როცა დედა აივინფიცირებულია
- შიდსი, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა. მას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი - აივ, რომელიც ორგანიზმში შეჭრის შემდეგ მის იმუნურ სისტემას აზიანებს. აივ ინფექცია ეწოდება აივ-ით გამოწვეულ დაავადებას ვირუსის შეჭრის მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, შიდსი კი ამ დაავადების უკანასკნელი სტადიაა. აივ-ის ორგანიზმში მოხვედრიდან მის განვითარებამდე შესაძლოა 3-7 წელი გავიდეს. ამ ხნის განმავლობაში ადამიანი სავსებით ჯანმრთელად გამოიყურება და შესაძლოა არც კი ეჭვობდეს საკუთარ ორგანიზმში ვირუსის არსებობას, მაგრამ ის აივ-ის მატარებელია და შეუძლია, ვირუსი სხვასაც გადასდოს.
- საინტერესო იქნებოდა ინფორმაცია საქართველოში აივ ინფექციის გავრცელების შესახებ...
- სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ბოლო ადგილი უკავია, თუმცა, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფექცია/შიდსის რეგისტრირებული 1983 შემთხვევის (2009 წლის 1 მაისის მონაცემებით) მიღმა დგას დაახლოებით 4000-მდე გამოუვლენელი შემთხვევა. რაც შეეხება ბავშვებს, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 14 წლამდე ასაკის 50 აივინფიცირებული, ამათგან 31 ვაჟია, 19 - გოგონა. 16 გარდაიცვალა. 46 შემთხვევაში ბავშვები დაინფიცირდნენ დედისგან, ამათგან ერთი - ძუძუთი კვებით, ოთხი კი ინფიცირებული სისხლის გადასხმით. საქართველოში აივ ინფექციის გავრცელების თავისებურებანი ისეთივეა, როგორიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. შიდსის გავრცელების ძირითად რისკჯგუფს აქაც ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები ქმნიან, მაგრამ სულ უფრო იზრდება ჰეტეროსექსუალური კონტაქტების როლი ინფექციის გადაცემაში. უკანასკნელ ხანს დაავადება გახშირდა ჰომოსექსუალებსა და ხშირი შემთხვევითი სქესობრივი კავშირის მქონე პირებს შორის. იზრდება აივ ინფიცირებულ ორსულთა რაოდენობაც, რაც ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მიერ მეუღლეებისა და სქესობრივი პარტნიორების ინფიცირების შედეგია. მოყვანილი ფაქტები ადასტურებს, რომ აივ ინფექციამ რისკის ჯგუფებიდან მოსახლეობის ფართო ფენებში გადაინაცვლა.
- როგორია ორსულის მიერ ნაყოფის ინფიცირების ალბათობა?
- დედის მიერ შვილის ინფიცირების ჯამური რისკი მკურნალობის გარეშე 20-28%-ს შეადგენს.
თუ ინფიცირებული ქალი დაორსულდა, აუცილებელია დაიცვას განსაზღვრული მითითებები, რათა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინოს. მან დროულად უნდა მიაკითხოს ოჯახის ექიმს ან მეან-გინეკოლოგს, რომელიც შეისწავლის როგორც დედის, ასევე ნაყოფის მდგომარეობას. ადრეული გამოკვლევებით შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული ორსულობის მრავალი გართულება. ამიტომ არის, რომ ქალთა კონსულტაციაში პირველი ვიზიტის დროს ორსულს სხვა აუცილებელ გამოკვლევებთან ერთად უტარებენ კონსულტაციასა და ტესტირებას აივ ინფექცია/შიდსზე, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოა.
- მაინც როგორ გადაედება ინფექცია დედისგან შვილს?
- ინფექციის გადაცემა შესაძლოა მოხდეს:
- ორსულობის პერიოდში;
- მშობიარობის დროს;
- ძუძუთი კვებისას.
დადგენილია, რომ ორსულობა არ ცვლის აივ ინფექციის ბუნებრივ მიმდინარეობას. თავის მხრივ, არც აივ ინფექციის დიაგნოზი წარმოადგენს ჩვენებას თერაპიული აბორტისათვის, თუმცა გადაწყვეტილება ორსულობის გაგრძელებისა თუ შეწყვეტის შესახებ მომავალმა მშობლებმა უნდა მიიღონ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და პოტენციური რისკის გათვალისწინებით. თუ ორსულობის გაგრძელება გადაწყდა, აუცილებელია, დროულად დავიწყოთ პრევენციული ღონისძიებები როგორც ბავშვზე აივ-ის გადაცემის რისკის შესამცირებლად, ასევე დედის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. პროფილაქტიკური მკურნალობის წყალობით ახალშობილის ინფიცირების რისკი 28%-დან 3%-მდე მცირდება. დედისგან შვილზე შიდსის ვირუსის გადაცემის პროფილაქტიკას ემსახურება შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტის ერთ-ერთი მიმართულება - დედისგან შვილზე აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის პრევენცია. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ყველა საჭირო პროფილაქტიკური ღონისძიება ახალშობილის დასაცავად:
- აივ ინფიცირებული ორსულის პროფილაქტიკური მკურნალობა ორსულობის 24-ე კვირიდან;
- მშობიარობამდე 2-3 საათით ადრე და მშობიარობის დროს ზიდოვუდინის ინტრავენური ინექცია;
- გეგმური საკეისრო კვეთა (თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მშობიარობის მეთოდის შესახებ ქალმა თავის ექიმთან შეთანხმებით უნდა მიიღოს);
- ახალშობილის სპეციფიკური ანტირეტროვირუსული მკურნალობა;
- ახალშობილის უზრუნველყოფა ხელოვნური საკვებით.
- ესე იგი, ძუძუთი კვების დროს შიდსის გადაცემის რისკი მაღალია?
- ძუძუთი კვებისას ახალშობილის ინფიცირების რისკი 5-20%-ს შეადგენს. დედის რძით ვირუსის გადაცემის ალბათობა დიდია, თუ დედის ინფიცირება მოხდა მშობიარობის შემდგომ (მაგალითად, ინფიცირებული სისხლის გადასხმის შედეგად). თუ დედა აივ ინფიცირებულია და არ აქვს უსაფრთხო და ადეკვატური ხელოვნური საკვების გამოყენების შესაძლებლობა, რეკომენდებულია მისი რძის პასტერიზება. თუ არც პასტერიზაციის შესაძლებლობაა, მიზანშეწონილია წამოდუღება და გაგრილება. დედამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ინფიცირების რისკი მინიმუმამდე მცირდება, როცა ბავშვი 6 თვის განმავლობაში იღებს მხოლოდ დედის რძეს (უსაფრთხოების მითითებული მეთოდების დაცვით). ბავშვის კვების თაობაზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად დედა აუცილებლად უნდა ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას როგორც ძუძუთი კვების სარგებლობის, ასევე აივ ინფექციის გადაცემის შესაძლო რისკის შესახებ.