ოჯახი და სამართალი - სავალდებულო წილი და საანდერძო დანაკისრი (ლეგატი) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახი და სამართალი - სავალდებულო წილი და საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

- მოანდერძეს უფლება აქვს, დააკისროს მემკვიდრეს საცხოვრებელი სადგომით ან მისი განსაზღვრული ნაწილით სამისდღეშიო სარგებლობის უფლების გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა იქ არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში სამკვიდროს გახსნამდე. ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მამკვიდრებელმა მემკვიდრეს საცხოვრებელი სადგომის ან მისი ნაწილის სარგებლობაში სხვა პირისთვის გადაცემა დააკისროს, მაგრამ არა სამისდღეშიოდ.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეზღუდვა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი სადგომის მუდმივად გადაცემისთვის ერთი წლის განმავლობაში ცხოვრებას, არ უნდა იყოს აუცილებელი და მამკვიდრებელს თავისუფლად უნდა შეეძლოს, მემკვიდრეს დააკისროს სამისდღეშიო სარგებლობის უფლების გადაცემა მამკვიდრებლის მიერ არჩეული პირისათვის. ეს უფრო მეტ თავისუფლებას შეუქმნიდა მამკვიდრებელს თავისი ნების გამოხატვაში.

საცხოვრებელ სადგომზე უფლების შემდგომი გადასვლისას სამისდღეშიო სარგებლობა ძალას ინარჩუნებს (გაყიდვისას, გაჩუქებისას, გაცვლისას და ასევე მემკვიდრეობით გადასვლისას). არსებობს კიდევ ერთი შეზღუდვა: თუ მოანდერძემ ლეგატარს მიანიჭა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება, ეს მას არ აძლევს უფლებას, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად იცხოვროს აღნიშნულ ბინაში, მან პირადად უნდა ისარგებლოს იმ სადგომით, რომელიც მას სამისდღეშიო სარგებლობაში გადაეცა. ამ უფლების სხვისთვის გადაცემა არ დაიშვება. ეს უფლება არც მემკვიდრეობით გადადის. ლეგატართან ერთად მისმა ოჯახის წევრებმა შეიძლება იცხოვრონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ ანდერძში იქნება მითითებული.

კანონმდებლობით გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევაც, როდესაც საანდერძო დანაკისრის საგანი შეიძლება იყოს დანაკისრის მიმღებისთვის (ლეგატარისთვის) სამკვიდროში ან სხვა სანივთო უფლებით მისთვის ისეთი ქონების შეძენა და გადაცემა, რომელიც სამკვიდროში არ შედის, განსაზღვრული სამუშაოს შესრულება, მომსახურების გაწევა და ა.შ. მაგალითად, მემკვიდრეს შეიძლება დაევალოს ლეგატარისათვის როგორც სამკვიდროში შემავალი ავტომობილის საკუთრებად გადაცემა, ისე მისთვის ავტომობილის შეძენა.

- შეიძლება თუ არა, საანდერძო დანაკისრი ზღუდავდეს მემკვიდრის მიერ მიღებული ქონების გამოყენებას?

- საანდერძო დანაკისრი არ შეიძლება ზღუდავდეს მემკვიდრის მიერ მიღებული ქონების გამოყენებას, ამიტომ არ დაიშვება ანდერძში საანდერძო დანაკისრის სახით ისეთი პირობების გათვალისწინება, რომლითაც, მაგალითად, მემკვიდრე ვალდებული იქნება გაყიდოს მემკვიდრეობით მიღებული სახლი და გადასცეს შვილიშვილებს განსაზღვრული თანხა.

რამდენადაც საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი) წარმოადგენს არა მამკვიდრებლის, არამედ განსაზღვრული მემკვიდრის კრედიტორს, მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს იმ მემკვიდრის წილის ანგარიშზე, რომელსაც დაეკისრა საანდერძო დანაკისრის შესრულება. ლეგატარს არ შეუძლია, საანდერძო დანაკისრის შესრულება მოითხოვოს იმ წილიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს. მემკვიდრე საანდერძო დანაკისრს შეასრულებს მხოლოდ სამკვიდროდან მისი წილის ფარგლებში. თუ ეს სამკვიდრო დანაკისრის შესასრულებლად საკმარისი არ არის, შესრულება მოხდება იმ ფარგლებში, რისთვისაც საკმარისი იქნება მოცემული მემკვიდრის წილი სამკვიდროდან.

დანაკისრის შესრულებისას მემკვიდრის, რომელსაც დანაკისრის შესრულება დაეკისრა, წილს გამოაკლდება მამკვიდრებლის ვალი, რომელიც მან გაისტუმრა. მაგალითად, თუ მემკვიდრის წილი სამკვიდროდან შეადგენდა ათი ათასი ლარის ღირებულების ქონებას, რომლიდანაც ხუთი ათასით მამკვიდრებლის ვალები გაისტუმრა, მაშინ საანდერძო დანაკისრი უნდა შესრულდეს ხუთი ათასი ლარის ფარგლებში.

- აუცილებელია თუ არა, საანდერძო დანაკისრი შეასრულოს იმ მემკვიდრემ, რომელსაც მისი შესრულება დაევალა მამკვიდრებლის მიერ? ხომ არ არსებობს გამონაკლისი?

- როგორც წესი, საანდერძო დანაკისრი იმ მემკვიდრემ უნდა შეასრულოს, რომელსაც მისი შესრულება დაევალა მამკვიდრებლის მიერ, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა შესაძლებელია დანაკისრის შესრულების ვალდებულება სხვა მემკვიდრეებზე გადავიდეს. სხვა მემკვიდრეებმა საანდერძო დანაკისრი მხოლოდ იმ ქონებიდან უნდა შეასრულონ, რომელიც მათ მიიღეს იმის გამო, რომ მემკვიდრე, რომელსაც ანდერძით დანაკისრის შესრულება დაევალა, სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვალა ან უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ანდერძით საკითხი სხვანაირად გადაწყდეს. მაგალითად, ანდერძი შეიძლება პირდაპირ ითვალისწინებდეს, რომ იმ მემკვიდრის სამკვიდროს გახსნამდე გარდაცვალების ან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში სხვა მემკვიდრეებს დანაკისრის შესრულება არ ეკისრებათ.

საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება სხვა მემკვიდრეებზე ვერ გადავა მაშინაც, როცა დანაკისრის შესრულება შეუძლებელია იმ მემკვიდრის მონაწილეობის გარეშე, რომელსაც ანდერძის შესრულება დაევალა.

სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება, გარდაიცვლება. ასეთ დროს საანდერძო დანაკისრის ვალდებულება შეწყდება და შესრულება შეუძლებელია მისი მონაწილეობის გარეშე. ეს არის შემთხვევა, როდესაც დანაკისრით რაიმე ისეთი მოქმედების შესრულებაა გათვალისწინებული, რომლის შესრულებაც სხვა მემკვიდრეებს არ შეუძლიათ. ეს ისეთივე შემთხვევაა, როცა ვალდებულების შესრულება შეუძლებელია მოვალის პირადი მონაწილეობის გარეშე.

პრაქტიკაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ისეთ შემთხვევას, რომ მოანდერძემ მთელი თავისი ქონება რამდენიმე მემკვიდრეს დაუტოვოს, თუმცა ანდერძით არ იყოს განსაზღვრული თითოეულის წილი. ასეთ შემთხვევაში, თუ არსებობს საანდერძო დანაკისრი, იგი ყველამ თანაბრად უნდა შეასრულოს, ხოლო თუ მოანდერძემ ყველა დეტალი გაითვალისწინა ანდერძში, რამდენიმე ანდერძით მემკვიდრეს დააკისრა საანდერძო დანაკისრის შესრულება და ანდერძით ამ მემკვიდრეთა წილი განსაზღვრულია, მემკვიდრეები თანაბრად კი არ შეასრულებენ დანაკისრს, არამედ თავიანთი წილის შესაბამისად.


- არის თუ არა კანონით დადგენილი ვადა, რომლის განმავლობაშიც ლეგატარს შეუძლია მოითხოვოს საანდერძო დანაკისრის შესრულება?

- საანდერძო დანაკისრის შესრულების მოთხოვნისთვის სპეციალური ვადა - სამი წელია დადგენილი. ეს ვადა გამოითვლება არა იმ დღიდან, როცა ლეგატარმა გაიგო ან უნდა გაეგო საანდერძო დანაკისრის არსებობის შესახებ, არამედ სამკვიდროს გახსნის დღიდან. ასე, საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს მოითხოვოს საანდერძო დანაკისრის შესრულება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.

რაც შეეხება საანდერძო დანაკისრის მიმღების პასუხისმგებლობას, იგი პასუხს არ აგებს მამკვიდრებლის ვალების გამო. მამკვიდრებლის ვალების გამო პასუხს აგებენ მემკვიდრეები. საანდერძო დანაკისრის მიმღები კი მემკვიდრე არ არის და არც პასუხს აგებს.

სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც ანდერძით მემკვიდრეს, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება, სავალდებულო წილის მიღების უფლებაც აქვს. თუ მემკვიდრეს, რომელიც ანდერძით მემკვიდრეცაა და ამავე დროს სავალდებულო მემკვიდრეს წარმოადგენს, საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, პირველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, რა მოცულობით მიიღებდა იგი სავალდებულო წილს, ანდერძით მემკვიდრე რომ არ ყოფილიყო. თუ გაირკვა, რომ ანდერძით გათვალისწინებული ქონება სავალდებულო წილს არ აღემატება ან მასზე ნაკლებია, მაშინ მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, ამ მოვალეობისგან თავისუფლდება. თუ ანდერძით გათვალისწინებული ქონება სავალდებულო წილზე მეტია, მაშინ მემკვიდრემ დანაკისრი უნდა შეასრულოს, მაგრამ მხოლოდ იმ წილის ფარგლებში, რომელიც სავალდებულო წილს აღემატება. მაგალითად, თუ სავალდებულო წილი შეადგენს ათასი ლარის ღირებულების ქონებას, ხოლო ანდერძით გათვალისწინებულია ათას ხუთასი ლარი, მაშინ მემკვიდრემ საანდერძო დანაკისრი უნდა შეასრულოს ხუთასი ლარის ფარგლებში.

- აქვს თუ არა უფლება საანდერძო დანაკისრის მიმღებს, უარი თქვას დანაკისრის მიღებაზე და რა ეკისრება ამ შემთხვევაში იმ მემკვიდრეს, რომელსაც ევალებოდა საანდერძო დანაკისრის შესრულება?

- საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს უარი თქვას დანაკისრის მიღებაზე, ისევე როგორც მემკვიდრეს აქვს სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის უფლება. მაგრამ აქაც არის განსხვავება: ლეგატარს შეუძლია დანაკისრზე უარის თქმა სხვის სასარგებლოდ, მემკვიდრეს კი არ შეუძლია.

იმ შემთხვევაში, თუ ლეგატარი უარს იტყვის სამკვიდროზე ან შესაბამის ნაწილზე, იგი დარჩება იმ მემკვიდრეს, რომელსაც დაკისრებული ჰქონდა დანაკისრის შესრულება, ხოლო თუ დანაკისრის შესრულება რამდენიმე მემკვიდრეს ევალებოდა, მაშინ მათზე განაწილდება.

თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები უარს იტყვის დანაკისრის მიღებაზე, მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, თავისუფლდება მისი შესრულების მოვალეობისგან. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საანდერძო დანაკისრის მიმღები სამკვიდროს გახსნის შემდეგ გარდაიცვლება, მაგრამ ვერ ასწრებს თანხმობის მიცემას დანაკისრის მიღებაზე.

ლეგატარის გარდაცვალება ყოველთვის არ ათავისუფლებს მემკვიდრეს დანაკისრის შესრულებისგან. ის ამ მოვალეობისაგან გათავისუფლდება, თუ ლეგატარი სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვლება. თუ ის სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი იყო, მაგრამ დანაკისრის მიღებაზე თანხმობის გამოთქმამდე გარდაიცვალა, მაშინ მემკვიდრე ვალდებულია შეუსრულოს დანაკისრი ლეგატარის მემკვიდრეებს.

კანონი უფლებას აძლევს მოანდერძეს, დაავალოს მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) რაიმე მოქმედების შესრულება საერთო-სასარგებლო მიზნით. მაგალითად, მოანდერძეს შეუძლია უანდერძოს მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) დიდი ღირებულების ფერწერული ნაწარმოებები და ამავე დროს დაავალოს მას (მათ), მისცენ სურათებით სარგებლობის უფლება პერიოდული გამოფენების მომწყობთ. რაიმე მოქმედება საერთო-სასარგებლო მიზნით, საანდერძო დანაკისრისაგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის ქონებრივი ხასიათისაა, შეიძლება იყოს ქონებრივი და არაქონებრივი. საანდერძო დანაკისრი კონკრეტული პირის (პირების) სასარგებლოდ მოითხოვს რაიმე მოქმედების შესრულებას, საერთო-სასარგებლო მიზნით, რაიმე მოქმედება კი უნდა შესრულდეს პირთა განუსაზღვრელი წრისათვის. მაგალითად, თუ პირმა მეუღლეს უანდერძა სამედიცინო ბიბლიოთეკა და დაავალა მისი გაცნობა ყველა მსურველისათვის, ეს იქნება დაკისრება საერთო-სასარგებლო მიზნით, რადგან პირთა განუსაზღვრელ წრეს ეხება.

რაიმე მოქმედების დაკისრება საერთო-სასარგებლო მიზნით, უმეტეს შემთხვევაში, არაქონებრივი ხასიათის მოქმედებაში გამოიხატება. თუ დაკისრებული მოქმედება ქონებას ეხება, მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს საანდერძო დანაკისრის მარეგულირებელი ნორმები. საერთო-სასარგებლო მიზნით რაიმე მოქმედების შესრულების ვალდებულება გადადის მემკვიდრეობით.

თუ მემკვიდრე, რომელსაც ანდერძით ევალებოდა რაიმე მოქმედება საერთო-სასარგებლო მიზნით, გარდაიცვალა, ვალდებულების შესრულება გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში დაკისრება ხდება საერთო-სასარგებლო მიზნით, მითითებული ნორმა ითვალისწინებს პირთა ფართო წრეს, რომლებსაც სასამართლოს მეშვეობით შეუძლიათ მოსთხოვონ მემკვიდრეს დაკისრებული მოქმედების შესრულება.

აი, ის ძირითადი საკითხები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს სავალდებულო წილის მიღების უფლებასა და საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულებას.

თუ სტატიის წაკითხვის შემდეგ დაინტერესებულ მკითხველს კვლავ დაებადება შეკითხვები, გთხოვთ, პირადად შეგვეხმიანოთ ქვემოთ მითითებული ტელეფონის მეშვეობით - თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე აუცილებლად გაგიწევთ კანონიდან გამომდინარე, ამომწურავ იურიდიულ კონსულტაციას.

კითხვებით მოგვმართეთ ნომერზე: 893 35-99-09