ყველაფერი B ჰეპატიტის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი B ჰეპატიტის შესახებ

რეგულარული ვაქცინაცია ავადობას ამცირებს. ვირუსი გადაედება დაავადებულის სისხლითა და სხვა ბიოლოგიური სითხეებით, თუ ისინი მეორე ადამიანის სისხლში აღმოჩნდა. ამის კვალობაზე, ინფიცირება ხშირად ხდება ნარკოტიკის საერთო შპრიცით შეყვანისას, პირსინგის, ტატუს, მანიკიურისა და პედიკიურის არასათანადოდ გასტერილებული ხელსაწყოების გამოყენებისას. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს სამედიცინო დაწესებულებაშიც, თუ სამედიცინო ხელსაწყოები არასათანადოდ იქნა სტერილიზებული ან სისხლს გადასხმამდე სათანადო შემოწმება არ ჩაუტარდა.

გადაედება თუ არა ინფექცია სქესობრივი გზით?

დიახ, გადაედება. თუ სქესობრივი პარტნიორი ინფიცირებულია, ვირუსის გადაცემის ალბათობა 30%-ია.

ინფიცირების ალბათობა იზრდება, როდესაც ადამიანს ჰყავს მრავალი სქესობრივი პარტნიორი ან ერთი პარტნიორი, რომელსაც, თავის მხრივ, მრავალი პარტნიორი ჰყავს. B ჰეპატიტი სქესობრივი გზით გადამდები ერთადერთი ინფექციაა, რომლისგან თავის დაცვაც ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

შესაძლებელია თუ არა, ბავშვი მშობლებისგან დაინფიცირდეს?

თუ დედას აქვს ვირუსული B ჰეპატიტი, მას შესაძლოა ინფიცირებული შვილი შეეძინოს. ინფიცირება ხდება ან ორსულობისას, პლაცენტის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში (მაგალითად, ამნიოცენტეზის დროს), ან მშობიარობისას, ბავშვის სამშობიარო გზებში გავლის დროს. ინფიცირებული დედის შვილს აქვს ქრონიკული B ჰეპატიტის განვითარების დიდი ალბათობა და დაავადების არაკეთილსაიმედო პროგნოზი. საინტერესოა, რომ B ჰეპატიტის ვირუსი დედის რძეშიც არის აღმოჩენილი, მაგრამ ძუძუთი კვების დროს ბავშვის ინფიცირების რისკი არ არსებობს.

შესაძლებელია თუ არა ინფიცირება საყოფაცხოვრებო კონტაქტით?

B ჰეპატიტის ვირუსი აღმოჩენილია ინფიცირებულთა ნერწყვში, ცრემლებსა და განავალში. თუ ეს გამონაყოფები ადამიანის დაზიანებულ კანზე ან ლორწოვან გარსზე მოხვდა, ინფიცირება მოსალოდნელია, მაგრამ ალბათობა ძალიან მცირეა. დაუზიანებელი კანიდან და ლორწოვანი გარსიდან ვირუსი ორგანიზმში ვერ აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ B ჰეპატიტი არ ვრცელდება საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით - ხელის ჩამორთმევისას, საუბრისას, საკვების, საერთო ჭურჭლის მეშვეობით, ამიტომ დაავადებული ირგვლივ მყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და იზოლაციას არ საჭიროებს.

ვინ შედის B ჰეპატიტის რისკჯგუფში?

B ჰეპატიტის რისკჯგუფში შედიან:

  • ადამიანები, რომელთაც ჰყავთ ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი;
  • ჰომოსექსუალები;
  • ინფიცირებულთა სქესობრივი პარტნიორები;
  • საინექციო ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლები;
  • ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებულთა ოჯახის წევრები;
  • ინფიცირებული დედების მიერ გაჩენილი ბავშვები;
  • სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები;
  • ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები; ასევე - ავადმყოფები, რომელთაც ხშირად სჭირდებათ სისხლის გადასხმა.

როგორ გავიგოთ, გვემუქრება თუ არა ინფიცირების საფრთხე?

უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი ვირუსის HBSAგ ანტიგენსა და მის ანტისხეულებზე (ანტი- HBs-ზე). თუ ორივე ტიტრი უარყოფითი აღმოჩნდა, ინფიცირების ალბათობა დიდია. ამ შემთხვევაში ნაჩვენებია ვაქცინაცია. HBsAg-ის არსებობა ინფიცირებაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია შემდგომი გამოკვლევა. ვაქცინაცია დაგვიანებულია. საჭიროა ექიმთან ვიზიტი. HBsAg-ის მატარებელი ირგვლივ მყოფთათვის ინფიცირების პოტენციურ წყაროს წარმოადგენს. თუ სისხლში აღმოჩნდა ანტი-HBs-ის მაღალი ტიტრი, მაგრამ HBsAg არ იქნა გამოვლენილი, მაშინ ვაქცინაცია არ არის საჭირო, რადგან ადამიანი ინფიცირებისგან უკვე დაზღვეულია.

რა ნიშნები გვაეჭვებინებს B ჰეპატიტს?

დაღლილობა, უმადობა, სიყვითლე, გულისრევა, მარჯვენა ფერდქვეშა არეში უსიამოვნო შეგრძნება, შარდის გამუქება და განავლის გაბაცება, სახსრების ტკივილი.

რომელი ანალიზი გვიჩვენებს, ჰქონდა თუ არა ადამიანს ვირუსთან კონტაქტი?

ინფექციაგადატანილებს სისხლში აღმოუჩენენ ანტი-HBs-ს და ანტი-HBC-ს, ინფიცირებულებს კი ყოველთვის უვლინდებათ HBsAg.

შესაძლებელია თუ არა, B ჰეჰატიტის ვირუსით დაინფიცირდე, მაგრამ არ დაავადდე?

შესაძლებელია, მაგრამ ამის 100%-იანი გარანტია აქვთ მხოლოდ აცრილ და ჰეპატიტგადატანილ ადამიანებს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ინფიცირებისას ჰეპატიტის განვითარება გარდაუვალია. B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებისას უმეტესად მწვავე B ჰეპატიტი ვითარდება. პირველადი ქრონიკული ჰეპატიტი იშვიათია. ის, წესისამებრ, იმუნიტეტდაქვეითებულებს და დაბადებისას ინფიცირებულებს აღენიშნებათ.

შესაძლებელია თუ არა B ჰეპატიტით ხელმეორედ დაავადება?

თუ ადამიანი გამოჯანმრთელდა, რასაც დაადასტურებს სისხლის შრატში HBsAg-ის არარსებობა და მისი ანტისხეულების (ანტი- HBs-ის) არსებობა, ხელმეორედ ინფიცირების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ოჯახის წევრი B ჰეპატიტით არის დაავადებული?

თუ ყველა ზედმიწევნით დაიცავს პირადი ჰიგიენის წესებს, ოჯახის წევრების ინფიცირების ალბათობა მცირეა. ინფიცირების მაღალი რისკი მხოლოდ დაავადებულის მეუღლეს აქვს, ამიტომ მისი ვაქცინაცია აუცილებელია. ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებულის ოჯახის წევრები უნდა იქნენ გამოკვლეულნი და აცრილნი B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით.


შესაძლებელია თუ არა B ჰეპატიტისგან განკურნება?

დიახ, შესაძლებელია. იმ პირებში, რომელთაც აქვთ ადეკვატური იმუნური პასუხი, მწვავე B ჰეპატიტი უმეტესად (90%) სრული გამოჯანმრთელებით სრულდება. 15 კვირის შემდეგ ყველა გამოჯანმრთელებულს HBs-ანტისხეულებზე ანალიზი უარყოფითი აქვს. მათი B ჰეპატიტით ინფიცირების საშიშროება აღარ არსებობს. HBsAg ანტიგენის ქრონიკულ მატარებლებს შორის ვირუსის სპონტანური ელიმინაცია ასიდან 1-2 შემთხვევაში ხდება. ქრონიკული B ჰეპატიტი გაცილებით ძნელი სამკურნალოა. ამ დროს ვირუსის საწინააღმდეგო თერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსის გამრავლებას, იძლევა ღვიძლის ფუნქციის აღდგენის, ციროზის ჩამოყალიბების ალბათობის შემცირების საშუალებას, მაგრამ გამოჯანმრთელება (ორგანიზმის ვირუსისგან გათავისუფლება) ასიდან მხოლოდ 10-15 შემთხვევაშია შესაძლებელი.

საშიშია თუ არა B ჰეპატიტის ნებაზე მიშვება?

თუ მწვავე B ჰეპატიტი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფორმით მიმდინარეობს, ავადმყოფი თავისთავადაც გამოჯანმრთელდება, მაგრამ მდგომარეობის შეფასება მხოლოდ ექიმს შეუძლია. მანვე უნდა მისცეს დაავადებულს რეკომენდაცია ცხოვრების რეჟიმის, კვების თაობაზე (ეს რეკომენდაციები აუცილებლად გაიცემა, თუნდაც მედიკამენტური მკურნალობა საჭირო არ იყოს). თუ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, სამედიცინო ჩარევის გარეშე შესაძლოა განვითარდეს ფატალური გართულებები - მწვავე ღვიძლისმიერი უკმარისობა, ღვიძლისმიერი კომა, სისხლდენა და სხვა. ქრონიკული B ჰეპატიტის შემთხვევაში, თუ ღვიძლის ფუნქცია შენარჩუნებულია (ალტ ნორმაზე ორჯერ მეტი არ არის), მკურნალობა არ ინიშნება. საჭიროა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობა და პერიოდულად - საკონტროლო გამოკვლევა.

როგორ მოქმედებს ვაქცინა?

ვაქცინა წარმოადგენს ხსნარს, რომელიც შეიცავს B ჰეპტიტის ვირუსის ძირითად იმუნოგენურ ცილას. ამ ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება ორგანიზმში ვაქცინაციიდან ორი კვირის შემდეგ იწყება. პირველი ვაქცინაციიდან ერთი თვის შემდეგ ტარდება მეორე აცრა, ხუთი თვის შემდეგ კი მესამე. ვაქცინა კეთდება კუნთში. ვაქცინის სამჯერადი შეყვანის შემდეგ ასიდან 99 შემთხვევაში ყალიბდება იმუნიტეტი, რომელიც უმეტესად 8-10 წელი, ხშირად კი მთელი სიცოცხლეც კი ძლებს.

მოსალოდნელია თუ არა გართულება ვაქცინაციის შემდეგ?

თანამედროვე ვაქცინები არ იწვევენ სერიოზულ გვერდით მოვლენებს. ისინი შემთხვევათა 2-5%-ში ვითარდება. შესაძლებელია ვაქცინის შეყვანის ადგილას მტკივნეულობა, ტემპერატურის მცირედ მატება, ძალიან იშვიათია ალერგიული რეაქცია.

ხელს უშლის თუ არა B ჰეპატიტი ორსულობას?

გააჩნია დაავადების სიმძიმეს. არ არის გამორიცხული მუცლის მოშლა.

როგორ მკურნალობენ B ჰეპატიტს?

მწვავე B ჰეპატიტის დროს ინიშნება მხოლოდ შემანარჩუნებელი და დეზინტოქსიკაციური თერაპია, რომლის მიზანიც ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნა და ღვიძლის ქსოვილის აღდგენაა. ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა არ ტარდება. ქრონიკული B ჰეპატიტის დროს ტარდება კომპლექსური მკურნალობა, რომელიც ინიშნება ინდივიდუალურად, დაავადების ფორმისა და გამოხატულების ხარისხის შესაბამისად. ქრონიკულ B ჰეპატიტს მკურნალობენ ალფა-ინტერფერონისა და ნუკლეოზიდების ანალოგების ჯგუფის ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებით. ეს პრეპარატები ინიშნება როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინირებულადაც. მკურნალობის სქემა დაავადების მიმდინარეობისა და სტადიის შესაბამისად შეირჩევა. მკურნალობა შესაძლოა გაგრძელდეს 6 თვიდან რამდენიმე წლამდე.

შესაძლებელია ჩატარდეს შემანარჩუნებელი თერაპია ჰეპატოპროტექტორებითა და რამდენიმე იმუნომოდულატორით. მკურნალობის ეფექტი ფასდება სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლებით და დნმ-ში HBV-ის, ასევე - B ჰეპატიტის განსაზღვრული მარკერების არსებობით.

აღდგება თუ არა ღვიძლის ფუნქცია მკურნალობის შემდეგ?

თუ დაავადება შორს წასული არ არის, ვირუსის საწინააღმდეგო თერაპია ღვიძლის უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს.

საჭიროა თუ არა დიეტა და ცხოვრების განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა?

რეკომენდებულია დიეტა #5, რომელიც აძლიერებს საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას. დიეტის მიზანი უმეტესად ნაღვლის ბუშტის ფუნქციის მოწესრიგებაა, რადგან ღვიძლის ქრონიკულ დაავადებებს ხშირად სდევს თან მისი მუშაობის დარღვევა. ცხოვრების წესის მკვეთრი შეცვლა არ არის საჭირო. იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება. ნებისმიერი პრეპარატის მიღება ექიმთან უნდა იქნეს შეთანხმებული.