სისხლდენა ქალებში

როგორ მივხვდეთ, სად გადის ზღვარი ამ მდგომარეობებს შორის?
- განასხვავებენ ქალის სასქესო ორგანოებიდან პათოლოგიური სისხლდენის სამ ტიპს. ესენია:
- ორგანული სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია საშვილოსნოს (საშვილოსნოს მიომა, ადენო-მიოზი და ა.შ.), საკვერცხეების (ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეები) პათოლოგიით ან სისტემური (კოაგულოპათია) დაავადებებით;
- დისფუნქციური სისხლდენები;
- იატროგენული სისხლდენა, რომელიც ჰორმონული და არაჰორმონული (ანტიაგრეგანტები, ანტიკოაგულანტები) პრეპარატების უკონტროლო მიღებას უკავშირდება.
- რა იწვევს დისფუნქციურ სისხლდენას?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- დისფუნქციური სისხლდენა არც ორსულობას უკავშირდება, არც საშვილოსნოს ორგანულ დაავადებებს და არც სისტემურ დარღვევებს. მას საფუძვლად უდევს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული დარღვევები, კერძოდ, საკვერცხის ფუნქციობის მოშლა. მოგეხსენებათ, საკვერცხეებში კვერცხუჯრედები ციკლურად მწიფდება. ამასთან ერთად, გამომუშავდება სასქესო ჰორმონებიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობს მენსტრუალური ციკლის შენარჩუნებაში. ნორმაში ციკლის ხანგრძლივობა 21-დან 35 დღემდე ვარირებს, სისხლდენის ხანგრძლივობა კი დაახლოებით 3-7 დღეა. სისხლის საერთო დანაკარგი ამ დროს 40-80 მლ-ს უტოლდება. აქედან გამომდინარე, დისფუნქციური სისხლდენის დიაგნოზს სვამენ მაშინ, როდესაც სისხლდენის ხანგრძლივობა 7 დღეზე მეტია, სისხლის დანაკარგი აღემატება 80 მლ-ს ან დარღვეულია სისხლიანი გამონადენის ციკლურობა.
დისფუნქციური სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ფსიქოგენური ფაქტორები და სტრესი;
- გონებრივი და ფიზიკური გადაღლა;
- მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაცია, მავნე პროფესიული ფაქტორების ზემოქმედება;
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი პროცესები;
- ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა და სხვა.
ასაკის მიხედვით განასხვავებენ საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენის სამ ტიპს:
- სისხლდენა იუვენილურ პერიოდში (18 წლამდე);
- სისხლდენა რეპროდუქციულ პერიოდში (ანუ იმ ასაკში, როდესაც ქალის ორგანიზმი მზად არის ორსულობისთვის);
- სისხლდენა პრემენოპაუზასა და კლიმაქსურ (სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებისა და გაქრობის) პერიოდში.
იუვენილური და რეპროდუქციული ასაკის სისხლდენა შესაძლოა დაემთხვეს მენსტრუაციის ვადებს. მენსტრუაციისგან მას სისხლის შეუსაბამოდ დიდი დანაკარგი განასხვავებს. სხვა შემთხვევებში ის მენსტრუაციას არ ემთხვევა, ციკლი ირღვევა, მენსტრუაცია კი არარეგულარულია. იუვენილური სისხლდენების წილად პუბერტატული პერიოდის დაავადებათა დაახლოებით 10% მოდის. მათი 70-80% ბუნებით ანოვულატორულია. ანოვულაცია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური სისტემის მოუმწიფებლობით არის განპირობებული.
რეპროდუქციული ასაკის ქალებში სისხლდენის მიზეზი უმეტესად ჰიპოფიზური და სასქესო ჰორმონების სეკრეციის დარღვევაა. კლიმაქსური სისხლდენებისთვის დამახასიათებელია გამოვლენა მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ. ისინი სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. კლიმაქსური პერიოდის სისხლდენები იმით არის საშიში, რომ ამ ასაკში სისხლდენის მიზეზი შესაძლოა ავთვისებიანი სიმსივნეც იყოს.
- რომელი ორგანული პათოლოგიები იწვევს საშვილოსნოდან სისხლდენას?
- ორგანული პათოლოგიებიდან სისხლდენას იწვევს:
ენდომეტრიუმის დაავადებები - ქრონიკული ენდომეტრიტი;
- საშვილოსნოს მიომა;
- საშვილოსნოს ენდომეტრიოზი;
- საშვილოსნოს ტანის კიბო;
- საშვილოსნოსგარე ორსულობა;
- ტროფობლასტური დაავადება და სხვა.
- იქნებ საშვილოსნოსგარე ორსულობაზე უფრო ვრცლად გვესაუბროთ.
- გლობალური სტატისტიკის მიხედვით, დღეს ორსულობათა დაახლოებით 1,5% საშვილოსნოსგარე ორსულობის წილად მოდის. საშვილოსნოსგარე ორსულობა შესაძლოა განვითარდეს ფალოპის მილში, საკვერცხეში, საშვილოსნოს ყელში, მუცლის ღრუში. უკანასკნელი სამი ფორმა იშვიათია. ასიდან 99 შემთხვევაში საშვილოსნოსგარე ორსულობა მილებში ლოკალიზდება. ძლიერ სისხლდენებსაც ყველაზე ხშირად სწორედ მილის ორსულობა იწვევს. საშვილოსნოსგარე ორსულობის ეს ფორმა ძლიერი სისხლდენის გამო შესაძლოა ლეტალურადაც კი დასრულდეს.
- როგორია ამ დროს გინეკოლოგის ტაქტიკა?
- თავდაპირველად ხდება დათვალიერება, რათა გამოირიცხოს ცვლილებები საშვილოსნოს ყელში (პოლიპები, ცერვიციტები, სიმსივნეები), საშოში (ტრავმა, უცხო სხეული, ატროფიული კოლპიტები და სხვა) და სწორ ნაწლავში. მომდევნო ეტაპზე ხდება სისხლდენის ორგანული მიზეზების - საშვილოსნოსა და საკვერცხეების პათოლოგიის, ორსულობის გართულებების, ჰორმონული და არაჰორმონული პრეპარატების არასასურველი ზემოქმედების - გამორიცხვა. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა მოიცავს სისხლის კლინიკურ და ბიოქიმიურ ანალიზებს, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიურ გამოკვლევას. სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში იკვლევენ სისხლში ონკომარკერების - ცა-125, ცა 19-9-ს - დონეს. შემდგომი ტაქტიკა საშვილოსნოსა და საკვერცხეების პათოლოგიის არსებობა-არარსებობაზე, მათ ხასიათსა და პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული.
- რისი ნიშანია სისხლდენა ორსულობისას, რა საფრთხეს გვიქადის ის?
- მშობიარის სიკვდილის მიზეზებს შორის სისხლდენა დღესაც უდიდეს პრობლემად რჩება. სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა მოსალოდნელია ორსულობის როგორც პირველ, ასევე მეორე ნახევარში. მიზეზი სხვადასხვაა. ორსულობის პირველ ნახევარში სისხლდენა უმთავრესად განპირობებულია თვითნებური აბორტით, შედარებით იშვიათად - საშვილოსნოსგარე ორსულობით ან ტროფობლასტური დაავადებით (ბუშტნამქერითა და ქორიონეპითელიომით). თვითნებითი აბორტის შემთხვევაში სისხლდენის ინტენსივობა აბორტის სტადიაზეა დამოკიდებული. ამ დროს აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, სტაციონარში მკურნალობის ტაქტიკა კი პროცესის სტადიით და ინფექციის არსებობა-არარსებობით განისაზღვრება:
- მოსალოდნელი აბორტის შემთხვევაში კეთდება ორსულობის შემანარჩუნებელი საშუალებები;
- მიმდინარე აბორტისა და არასრული გამოძევებისას ხდება სანაყოფე კვერცხის ნარჩენების გამოტანა.
ინფიცირებული აბორტი საჭიროებს ინტენსიურ ანტიბაქტერიულ, ინფუზიურ და მადესენსიბილიზებელ თერაპიას. ამ დროს საშვილოსნოს გამოფხეკა ხდება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების (პროფუზული სისხლდენა) საფუძველზე. პროფუზული სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო ოპერაციული ჩარევა. სისხლდენა ორსულობის მეორე ნახევარში და მშობიარობის დროს უმთავრესად გამოწვეულია პლაცენტის ნაადრევი აცლით, პლაცენტის არასწორი მდებარეობით, პლაცენტის ან მისი ნაწილის ჩარჩენით ან ნაწილობრივი შეხორცებით, რბილი სამშობიარო გზების პათოლოგიით (საშოსა და საშვილოსნოს ყელის ტრავმული დაზიანება, ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების გასკდომა, ეროზია, პოლიპი და კიბო). ამ დროს სისხლდენა სუსტიც შეიძლება იყოს და პროფუზულიც.