ორსულობა და ალერგიული დაავადებები
მიაყენოს.
ალერგიისა და ორსულობის შერწყმა, რა თქმა უნდა, დიდად სახარბიელო არ არის, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი სასიამოვნო მხარეც აქვს: მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობისას ძლიერდება კორტიზოლის გამომუშავება, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. ასე რომ, ორსულებს ალერგია იშვიათად აწუხებთ.
ისეთმა დაავადებებმაც კი, როგორიც არის ბრონქული ასთმა და ჭინჭრის ციება, ორსულობისას შესაძლოა სრულებით არ იჩინოს თავი. მშობიარობის შემდეგ კორტიზოლის ოდენობა თანდათან საწყისს უახლოვდება და ალერგიაც თავდაპირველ სახეს იბრუნებს. თუ პირველი ორსულობისას ალერგიამ საერთოდ არ შეგაწუხათ, ადვილი შესაძლებელია, მომდევნო ორსულობის დროსაც იგივე მოხდეს.
-
როგორ მიმდინარეობს ორსულობისას ალერგია
შეიძლება განვასხვაოთ ორსულობისა და ალერგიის ურთიერთგავლენის სამი ვარიანტი:
- ორსულობა ალერგიის მიმდინარეობაზე არავითარ გავლენას არ ახდენს;
- ალერგიული დაავადების მიმდინარეობა უმჯობესდება;
- ალერგიული დაავადება მწვავდება.
ორსულობის მეთორმეტე კვირიდან ცხვირის გაჭედვის შეგრძნებას და სურდოს თითქმის ყოველი მეორე ქალი უჩივის. თუ დადგინდა პირდაპირი კავშირი ალერგენთან (მცენარის მტვერთან, კატის ბეწვთან, საკვებთან), ეს იმაზე მეტყველებს, რომ ორსულს ალერგიული რინიტის (სურდოს) გამწვავება აქვს.
ბრონქული ასთმა ორსულთა 2%-ს აქვს, მაგრამ თუ ქალი ამ დაავადებას აქამდე არ შეუწუხებია, ორსულობისას მისი ჩამოყალიბების ალბათობა მცირეა (საზოგადოდ, თუ ქალი დაორსულებამდე ალერგიას არ უჩიოდა, ნაკლებ მოსალოდნელია, თუმცა კი დასაშვები, ეს დაავადება ორსულობისას ჩამოუყალიბდეს). თუ ასთმა დაორსულებამდეც გქონდათ, მის გამწვავებას 24-დან 36-ე კვირამდე უნდა ელოდეთ. ორსულო-ბის ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქალის მდგომარეობა თითქმის ყოველთვის უმჯობესდება. დღეს ბრონქული ასთმა ორსულობის უკუჩვენებად არ მიიჩნევა. მთავარია, პროცესი სწორად ვაკონტროლოთ. არსებობს კანის ალერგიული მდგომარეობები (ჭინჭრის ციების განსაკუთრებული სახეობა), რომლებიც, ჩვეულებრივ, სწორედ პირველი ორსულობისას იჩენს თავს.
-
გადაეცემა თუ არა ალერგია ბავშვს?
თუ ქალი ალერგიულია, სავსებით შესაძლებელია, ალერგია ბავშვსაც გამოაჩნდეს. ალერგენებს - ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებს - ბავშვის იმუნური სისტემა ჯერ კიდევ დედის ორგანიზმში ხვდება და მათდამი მომატებული მგრძნობელობა უყალიბდება, მერე კი, როდესაც კონტაქტში შევა ამავე ალერგენთან, თავს იჩენს ალერგიული რეაქცია.
-
როგორ მოვიქცეთ?
სასურველია, ქალმა დაორსულებამდე კონსულტაციისთვის ალერგოლოგს მიმართოს. კომპლექსური ალერგოლოგიური და იმუნოლოგიური გამოკვლევებისა და ალერგოლოგიური სინჯების მეშვეობით დაადგენენ, რომელი ნივთიერების მიმართ არის ალერგიული მომავალი დედა, რაც მას საშუალებას მისცემს, ორსულობისას ამ ალერგენებს თავი არიდოს.
-
როგორ მკურნალობენ ალერგიას ორსულობისას
ორსულობისას მედიკამენტების, მათ შორის - ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ სიფრთხილე გმართებთ. ვერც ერთი ანტიალერგიული პრეპარატი ვერ მოგცემთ სრული უსაფრთხოების გარანტიას. ამ მხრივ განსაკუთრებით საეჭვოა ტავეგილი. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ის ახალშობილებში გულის მანკსა და თათების დეფექტს იწვევდა.
ცნობილი და ფართოდ გავრცელებული მედიკამენტები დიმედროლი, პიპოლფენი და სუპრასტინი ნაჩვენებია მხოლოდ ალერგიული ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმის დროს. ინფექციურ-ალერგიული ფორმის შემთხვევაში ისინი რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ხელს უწყობს ბრონქული სეკრეტის შედედებას. ამ მხრივ შედარებით უსაფრთხოა დიაზოლინი - ნაყოფზე მისი უარყოფითი ზემოქმედება ხანგრძლივი გამოყენების დროსაც კი არ შეიმჩნევა. თუმცა დიაზოლინის მიღებაც სასურველია უკიდურეს შემთხვევაში, მცირე ხნით და მცირე დოზებით, თანაც მხოლოდ და მხოლოდ ალერგოლოგის ნებართვით.
ამჟამად ალერგოლოგიურ განყოფილებებში მიმართავენ მკურნალობის ახალ, პერსპექტიულ მეთოდს - ალერგენებით სპეციფიკურ იმუნოთერაპიას. პაციენტს რამდენიმე კვირის განმავლობაში უკეთებენ აცრებს სპეციფიკური ალერგენით, რაც განსაკუთრებით ამაღლებს ორგანიზმის შეუვალობას.
-
როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები
ორსული უნდა ერიდოს ფაქტორებს, რომლებსაც დაავადების გამწვავება შეუძლია. პროფილაქტიკის ერთ-ერთი ძირითადი გზაა ჰიპოალერგიული დიეტა, რომელიც ორსულობის მეშვიდე თვიდან ყველა ორსულმა უნდა დაიცვას. თუ მომავალ დედას ალერგია აქვს, დიეტის დაცვა ორსულობის პირველივე დღეებიდან არის საჭირო.
-
დიეტა
რაციონიდან ამოიღეთ ალერგენების შემცველი სურსათი, მათ შორის - რძე, კვერცხი, კაკალი, თაფლი, ზღვის პროდუქტები (კიბორჩხალა, კრევეტები), თევზი, შავი და წითელი ხიზილალა, ჟოლო, მარწყვი, პომიდორი, შოკოლადი, ყველი, ციტრუსი, ქათამი, კონსერვები, ტკბილი, ცხარე, მლაშე კერძები, წვენები. შეგიძლიათ, მიირთვათ ფაფეული, მოხარშული მჭლე ხორცი და ფრინველი (ხბო, ინდაური, წიწილა), მწვანე და ყვითელი ხილი და ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო, კიტრი, ყაბაყი, ვაშლი, მსხალი). გარდა ამისა, ეცადეთ, თავი არიდოთ სხვა ალერგენებსაც:
- ორსულისა და მელოგინისთვის არამც და არამც არ შეიძლება სიგარეტის მოწევა. საშიშია პასიური მწეველობაც (თამბაქოს კვამლით სავსე ოთახში ყოფნა).
- ბინა ხშირად გაანიავეთ და ყოველდღე დაალაგეთ სველი წესით. კვირაში ერთხელ მტვერსასრუტით დაასუფთავეთ ხალიჩები და რბილი ავეჯი, გაბერტყეთ და გაამზეურეთ ქვეშაგები (სასურველია, ეს ყველაფერი ოჯახის რომელიმე წევრმა გააკეთოს, ვიდრე ორსული შინ არ არის).
- ერიდეთ ტარაკნებს, კატებსა და ძაღლებს.
- დედის რძე პირველ თვეებში ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია. ძუძუთი კვების ნაადრევი (ოთხ თვემდე) შეწყვეტა ალერგიული რეაქციების ალბათობას რამდენჯერმე ზრდის, ვინაიდან დედის რძესთან ერთად ბავშვს ალერგენების გამანეიტრალებელი ნივთიერებები მიეწოდება.
სასურველია, შეიცვალოთ სამსახური, თუ თქვენი საქმიანობა ქიმიურ ნივთიერებებთან (ქიმიკატებთან, ანტიბიოტიკებთან) კონტაქტს მოითხოვს. ატოპიური (ალერგიული) ასთმის გამწვავებისას აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია თერაპიულ სტაციონარში, ხოლო მუცლის მოშლის საშიშროებისას - სამშობიარო სახლის ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში.
-
ბრონქული ასთმა და ორსულობა
განასხვავებენ ბრონქული ასთმის ალერგიულ (ატოპიურ) და ინფექციურ-ალერგიულ ფორმებს.
ალერგიული ასთმის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობა. ასთმური შეტევის პროვოცირება შეუძლია მკვეთრ სუნს, ნერვულ-ემოციურ გადაძაბვას, სიგარეტის კვამლს, გაციებას. მათი ზემოქმედებით ვითარდება სასუნთქი გზების შეშუპება და სპაზმი, წარმოიქმნება დიდი ოდენობით ლორწო. ინფექციურ-ალერგიული ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადების (პნევმონიის, ფარინგიტის, ბრონქიტის, ანგინის) ფონზე ვითარდება. ალერგენებად მიკროორგანიზმები გვევლინება. ინფექციურ-ალერგიული ბრონქული ასთმა ასთმის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და დაავადების შემთხვევათა 2/3-ს შეადგენს.
-
ბრონქული ასთმის მიმდინარეობის თავისებურებანი ორსულობისას
ასთმიანი ორსულის იმუნურ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები ნეგატიურად მოქმედებს როგორც დაავადების, ისე ორსულობის მიმდინარეობაზე. ბრონქული ასთმა ორსულობამდე იწყება, მაგრამ შესაძლოა, პირველად ორსულობისას გამოვლინდეს.
ორსულობის დასაწყისში თავჩენილმა ასთმამ, ადრეული ტოქსიკოზის მსგავსად, შესაძლოა, ორსულობის პირველსავე ნახევარში გაიაროს. ამ დროს პროგნოზი დედისთვისაც და ნაყოფისთვისაც საიმედოა. ბრონქული ასთმა, რომელიც ორსულობამდე გამოვლინდა, ორსულობისას სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს: ათიდან დაახლოებით 2 შემთხვევაში მდგომარეობა ისეთივე რჩება, როგორიც ორსულობამდე იყო, 1 შემთხვევაში უმჯობესდება, უმეტესად კი (ათიდან 7 შემთხვევაში) მძიმდება.
-
მკურნალობა
ასთმის სამკურნალოდ იყენებენ პრეპარატების რამდენიმე ჯგუფს. მათ შორის გამოყოფენ სიმპტომურ და ბაზისურ პრეპარატებს. სიმპტომური პრეპარატები (სიმპათომიმეტიკები, ქსანტინები) ინიშნება, რათა მოიხსნას სპაზმი და აღდგეს სასუნთქი გზების გამავლობა. მათ შეტევისას იყენებენ. ბაზისური პრეპარატები (ინტალი, გლუკოკორტიკოიდები) ამცირებს ბრონქებში მიმდინარე ანთებას და გამოიყენება შეტევების პროფილაქტიკისთვის, რაც საბოლოო ჯამში დაავადების მიმდინარეობას აუმჯობესებს.
ყველაზე ხშირად სიმპათომიმეტიკებს უნიშნავენ, მაგრამ ისინი გულისცემას ახშირებს. სელექციური (არჩევითი) სიმპათომიმეტიკები ბრონქებს ტაქიკარდიის გარეშე აფართოებს. მათ რიცხვს ეკუთვნის სალბუტამოლი, ბეროტეკი, ალუპენტი (ასთმოპენტი). ინჰალაციური გამოყენებისას სიმპათომიმეტიკები უფრო სწრაფად და ძლიერად მოქმედებს, ამიტომ მოხრჩობის შეტევისას გადაუდებელი დახმარების საუკეთესო მეთოდად მიიჩნევა 1-2 შესუნთქვა ინჰალატორიდან.
მეთილქსანტინები ორსულებისთვის მედიკამენტთა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ჯგუფია. პროფილაქტიკისთვის ეუფილინის ტაბლეტებს იყენებენ, მძიმე ასთმური შეტევისას კი მისი საინექციო ფორმა ვენაში შეჰყავთ. ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გამოიყენება ხანგრძლივი მოქმედების მეთილქსანტინები - თეოფილინის პრეპარატები: თეოპაკი, თეოტარდი. თეოფილინი აუმჯობესებს პლაცენტურ სისხლმიმოქცევას. ინტალი გამოიყენება ორსულო-ბის მესამე თვიდან ასთმის ალერგიული ფორმის დროს. ინიშნება მხოლოდ პროფილაქტიკისთვის.
ჰორმონებს მხოლოდ მძიმე ფორმის ბრონქული ასთმით დაავადებული ორსულები იღებენ.
გახსოვდეთ: ორსულობისას გლუკოკორტიკოიდები (ჰორმონები) უფრო ნაკლებ საშიშია, ვიდრე ჰიპოქსემიის შედეგები.
პრედნიზოლონით მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.
ბრონქული ასთმის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებით ეფექტურია საინჰალაციო გლუკოკორტიკოიდები (ბეკოტიდი), რომლებიც სასუნთქ გზებზე ადგილობრივად მოქმედებს.
ამოსახველებელი საშუალებები ათხიერებს ნახველს და ხელს უწყობს ბრონქებიდან მათ გამოძევებას, ატენიანებს ლორწოვანს, ასტიმულირებს ამოხველებას. ასეთი საშუალებებია:
- 37 გრადუსამდე გამთბარი ზღვის ან ჩვეულებრივი წყლის, ფიზიოლოგიური ხსნარის, სოდიანი ხსნარის ინჰალაციები;
- ბრომჰექსინი (ბისოლვონი), მუკოსოლვინი (ინჰალაციის სახით); ამბროქსოლი (ლაზოლვანი).
გახსოვდეთ: ორსულებისთვის არ შეიძლება 3%-იანი კალიუმის იოდიდის ხსნარისა და სოლუტანის გამოყენება. დასაშვებია ალთეს მიქსტურა.
-
ფიტონაკრები
- აიღეთ 200 გ წყლის იელი და 100გ თავშავა (ბალახი), 50გ ჭინჭრის ფოთოლი, 50 გ არყის კვირტი. დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 2 ს/კ ნარევს დაასხით 500 მლ ადუღებული წყალი. ადუღეთ 10 წუთს. დააყენეთ 30 წუთით. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ.
- აიღეთ 200-200გ მრავალძარღვასა და კრაზანას ფოთოლი, ამდენივე ცაცხვის ყვავილი, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 2 ს/კ ნარევს დაასხით 500მლ ანადუღარი წყალი და 5-6 საათს დააყენეთ. მიიღეთ თბილი, თითო ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე.
რეკომენდაციები
- ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
- ბუმბულის ბალიშებისა და საბნების ნაცვლად იხმარეთ სინთეტიკური.
- ყოველკვირეულად გამოცვალეთ და გამოხარშეთ თეთრეული.
- ხშირად გაანიავეთ ოთახები.
- ჩაატარეთ სუნთქვითი ვარჯიშები.
- რაციონიდან ამოიღეთ ალერგიული პროდუქტები.
- მედიკამენტები მიიღეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
- მსუბუქი შეტევისას შეიძლება გიშველოთ ცხელმა სასმელმა და კოტოშებმა.
გაითვალისწინეთ: მძიმე და ცუდად ნამკურნალევი ასთმა ნაყოფისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე მედიკამენტები, რომლებიც ამ დროს გამოიყენება. ნებისმიერ შემთხვევაში, სამკურნალო საშუალებები ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით უნდა მიიღოთ. ორსულები ქალთა კონსულტაციაში უნდა იმყოფებოდნენ დისპანსერულ აღრიცხვაზე თერაპევტთან. ასთმის გამწვავებისას აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია თერაპიულ სტაციონარში, ხოლო ნაყოფის დაკარგვის საშიშროებისას - სამშობიარო სახლის ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში. სასურველია, ბრონქული ასთმით დაავადებული ორსული დადიოდეს ასთმის სკოლაში, სადაც მას პროფილაქტიკის ძირითად ხერხებს ასწავლიან. თუ კონდიციონერის შეძენა გსურთ, აირჩიეთ მოდელი, რომელიც ჰაერის დატენიანების მარეგულირებლით არის აღჭურვილი - მტვრის ტკიპა და ნესტის სოკო 50%-ზე მაღალი ტენიანობის პირობებში მრავლდება.
-
ორსულის სამახსოვრო
სამახსოვრო დაგეხმარებათ, ერიდოთ ფაქტორებს, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს ბრონქული ასთმის გამწვავებას.
შენობების ინჰალაციური ალერგენები
- თბილსისხლიანი ცხოველების შარდის, ნერწყვის, ბეწვისა და ჩამოფცქვნილი კანის ნარჩენები;
- მტვრის ტკიპების, ტარაკნების ცხოველმყოფელობის პროდუქტები, რომლებიც ხშირად გროვდება ნოხებში, ბეწვეულში, წიგნებში;
- ნესტის სოკოს სპორები;
- საყოფაცხოვრებო ქიმია და ლაქი;
- თამბაქოს კვამლი.
კვებითი ალერგენები
- ცხოველური ცხიმები;
- ზღვის პროდუქტები;
- ციტრუსები;
- თაფლი და შოკოლადი;
- კონსერვანტები (სულფიდები, ნიტრატები, ნიტრიტები), სტაბილიზატორები და მზა საკვებში შემავალი სხვა ქიმიური კომპონენტები.
პრეპარატები, რომლებიც ბრონქების შევიწროებას იწვევს
- ასპირინი;
- ბეტა-ბლოკერები (ანაპრილინი, ობზიდანი).
არასპეციფიკური პროვოკატორები
- ფიზიკური დატვირთვა
- ტემპერატურის ცვალებადობა
- ჰაერის მაღალი ტენიანობა
- ხანგრძლივი ან/და ძლიერი ემოციური სტრესი
პროფესიული გამღიზიანებლები და ალერგენები
თანმხლები მწვავე, ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის ინფექციური დაავადებები.