციალიზებული დიეტა ენიშნება. საზოგადოდ, ჯანსაღი კვებისადმი ყოველგვარი მიდგომა ეფუძნება 10 ძირითად პრინციპს:

1. მიირთვით მრავალფეროვანი, ძირითადად მცენარეული სურსათი.

2. დღეში რამდენჯერმე მიირთვით პური, მარცვლეული, მაკარონი, ბრინჯი ან კარტოფილი.

3. დღეში რამდენჯერმე მიირთვით სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული, უმჯობესია, ახალი და ადგილობრივი.

4. ეცადეთ შეინარჩუნოთ სხეულის რეკომენდებული წონა.

5. აკონტროლეთ ცხიმების მიღება (არა უმეტეს 30% სადღეღამისო კალორაჟისა), ნაჯერი ცხიმები უჯერით (მცენარეული ზეთით) შეცვალეთ.

6. ცხიმიანი ხორცისა და ხორცპროდუქტების ნაცვლად მიირთვით ლობიო, სხვა პარკოსნები, თევზი, ფრინველი ან საქონლის მჭლე ხორცი.

7. მიირთვით ცხიმისა და მარილის მცირე შემცველობის მქონე რძე და რძის ნაწარმი (კეფირი, მაწონი, იოგურტი, ყველი).

8. მიირთვით შაქრის მცირე შემცველობის მქონე პროდუქტები, ნაკლები რაფინირებული შაქარი, ტკბილი სასმელები, ტკბილეული.

9. მიირთვით ნაკლებმარილიანი საკვები. დღე-ღამის განმავლობაში პურის, გადამუშავებული, დაშაშხული, შებოლილი, დაკონსერვებული და სხვა პროდუქტების საშუალებით მიღებული მარილის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ჩაის კოვზს - 6 გრამს. იქ, სადაც იოდის დეფიციტს ენდემური ხასიათი აქვს, აუცილებელია იოდიზებული მარილის მოხმარება.

10. საკვები უსაფრთხო და ჰიგიენური მეთოდით მოამზადეთ. გახსოვდეთ, რომ ორთქლში ან მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას, ცხობისას, ხარშვისას უფრო ნაკლები ცხიმის დამატებაა საჭირო.

- რას გვეტყვით ალკოჰოლურ სასმელებზე? შეიძლება თუ არა ინფარქტგადატანილისთვის მათი მიღება?

- ინფარქტის მწვავე, ქვემწვავე და რეაბილიტაციის პერიოდებში ალკოჰოლური სასმელების მიღება დაუშვებელია, ხოლო პოსტინფარქტულ პერიოდში, თუ არ აღინიშნება მნიშვნელოვანი გართულებები, ალკოჰოლის ზომიერი მიღება ერთგვარ დამცავ ეფექტსაც კი ახდენს.

- რას ნიშნავს ზომიერი მოხმარება?

- ზომიერ ოდენობად ითვლება 30 მლ ეთანოლის სპირტი. ასეთ ულუფას შეიცავს 2 საშუალო ზომის ჭიქა ღვინო, 80 მლ-მდე არაყი, ამდენივე კონიაკი. გამოკვლევები აჩვენებს, რომ ასეთი რეჟიმით ალკოჰოლის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებების რისკს. 

- როდის შეიძლება, ინფარქტგადატანილმა ადამიანმა მუშაობა განაგრძოს?

- გაურთულებელი ინფარქტის შემთხვევაში შრომითი საქმიანობის დაწყება შესაძლებელია ორი თვის შემდეგ. ამ დროიდან პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა უნდა შეიზღუდოს ფიზიკური დატვირთვა, ღამის მორიგეობები. შრომითი საქმიანობის რიტმის აღდგენა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კუთხითაც მნიშვნელოვანია. ეს, ფაქტობრივად, იმ სარეაბილიტაციო ღონისძიებების გაგრძელებაა, რომლებიც დაავადების პირველსავე დღეებში იწყება. შრომითი რეჟიმის აღდგენა ხელს უწყობს დადებით ფსიქოემოციურ განწყობას. ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში სპეციალისტებთან ერთად პაციენტის ნათესავებიც მონაწილეობენ.