ჯანსაღი პირის ღრუ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი პირის ღრუ

სტომატოლოგიური პათოლოგიების გავრცელება ორ წლამდე ბავშვებს შორის 30%-ს აღწევს, მოზარდებისა - 98%-ს, მოზრდილ ასაკში კი სამედიცინო თვალსაზრისით სრულიად ჯანმრთელი პირის ღრუს მქონე ადამიანის პოვნა უკვე ძალიან რთულია.

ციფრები დასაფიქრებელია იმდენად, რამდენადაც სტომატოლოგიურ დაავადებათა უმეტესი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელია.

თანამედროვე სტომატოლოგისთვის ხომ უკვე ცნობილია პათოლოგიათა განვითარების მიზეზები, პირობები და ის პრევენციული ხერხებიც, რომლებიც ამ პრობლემებთან წარმატებული ბრძოლისთვის გვჭირდება.

სტომატოლოგიური ცენტრის, „რადიუსის“ დამფუძნებელი, ექიმი სტომატოლოგი ნანა ცომაია ჩვენს მკითხველს სტომატოლოგიური პრევენციის სწორედ იმ ზომებს, დაავადებათა გამომწვევ რისკფაქტორებს გააცნობს, რომლებიც მათ ყველაზე უსიამოვნო პრობლემების წარმატებით არიდებაში დაეხმარება.

- „პირის ღრუ ორგანიზმის სარკეაო“, უთქვამთ, ის ხომ მთელი ორგანიზმის სიჯანსაღეზე მეტყველებს. დაავადებათა უმრავლესობის მსგავსად, კარიესის, პერიოდონტიტის და თანკბილვის დარღვევის რისკფაქტორები ადამიანის არასწორი ცხოვრებითა და ყოფითაა გამოწვეული, შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის ფართო ფენების ინფორმირება სტომატოლოგიურ დაავადებათა პრევენციის თაობაზე. ქალბატონო ნანა, უპირველესად, ჩვენთვის საინტერესოა, სტომატოლოგიური თვალსაზრისით რა იგულისხმება ცნებაში - „ჯანსაღი პირის ღრუ“?

- მედიცინაში არსებობს გამოთქმა: ,,ჯანმრთელობა პირის ღრუდან იწყება“, რომელსაც სრულიად ვეთანხმები. პირის ღრუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პირველადი რგოლია და შედგება: ენის, ტუჩების, კბილების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და სანერწყვე ჯირკვლებისგან. სწორედ ამ ორგანოთა ჯანმრთელი და გამართული ფუნქციობა მოიაზრება ცნებაში - ,,ჯანსაღი პირის ღრუ“.

მსოფლიოში მოსახლეობის დიდ ნაწილს აღენიშნება პირის ღრუს რბილი და მაგარი ქსოვილების ესა თუ ის პათოლოგია, ეს გლობალური პრობლემაა. საერთაშორისო კამპანია პირის ღრუს ჰიგიენის საკითხებში ითვალისწინებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ყოველწლიურად 20 მარტს აღინიშნება პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. ამასთანავე, ეს კამპანია ხაზს უსვამს ჯანსაღი კბილების მნიშვნელობას, როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვანი ადამიანებისათვის.

- არანაკლებ საინტერესოა, კონკრეტულად რა ფაქტორებით ფასდება პირის ღრუს სიჯანსაღე?

- უპირველესად რასაც გამოვყოფდი, ეს არის:

  • გენეტიკური განწყობა;
  • ორგანიზმის იმუნური სისტემის ზოგადი მდგრადობა;
  • გარემოს მავნე ზემოქმედება;
  • გეოგრაფიული მდებარეობა, ადგილი, სადაც ადამიანი იზრდება, ვითარდება და ცხოვრობს;
  • კლიმატი;
  • სასმელ წყალში ფტორისა და სხვადასხვა ელემენტის ზომიერი შემცველობა;
  • სოციალური სტატუსი, რაც ამა თუ იმ კუთხით გავლენას ახდენს პირის ღრუს ჯანმრთელობაზე;
  • ორსულობის პერიოდი და დედის მდგომარეობა - პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა დედის მუცლიდან, ჩანასახიდანვე, იწყება, მაშინ, როდესაც ორგანოგენეზის პროცესში კბილები და პირის ღრუს ორგანოები ყალიბდება;
  • ქრონიკული დაავადებები - პირის ღრუს სიჯანსაღეს მხოლოდ კბილებს და ენას მიაწერენ, სინამდვილეში, ორგანიზმში მიმდინარე საკმაოდ ბევრი პათოლოგიური პროცესი სწორედ პირის ღრუში აისახება, შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგალითად, ქრონიკული დაავადებები გარკვეულ გა­ვლენას ახდენს ადამიანის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, შაქრიანი დიაბეტი მოქმედებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებაზე, ასევე კუჭ-ნაწლავის პათოლო­გიები, სხვადასხვა ინფექცია, დერმატოლოგიური, ნევროლოგიური პრობლემები აისახება ენაზე, ლორწოვანის გარსსა და პირის ღრუს ჯანმრთელობაზე;
  • მხედველობაში მისაღებია ამ თვალსაზრისით მავნე ჩვევებიც, როგორებიცაა: ალკოჰოლი, მწევ­ელობა, ამ შემთხვევაში შვიდჯერ უფრო მძიმედ მიმდინარეობს პაროდონტიტის დაავადება, ეს ფა­ქტორები ლორწოვან გარსზე სიმსივნის განვითარების ხელშემწყობიცაა.

- რას ითვალისწინებს პრევენციული სტომატოლოგია და როგორ უნდა დაიგეგმოს ასაკისა და სქესის მიხედვით სტომატოლოგთან პრევენციული ვიზიტი?

- პირის ღრუს დაავადებათა პრევენცია ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში იწყება, როდესაც ბავშვის ორგანოები, კერძოდ, დროებითი და მუდმივი კბილების ჩანასახი, ფორმირდება.

დედის ჯანმრთელობა გავლენას ახდენს მომავალში ნაყოფის კბილების მინერალიზაციასა და ჩამოყალიბებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ორსულთა რეგულარ­ული ვიზიტი სტომატოლოგთან, უმჯ­ობესია ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვამდე პირის ღრუს სანაცია, რადგან პაროდონტის დაავადებები ნეგატიურად აისახება ბავშვის განვითარებაზე, მაგალითად, იზრდება მცირეწონიანი ნაყოფის განვითარების რისკი.

პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბავშვის დაბადებიდან ხდება, მნიშვნელოვანი ფაქტორია სრულფასოვანი კვება, იგულისხმება სხვადასხვა აუცილებელი ვიტამინითა და მიკროელემენტით მდიდარი საკვები, მისი დეფიციტის შემთხვევაში კი ექიმის რეკომენდაციით უნდა მიიღოს საჭირო დანამატები.

კარიესის თავიდან აცილების ერთ-ერთი პროფილაქტიკური საშუალება ფთორირებაა, მშობელმა ახალშობილთან უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ საწოვარას მუდმივი გამოყენება აფერხებს სარძევე კბილების ამოჭრას, შეიძლება მივიღოთ თანკბილვის დარღვევებიც.

დაბადებიდანვე ექიმის მიერ დედის ინფორმირება ახალშობილის პირის ღრუს მოვლის შესახებ აადვილებს ჰიგიენური ჩვევების ჩამოყალიბებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს დაავადებების პრევენციასა და პროფილაქტიკაში.

კარიესის ეფექტურ პრევენციულ საშუალებად მიიჩნევა კბილების ფისურების ჩაბეჭდვა, ანუ კბილების ზედაპირზე არსებული ღარების ჰერმეტიზაცია, რის შედეგადაც მიღებული კბილის გლუვი ზედაპირი გაცილებით მდგრადი ხდება ბაქტერიებისადმი.

ბავშვის პრევენციული ვიზიტის დაიგეგმვასთან დაკავშირებით გიპასუხებთ, რომ აჯობებს, რაც უფრო ადრეულ ასაკში მივიყვანთ ბავშვს სტომატოლოგთან პირის ღრუს დასათვალიერებლად და შესაბამისი რჩევის მისაღებად.

ბავშვთა ასაკში რეკომენდებულია რეგულარული ვიზიტები ექვს თვეში ერთხელ, რათა დროულად აღმოჩნდეს დაზიანებები და უფრო ადვილად, უმტკივნეულოდ გავუმკლავდეთ მათ, თან, რაც უმნიშვნელოვანესია, არც ბავშვი დაისტრესოს.

მშობელმა უნდა გამოუმუშაოს ბავშვს კბილებზე ზრუნვის ჩვევა, რომელიც მას მთელი სიცოცხლე გაჰყვება.

- რა გართულებებია მოსალოდნელი სტომატოლოგთან დაგვიანებული ვიზიტისას?

- სტომატოლოგთან დაგვიანებულ ვიზიტს უამრავი გართულება შეიძლება მოჰყვეს:

  • მაგალითად, ბავშვთა ასაკში სარძევე კბილის კარიესის გამო დაკარგული კბილის ან კბილების გამო შესაძლოა მივიღოთ თანკბილვის შეცვლა, მუდმივი კბილების არასასურველი პოზიციონირება;
  • ქრონიკულმა ტრამვამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ამა თუ იმ მიდამოს დაზიანება და ტრავმული წყლულის ჩამოყალიბება;
  • არასწორი ჰიგიენით კბილებისა და ლორწოვანი გარსის სხვადასხვა დაავადება, კბილის მორყევა და დაკარგვაც კი.

სტომატოლოგთან დაგვიანებულმა მისვლამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, კბილების ტკივილი, ფესვზე ანთებითი პროცესები, კბილის გვირგვინის დაკარგვა, რაც, საბოლოოდ, იწვევს როგორც ესთეტიკურ, ისე ფუნქციურ დისკომფორტს, ეს ყოველივე კი ადამიანს არსებითად ხელს უშლის სოციალურ აქტივობაში.

- რამდენჯერმე ახსენეთ თანკბილვა. რა არის თანკბილვა და თანკბილვის რა დარღვევებს ხვდებით პრაქტიკაში?

- თანკბილვა ზედა და ქვედა ყბების სწორი შეთანასოვნებაა, თანკბილვას დიდი გავლენა აქვს როგორც პირის ღრუს, ისე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. თანკბილვა დარღვეულია, როდესაც ზედა და ქვედა ყბის კბილებს შორის კონტაქტები არასწორია. ამან, შესაძლოა, მრავალი პრობლემა შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას.

აღსანიშნავია, რომ თანკბილვის შესწავლა ღრმა და კომპლექსური კვლევის საგანია, სადაც ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. სწორ თანკბილვაში იგულისხმება არა მარტო ზედა და ქვედა ყბის შეთანასოვნება, არამედ სახის სიმეტრია, თვალების გამომეტყველება, სახისა და კისრის კუნთების განვითარება, კბილთა რკალი, ზედა და ქვედა ყბების ჩონჩხოვანი სიმეტრიული განვითარება, ხერხემლის პოზიცია და ბრტყელტერფიანობაც კი.

თანკბილვის უამრავი დარღვევა არსებობს, ეს ძირითადად ზედა და ქვედა ყბის შეთანასოვნების დარღვევაა, რომელიც შეიძლება იყოს ყბის განვითარების ანომალია, ჩონჩხოვანი, კბილთა მწკრივის, დგომის, ფორმის ანომალია და ა.შ.

- რა მნიშვნელობა აქვს თანკბილვას?

- ფიზიოლოგიური თანკბილვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანის ვიზუალზე, არამედ ეფექტურ ღეჭვაზე, სასუნთქ, საყლაპავ სისტემაზე, მეტყველებაზე, თანკბილვის ზოგიერთი ტიპის დარღვევისას ირღვევა რამდენიმე ფონემური ჯგუფის ბგერების სწორად წარმოთქმის პროცესი.

- რომელი სტომატოლოგიური პრობლემის არიდებაა შესაძლებელი სტომატოლოგთან პრევენციული ვიზიტით?

- მრავალი დაავადება არსებობს, რომლის დროსაც პირველადი ელემენტები პირის ღრუში ვლინდება, ეს იქნება ინფექციური, დერმატოლოგიური, ონკოლოგიური დაავადებები თუ მრავალი სხვა, ამიტომ ექიმს დაკვირვება მართებს არა მხოლოდ იმ კონკრეტულ პრობლემაზე, რის გამოც მიმართა პაციენტმა, არამედ საფუძვლიანად უნდა დაათვალიეროს პირის ღრუ, აწარმოოს მისი სკრინინგი.

არსებობს პირის ღრუს გარკვეული უბნები, რომელთაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი დაავადება, როგორიცაა პირის ღრუს სიმსივნე.

  • ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციამ 2010 წელს გამოაქვეყნა კანცერული დაავადებების გაიდლაინი, რომელიც ნებისმიერი სტომატოლოგიური მომსახურების ჩატარებისას უნდა განხორციელდეს, რაც სიმსივნური პროცესების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას უწყობს ხელს.
  • ყველამ ვიცით, რომ კარიესის მკურნალობა საწყის სტადიაზე უფრო მარტივია, ვიდრე მისი გართულებული ფორმისა.
  • პროფილაქტიკური წმენდა და ექიმის მიერ პირის ღრუს ინდივიდუალური მოვლის საშუალების შერჩევა თავიდან გვარიდებს პაროდონტიტის განვითარებას, მისი საწყის ეტაპზე აღმოჩენა კი ეფექტური მკურნალობის საწინდარია.
  • მოგეხსენებათ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი პირის ღრუს შენარჩუნება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ამის პრევენცია კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, დედის მუცლიდან, ჩანასახიდან იწყება, ეს ნიშნავს იმას, რომ დედამ უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობასა და ჯანსაღ კვებაზე, შემდეგ უკვე - ახალშობილის კვებასა და პირის ღრუს ჰიგიენაზე.

ბავშვის პირველივე კბილის ამოჭრისთანავე აუცილებელია სწორი ჰიგიენის დაცვა, კვების რაციონის კონტროლი, ნახშირწყლების შეზღუდვა, ხოლო თუ კარიესი განვითარდა, აუცილებელია მისი მკურნალობა და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.

ბავშვთა ასაკში სარძევე კბილების ფიზიოლოგ­იური ცვლის კონტროლისთვის, თანკბილვის პათოლოგიების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ორთოდონტის, გნათოლოგის ზედამხედველობა, რადგან ნაადრევად აღმოჩენილი თანკბილვის ანომალია, ჩონჩხის ჩამოყალიბებასთან ერთად, სწორი დაგეგმარებით, პრევენციის საფუძველია.

მოზრდილ ასაკში მნიშვნელოვანია სკრინინგი. ბავშვის დროული ვიზიტები სტომატოლოგთან აგვარიდებს თანკბილვის დარღვევას, ვინაიდან მნიშვნელოვანია სარძევე კბილების შენარჩუნება, მის ქვეშ არსებული მუდმივი კბილების ამოჭრამდე ჯანმრთელად მიყვანა, რაც უზრუნველყოფს კბილების ფიზიოლოგიური ცვლის რიგითობის დაცვას. ნაადრევად კბილის ამოღება აფერხებს ყბის ძვლის სწორ ფორმირებას და ჩამოყალიბებას, დაგვიანებულმა ამოღებამ კი შეიძლება მუდმივი კბილის ამოჭრას შეუშალოს ხელი ან არასასურველ პოზიციაზე ამოიჭრას. მუდმივი კბილების კარიესის პროფილაქტიკისთვის ბავშვთა ასაკში შესაძლებელია მათი ამოჭრისთანავე ჩაბეჭდვა.

კარიესის პრევენციისთვის, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ფთორირება.

  • ჯანსაღი ცხოვრების სტილი, ფიზიკური აქტივობა, დაბალანსებული კვება, ნახშირწყლებისა და გაზიანი საკვების შეზღუდვა, სწრაფი კვების პროდუქტის შეზღუდვა ასევე აჯანსაღებს პირის ღრუს;
  • პირის ღრუს სწორად მოვლა გულისხმობს ექიმი სტომატოლოგის მიერ პაციენტისთვის, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად ჰიგიენური საშუალებების შერჩევას.
  • დაბოლოს, აუცილებელია სტომატოლოგთან გეგმური ვიზიტი პირის ღრუს პროფილაქტიკისა და სკრინინგისთვის, რაც პრევენციის ყველაზე საიმედო და ეფექტიანი ღონისძიებაა.