როგორ ვმართოთ ბრონქული ასთმა

იმის შესახებ, თუ რა დაავადებაა ეს და როგორ ვმართოთ, გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი, უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტისა" და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ Alma Mater-ის ასოცირებული პროფესორი, ექიმი ალერგოლოგი ეკა ჩხარტიშვილი.
რა არის ბრონქული ასთმა?
- ბრონქული ასთმა იმ კლინიკური ნიშნების ერთობლიობაა, რომლებიც სასუნთქი გზების ლორწოვან და ლორწოვანქვეშა გარსებში ქრონიკულად მიმდინარე ალერგიული ანთების შედეგად აღმოცენდება. ბრონქული ასთმის ჩამოყალიბების ალბათობა იზრდება, როცა ოჯახში არსებობს ასთმისადმი მემკვიდრეობითი განწყობა, ეგზემა ან რომელიმე ალერგიული დაავადება.
რა იწვევს ასთმას?
- ვარაუდობენ, რომ მემკვიდრეობითი დატვირთვა, შერწყმული ზოგიერთ გარეგან ფაქტორთან, გავლენას ახდენს ბრონქული ასთმის განვითარებაზე. თანამედროვე ცხოვრების წესმა, ცხოვრების პირობებმა და კვების რეჟიმმა, ყველაზე მეტად კი ჰიგიენურმა გარემომ, სავარაუდოდ, გამოიწვია ბრონქული ასთმის გახშირება უკანასკნელ ათწლეულებში. გარემოს დაბინძურებას შეუძლია გააუარესოს ბრონქული ასთმის მიმდინარეობა და მისი ზოგიერთი ფორმის ჩამოყალიბებასაც კი შეუწყოს ხელი. ზრდასრულ ასაკში ბრონქული ასთმის განვითარებაში გარკვეულ როლს ვირუსული ინფექციებიც ასრულებს. სამუშაო გარემოში არსებული გამაღიზიანებლები ეგრეთ წოდებული პროფესიული ასთმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
რა ასაკში შეიძლება განვითარდეს ბრონქული ასთმა?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- ყველა ის ფაქტორი, რომელიც სასუნთქი გზების კედლის ანთებას და ბრონქების ჰიპერრეაქტიულობას იწვევს, ასთმის განვითარებას უწყობს ხელს. კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის პერიოდში თამბაქოს წევა საგრძნობლად ზრდის დაბადების შემდგომ ბავშვებში ასთმის განვითარების რისკს. ამასთანავე, ცნობილია, რომ ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ეწევიან, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ბრონქული ასთმის განვითარებისკენ.
ბოლო ხანს ბრონქული ასთმა ყველა ასაკის პირებში გახშირდა და ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, გრძელდება. ბავშვთა ასაკში ბრონქული ასთმის დიაგნოზის დასმის დროს ყურადღება ექცევა ტიპური შეტევის ეპიზოდების ხასიათსა და რაოდენობას, სათანადო გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობასა და მათი შედეგების ინტერპრეტაციას, მკურნალობის ეფექტურობას. საზოგადოდ, დიაგნოსტიკა 3-4 წლის ასაკში ხდება, თუმცა, ბავშვის მდგომარეობის კვალობაზე, რისკი უფრო ადრეულ ასაკშიც შეიძლება გამოვავლინოთ.
ახასიათებს თუ არა დაავადებას სეზონური რეციდივები?
- საზოგადოდ, ალერგიული დაავადებები, მათ შორის - ბრონქული ასთმაც, სეზონურად მწვავდება. შედარებით მძიმე შეტევები გაზაფხულზეა მოსალოდნელი. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებების გახშირება, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს ბრონქული ასთმის მიმდინარეობაზეც, იწვევს მის გამწვავებას. ზამთრობით ბინის ჩახუთული და შედარებით ნესტიანი ჰაერი განსაკუთრებით ართულებს ოთახის მტვრის ტკიპას მიმართ ალერგიული განწყობის მქონე პირთა მდგომარეობას. თუმცა ბრონქული ასთმის გამწვავება, მისი მულტიფაქტორული ბუნებისა და მრავალფეროვან ალერგენთან კონტაქტის გამო, სხვა დროსაც არის მოსალოდნელი.
ხომ არ ახდენს რომელიმე დაავადება ან პათოლოგიური პროცესი ბრონქული ასთმის ჩამოყალიბების პროვოცირებას?
- ბრონქული ასთმისადმი მიდრეკილ პირებში ამ დაავადების ჩამოყალიბებას პროვოცირებას მრავალი ფაქტორი უწევს. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ეგრეთ წოდებული ატოპიური მარშის ფენომენი. ამ პათოლოგიურ პროცესში ხდება, ასე ვთქვათ, რამდენიმე დაავადების ტრანსფორმირება ასაკის შესაბამისად. ესენია კვებითი ალერგია, ეგზემა (ატოპიური დერმატიტი) და ბრონქული ასთმა.
რომელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ასთმის დიაგნოზის დასასმელად?
- ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისთვის აუცილებლად უნდა ჩატარდეს როგორც ეგრეთ წოდებული რუტინული ანუ საყოველთაო, ასევე ამ დაავადებისთვის სპეციფიკური გამოკვლევები. ეს აუცილებელია, რათა გამოირიცხოს სასუნთქი სისტემის სხვა არასპეციფიკური თუ სპეციფიკური, ასევე - ფილტვის სხვა ორგანული დაზიანებები. ეს გამოკვლევები უნდა დანიშნოს ექიმმა, თვითნებურად, სხვადასხვა „კეთილისმსურველის“ რჩევის საფუძველზე, გამოკვლევების ჩატარებას არ უნდა შევუდგეთ. ეს უამრავ ძვირფას დროს დაგვაკარგვინებს. ძალზე მნიშვნელოვანია, დროულად და ზუსტად დაისვას დიაგნოზი და პაციენტის სიმპტომებს მორგებული ადეკვატური მკურნალობა დაინიშნოს.
როგორია ასთმის სიმპტომები?
- ბრონქული ასთმის შეტევისათვის დამახასიათებელია:
- ხველა;
- ქოშინი;
- სუნთქვის გაძნელება, თავდაპირველად - ამოსუნთქვისას, მერე და მერე კი, თუ მდგომარეობა დამძიმდა, შესაძლოა გართულდეს ჩასუნთქვის ფაზაც.
ყურადსაღებია ღამის ძილის დარღვევაც ამ სიმპტომების გამო.
რით შეიძლება გართულდეს ბრონქული ასთმა?
- პირველ რიგში, სახიფათოა ასთმური სტატუსის ჩამოყალიბება. სახიფათოა იმიტომ, რომ ამ დროს ორგანიზმი აღარ რეაგირებს შემამსუბუქებელ პრეპარატებზე, ბრონქების სპაზმის სწრაფად მომხსნელ ნივთიერებას მდგომარეობის თუნდაც მცირედით გაუმჯობესება აღარ ძალუძს. ამ დროს აუცილებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. ასე რომ, სამედიცინო დაწესებულებას დროულად უნდა მიმართოთ! გარდა ასთმური სტატუსისა, მოსალოდნელია ჩამოყალიბდეს თანდართული ფილტვების ანთება, სქელი, წებოვანი ნახველიYწვრილი ბრონქების სანათურს დაეცოს და სხვა.
როგორია ასთმის მართვისა და მკურნალობის ძირითადი პრინციპები?
- დღეს მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, პაციენტი გაეცნოს ბრონქული ასთმის მართვისა და მკურნალობის პრინციპებს. მთავარია, ექიმთან დროულად მივიდეთ და სიმპტომები დაწვრილებით აღვუწეროთ. ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია. ისიც კი, რაც პაციენტს შესაძლოა უმნიშვნელოდ მიაჩნდეს. ამჟამად მიღებულია დაავადებისადმი საფეხურებრივი მიდგომა, რომელიც მოცემულ პერიოდში პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ინდივიდუალური მკურნალობის სქემას მოიცავს.
მწვავე სტადიაში მკურნალობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია შემანარჩუნებელი თერაპია, თუნდაც თვალსაჩინო სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. სწორედ ეს უკანასკნელია გადამწყვეტი ქრონიკული ანთების დასარეგულირებლად და ბრონქების ჰიპერრეაქტიულობის შესამცირებლად.
შეუძლია თუ არა პაციენტს, დამოუკიდებლად მართოს ბრონქული ასთმა?
- ბრონქული ასთმის ინდივიდუალური მართვა შესაძლებელია. საამისოდ ყველაფერს სჯობია პიკფლოუმეტრის შეძენა. ეს მარტივი მოწყობილობა ფართო გაყიდვაში ჯერჯერობით არ არის. აღნიშნული აპარატით პაციენტი ნებისმიერ დროს თვითონ შეიმოწმებს მდგომარეობას. აპარატში ჩასუნთქვისას ისარი განსაზღვრულ ზონაზე მიუთითებს.