გამქრალი ღიმილი
პარკინსონის დაავადება
პარკინსონის დაავადება არის ნერვული სისტემის ქრონიკული დეგენერაციული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს საკუთარი მოძრაობების კონტროლის უნარს. დაავადება შედარებით ნელა ვითარდება, თუმცა პროგრესირებით ხასიათდება. პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია და ხანშიშესული მოსახლეობის 4%-ს აღენიშნება. დაავადების საფუძველია თავის ტვინის გარკვეულ უბანში ნივთიერება დოფამინის გამომუშავების დარღვევა. სწორედ დოფამინი უზრუნველყოფს თავის ტვინში სიგნალების გადაცემას. გადაცემის დარღვევას მოძრაობათა კოორდინაციის მოშლა მოჰყვება.
როგორც აღვნიშნეთ, დაავადება თანდათან ვითარდება. ის უპირატესად 50 წლის შემდეგ ვლინდება, ხასიათდება ზოგადი სისუსტით, სიარულის მანერის შეცვლით - ნაბიჯები მოკლე და არამყარია, იცვლება საუბრის მანერა, კალიგრაფია, თანდათან ღარიბდება მიმიკა, სახე შეიძლება ნიღაბს დაემსგავსოს, ადამიანი ვეღარ გამოხატავს ემოციებს. ამ ყველაფერს თან ახლავს დაავადების უმთავრესი სიმპტომები - კუნთების რიგიდულობა ანუ მათი პათოლოგიურად მომატებული ტონუსი, კუნთების მტკივნეული დაძაბულობა და ტრემორი ანუ კანკალი - კუნთების სწრაფი, რიტმული მოძრაობები. თავდაპირველად პაციენტთა დიდ ნაწილს აქვს ერთი ხელის ტრემორი, თუმცა დროთა განმავლობაში ის შეიძლება მთელი სხეულის კუნთებზე გავრცელდეს.
სისტემური სკლეროდერმია
სისტემური სკლეროდერმია არის რევმატული დაავადება, რომელიც ორგანიზმის მრავალ ორგანოს მოიცავს. მისი მიზეზია შემაერთებელი ქსოვილის ფიბროზული ცვლილებები და სისხლძარღვთა დაზიანება.
დაავადება უფრო ხშირია ქალებში, 30-50 წლის ასაკობრივ ჯგუფში.
კანის დაზიანება სკლეროდერმიის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია და პაციენტთა უდიდეს ნაწილში გვხვდება. თავდაპირველად ზიანდება სახისა და მტევნების კანი. ტიპურ შემთხვევებში სკლეროდერმული ცვლილებებია კანის გამკვრივება შეშუპების გამო, შემდეგ ინდურაცია (კანის გამკვრივება ფიბროზის ხარჯზე) და ბოლოს კანის ნაწილობრივი ატროფია. ამ ცვლილებების გამო სახის კანი მკვრივდება, ხდება უძრავი, მისი დაჭიმვის გამო პირის ირგვლივ ჩნდება ნაოჭები, რომლებიც შეკრულ ქისას მოგვაგონებენ, სახე ემსგავსება ნიღაბს, მიმიკა ღარიბდება, შეუძლებელი ხდება მიმიკით ემოციის გამოხატვა.
როსოლიმო-მელკერსონ-როზენტალის სინდრომი
როსოლიმო-მელკერსონ-როზენტალის სინდრომი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: სახის ნერვის რეციდივული დამბლა ან ნევრიტი, სახის ნახევრის, უხშირესად კი ტუჩების ანგიონევროზული შეშუპება, ტუჩის კუთხეების დახეთქვა (ქეილიტი) და ენის დანაოჭება.
დაავადების პირველი სიმპტომებია ტუჩებისა და ლოყის შეშუპება, შემთხვევათა 50-70%-ში თანდათან ვითარდება სახის კუნთების სისუსტე. პაციენტებს უჭირთ თვალების დახუჭვა, პირის კუთხიდან ეღვრებათ სითხე, უჭირთ მეტყველება. ბუნებრივია, იცვლება ღიმილი, ძნელდება მიმიკით ემოციის გამოხატვა. ხშირია ცრემლდენა, თვალების სიმშრალე, ბგერების შემაწუხებლად გაძლიერებული აღქმა. უხშირესად სიმპტომები თავისთავად გაივლის. გამოჯანმრთელების შემდეგ ხშირია დაავადების სიმპტომთა განმეორებითი აღმოცენება.
დაავადების მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის. მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორების როლი, რადგანაც აღწერილია სიმპტომები ერთი ოჯახის წევრთა შორის. ზოგჯერ სინდრომი შეიძლება თან ახლდეს გარკვეულ დაავადებებს, მაგალითად კრონის დაავადებას ან სარკოიდოზს. შესაძლოა, გარკვეულ როლს ასრულებდეს კვებითი ან სხვა ალერგენები.
თავს მოხვეული სიცილი
არის მდგომარეობები, როცა ღიმილის მსგავსი გრიმასა ადამიანის ნებისაგან დამოუკიდებლად აღმოცენდება. აღნიშნულის მაგალითია სახის თავისებური გამომეტყველება ინფექციური დაავადების - ტეტანუსის შემთხვევაში. ამ დროს მიმიკა გაურკვეველია, ავადმყოფს შუბლზე მწუხარების გამომხატველი ნაოჭები აქვს, პირზე კი ავადმყოფური ღიმილი - პირის კუთხეები ქვემოთ და უკანაა მიმართული, წარბები და ცხვირის ფრთები წამოწეულია, ყბები მჭიდროდაა შეკრული. ასეთი უცნაური მიმიკა დაკავშირებულია სახის მიმიკური კუნთების კრუნჩხვით შეკუმშვასთან. ტეტანუსის დროს აღმოცენებულ სახის გამომეტყველებას “სარდონიკულ სიცილს” უწოდებენ.
სიცილის ეპიდემია
1962 წლის 30 იანვარს ტანგანიკში (ამჟამინდელი სახელწოდებით - ტანზანიაში) საშინელება ხდება: ქალთა სკოლის სამი მოსწავლე ახარხარდა, მაგრამ შეჩერება ვეღარ შეძლო! სიცილს ცვლიდა კვნესა, რასაც ერთვოდა შიშის შეტევები, ზოგჯერ კი აგრესიის გამოვლინება. ეს უცნაური სიმპტომები სკოლაში მალე გავრცელდა, “შეტევების” ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან 16 დღემდე იყო.
მალე არაბუნებრივმა სიცილმა სკოლის 159 მოსწავლიდან 95 მოიცვა. სულ მცირე დროის შემდეგ ამ მოვლენამ ეპიდემიის სახე მიიღო და აუცილებელი გახდა სკოლის ორი თვით დახურვა. სკოლის დახურვიდან 10 დღის შემდეგ ერთ-ერთ ახლო სოფელში ახალი აფეთქება მოხდა. ეპიდემიის გამო დახურული სკოლის რამდენიმე მოსწავლე სწორედ ამ სოფლიდან იყო. აპრილსა და მაისში ამ უცნაური “ეპიდემიის” მსხვერპლი 217 ადამიანი გახდა. ყველა “დაავადებული” ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი იყო. სიცილის შეტევების პერიოდში მათ არ აღენიშნებოდათ არც ცხელება, არც კრუნჩხვა, არც რაიმე ლაბორატორიული მონაცემის ცვლილება. მკვლევრებმა წამოაყენეს ამ უცნაური მოვლენის ასახსნელი სხვადასხვა თეორია მათ შორის შესაძლო ფსიქოტროპული ეფექტის მქონე სოკოს ზემოქმედების შესახებაც, თუმცა არც ერთი არ დადაასტურებულა. სიცილის ეპიდემიის ეს უცნაური შემთხვევა დღემდე ამოუცნობი ფენომენია.
სიცილის დადებითი და უარყოფ ითი მხარეები
დასკვნა, რომლის თანახმადაც, სიცილი საშიშია, ეკუთვნის ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართ. მათ თავიანთი მონაცემები პირველად 2013 წლის დეკემბერში ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში გამოაქვეყნეს. სტატია ეძღვნებოდა ერთი შეხედვით სასაცილო და არასერიოზულ საკითხს - შეიძლება თუ არა სიცილმა მოგკლათ?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერებმა სიცილთან დაკავშირებული სამედიცინო ლიტერატურა შეისწავლეს და ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, ამ საკითხისადმი მიძღვნილ ნაშრომთა 3 ტიპი აღმოაჩინეს. ერთი ნაწილი სიცილის სარგებლობას ეძღვნებოდა, მეორე - ზიანს, მესამე კი იმ საკითხს, რომელი დაავადების სიმპტომი შეიძლებოდა ყოფილიყო სიცილი.
როგორც სხვადასხვა მკვლევარი აღნიშნავს, სიცილი შეიძლება გონების დაკარგვის, არითმიისა და გულის გასკდომის მიზეზიც კი იყოს. ბრონქული ასთმის შემთხვევაში სიცილი შეტევის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. არის მონაცემები, რომელთა თანახმადაც, სიცილმა შეიძლება გამოიწვიოს პნევმოთორაქსი და ფილტვის ჩაფუშვა. ზოგჯერ სიცილი თიაქრის ან ზედა ყბის ამოვარდნილობის მაპროვოცირებელი ფაქტორია.
სიცილთან დაკავშირებულ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ საფრთხეთა შორისაა მკვეთრი შესუნთქვა სიცილის დასაწყისში, რაც შეიძლება სულხუთვის საწყისი გახდეს.
ამავე სტატიებში მითითებული იყო სამ ათეულამდე დაავადება, რომელთა ერთ-ერთი სიმპტომიც შეიძლება სიცილი იყოს. თავად ეს დაავადებები სიცილს არ იწვევენ. სიცილით გამოვლენილ დაავადებათა სიაშია ეპილეფსია, თავის ტვინის სიმსივნე, გაფანტული სკლეროზი.
სიცილის დადებით ეფექტთაგან მნიშვნელოვანია ტკივილის ზღურბლის გაზრდა, რაც ტკივილის უკეთ გადატანაში გვეხმარება. სიცილი აქვეითებს არტერიების კედლების სიმყიფეს და ამცირებს გულის შეტევის რისკს. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს სიცილით შეიძლება ფილტვის ფუნქციათა გაუმჯობესება. თხუთმეტი წუთის განმავლობაში სიცილით შეიძლება 40 კალორიის დაწვა, რაც ნელი სიარულისას ენერგიის ხარჯვის ტოლფასია.
ყველაზე საინტერესოა გამოკვლევა, რომლის თანახმადაც, სიცილი ზრდის რეპროდუქციულ უნარს! კვლევა ჩატარდა ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ იმ ქალების 36%, რომლებიც ჩატარებული პროცედურის შემდეგ კლოუნის ყურებისას იცინოდნენ, წარმატებით დაორსულდა. საკონტროლო ჯგუფში ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 20%-ს მიაღწია.
გავიცინოთ თუ არ გავიცინოთ?
პასუხი ერთია - რასაკვირველია, უნდა გავიცინოთ. სიცილთან დაკავშირებული აღწერილი გართულებები მხოლოდ შესაბამისი დაავადების მქონეთა შორის შეიძლება აღმოცენდეს. მათი თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ძირითადი დაავადების დროული, სათანადო მკურნალობა და არა სიცილისაგან თავის შეკავება.