რა საჭიროა ვაქცინაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საჭიროა ვაქცინაცია

შეიძლება, უსასრულოდ ვიკამათოთ აცრის აუცილებლობაზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ინფექციური დაავადებები არავის გაუუქმებია, ისინი არსებობენ და საფრთხეს უქმნიან როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებსაც.

ჩვენ ვცხოვრობთ ღია გარემოში და რით დასრულდება ჩვენი დაუცველი შვილების საშიშ დაავადებებთან შეხვედრა, ვერავინ იტყვის. ვაქცინები ორგანიზმს ეხმარება, გაუმკლავდეს სხვადასხვა ვირუსსა თუ ბაქტერიას და ამ მიკროორგანიზმებით გამოწვეულ დაავადებებს: წითელას, წითურას, პოლიომიელიტს, ყბაყურას, B ჰეპატიტს, ტუბერკულოზს, ყივანახველას, დიფთერიას, ტეტანუსს. თუმცა, მშობლებისა და მედიკოსების გარკვეული ნაწილი მათ მნიშვნელობას სათანადოდ არ აფასებს.

რაში მდგომარეობს აცრის არსი, რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა გამოტოვებამ ან არასწორად ჩატარებამ? ამ და სხვა საკითხებზე პედიატრი ლოლა ზვიადაძე გვესაუბრება.

- რაში მდგომარეობს ვაქცინაციის არსი?

- ორგანიზმში შეგვყავს სამედიცინო პრეპარატი - ვაქცინა. მან ხელი უნდა შეუწყოს ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც შეებრძოლებიან დაავადების გამომწვევს. ეს საშუალებას იძლევა, გამომუშავდეს მყარი იმუნიტეტი კონკრეტული დაავადების მიმართ.

ყველა ვაქცინას აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული ჩვენება, უკუჩვენება და გამოყენების ვადა. ასევე განსაზღვრულია შეყვანის გზაც: პირში, კუნთში, კანში, კანქვეშ... მშობელმა უნდა იცოდეს, რომელ დაავადებას უცრიან მის შვილს, რამდენად სახიფათოა ეს დაავადება, როგორ მოემზადოს აცრისთვის, როგორ გადაიტანოს აცრის შემდგომი პერიოდი.

დედებს ეშინიათ აცრის, უმთავრესად - მოსალოდნელი რეაქციის გამო. უნდა ვიცოდეთ, რომ საპასუხო რეაქცია ბავშვის ორგანიზმის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ დედა ზრუნავს მის კვებაზე, გაკაჟებაზე, აცრის შემდგომი გართულებების რისკიც მცირდება.

ყველა ქვეყანაში არსებობს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი. იგი მუდმივად გადაიხედება, რასაც უშუალო კავშირი აქვს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ სიტუაციასა და ახალი ვაქცინების შემოსვლასთან. საქართველოში აცრის ეროვნულ კალენდარს მარტიდან დაემატა როტავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

- როდის უნდა მოხდეს აცრის გადავადება?

- ყველა მშობელმა კარგად იცის, რომ აცრის დროს ბავშვი უნდა იყოს ჯანმრთელი, არ უნდა ჰქონდეს მწვავე ინფექციური დაავადება, მიმდინარე დიარეით, გამონაყარით, სურდოთი, ტემპერატურის მომატებით. ეს იმიტომ, რომ აცრის შემდეგ ორგანიზმმა მთელი ძალ-ღონე იმუნიტეტის გამომუშავებას უნდა მოახმაროს. არ არის სასურველი, ამ დროს იგი სხვა “საქმეებით” იყოს გადატვირთული.

არსებობს წესები იმის თაობაზე, როგორ, როდის და რით ავცრათ ბავშვი ამა თუ იმ დაავადების დროს. ალერგიული ბავშვები იცრებიან მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში - ანტიჰისტამინური პრეპარატის (ცეტეკი, ფენკაროლი...) მიღების ფონზე, რომელიც ეძლევათ 1-2 დღე აცრამდე და 3-5 დღე აცრის შემდეგ.

ასთმით დაავადებულის აცრისას დროებით შეიძლება გავზარდოთ ძირითადი თერაპიული პრეპარატების დოზა.

ფებრილური გულყრის (მაღალ სიცხეზე კრუნჩხვების) მქონე ბავშვებს ენიშნებათ პარაცეტამოლი 5 დღის განმავლობაში აცრის შემდეგ.

იმუნოდეფიციტის დროს ინაქტივირებული ვაქცინები უსაფრთხოა, მაგრამ შესაძლოა, არ მოგვცეს სასურველი შედეგი, ხოლო ცოცხალი ვაქცინა არ შეჰყავთ.

ნევროლოგიური დარღვევების დროს ვაქცინაციიდან პირველი 3 დღის განმავლობაში იმატებს ძირითადი დაავადების გამოვლენის რისკი.

აცრების დროებით უკუჩვენებად ითვლება მწვავე ცხელებით მიმდინარე დაავადებები და ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

აცრის აბსოლუტურ უკუჩვენებებად ითვლება:

  • წინა აცრის დროს განვითარებული მძიმე რეაქცია;
  • ავთვისებიანი დაავადება;
  • შიდსი;

დტყ-ს (დიფთერია-ტეტანუსი-ყივანახველა) ვაქცინის მომდევნო დოზის შეყვანა უკუნაჩვენებია, თუ წინა დოზის შეყვანისას ბავშვს განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი ან ენცეფალოპათია.

- როგორ მოვემზადოთ აცრისთვის?

- აცრამდე ბავშვი საკონსულტაციოდ უნდა მივიყვანოთ ნევროლოგთან. იგი შეაფასებს მის საერთო მდგომარეობას. პირველ აცრამდე უნდა გაკეთდეს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, რომლის შედეგებზეც არის დამოკიდებული, გაკეთდეს თუ არა პირველი აცრა პოლიკლინიკაში 2 თვის ასაკში.

მოზრდილი ბავშვი არასოდეს დააშინოთ აცრით, ნემსის გაკეთებით, აუხსენით, რომ პროცედურა სასიამოვნო არ არის, მაგრამ ეს შეგრძნება მალე გაივლის. აცრამდე რამდენიმე დღე მოარიდეთ ბავშვი სხვა ინფექციებთან კონტაქტს, ხალხმრავალ ადგილებს. უშუალოდ აცრის დღეს გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • ნუ მისცემთ ბავშვს ახალ, უცხო პროდუქტს, მაგალითად, დამატებით საკვებს. თუ ძუძუს აწოვებთ, თავად გადადით მსუბუქ, დიეტურ საკვებზე. ნუ მისცემთ ბავშვს ზედმეტ ულუფას.
  • მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი, თუ იგი ექიმმა დაგინიშნათ.
  • პოლიკლინიკაში წაიყოლეთ ბავშვის საყვარელი სათამაშო.
  • თან იქონიეთ სუფთა საფენი მაგიდისთვის, ერთი ზედმეტი პამპერსი.

ექიმი შეაფასებს ბავშვის მდგომარეობას, თქვენ კი შემოწმეთ ასაცრელი ვაქცინის ინსტრუქცია, ვადა. ნუ ინერვიულებთ, მოეფერეთ პატარას, გაუღიმეთ და დაამშვიდეთ იგი.

- როგორ მიხვდეს მშობელი, აცრის შემდეგ განვითარებული რეაქცია არის თუ გართულება?

- ამა თუ იმ ვაქცინაზე ყოველი ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს. როგორ გადაიტანს ბავშვი აცრას, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • რამდენად სწორად შეფასა ექიმმა ბავშვის მდგომარეობა აცრამდე;
  • რა ტიპისაა და რამდენად ხარისხიანია თავად ვაქცინა. რეაქცია უმეტესად ვითარდება იმ პრეპარატებზე, რომლებიც შეიცავს ცოცხალ, დასუსტებულ მიკროორგანიზმებს (ლტყ ყივანახველას კომპონენტი);
  • როგორ ჩატარდა ვაქცინაცია - დაცული იყო თუ არა ტექნიკა, პირობები, მიეცა თუ არა რეკომენდაცია მშობელს ბავშვის მოვლის შესახებ ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ, დაენიშნა თუ არა ბავშვს საჭირო პრეპარატები და ა.შ.

ვაქცინაციაზე რეაქცია ნორმალური მოვლენაა. ის იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმი კეთილსინდისიერად მუშაობს, გამოიმუშავებს იმუნიტეტს.

განასხვავებენ აცრის შემდგომ ზოგად და ადგილობრივ რეაქციებს. ზოგადი გამოიხატება სხეულის ტემპერატურის ზომიერი მომატებით (არა უმეტეს 37,5 გრადუსისა), მსუბუქი მოუსვენრობით, მადის დაკარგვით;

ადგილობრივი - ნანემსარი ადგილის ზომიერი მტკივნეულობით, სიწითლით ან შეშუპებით. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის მდგომარეობას: ტემპერატურის, ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას. ეცადეთ, სხეულის ტემპერატურა არ ასცდეს 38,5 გრადუსს, დროულად მიეცით სიცხის დამწევი საშუალება. ასვით სითხეები - მცირე ულუფებით, ხშირ-ხშირად. თუ მაღალი ტემპერატურა არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს, შეგიძლიათ დაზილოთ ოთახის ტემპერატურის წყლით. თუ შეამჩნევთ ადგილობრივ რეაქციას, მტკივან ადგილზე დააფინეთ გრილი საფენი.

დაუშვებელია ნანემსარზე კომპრესისა და მალამოს ხმარება. თუ ბავშვის მდგომარეობის ცვლილება, უგუნებობა, ადგილობრივი რეაქცია 3 დღე-ღამეზე მეტხანს გრძელდება, მიმართეთ ექიმს.

თუ ბავშვის მდგომარეობა, ტემპერატურა ნორმალურია, შეგიძლიათ, ჰაერზე ისეირნოთ. საკვებ რაციონში ახალი პროდუქტი შეგიძლიათ შეიტანოთ აცრიდან 3 დღის შემდეგ.

არ შეიძლება ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდების გამოყენება ცოცხალი ვაქცინით აცრიდან 7 კვირის განმავლობაში.

როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი რეაქციები გრძელდება 3 დღე. 5-12 დღის შემდეგ ვითარდება რეაქციები ცოცხალი ვაქცინით აცრისას. ორგანიზმის ნებისმიერი უჩვეულო ან მძიმე რეაქცია შევაფასოთ როგორც აცრის გართულება: ზოგადი მძიმე რეაქცია ტემპერატურის მომატებით, ზოგჯერ კუნთების კრუნჩხვითი კრთომები წარმოიშობა დტყ, დტ აცრის შემდეგ, არა უგვიანეს 48 საათისა. წითელა-ყბაყურას აცრიდან - არა უადრეს 4-5 დღისა. ყბაყურას აცრიდან მე-3-4 კვირას შესაძლოა თავი იჩინოს მენინგიტისთვის დამახასიათებელმა ნიშნებმა. ნებისმიერი ვაქცინის შეყვანიდან არა უგვიანეს 24 საათისა შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია. წითელას აცრიდან მე-2 კვირას შესაძლოა განვითარდეს სასუნთქი გზების კატარი. სუნთქვის გაძნელების,

კრუნჩხვის, გონების დაკარგვის უმნიშვნელო გამოვლენისთანავე მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.


- აცრის ეროვნულ კალენდარში შეტანილია ჰემოფილური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა. იგი დამატებულია მეხუთე კომპონენტად დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსისა და პოლიომიელიტის აცრებს. რამ წარმოშვა კალენდარში მისი შეტანის საჭიროება?

- ჰემოფილური ჩხირი წლამდე ასაკის ბავშვებში მძიმე ჩირქოვან ინფექციას იწვევს. იგი შეიძლება იქცეს ქრონიკული ოტიტის, ადენოიდიტის, პნევმონიის, მენინგიტის მიზეზადაც. ძირითადად ეს აცრა საჭიროა სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებებისა და მათი გართულებების - ბრონქიტის, პნევმონიის - თავიდან ასაცილებლად . ეს ის ასაკია, როცა ბავშვი ბაგა-ბაღში დადის და ინტენსიური კონტაქტი აქვს თანატოლებთან.

- რა საჭიროა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაბადებისთანავე?

- ტუბერკულოზი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციაა, რომელიც პატარას ემუქრება. ახალშობილის იმუნური სისტემა აცრისთვის დაბადებისთანავე მზად არის. აცრა, ჩვეულებრივ, სიცოცხლის მე-3-5 დღეს ტარდება. რაც უფრო ადრე ჩატარდება ის, მით უფრო ადრე გაეცნობა ორგანიზმის იმუნური სისტემა დაავადების გამომწვევს. შესაბამისად, მით უფრო ეფექტური იქნება მისი პასუხი ინფექციურ აგენტთან შეხვედრისას. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს სწორედ სამშობიაროში და არა იქიდან გამოწერის შემდეგ - მიკობაქტერიასთან (ტუბერკულზის გამომწვევს ჩხირთან) შეხვედრისგან პატარა არც შინ არის დაზღვეული, არც ქუჩაში და, მით უმეტეს, არც პოლიკლინიკაში, იმუნიტეტის უქონლობის გამო კი ასეთი შეხვედრა მისთვის ძალიან საშიშია.

სრულფასოვანი ანტიტუბერკულოზური იმუნიტეტი წლამდე ფორმირდება. წარმატებული იმუნიზაციის კრიტერიუმია მხარზე, ვაქცინის შეყვანის ადგილას, ნაწიბურის წარმოქმნა. ეს გადატანილი ლოკალური (ადგილობრივი) ტუბერკულოზის შედეგია. ძალიან პატარა, შეუმჩნეველი ნაწიბური არასაკმარის იმუნიზაციაზე მიუთითებს. თანამედროვე BCG ვაქცინა შეჰყავთ კანქვეშ. იგი უზრუნველყოფს ლოკალური, შემოსაზღვრული, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტუბერკულოზური პროცესის განვითარებას, რის შედეგადაც ორგანიზმი ტუბერკულოზის მიკობაქტერიების საწინააღმდეგო სპეციალურ ანტისხეულებს გამოიმუშავებს.

- როგორ მოვუაროთ ვაქცინაციის ადგილს?

- ვაქცინის კანქვეშ შეყვანის ადგილას 2-3 თვის შემდეგ ქსოვილი მკვრივდება ან სქელდება - წარმოიქმნება კოღოს ნაკბენის მსგავსი ინფილტრატი, მისი დიამეტრი 1მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ინფილტრატი ქერქით არის დაფარული. მისი აცლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ბანაობის დროს ის შეიძლება დარბილდეს და თავისთავად მოძვრეს, მერე კი ხელახლა წარმოიქმნას. ბავშვის დაბანისას ერიდეთ ამ ადგილის ღრუბლით დაუშავებას.

6 თვიდან ყალიბდება ნაზი ნაწიბური, რომელიც საბოლოო სახეს 1 წლისთვის იღებს. აკრძალულია ვაქცინის შეყვანის ადგილის ანტისეპტიკური ხსნარით (სპირტი, იოდი და ა.შ.) დამუშავება - ამან შესაძლოა ადგილობრივი ინფექციური პროცესი გამოიწვიოს.

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ვაქცინაციას?

- აცრის შემდეგ წარმოქმნილი გართულებები ორ კატეგორიად იყოფა:

1. მძიმე გართულებები, რომლებიც ინფექციის გენერალიზაციას (გავრცელებას) უკავშირდება. ასეთ გართულებებს აცრისთვის ბავშვის არასწორი მომზადება განაპირობებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მათი განვითარების რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აუცრელი ბავშვის დაავადების საფრთხე;

2. შედარებით მსუბუქი გართულებები, რომლებსაც უხარისხო ვაქცინა ან მისი შეყვანის ტექნიკის დარღვევა იწვევს.

  • ინფილტრატის დაწყლულება: ინფილტრატი - გამკვრივებული ან გასქელებული მიდამო ინფექციის ადგილას - იზრდება (დიამეტრი 1მმ-ს აჭარბებს) და წყლულდება. წყლული უმტკივნეულოა, თან ახლავს მცირე გამონაყარი.
  • კანქვეშა ინფილტრატის წარმოქმნა: ამ დროს ინფილტრატი წარმოიქმნება არა კანზე, არამედ კანქვეშ, წააგავს ბურთულას, ისინჯება გლუვი, შეუცვლელი კანის ქვეშ. ეს გართულება ვაქცინის მეტისმეტად ღრმად შეყვანის შედეგია - ექიმის დროული ჩარევის გარეშე ინფილტრატი შესაძლოა გასკდეს და ინფექცია სისხლში მოხვდეს.
  • კელოიდის წარმოქმნა: ეს იშვიათი გართულებაა, თანაც ახალშობილებში გაცილებით ნაკლებად გვხვდება, ვიდრე შედარებით მოზრდილ ბავშვებში. მისი მიზეზია მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც კანის ნებისმიერ დაზიანებას ნაწიბუროვანი ქსოვილის ჭარბი წარმოქმნა მოსდევს. კელოიდის წარმოქმნისას ნაწიბური ხდება მკვეთრი, ნათელი, მის სიღრმეში ჩანს სისხლძარღვები. ზოგჯერ ამას თან სდევს ქავილი.

ინფექციის გავრცელება ლიმფურ კვანძებში: ამ შემთხვევაში იღლიის ქვეშ ისინჯება გადიდებული, უმტკივნეულო ლიმფური კვანძები, რომლებსაც დედები უმეტესად ბავშვის დაბანისას ამჩნევენ. ლიმფური კვანძი თხილისოდენაა, თუმცა არის შემთხვევები, როცა კვერცხისოდენაც კი ხდება. ზოგჯერ ინფექცია კანის მთლიანობას არღვევს და წარმოიქმნება გარსი, საიდანაც ანთებითი სითხე გამოიყოფა. ნებისმიერი ამ გართულების შემთხვევაში, ასევე სხვა უჩვეულო ნიშნის შემჩნევისთანავე აუცილებელია ფთიზიატრის სასწრაფო კონსულტაცია.

- რა არის რევაქცინაცია?

- BCG-ს აცრის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი საშუალოდ 5 წელი ძლებს. შეძენილი იმუნიტეტის შესნარჩუნებლად ტარდება ორი რევაქცინაცია - განმეორებითი ვაქცინაცია: ერთი - 7 წლის, მეორე კი - 14 წლის ასაკში, რადგან მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში ბავშვის ორგანიზმი ყველაზე მგრძნობიარე და შეღწევადია ტუბერკულოზური ინფექციის მიმართ. ორი განმეორებითი აცრა სავსებით საკმარისია, მეტი რევაქცინაცია მიზანშეწონილი არ არის.

- რატომ კეთდება მანტუს სინჯი?

- ზოგჯერ ექიმი ბავშვის ზოგადი მდგომარეობის, ჩივილების გათვალისწინებით სინჯის ჩატარებას ითხოვს, მაშინაც კი, როცა ბავშვი გრაფიკის სრული დაცვით არის ვაქცინირებული. ეს აცრა არ არის, ეს თავისებური შემოწმებაა ორგანიზმის ინფიცირების დასადგენად. ვინაიდან, მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვი შესაძლოა ინფიცირებული იყოს. საბედნიეროდ, მანტუს დადებითი სინჯი ავადმყოფობას არ ნიშნავს. დაავადების განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ინფიცირების დროული აღმოჩენა კი პროცესის დროულად შეჩერების საშუალებას გვაძლევს.

- რა საჭიროა, 1 წლამდე ასაკში ავცრათ ბავშვი B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით?

- B ჰეპატიტის ვაქცინა დაბადებიდან 12 საათის შემდეგ კეთდება, მე-3-5 დღეს - ტუბერკულოზისა, 2 თვის ასაკში ტარდება 5-კომპონენტიანი და B ჰეპატიტის აცრა, 3 თვის ასაკში - ისევ 5-კომპონენტიანი, 4 თვის თავზე - ხუთ კომპონენტთან ერთად B ჰეპატიტის მესამე დოზა, 12 თვის ასაკში - წითელა-წითურა-ყბაყურა, 18 თვის ასაკში - დტყ-სა და პოლიომიელიტის რევაქცინაცია,

5 წლის ასაკში დიფთერია-ტეტანუსი (ყივანახველას გარეშე), წითელა-წითურა-ყბაყურა (MMR) და პოლიომიელიტი. ამის შემდეგ 14 წლამდე ბავშვი თავისუფალია.

14 წლისას უტარდება ტეტანუსი-დიფთერიის აცრა, რომელიც შემდეგ 10 წელიწადში ერთხელ უნდა გამეორდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არავინ აკეთებს.

B ჰეპატიტის ვაქცინა ჩამოთვლილთა შორის ყველაზე უვნებელია. ეს არის სამედიცინო ტექნოლოგიების უკანასკნელი სიტყვა. იგი გენური ინჟინერიით მიიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში არ შედის არც ტოქსინი და არც ინაქტივირებული ბაქტერია. შეიცავს ე.წ. ავსტრალიური ანტიგენის ერთ მოლეკულას, რომელიც საფუარა სოკოს ბაზაზე მიიღება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ინფიცირებიდან 20-25 წლის შემდეგ B ჰეპატიტი ისეთ გართულებებს იწვევს, როგორიცაა ღვიძლის კიბო და ციროზი, შეიძლება ითქვას, რომ B ჰეპატიტის ვაქცინაცია ფაქტობრივად ღვიძლის კიბოს პროფილაქტიკაა.

B ჰეპატიტის ვაქცინაციის ჩატარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მაგრამ 40 წლის ადამიანის იმუნოგენურობა შედარებით დაბალია. საქართველოში ეს ვაქცინაცია წლამდე ასაკში იმიტომ დიანერგა, რომ ჩვენთან საკმაოდ მაღალია B ჰეპატიტის ანტიგენის მატარებლობა. იმ ქვეყნებში, სადაც ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღალია, რეკომენდებულია მისი შეყვანა დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში, რადგან დიდია ალბათობა, დედაც ინფიცირებული იყოს და მშობიარობის პროცესში ბავშვიც დაინფიცირდეს. ამიტომ პროფილაქტიკა დაბადებისთანავე ტარდება.


- ზემოთ ბრძანეთ, რომ აცრის ეროვნულ კალენდარს ჩვენს ქვეყანაში ახლახან დაემატა როტავირუსის საწინააღმდეგო აცრა. რა ვირუსია ეს და რა აუცილებელია მისი კალენდარში შეტანა?

- როტავირუსი ჩვილ და მცირეწლოვან (5 წლამდე ასაკის) ბავშვებში მძიმე დიარეის მთავარი მიზეზია. მას შეუძლია გამოიწვიოს მწვავე გამოშრობა (დეჰიდრატაცია) და სიკვდილი. როტავირუსული ინფექციით მსოფლიოში ყოველწლიურად 500 000-ზე მეტი ბავშვი იღუპება, ხოლო ორ მილიონზე მეტი საავადმყოფოში ხვდება.

-ვის შეიძლება შეხვდეს როტავირუსი?

- 3-დან 5 წლამდე ასაკის თითქმის ყველა ბავშვს, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა. თუმცა როტავირუსით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების 80% განვითარებად ქვეყნებზე მოდის, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ხშირად არ არის ხელმისაწვდომი.

- როგორ ვრცელდება როტავირუსი?

- როტავირუსი ადვილად გადამდებია. იგი გადაედება ფეკალურ-ორალური გზით, უშუალო კონტაქტით ან დაბინძურებული ნივთებით. ისევე როგორც სხვა ნაწლავური ინფექციების შემთხვევაში, ჰიგიენას მისგან თავდაცვაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს.

- რა სიმპტომები ახასიათებს როტავირუსულ დაავადებას?

- როტავირუსული ინფექციით გამოწვეული კლინიკური ნიშნები მერყეობს მსუბუქი, ხანმოკლე თხიერი დიარეიდან ღებინებამდე და მძიმე დიარეამდე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გამოშრობა და დროული, ადეკვატური მკურნალობის არარსებობის პირობებში - ლეტალური შედეგიც კი. 1-2-დღიანი საინკუბაციო პერიოდის შემდეგ დაავადება იწყება მკვეთრად, როგორც წესი, ღებინებით, რასც თან ახლავს დიარეა. დაავადებულთა თითქმის ერთ მესამედს მაღალი (39 გრადუსი და მეტი) ტემპერატურა აღენიშნება. კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები, როგორც წესი, 3-7 დღეში გაივლის.

ბავშვებში ხშირია განმეორებადი ღებინება, რაც ართულებს ორალური სარეჰიდრატაციო ხსნარების (ORS) გამოყენებას სახლის პირობებში და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას სტაციონარში. გასტროენტერიტის სხვა გამომწვევებისგან როტავირუსის გარჩევა მხოლოდ კლინიკური ნიშნებით შეუძლებელია. საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევა დიაგნოზის დასადასტურებლად. როგორც წესი, პირველადი ინფექცია ყველაზე მწვავეა. მომდევნო ინფიცირება შესაძლოა მიმდინარეობდეს უფრო მსუბუქად ან ასიმპტომურად უკვე შეძენილი იმუნიტეტის ხარჯზე.

- რით შეიძლება როტავირუსული ინფექციის პრევენცია?

- სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებით, სუფთა (უსაფრთხო) წყლით მომარაგებით, ძუძუთი კვებით, თუმცა აღნიშნული ღონისძიებების ეფექტურობა შეზღუდულია. როტავირუსის მწვავე ფორმებისა და ლეტალობის პრევენციის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. ამჟამად არსებობს პერორალური მოხმარებისთვის გამიზნული ცოცხალი, დასუსტებული ორი ვაქცინა - როტატეკი და როტარიქსი, რომელთა უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური კვლევებით. ეს ორი ვაქცინა იცავს მძიმე დიარეული დაავადებისგან, თუმცა არ უზრუნველყოფს ინფექციისგან 100%-იან დაცვას. ორივე ვაქცინა პრეკვალიფიცირებულია ჯანმოს მიერ და დანერგილია მრავალი ქვეყნის იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში.

როტავაქცინა ბავშვებს იცავს მძიმე დიარეისგან, რომელიც ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს და ძალზე სახიფათოა. როტავაქცინა სხვა პათოგენებით გამოწვეული დიარეისგან არ იცავს.

- ვინ უნდა აიცრას ამ ვაქცინით და რა ასაკიდან?

- უნდა აიცრას ყველა ჩვილი. იგი შეჰყავთ ხუთკომპონეტიან ვაქცინასთან ან დტყ-სთან ერთად. პირველი დოზა კეთდება 6-დან 15 კვირამდე ასაკში, მეორე - 4 კვირის შემდეგ, არა უგვიანეს 32 კვირისა. როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აწვეთებენ პირში. მისი ინექცია დაუშვებელია!

- რა შემთხვევაში არ უნდა აიცრას ბავშვი?

-თუ ვაქცინის პირველი დოზის ჩაწვეთების შემდეგ თავი იჩინა ალერგიულმა რეაქციამ. სიფრთხილე და ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პრობლემების მქონე, იმუნიტეტდაქვეითებულ და აივინფიცირებულ ბავშვებთან. ვაქცინაცია უნდა გადაიდოს (ბავშვის გამოჯანმრთელებამდე), თუ ჩვილს ვიზიტის დროს საშუალო ან მძიმე გასტროენტერიტი ან მწვავე ტემპერატურით მიმდინარე დაავადება აქვს.

მსუბუქი ინფექციები ვაქცინაციის გადავადების საფუძველს არ იძლევა.

- იმუნიზაციის შემდეგ რა არასასურველი მოვლენებია მოსალოდნელი?

- საზოგადოდ, ამ ვაქცინას ბავშვები კარგად იტანენ. ჩვილების მცირე ნაწილს შესაძლოა განუვითარდეს მსუბუქი, ხანმოკლე დიარეა, გულისრევა ან ტემპერატურის მომატება აცრიდან ერთი კვირის განმავლობაში. გაითვალისწინეთ: როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინახება +2-8 გრადუს ტემპერატურაზე. დაუშვებელია ვაქცინის გაყინვა.

ყვავილი - დაავადება, რომელიც ვაქცინამ დაამარცხა

ვაქცინაციის მნიშვნელობასა და შედეგებზე საუბრისას არ შეიძლება არ გავიხსენოთ ყვავილი - დაავადება, რომელიც განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა ჯგუფს მიეკუთვნება. მის შესახებ გვესაუბრება ინფექციონისტი ლალი აფხაზავა.

- ყვავილი ვირუსული ეტიოლოგიის მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მაღალი კონტაგიოზურობა, გამონაყარი კანსა და ლორწოვანზე, მძიმე ზოგადი ინტოქსიკაცია. ყვავილი განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა ჯგუფს მიეკუთვნება. ის უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ამ დაავადების ეპიდემიები საუკუნეების განმავლობაში მუსრს ავლებდა მოსახლეობას. ყვავილის შესახებ პირველი ცნობები მიკვლეულ იქნა ჩინეთში, სადაც ჯერ კიდევ ძვ. წ. 1122 წელს დაიწერა ტრაქტატი ამ დაავადების შესახებ.

ევროპაში ყვავილი ინდოეთიდან და აფრიკიდან შეიჭრა VI საუკუნეში, ხოლო XVI-XVII საუკუნეებში მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ყვავილთან ბრძოლის იდეა ექიმ ჯენერს დაებადა და მანვე განახორციელა 1776 წელს. მის მიერ შექმნილი ვაქცინით მთელ მსოფლიოში ჩატარებულმა სპეციფიკურმა ვაქცინაციამ შედეგი გამოიღო - ყვავილი როგორც დაავადება დამარცხდა და სამუზეუმო ექსპონატად იქცა.

1980 წელს მაისში ჩატარებულ მსოფლიო ჯანდაცვის XXXIII სესიაზე ოფიციალურად იქნა ხელმოწერილი სერტიფიკატი დედამიწაზე ყვავილის ლიკვიდაციის შესახებ, ინფექციის ლიკვიდაცია კი თვით გამომწვევი აგენტის ლიკვიდაციას ნიშნავს.

ყვავილის ვირუსი სამუზეუმო ექსპონატის სახითღა ინახება პარიზში, ლუი პასტერის სახელობის ინსტიტუტში. ყვავილის ლიკვიდაციის საერთაშორისო პროგრამაში აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი თანამემამულე, აკადემიკოსი თამაზ კერესელიძე, რომელიც ამისთვის “ბიფურკაციული ნემსის” ორდენით დააჯილდოეს.