სიგამხდრე
.
"ვარ 48 წლის მამაკაცი. ჩემი სიმაღლეა 164 სმ. წონით ყოველთვის 64-65 კგ ვიყავი. 2-3 წელია, არასრულყოფილი კვების გამო შესამჩნევად დავიკელი (ვჭამ ძირითადად მაკარონს, კარტოფილს, კვერცხს, ბევრ პურს). რომ იტყვიან, ძვალი და ტყავიღა ვარ დარჩენილი. უსახსრობის გამო ექიმთანაც ვერ მივდივარ. თუ იცით რაიმე ხალხური წამალი, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და მასწავლეთ. ახლა ვარ 52 კგ. ვეწევი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს."
ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მკითხველმა კარგად იცის თავისი სიგამხდრის მიზეზი. აქვე ვეტყვით, რომ თუ სიმაღლეს გავითვალისწინებთ, მისი ორგანიზმისთვის სასურველი წონა 54-67კგ-ია. ვისარგებლებთ შემთხვევით და ამ თემას ვრცლად მიმოვიხილავთ, ვინაიდან სიგამხდრეს მრავალი მიზეზი აქვს და ჩვენი რჩევები შესაძლოა სხვა მკითხველებისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს. რაც შეეხება უშუალოდ წერილის ავტორს, მან რადიკალურად უნდა შეიცვალოს როგორც კვების, ისე დასვენებისა და შრომის რეჟიმი, აქტიური მწეველობა კი ამ რეჟიმში ვერ თავსდება.
-
სიგამხდრის მიზეზები
როცა სიგამხდრეზეა ლაპარაკი, პირველ რიგში მისი მიზეზი უნდა გაირკვეს.
სხეულის მასის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე ოპერაციამ;
- კუჭის ქრონიკულმა დაავადებამ;
- კუჭქვეშა ჯირკვლის პათოლოგიამ;
- თირკმლის პათოლოგიამ;
- ჭიებით ინვაზიამ;
- ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებამ, რომელსაც თან სდევს უმადობა, ღებინება, გულისრევა საჭმლის დანახვისას.
- შესაძლოა, ზედმეტი სიგამხდრე კონსტიტუციური თავისებურებითაც იყოს განპირობებული. ასეთი ხალხი ძირითადად ჯანმრთელია, თავს კარგად გრძნობს, შრომისუნარიანი და ფიზიკურად აქტიურია.
მიზეზთა მრავალფეროვნების გამო რჩევის მიცემა ძნელია, ამიტომ ყველას ვურჩევთ, როგორც არ უნდა უჭირდეთ, აუცილებლად მიაკითხონ ექიმს, გამოკვლევა ჩაიტარონ ენდოკრინოლოგთან, ნევროპათოლოგთან, თერაპევტთან, გასტროენტეროლოგთან. თუ სხეულის მასის დეფიციტი დაავადებით არის განპირობებული, აქტიური სამკურნალო ღონისძიებები უნდა ჩავიტაროთ. სხვა საქმეა, თუ სიგამხდრე დაავადებას არ უკავშირდება. მკითხველის წერილიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაავადებასთან არ გვაქვს საქმე, ვინაიდან წერილის ავტორი სხვა დისკომფორტზე ყურადღებას არ ამახვილებს, თუმცა სამედიცინო შემოწმება ურიგო მაინც არ იქნებოდა.
-
რომელი ორგანული დაზიანებები შეიძლება იყოს სიგამხდრის მიზეზი?
უმთავრესად შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მომატება ან დაქვეითება. ამ დროს ჰორმონული თერაპიის კურსი აუცილებელია, თუნდაც მას წონის მატება არ მოჰყვეს.
ფარისებრი ჯირკვალი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობაზე. თუ გრძნობთ გაძლიერებულ გულისცემას, უჩივით პროგრესირებად სიგამხდრეს, გენამებათ ხელისგულები, შესაძლოა, თქვენი ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონს ჭარბად გამოიმუშავებდეს, რამაც, მოსალოდნელია, შემდეგში ბაზედოვის დაავადების განვითარებას მისცეს ბიძგი.
კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას მცირდება ინსულინის გამოყოფა. ნორმაში ეს ჰორმონი მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში (შაქარს გარდაქმნის ცხიმად), აძლიერებს ან ასუსტებს შიმშილის გრძნობას. ინსულინის უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც წონის მკვეთრი კლება ახასიათებს.
სიგამხდრე ახლავს თან თირკმელზე და ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასაც. სიგამხდრესთან ბრძოლისას უნდა გამოიჩინოთ მოთმინება და ნებისყოფა, რადგანაც გასუქება უფრო ძნელია, ვიდრე გახდომა.
ღვიძლის, უფრო ზუსტად, ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს გეკრძალებათ კვერცხი, შოკოლადი, ძეხვი, ცხიმიანი კერძები. კვების რაციონში ჩართეთ უფრო მეტი ნაღების კარაქი და ახალი არაჟანი, რომელსაც დაავადებული ღვიძლიც კარგად შეიწოვს. ორგანიზმი ამ დროს იოლად ითვისებს ცომეულს, ბრინჯს. პარალელურად აუცილებელია ნაღველმდენი საშუალებების მიღება, გაძლიერებული სამკურნალო კვება, რომელსაც ექიმი დაგინიშნავთ, სრულყოფილი დასვენება, ბალნეოთერაპია.
თუ საჭმლის მონელება გაქვთ დარღვეული, მიზანშეწონილია, დღიური რაციონი განაწილდეს რამდენიმე მცირე ულუფად, რათა კუჭი არ გადაიტვირთოს.
თუ სიგამხდრის მიზეზი კუჭის გაგანიერება ან დაწევაა, მიზანშეწონილია ვეირა-მიტჩელის დიეტა:
- პირველი 3-4 დღე: რძიანი რაციონი, 7-დან 21 საათამდე ყოველ 2-3 საათში ერთხელ 250-300 გ რძე;
- მომდევნო ორი დღე: წინა დღეების რაციონს დაემატება რძეში ათქვეფილი 1 კვერცხის გული, 12 საათზე 1-2 ნაჭერი კარაქიანი პური, ხილის კომპოტი ან ხილი, საღამოს რძიანი ფაფა;
- შემდეგი დღეები: შუადღისას შემწვარი ხორცის ნაჭერი კარტოფილის პიურესთან ან ბოსტნეულთან ერთად; რძის დღიური ულუფა შეიძლება 1 ლ-მდე შემცირდეს.
- მეორე კვირის ბოლოს გაძლიერებული კვება, რომელიც გულისხმობს რძისა და მაღალკალორიული სურსათის მიღებას.
ძალების სწრაფად აღდგენისთვის აუცილებელია გავზარდოთ რაციონში ცილების წილი (ხორცი, კვერცხი, რძე), ასევე ხორცის დღიური ულუფა არანაკლებ 100 გ-მდე. საერთო ჯამში, საჭიროა მსუბუქი გაძლიერებული კვება, ფიზიკური ვარჯიში დატვირთვის მუდმივი ზრდით.
თუ სიგამხდრე გამოწვეულია უმადობით, მაშინ უნდა იკვებოთ გაძლიერებულად, ცილებით მდიდარი სურსათით (სადილად ხორცი, თევზი, კვერცხი). თანდათან გაზარდეთ კალორიულობა, ლამაზად მორთეთ კერძები, მოამზადეთ მრავალფეროვანი და გემრიელი მენიუ. კარგია კლიმატის გამოცვლაც.
თუ მადა კარგი გაქვთ, მაგრამ წონას მაინც ვერ იმატებთ, უნდა შემოწმდეს, რამდენად სწორად არის შერჩეული კვებითი რაციონი. შემოგთავაზებთ გაძლიერებული კვების რეჟიმს, რომელიც გამორიცხავს კუჭისა და ღვიძლის გადატვირთვას, რადგანაც გაძლიერებული და ნორმალური კვების დღეები ერთმანეთს ენაცვლება.
დღიური რაციონი ნაწილდება ასე:
- პირველი საუზმე: შვრიის ბურღულის სუპი, 60 გ ნაღების კარაქი, ფინჯანი ყავა შოკოლადით (ცოტაოდენი ნატურალური ყავა, 5 გ შოკოლადი, 5 გ შაქარი, 10 გ ნაღების კარაქი და 100 გ რძე), 40 გ ჭვავის პური, 90 გ მურაბა
- მეორე საუზმე: ნახევარი მათლაფა ბულიონი მაკარონით ან ლაფშით, 100 გ ცხიმიანი ხორცი, 300გ ზეთში ან ქონში შემწვარი კარტოფილი (შეიძლება ასევე კარტოფილის პიურე არაჟნით ან ნაღების კარაქით), 50 გ ზეთით შეზავებული 200 გ ბოსტნეული
- სადილი: 200გ ზეთში ან ქონში შემწვარი კარტოფილი, ბოსტნეულის სალათა, 50გ პური 20გ კარაქით, 30გ ცხიმიანი ძეხვი
- ძილის წინ: გემრიელი მაღალკალორიული საკვები, ყავა შოკოლადით
შუადღისას და საღამოს ჭამის წინ დალიეთ ჭიქა ხილის წვენი, რომელსაც შეიძლება დაემატოს 1-2 ნატეხი შაქარი ან გლუკოზა.
თუ ორგანული დაზიანება არ აღინიშნება, რაციონი რაც შეიძლება მრავალფეროვანი უნდა იყოს. კვებაში უნდა ჩავრთოთ ვიტამინებით, მინერალებით, მიკროელემენტებით, უჯრედისით მდიდარი პროდუქტი: ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, ხილი, ბოსტნეული, კენკრა. მიირთვით პური, ფუნთუშები, ღვეზლები, მაკარონი, პელმენი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად ასეთ კვებაზე გადახვიდეთ. ზედმეტი სიგამხდრის მიზეზი ზოგჯერ სწორედ მონოდიეტაა.
კიდევ ერთი შეცდომა: გასუქების მოსურნეები ჭამიდან ჭამამდე ხშირად შეექცევიან ფუნთუშებს, კანფეტებს, ამით მადას იკარგავენ და სადილს, საუზმესა და ვახშამს ვეღარ ერევიან. უნდა მიირთვათ ერთსა და იმავე დროს, დღეში 4-5-ჯერ.
საუზმეზე კარგია ცხარე სანელებლებით შეზავებული ხორცი, თევზი, ბოსტნეული, რძით მომზადებული ბურღულის ფაფა, ყველიანი და კარაქიანი ბუტერბროდი, ტკბილი რძიანი ჩაი (1/3 რძე).
მეორე საუზმედ ფინჯანი რძე, ღვეზელი ან ფუნთუშა, ხილი
სადილად სალათი ან 100 გ ნებისმიერი ბოსტნეულის, ხილის ან კენკრის წვენი, ერთი მათლაფა სუპი, ხორცის ან თევზის ცხელი კერძი ბოსტნეულით, დესერტად ტკბილი კომპოტი, კისელი. 17 საათზე შეიძლება მივირთვათ ორცხობილა, გალეტი ან ფუნთუშა, დავლიოთ ჭიქა ასკილის წვენი.
ვახშმად ლაფშა ან მანანი ხაჭოთი, ჩაი.
ღამით ნებადართულია კეფირი ან ტკბილი კისელი, კომპოტი, წვენი, ხილი. შეძლებისდაგვარად, რაციონში უნდა ჩართოთ საყვარელი კერძები, რადგან სიამოვნებით ნაჭამი კარგად შეგერგებათ.
რუსი ექიმების მიერ რეკომენდებული კერძი: 6 მოზრდილი ვაშლი უნდა დაჭრათ ძალიან წვრილად, აურიოთ 300გ ღორის მუცლის ქონში და გაადნოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, რომ არ მიიწვას. 12 ცალი კვერცხის გული ათქვიფეთ ჭიქა შაქართან ერთად, დაამატეთ 300 გ დაქუცმაცებული შოკოლადი. ქონისა და ვაშლის ნარევი გაატარეთ საცერში და შეურიეთ კვერცხიან შოკოლადს. გააცივეთ. ნარევი წაუსვით პურს და მიირთვით. დააყოლეთ თბილი რძე.
- სიგამხდრის მკურნალობისას ეფექტურია სხვადასხვა სამკურნალო ბალახი, რომლებიც ზრდის მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ამ მიზნით იყენებენ სამყურას, იონჯას, ბაბუაწვერას, აბზინდას, ფარსმანდუკს, წყლის მარწყვბალახას, მატიტელას, ჭინჭარს. ჩამოთვლილი ბალახებისგან ამზადებენ ფიტონაკრებს პროპორციით 1:1. შემდეგ 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნარევს ასხამენ 1 ლიტრ მდუღარეს, კიდევ ერთხელ წამოადუღებენ, 10 წუთს თავდახურული ჭურჭლით ტოვებენ ნელ ცეცხლზე. ბალახიანად ასხამენ თერმოსში და დილამდე ტოვებენ. იღებენ დღის განმავლობაში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო ჯერზე 100-150 მლ-ს. გემოვნებისამებრ, შეიძლება დაემატოს თაფლი, შაქარი, მურაბა. მკურნალობის კურსი 3-4 თვეა.
- სხეულის მასის გაზრდის კიდევ ერთი ეფექტური გზაა ძილი. იძინეთ ადრინდელზე 1,5-2 საათით მეტხანს. ძილი ამშვიდებს ნერვებს, აღადგენს ფიზიოლოგიურ და სულიერ წონასწორობას, ხსნის დაღლილობას.
- ყოველდღე გადაივლეთ ცივი წყალი. პროცედურის ხანგრძლივობა დღიდან დღემდე გაზარდეთ, ხოლო წყლის ტემპერატურა შეამცირეთ. როცა იგრძნობთ, რომ ცივ წყალს იოლად ეგუებით, ტანი ყინულით დაიზილეთ.
- რა პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, მისდიეთ სპორტს. ეს აუცილებელია, რათა ზედმეტი ცხიმი კანქვეშ არ დაგროვდეს და სწორი, ლამაზი მუსკულატურა ჩამოყალიბდეს.
- ვარჯიში შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მაგრამ აუცილებლად ჭამიდან სამი საათის შემდეგ. დატვირთვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა იყოს შედგენილი. გამოიყენეთ მსუბუქი ჰანტელები, დატვირთვა თანდათან გაზარდეთ, მაგრამ არ გადაიღალოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას.