10 არასწორი ქმედება, რომელთა გამოც ნაოჭები ჩნდება
უამრავ ფულს ვხარჯავთ ძვირად ღირებულ თავის მოვლის საშუალებებსა და სასწაულმოქმედ კრემებზე. თუმცა მთელი ეს ძალისხმევა ამაოა, თუ ის მავნე ჩვევები გვაქვს, რომლებიც ხელს უწყობს სიბერის პროცესს. თუ გსურთ, რომ კანი რაც შეიძლება დიდხანს იყოს გლუვი და ხავერდოვანი, გადახედეთ ცხოვრების წესს – ზოგჯერ ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებებს შეუძლია სარგებლის მოტანა. სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე გავრცელებულ ჩვევას, რომლებიც სახეზე ნაოჭების გაჩენას იწვევს.
SPF-ის შემცველი კრემების იგნორირება
ეს პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულშია აქტუალური – მართალია, მზე გიყვართ, მაგრამ თქვენს კანს – არა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით მზის სხივების მავნებლობის შესახებ, მაინც არ ვიყენებთ SPF-ის შემცველ კრემებს. ის არა მხოლოდ პლაჟზე გარუჯვისას გჭირდებათ, არამედ ყოველდღიურადაც. მაშინაც კი, როცა უბრალოდ სამსახურში მიდიხართ. თუ მთელი წელი ერთსა და იმავე საყვარელ საცხს ხმარობთ, შეცვალეთ ეს ჩვევა – ზაფხულში უთუოდ SPF-ის შემცველი კრემი გჭირდებათ.
საღეჭი რეზინის სიყვარული
როგორც სარეკლამო სლოგანიდან გვახსოვს – ჯანსაღი სუნთქვა ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას აუმჯობესებს – ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ თუ საღეჭი რეზინის მოხმარება ჩვევად გაქვთ, თქვენ რისკის ზონაში აღმოჩნდებით. ყბის ხშირი მოძრაობა დროთა განმავლობაში, შესაძლოა, პირის ირგვლივ ნაზოლაბიალური ნაკეცებისა და ნაოჭების წარმოშობის მიზეზი გახდეს. აქ ყველაფერი მარტივადაა – თუ ხშირად ჭმუხნით წარბებს, შუბლზე ნაოჭები ჩნდება და თუ გამუდმებით ღეჭავთ, კანი პირის ირგვლივ იჭიმება და ფორმას იცვლის. ამიტომ უმჯობესია საღეჭი რეზინი მენთოლიანი დრაჟეებით შეცვალოთ.
კანის გასუფთავების მეტისმეტი სიყვარული
რა თქმა უნდა, კანის გასუფთავებაში ცუდი არაფერია, განსაკუთრებით, თუ მიდრეკილება აქვს აკნესა და ცხიმიანობისკენ. მაგრამ მეტისმეტი სისუფთავის მოყვარულები იყენებენ სხვადასხვა სკრაბს, პილინგს, ჯაგრისს მის გასაწმენდად და ამით ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადადიან. თუ სკრაბს კვირაში ორზე მეტად იყენებთ და სახეს მუდმივად ტონიკებითა და ლოსიონებით იწმენდთ, ზუსტად ის დროა, რომ შეწყვიტოთ ამის გაკეთება. კოსმეტიკური საშუალებებით ანადგურებთ კანის პH ბალანსს და მის ბუნებრივ გარემოს. ამის გამო ეცემა მისი იმუნიტეტი და მიკრობებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი. თქვენ ვერც კი აცნობიერებთ, რომ ასეთი მოქმედებით მის გამოშრობას უწყობთ ხელს, ეს კი უპირველესი მიზეზია ნაოჭების გაჩენისა.
დილით სახის გასუფთავება გამწმენდი საშუალებებით
ღამით სრულიად ნორმალურია, რომ სახე გამწმენდი კოსმეტიკური საშუალებებითა და მიცელარული წყლით დავიბანოთ, მაგრამ რა საჭიროა ძილის მერე? დილით საკმარისია მხოლოდ წყალი შევისხათ სახეზე და კოსმეტიკური ყინული გამოვიყენოთ. სულ ეს არის!
არასაკმარისი ძილი
ძილის ნაკლებობა შესაძლოა მთელი რიგი პრობლემების წყაროდ იქცეს, რომლებზეც წარმოდგენა არც კი გაქვთ. ერთ-ერთი მათგანია ნაადრევი სიბერე. საქმე ისაა, რომ როდესაც ძილი არ გყოფნით, ორგანიზმი ვერ ასწრებს ბალანსის აღდგენას – ეს კანის უჯრედებსაც ეხება. თუ გსურთ, 50 წლის შემდეგაც მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, უარი უნდა თქვათ ღამის ცხოვრებაზე და იძინოთ არანაკლებ 7-8 საათისა. იცოდეთ, რომ ღამე ლამაზებს სძინავთ.
იშვიათად ცვლით ბალიშისპირს
საწოლის თეთრეულს დაახლოებით ათ დღეში ერთხელ ცვლით, ამ პერიოდში თქვენს ბალიშისპირზე დაგროვილმა უამრავმა ბაქტერიამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კანს. აღარაფერს ვამბობთ თმის ლაქსა და სხვა საშუალებებზე, ვარცხნილობისთვის რომ იყენებენ. ძილის დროს ეს ყველაფერი ბალიშისპირზე გადადის, შემდეგ კი სახეზე. ქიმიური ელემენტები უარყოფით გავლენას ახდენენ კანზე და იწვევენ ნაადრევ სიბერეს. ასე რომ, შეიძინეთ ახალი ჩვევა და გამოცვალეთ ბალიშისპირი, სულ მცირე, სამ დღეში ერთხელ.
არასწორ პოზაში ძილი
ძილთან დაკავშირებული ნაადრევი სიბერის კიდევ ერთი მიზეზი – არასწორი პოზაა. ზოგიერთებს ძალიან უყვართ მუცელზე ძილი, როდესაც ლოყით ბალიშს აწვებიან. ახლა წარმოიდგინეთ – რამდენიმე საათის განმავლობაში დარღვეული ნორმალური სისხლის მიმოქცევა. ფიქრობთ, რომ ამის მერე ნაოჭები არ გაჩნდება? რისკების შესამცირებლად იძინეთ გვერდზე ან ზურგზე, ეს არა მხოლოდ კანისთვის არის სასარგებლო, არამედ გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც.
ფერიმჭამელების ხელით ამოღება
მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებისა, ეს ერთხელ მაინც გექნებათ გაკეთებული. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ შესაძლოა ინფექცია შეიტანოთ, ასევე ამოღებისას თქვენ უჭერთ კანს და ზიანს აყენებთ მას. არის ალბათობა, რომ ამ ადგილას ნაწიბური გაჩნდეს ან წვრილი ნაოჭი. ეს, რა თქმა უნდა, თქვენ არ გჭირდებათ.
არ იყენებთ ჰაერის დამატენიანებელს
თუ თქვენთან სახლში ძალიან ცხელა და ჰაერი მშრალია, ეს უთუოდ კანზეც აისახება. ჰაერის დამატენიანებელი აუცილებელი მოწყობილობაა. ნამდვილად ღირს მისი შეძენა.
ეწევით
ვფიქრობ, აქ ახსნა-განმარტება სრულიად ზედმეტია. მოწევა და ახალგაზრდობის გახანგრძლივება ერთდროულად გამორიცხულია. ეს ნებისმიერი სიგარეტის კოლოფზე წერია.