მემკვიდრეთა უფლება-მოვალეობანი

მემკვიდრე ის პირია, რომელზედაც გადადის მამკვიდრებლის ქონება. მამკვიდრებლისგან განსხვავებით, მემკვიდრე შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფიზიკური პირი, არამედ იურიდიული პირი და ხაზინაც.
მემკვიდრეებად შეიძლება ჩაითვალონ ის ფიზიკური პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისთვის. ფიზიკური პირი დაბადებიდან გარდაცვალებამდე შეიძლება იყოს როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრე, განურჩევლად მისი ქმედობაუნარიანობისა.
ანდერძით მემკვიდრეობისას მემკვიდრე შეიძლება იყოს ისიც, ვინც ჩაისახა მამკვიდრებლის სიცოცხლეში და დაიბადა მისი გარდაცვალების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, კანონით მემკვიდრეობისგან განსხვავებით, კანონმდებელი აფართოებს იმ პირთა წრეს, რომლებიც შეიძლება მემკვიდრეები იყვნენ ჯერ კიდევ დაბადებამდე, რადგან, გარდა შვილებისა, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ სხვა პირებიც, რომლებიც ჩაისახნენ მამკვიდრებლის სიცოცხლეში, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. აქ მნიშვნელობა არ აქვს, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაბადებული ბავშვები მისი შვილები არიან თუ არა. საანდერძო განკარგულება ზუსტად უნდა მიუთითებდეს კონკრეტულ პირზე, რომელიც ჩასახული იყო მამკვიდრებლის სიცოცხლეში.
- რა შემთხვევაში ითვლება ბავშვი მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ჩასახულად?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- ბავშვი მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ჩასახულად ითვლება, თუ მისი გარდაცვალების დღიდან ბავშვის დაბადებამდე გავიდა არა უმეტეს ათი თვისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი მემკვიდრედ ყოფნის უფლებას უკავშირებს არა დაბადებას, არამედ ჩასახვას: "მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე". როგორც ვიცით, სამართლის სუბიექტი დაბადებამდე არ არსებობს, შესაბამისად, ასეთ უფლებაუნარიანობას შეზღუდული უფლებაუნარიანობა ეწოდება. შეზღუდული - იმიტომ, რომ იგი მხოლოდ მემკვიდრედ ყოფნის უფლებას ითვალისწინებს და ეს უფლებაუნარიანობა პირობითია, რადგან მისი განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე.
- რა შემთხვევაში შეიძლება იურიდიული პირი იყოს მემკვიდრე?
- იურიდიული პირი ანდერძით მემკვიდრე შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ იგი შექმნილი იყო სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის (სსკ 1308-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს პირის უღირს მემკვიდრედ ცნობას.
დადგენილია, რომ არც კანონითა და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ უშლიდა ხელს მამკვიდრებელს უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა მემკვიდრეებად თავის ან თავისი ახლობელი პირების მოწვევას ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებულ იქნება სასამართლოს მიერ (სსკ 1310-ე მუხლი).
ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ. ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება. კანონი არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ მოანდერძემ სხვა პირს დაავალოს ანდერძის შედგენა, რადგან ეს არღვევს ანდერძის არსს. ანდერძი მხოლოდ ერთი მამკვიდრებლის განკარგულებას უნდა შეიცავდეს. ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივად ანდერძის შედგენა არ დაიშვება.
- ხომ არ არის კანონით დაშვებული რაიმე გამონაკლისი, როდესაც შეიძლება ანდერძი შეადგინოს რამდენიმე პირმა?
- დიახ, ამ წესიდან დაშვებულია მხოლოდ ერთი გამონაკლისი - მეუღლეებს შეუძლიათ შეადგინონ ერთობლივი ანდერძი, მაგრამ მხოლოდ ურთიერთმემკვიდრეობის შემთხვევაში. აქ ხაზი აქვს გასმული ურთიერთმემკვიდრეობას, ე. ი. მემკვიდრეობას ერთმანეთის შემდეგ.
არ შეიძლება, მეუღლეთა ერთობლივი ანდერძი ეხებოდეს სხვა პირს, გარდა მეუღლეებისა. მეუღლეთა ერთობლივი ანდერძი შეიძლება გაუქმდეს ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნით, მაგრამ ჯერ კიდევ ორივე მეუღლის სიცოცხლეში (სსკ 1346-1347-ე მუხლები).
ანდერძი შეიძლება შეეხოს როგორც მთელ სამკვიდროს, ასევე მის ნაწილს. თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მოანდერძეს შეუძლია განსაზღვროს სამკვიდროდან თითოეული მემკვიდრის წილი ან მიუთითოს, რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა.
თუ ანდერძში ასეთი მითითება არ არის, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის. მაგალითად, თუ ანდერძში მითითებულია, რომ მოანდერძე მთელ თავის ქონებას უანდერძებს შვილებს, მაშინ შვილები სამკვიდროს თანაბრად გაინაწილებენ.