უნარშეზღუდულობა განაჩენი არ არის

როცა მძიმედ ხარ ავად, ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, მაგრამ გრცხვენოდეს საკუთარი მდგომარეობისა და ჩაიკეტო საკუთარ თავში, თუნდაც მაშინ, როცა საზოგადოება შენგან პირს იბრუნებს და უფრო მეტიც - მისგან ყოველდღიურად "გხვდება", არ ღირს.
შენ ძლიერი ადამიანი ხარ! შენ აუცილებლად გაუმკლავდები შექმნილ მდგომარეობას! ძნელია, როცა მშობლებს უნარშეზღუდული შვილები ჰყავთ, ანდა, პირიქით, შვილები უვლიან მოხუცებულობისგან დაუძლურებულ ან მძიმე ავადმყოფ მშობლებს. ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ ბევრი შესაძლოა აღშფოთდეს - როგორ შეიძლება, შვილმა მშობელზე ან მშობელმა შვილზე უარი თქვასო, მაგრამ ნუთუ არასოდეს გაგიგონიათ, "ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობსო", და ამას მძიმე ავადმყოფზე ხშირად უახლოესი ადამიანები ამბობენ...
თავდაპირველად ეს სტატია მძიმე ავადმყოფის მომვლელებზე, შვილებსა და მშობლებზე იყო ჩაფიქრებული, მაგრამ შემდეგ ერთმა ნაცნობმა თავისი მეზობლის მისამართი მომცა, რომელიც მოზარდ ასაკში (უკვე 16 წლის იყო) მიუტოვებიათ (ბავშვთა სახლში ჩაუბარებიათ) მშობლებს, იმის გამო, რომ ავარიის შემდეგ მოძრაობის უნარი დაკარგა. მძიმე იყო ჩვენი საუბარი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც - საჭირო, რადგან თუ ერთი მკითხველი მაინც მიიტანს გულთან მის განსაცდელს, ჩაფიქრდება ასეთი ადამიანების უმძიმეს ბედზე, იმაზე, როგორ გმირულად უძლებენ ისინი ცხოვრებისეულ სირთულეებს, როგორ იბრძვიან და როგორ ცხოვრობენ, ჩავთვლით, რომ ჩვენი მისია ნაწილობრივ მაინც შესრულდა. რესპონდენტს, მისივე თხოვნით, ინკოგნიტოდ ვტოვებთ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- ჩემი მშობლების საქციელზე არაფერს გეტყვით, არავის განსჯის უფლება არ მაქვს, მით უმეტეს - მშობლებისა. არც სურვილი. მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, შეიძლება თუ არა, ასწიო მოტეხილი ფრთები. თუ ადამიანი ვერ დადის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრებით ტკბობა არ შეუძლია. მე უნარშეზღუდულობა უბედურებად არ მიმაჩნია. პირიქით, ეს შეჩერების შანსია, დაფიქრების შანსია, იმაზე დაფიქრებისა, როგორ ცხოვრობდი მანამდე. შანსი, ცხოვრებას სხვა თვალით შეხედო.
"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანიც" ხომ ადამიანია, რომელსაც აქვს გატაცებები, სურვილები, ტალანტები... მთავარია, გვერდით გყავდეს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც შენი ესმის, შეუძლია დაგეხმაროს, მოგისმინოს, გესაუბროს... მერწმუნეთ, ეს ძალიან ბევრია. და აუცილებლად უნდა ეცადოთ, არ იფიქროთ მხოლოდ ცუდზე, მუდამ ეძებოთ და დაიმახსოვროთ კარგი. მრავალი ადამიანი, რომელიც ტრავმის ან მძიმე დაავადების გამო უნარშეზღუდულის სტატუსს იღებს, თითქმის მაშინვე ეჯახება პრობლემების მთელ კასკადს. მე ყველაზე უარესი დამემართა - გადაადგილების საშუალება მომესპო. ტრავმის გამო ფეხები აღარ მემორჩილებოდა და ეტლის მოტანას შემპირდნენ, რომ როგორმე ოთახში მაინც შემძლებოდა გადაადგილება, მაგრამ ოთხი თვე გავიდა და ეტლი არსად ჩანდა, არც მომავალში ისახებოდა მისი გამოჩენის პერსპექტივა... ოჰ, როგორ ვიყავი გააფთრებული... ახლა კარგად მესმის, რომ სიტუაციას არასწორად ვაფასებდი. თუ რამე ისე არ იყო, როგორც მე მინდოდა, ვილანძღებოდი, ყველას ბრალს ვდებდი... არადა, უბრალოდ უნდა დავფიქრებულიყავი და სხვა გზის პოვნა მეცადა.
გავიდა ხანი, საკუთარი თავის მობილიზება მოვახერხე. შედეგად ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც უანგაროდ გადაწყვიტეს ჩემი დახმარება. და, იცით, მაშინვე გაჩნდა იმედიც, რწმენაც... მერე უფრო მეტად გამიმართლა: ინტერნეტით ერთი არაჩვეულებრივი ფსიქოთერაპევტი გავიცანი. მან ბევრი რამ ამიხსნა, ბევრი რამ დამანახვა, დამეხმარა. დღესაც ხშირად ვიხსენებ, რაც თავის ერთ-ერთ პაციენტზე მიამბო:
"ეს ქალბატონი დიაბეტისგან დაბრმავდა; ორივე ფეხი მოკვეთილი ჰქონდა; თირკმელები გაეთიშა და თირკმლის ხელოვნურ აპარატზე იყო შეერთებული. სამი წელი გაატარა საავადმყოფოში... მაგრამ მიხვალ სანახავად და - უსინათლო თვალებით გიცინის, ყველა წვრილმანი უხარია - გუშინ თმა შეჭრეს, ახალი შარვალი ჩააცვეს განახევრებულ ფეხებზე... ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხზე. მან იცის, რომ მისთვის ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი იყოს და ცდილობს, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. ის მხოლოდ და მხოლოდ 42 წლისაა..." ხომ გმირობაა! მაგრამ ჩემთვის ასეთი რამ ჯერ კიდევ ძნელი გასაგებია. მე ასეთ სიტუაციაში კარგს ვერაფერს დავინახავდი, იმ ქალბატონმა კი მოახერხა. მან უბრალოდ ისწავლა იმასთან ერთად ცხოვრება, რაც ჰქონდა, მიიღო თავისი ავადმყოფობა და ისიც, რომ ცხოვრება მისთვის შეიცვალა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვაც შეძლებს ამას, თუ მოინდომებს.
ხშირად მაწუხებდა კითხვები: "ერთი ჯანმრთელი ადამიანი მაინც გაუგებს ინვალიდს?"; "ერთი ჯანმრთელი ადამიანი მაინც თუ დაფიქრებულა იმაზე, რას გრძნობს, რას განიცდის ინვალიდი?.." უამრავი ასეთი კითხვა დამისვამს საკუთარი თავისთვის. მაგრამ იქვე სხვა კითხვებიც იბადებოდა: "თავად თუ მესმის, რომ ცხოვრება სრულიად სხვანაირი გახდა?"; "თავად თუ ვცდილობ რამის შეცვლას? თუ ველი, რომ ყველაფერი თავისთავად შეიცვლება?.." უამრავი საწოლს მიჯაჭვული ადამიანი ვიცი, რომელთაც საკუთარი ახლობლები ამცირებენ და პირდაპირ ეუბნებიან: "რაღა ფასი აქვს შენს სიცოცხლეს?!" და, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად... მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. რატომ უნდა იტირო გამუდმებით და ელოდო, რომ ვიღაც შეგიბრალებს? სიბრალული უფრო მეტად აზიანებს ადამიანს, აზიანებს ისე, რომ შესაძლოა, სიცოცხლე აღარც კი მოუნდეს.
"ინვალიდობის" გამო ძალიან ბევრი "მეგობარი" დავკარგე. საშინელი დეპრესია მქონდა, მთელ სამყაროზე ვიყავი გაბრაზებული, თავის მოკვლაც კი მინდოდა. ვცადე კიდევაც... მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ მარტო არ ვარ, რომ მიტოვებული არ ვარ. მერე რა, რომ ინვალიდის სტატუსი მოგაწებეს - ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ცხოვრებისგან მოკვეთილი ხარ. არ არის მართალი, რომ ჯანმრთელი მძიმე ავადმყოფს ვერ გაუგებს. ამქვეყნად ბევრია კეთილი ადამიანი. უბრალოდ, ჩვენ მათ ვერ ვამჩნევთ, ან გვრცხვენია, ჩვენი პრობლემები გავანდოთ, ჩვენი მარტოობა შევჩივლოთ. გვეშინია, რომ ვერ გაგვიგებენ... დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია რეალში ვინმესთან საუბარი - მეზობელთან, სოციალურ მუშაკთან (თუ მარტო ცხოვრობ)... ასეთი ურთიერთობა ძალიან ეხმარება ადამიანს. ისიც მართალია, რომ ვირტუალურ ნაცნობებთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან მე სწორედ ასეთი ხალხი დამეხმარა იმ სიტუაციიდან გამოსვლაში, გამოუვალი რომ მეგონა. პირველი ადამიანი ხართ, ვისაც ამ საკითხებზე ვესაუბრე... ისე კი, დიდი ხანია, ამ ყველაფრის თქმა მინდოდა; უბრალოდ, საშუალება არ მომეცა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფიზიკურად ძალიან ცუდად გრძნობდე თავს, მაინც უნდა გქონდეს ურთიერთობა ვინმესთან მაინც, თუნდაც ვირტუალურ სამყაროში - იქნებ სწორედ თქვენ გაგიღიმოთ ბედმა და იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ფიზიკური და მორალური ტკივილის დაძლევაში დაგეხმარებათ. ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ გამოსავალი არ არის. როდესაც ასეთი აზრები მიჩნდება, მაშინვე ვიხსენებ იმ უსინათლო ქალს და მრცხვენია - მე ხომ კომპიუტერზე მუშაობა შემიძლია, შემიძლია, ვუყურო ფილმებს, ვუსმინო მუსიკას, მოვიძიო ვირტუალური მეგობრები... ბევრს ამის შესაძლებლობაც არ აქვს, მაგრამ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, რომ ცხოვრება განაგრძონ.