ისინი ემოციებს გამოხატავენ
ფიზიოგნომიკა საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონე მეცნიერებაა, რომელიც განსაკუთრებით კარგად იაპონიასა და ჩინეთში იყო განვითარებული. სახის ყოველი ნაკვთის ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ ძველი ჩინელები და იაპონელები პიროვნების ხასიათისა და მისი ბედის განსაზღვრას ცდილობდნენ.
მიმიკის ტიპები
უნებლიე (რეფლექტორული) მიმიკა ყოფითი მიმიკაა; ნებელობითი (გაცნობიერებული) კი სამსახიობო ხელოვნების ელემენტია, როდესაც პერსონაჟის სულიერ განცდებს მსახიობი სახის მიმიკური კუნთების მეშვეობით გამოხატავს. ამ კუნთებს ადამიანი ცრუ ინფორმაციის გადასაცემადაც იყენებს, რათა არ გამოამჟღავნოს ემოცია, რომელსაც ნამდვილად განიცდის.
მიმიკურ კუნთთა თავისებურებანი
- მათი მოძრავი ბოლო არა ძვალზე, არამედ კანზეა მიმაგრებული;
- მდებარეობს ზედაპირულად, კანქვეშ;
- არ არის დაფარული კანქვეშა ფასციით;
- განლაგებულია ქალას ჩაღრმავებათა და ნაპრალთა ირგვლივ;
- თანამოსახელე მიმიკური კუნთები უმეტესად ერთდროულად და სიმეტრიულად იკუმშება.
მიმიკური კუნთების დანიშნულება
- ემოციათა გამოხატვა. მიმიკური კუნთების შეკუმშვა იწვევს სახის კანის განსაზღვრული უბნების - ხვრელებისა და ნაპრალების (პირის, თვალბუდის) - ირგვლივ გადანაცვლებას, ნესტოების ზომისა და ფორმის შეცვლას, კანზე ნაოჭების წარმოქმნას, რაც სახეზე ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური პროცესის შესატყვისი ემოციური განცდისთვის დამახასიათებელ გამომეტყველებას (მიმიკას) ასახავს.
- სამედიცინო-კლინიკური. ზოგიერთი დაავადების დროს ემოციის გამოხატვას ხშირად კლინიკური მნიშვნელობა აქვს და როგორც სიმპტომს, ისე განიხლავენ.
- სამეტყველო. მიმიკური კუნთები ადამიანს ზოგიერთი ბგერის წარმოთქმაში ეხმარება. მიმიკის მეოხებით მეტყველება უფრო კოლორიტული და ეფექტური ხდება.
- კვებითი. მიმიკური კუნთები, განსაკუთრებით - პირის ირგვლივი, კვადრატული და ლოყის კუნთები, წამყვან როლს ასრულებენ ძუძუს წოვის აქტში, ზოგიერთი მათგანი კი ღეჭვაშიც მონაწილეობს. განსაკუთრებით დიდია მათი როლი პირის ღრუში ლუკმის მოძრაობასა და გადაადგილებაში.
მიმიკურ კუნთთა გალერეა
შუბლის კუნთები შუბლის კანქვეშ ვერტიკალურად არიან მოთავსებულნი. შეკუმშვისას ისინი ოდნავ სწევენ ზემოთ წარბებს და შუბლზე ჰორიზინტალურ ნაოჭებს ქმნიან. მათი მოქმედების შედეგია თვალის გახელაც. ისინი სახეს სძენენ ყურადღების, გაოცების, შიშის გამომხატველ მიმიკას. სწორედ მათი ერთობლივი და სწრაფი მოქმედების შედეგია მიმიკა, როდესაც ამბობენ, ადამიანს "თვალები გაუბრწყინდაო".
- პირამიდული (სიამაყის) კუნთი წარბებს შუა მდებარეობს. ის სახეს მუქარისა და სიშმაგის გამომხატველ იერს, ამპარტავან და ამაყ გამომეტყველებას სძენს.
- წარბის შემჭმუხვნელი (ტკივილის) კუნთი ცხვირის ზედა ნაწილზე მდებარეობს და წარბის მარჯვენა და მარცხენა კუთხესთან მიემაგრება კანს. შეკუმშვისას კუნთი გამოხატავს ტკივილს, სევდას, წყენას.
- თვალის ირგვლივი კუნთი ქუთუთოების სისქეში და მათ ირგვლივ განლაგებული თხელი კუნთოვანი ფირფიტაა. როდესაც ადამიანი იძინებს, ამ კუნთის წყალობით თვალები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იხუჭება. მათივე დამსახურებაა წამწამების ხამხამი და გულამოსკვნილი ტირილის დროს ცრემლების ღვარად დენა.
- ყვრიმალის დიდი (სიცილის) კუნთები იწყება ყვრიმალის ძვლიდან, ეშვება ქვევით და მიემაგრება კანს პირის კუთხის მიდამოში. ამ კუნთების მსუბუქი შეკუმშვა ღიმილს იწვევს, ძლიერი კი სიცილს.
- ზედა ტუჩის კვადრატული (ტირილის) კუნთი თვალბუდის კიდიდან იწყება და ზედა ტუჩის შუაში მთავრდება. სუსტი შეკუმშვა გამოხატავს წყენას, ძლიერი კი, ისევე როგორც ტირილის დროს, ზედა ტუჩს მაღლა სწევს.
- ცხვირის კუნთი იწყება ზედა ყბიდან და მთავრდება ცხვირის ფრთაზე. იგი ავიწროებს ნესტოებს.
- ცხვირის ძგიდის დამწევი კუნთი ცხვირის კუნთის გვერდიდან იწყება და ცხვირის ძგიდის კიდეზე მთავრდება. მისი ფუნქცია ცხვირის ძგიდის დაწევაა.
- პირის ირგვლივი კუნთი მდებარეობს ტუჩების კანქვეშ და ასრულებს ერთგვარი სფინქტერის (მომჭერის) ფუნქციას. მისი დახმარებით ადამიანი უსტვენს, წარმოთქვამს უ და ო ბგერებს, სულს უბერავს და ჰკოცნის. მათივე დამსახურებაა მღელვარებისას ტუჩების კვნეტა - მოქმედება, როდესაც ადამიანს სურს დამალოს, დათრგუნოს თავისი შინაგანი მდგომარეობა.
- პირის სამკუთხა (ზიზღის) კუნთი იწყება ქვედა ყბის გვერდიდან და მიემაგრება კანს პირის კუთხის ზევით. მისი დახმარებით ადამიანი ზიზღს გამოხატავს.
- ქვედა ტუჩის კვადრატული (სიძულვილის) კუნთი ნიკაპის გვერდებიდან იწყება და ქვედა ტუჩთან მთავრდება. მისი მეშვეობით ადამიანი ზიზღს გამოხატავს.
- ნიკაპის კუნთი იწყება ქვედა ყბის გარეთა ზედაპირიდან და მთავრდება ნიკაპის კანქვეშ. მისი მეშვეობით ადამიანი გაოცებას, დაბნეულობას, დაძაბულობას გამოხატავს, თანამოსაუბრეს თავშეკავებისკენ მიანიშნებს, რათა დათრგუნოს განრისხება, ტკივილი და შიში.
- ლოყის კუნთი ქმნის ლოყის კუნთოვან საფუძველს, უზრუნველყოფს კვებისას ლუკმის მოძრაობასა და საჭირო მიმართულებით გადაადგილებას.