შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები - რჩევები მშობლებს
თუმცა, რასაკვირველია, რჩევის მიცემა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შესრულება. მშობლების უმრავლესობას ამ დროს თვითონვე სჭირდება დახმარება. ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვი უამრავ ენერგიას ითხოვს. მშობლებს მთელი ყურადღება ნაკლზე გადააქვთ, თავად ბავშვი კი ავიწყდებათ, ვერ ამჩნევენ, რომ მათ შვილს, მიუხედავად იმისა, რომ თანდაყოლილი ნაკლით დაიბადა, უამრავი კარგი თვისება აქვს...
პრობლემები, რომლებიც ამ დროს იჩენს თავს, ექიმსა და თვით ბავშვთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ.
- ბავშვის ნაკლს საღი თვალით შეხედეთ. მასაც ზუსტად ისე მოექეცით, როგორც მის და-ძმას, რათა თავი მათ თანასწორად იგრძნოს და, რაც მთავარია, იგი თვით და-ძმამ აღიაროს თანასწორად. ერთად ატარეთ ექიმთან, პროცედურებზე, ნუ შეეცდებით მისი ნაკლის დამალვას. როდესაც მშობლებს ბავშვის ნაკლი ეჩოთირებათ და ცდილობენ, უცხო თვალს მოარიდონ, ასევე იქცევიან დები და ძმებიც.
- ბავშვი ერთი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. მკურნალობის შედეგით უკმაყოფილო მშობლებს შვილი ხშირად სხვა სპეციალისტთან მიჰყავთ. ბავშვის სხვადასხვა ექიმთან ტარება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გაუმართლებელია - იგი იღლება თავისი დაავადების შესახებ ლაპარაკით, მკურნალობის სხვადასხვა მეთოდით... ექიმს, ვინც თავის პაციენტსა და მის ოჯახს ასე თუ ისე იცნობს, გაცილებით ჭკვიანური რჩევის მიცემა შეუძლია, ვიდრე მას, ვინც ბავშვი პირველად ნახა.
- ხელი შეუწყვეთ პატარას, თავისი ნიჭი და უნარი მაქსიმალურად გამოავლინოს. თუ გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვის აღზრდაში პრობლემებმა იჩინა თავი, ამის მიზეზი მისი გონებრივი განვითარების დაბალი დონე კი არა, არამედ მასთან ურთიერთობის მცდარი მეთოდებია. როდესაც მშობლებს რცხვენიათ შვილის უცნაური საქციელისა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ უჭირთ, შეიყვარონ იგი ისეთი, როგორიც არის, შეიყვარონ ისე, რომ ბავშვმა თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნოს.
ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვის ნაკლი მათი ბრალია და ყოველნაირად ცდილობენ თავიანთი დანაშაულის გამოსყიდვას. მიმართავენ ათასგვარ მეთოდს, რომლებსაც არავითარი სარგებლობა არ მოაქვს, ბავშვს კი უფრო მეტად აღიზიანებს და ანერვიულებს. თუ მშობლებმა ნაჩქარევად დაასკვნეს, რომ მათი შვილი ”უიმედოა” და ”ნორმალური” ვერასდროს გახდება, შესაძლოა, ბავშვს სათამაშოებიც მოაკლონ, სხვა ბავშვების საზოგადოებასაც მოარიდონ და არც მის განათლებაზე იზრუნონ, არადა ყოველივე ეს მას ძალიან სჭირდება თავისი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისთვის.
ზოგჯერ პირიქითაც ხდება - მშობლები მზად არიან, დაუმტკიცონ საკუთარ თავსა და მთელ ქვეყანას, რომ მათი შვილი სხვებს არაფრით ჩამოუვარდება, ისწრაფვიან, რაც შეიძლება მალე შეასწავლონ მას ქცევები და მოქმედებები, რომელთა ასათვისებლადაც ის ჯერ მზად არ არის: ქოთანზე დაჯდომა, წერა-კითხვა; სკოლაში სვამენ ჯანმრთელი თანატოლების გვერდით, ეხმარებიან გაკვეთილების მომზადებაში... გამუდმებული ჩიჩინი და დაძაბულობა კი ბავშვს აღიზიანებს. სიტუაცია, სადაც უნარშეზღუდული პატარა თავს არაკომფორტულად გრძნობს, მას საკუთარი ძალების რწმენას უკარგავს.
გონებრივად არასრულფასოვანი ბავშვი, რომლის მშობლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ და არც დიდი შეძლება გააჩნიათ, ხშირად უკეთეს შედეგს აღწევს, ვიდრე განათლებული ან მეტისმეტად პატივმოყვარე მშობლების შვილი.
თითოეულ ადამიანს აქვს განათლების უფლება, უფლება, იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში, მაგრამ გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი თავისი უნარისა და შესაძლებლობების მიხედვით უნდა განვითარდეს. მაგალითად, დამოუკიდებლად ჭამასა და ღამის ქოთნის ხმარებას მაშინ კი არ უნდა მივაჩვიოთ, როცა ასაკი მოუწევს, არამედ მაშინ, როდესაც ამას მისი გონებრივი განვითარების დონე მოითხოვს, მივცეთ მიწის თხრის, შენების, ცოცვის, რაღაც-რაღაცების გამოგონების შესაძლებლობა განვითარების იმ პერიოდში, როდესაც ასეთი საქმიანობისთვის მზად იქნება.
ბავშვს სჭირდება სათამაშოები, რომლებიც მოსწონს, სჭირდება იმ ბავშვების საზოგადოება, ვისთანაც თავს კარგად იგრძნობს (დაე, ისინი რამდენიმე წლით მასზე უმცროსნი იყვნენ). ის იმ სკოლაში უნდა მივაბაროთ, სადაც მეცადინეობა უშედეგო არ იქნება და სადაც თავის ადგილს იპოვის. ირგვლივ მყოფებს იგი უნდა უყვარდეთ, მის კარგ თვისებებს ჯეროვნად უნდა აფასებდნენ.
ვისაც ურთიერთობა ჰქონია გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანებთან, მან კარგად იცის, რამდენად ბუნებრივი, მეგობრული და სიმპათიურია მათი უმრავლესობა, როდესაც ოჯახის წევრებს ისინი ისეთები უყვართ, როგორებიც ბუნებამ გააჩინა.
გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი საკუთარ ჭერქვეშ სიმშვიდესა და თავდაჯერებას იძენს. ამასთანავე, კარგი იქნება, თუ პატარას საბავშვო ბაღში მიაბარებთ. აღმზრდელები თავად გადაწყვეტენ, რომელი ასაკის ჯგუფი შეეფერება მას.
გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვის მოვლა-პატრონობა შინ
რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. ის აგიხსნით, როგორი სათამაშოები და სასწავლო ნივთები სჭირდება ბავშვს, როგორ უნდა ამეცადინოთ შინ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ბავშვის ინტერესები და უნარი მისი გონებრივი განვითარების დონეს შეესაბამება და არა ასაკს: ის ითამაშებს უმცროსი ასაკის ბავშვებთან იმ სათამაშოებით, რომლებითაც ამ ასაკში თამაშობენ, ფეხსაცმლის თასმების შეკვრას და ასოების ცნობას 5-6 წლის ასაკში კი არ ისწავლის, არამედ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მისი გონებრივი განვითარების დონე 5-6 წლის ბავშვისას მიაღწევს.
დაიმახსოვრეთ: გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი ისეთივეა, როგორიც სხვები. ყურადღებით დააკვირდით და ადვილად მიხვდებით, რა ანიჭებს მას კმაყოფილებას. დაეხმარეთ მეგობრების შეძენაში, ხელი შეუწყვეთ ურთიერთობაში. ასწავლეთ ყოველივე იმის კეთება, რის კეთებასაც თვითონვე ცდილობს.
სკოლაში წასვლის დრო
თუ ბავშვის გონებრივ სრულფასოვნებაში ეჭვი გეპარებათ, ფსიქიატრს ან ფსიქოთერაპევტს უნდა მოეთათბიროთ. არ შეიძლება პატარას იმ ჯგუფში დასმა, რომელიც მის გონებრივი განვითარების დონეს არ შეესატყვისება. ბავშვი ადვილად შეამჩნევს, რომ სხვებს ჩამორჩება და საკუთარი ძალების რწმენა დაეკარგება. გარდა ამისა, იმავე კლასში რომ დატოვონ ან უმცროს კლასში გადაიყვანონ, ამით დიდ სულიერ ტრავმას მიიღებს.
დაწვრილებით აუხსენით ბავშვის მდგომარეობა მასწავლებელს ან სკოლის დირექტორს. თუ ფსიქიატრი გირჩევთ, სჯობს, რამდენიმე წელი მოიცადოთ და შემდეგ მიიყვანოთ სკოლაში, რათა აჩქარებით საქმე არ გააფუჭოთ.
თუ ბავშვი მეტისმეტად ჩამორჩება, უმჯობესია, იგი სპეციალურ სასწავლებელში გადაიყვანოთ.
ბავშვი, რომელიც 1,5-2 წლის ასაკში ჯერ კიდევ ვერ ჯდება და ირგვლივ მყოფ ბავშვებსა და საგნებს ყურადღებას თითქმის არ აქცევს, გაცილებით რთული პრობლემაა. მას დიდხანს სჭირდება ჩვილივით მოვლა. ვინაიდან ბავშვი ირგვლივ თითქმის ვერაფერს ამჩნევს, ოჯახს არ ძალუძს მასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება. ძნელი გადასაწყვეტია, სად უნდა აღიზარდოს ასეთი ბავშვი: შინ თუ სპეციალურ დაწესებულებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, როგორია ბავშვის გონებრივი სისუსტის დონე, როგორი ტემპერამენტი აქვს მას, როგორ გავლენას ახდენს მისი მდგომარეობა ოჯახის დანარჩენ ბავშვებზე, შეუძლია თუ არა, შეიძინოს მეგობრები და მათთან ითამაშოს, რამდენად ახლოს არის სპეციალური დაწესებულება, გრძნობს თუ არა დედა კმაყოფილებას ბავშვის მოვლისას... მრავალ კითხვას, ვიდრე ბავშვი კარგად არ წამოიზრდება, ვერც კი უპასუხებ. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია გირჩიოთ: ნუ დამალავთ თქვენს სატკივარს, გაითვალისწინეთ მსგავსი პრობლემების მქონე ოჯახების გამოცდილება. ასეთივე საზრუნავის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა უფრო იოლად გაპოვნინებთ გამოსავალს.