ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეები
მკითხველს უპასუხებს საქართველოს საპატრიარქოს სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი სოფიო გელაშვილი.
- ოვულაცია (ლათინურად ოვუმ - კვერცხი) მომწიფებული, განაყოფიერებისთვის მზად მყოფი კვერცხუჯრედის გამოსვლაა ფოლიკულიდან მუცლის ღრუში. ეს მომენტი დაახლოებით ორ მენსტრუაციას შორის არსებული პერიოდის ნახევარს ემთხვევა. შვილოსნობის ასაკის ქალებში ოვულაცია ხდება პერიოდულად (ყოველ 21-35-ე დღეს).
ქალის ოვულაციური რიტმი იცვლება საშვილოსნოს გამოფხეკიდან 3 თვის განმავლობაში, მშობიარობიდან ერთი წლის განმავლობაში, აგრეთვე - 40 წლის შემდეგ, როდესაც ორგანიზმი პრეკლიმაქსური პერიოდისთვის ემზადება. ოვულაცია წყდება დაორსულებისა და მენსტრუალური ფუნქციის დასრულების შემდეგ.
ოვულაციის ვადების დადგენა მნიშვნელოვანია ნორმალური და ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისა თუ ხელოვნური ინსემინაციისთვის ეფექტური დროის შესარჩევად. ოვულაციის პერიოდში დაორსულების ალბათობა ყველაზე დიდია. ოვულაციის დღე ყველაზე უკეთ ექოსკოპიური გამოკვლევით ან საოვულაციო ტესტის მეშვეობით განისაზღვრება. ვინაიდან სპერმატოზოიდი განაყოფიერების უნარს სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებს, დაორსულება მოსალოდნელია არა მხოლოდ მაშინ, თუ სქესობრივი კონტაქტი ოვულაციის დღეს დაემთხვა, არამედ მაშინაც, თუ სქესობრივი ურთიერთობა მოხდა ოვულაციამდე სამი დღით ადრე ან ოვულაციიდან მეორე-მესამე დღეს, რადგან საშვილოსნოში გადმოსული კვერცხუჯრედიც ასევე 2-3 დღე ინარჩუნებს განაყოფიერების უნარს.
ოვულაციის ზუსტი დროის განსაზღვრა ზეპირად შეუძლებელია - მხოლოდ მიახლოებით შეიძლება ვივარაუდოთ. თუ 28-დღიანი ციკლი გაქვთ, ოვულაცია მოსალოდნელია მენსტრუაციის მოსვლიდან მე-12-მე-17 დღეს. ამას უნდა დავუმატოთ სამ-სამი დღე ოვულაციამდე და ოვულაციის შემდეგ. ასე რომ, განაყოფიერება მოსალოდნელია მენსტრუაციის მოსვლიდან მე-9-დან მე-20 დღემდე, ანუ დაორსულების ალბათობა თითქმის არ არსებობს მენსტრუაციის მოსვლიდან პირველი 8 დღის განმავლობაში, ჩნდება ციკლის მომდევნო 11 დღის განმავლობაში და ბოლო 9 დღის განმავლობაში (მომდევნო მენსტრუაციის მოსვლამდე 9 დღე) კვლავ პრაქტიკულად ნულს უტოლდება.
თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ ასეთი მაგალითი: თუ მენსტრუაცია 1-ში დაგიმთავრდათ და გაქვთ 28-დღიანი შუალედი მენსტრუაციებს შორის, მაშინ ჩასახვისთვის ხელსაყრელია პერიოდი 9-დან 20-მდე. ოვულაციის დღეები უფრო ზუსტად რომ დაადგინოთ, შეიძინეთ აფთიაქში საოვულაციო ტესტი, რომელსაც ინსტრუქცია მოჰყვება - მას აუცილებლად უნდა გაეცნოთ. საოვულაციო ტესტი უნდა გაკეთდეს ოვულაციის სავარაუდო დღეებში, მაგალითად, 24-დღიანი ციკლის დროს - მენსტრუაციის მე-8-დან მე-10 დღემდე, 25-დღიანის შემთხვევაში - მე-9-დან, 26-დღიანის შემთხვევაში - მე-10-დან, 27-დღიანის შემთხვევაში - მე-11-დან, 28-დღიანის შემთხვევაში - მე-12-დან, 29-დღიანის შემთხვევაში - მე-13-დან, 30-დღიანის შემთხვევაში - მე-14-დან, 31-დღიანის შემთხვევაში - მე-15-დან.
ტესტი უნდა გაიხსნას უშუალოდ გამოყენების წინ. გახსნამდე უნდა შეათბოთ ხელებით, ფაქიზად ჩადოთ შარდში (ვერტიკალურად, ისრით ქვემოთ) და შედეგი 5 წუთის შემდეგ შეამოწმოთ. საოვულაციო ტესტი რეაგირებს შარდში ლუთეინური ჰორმონის არსებობაზე და, აქედან გამომდინარე, ოვულაციის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
- რა არის ბაზალური ტემპერატურა, რას ვიგებთ მისი მეშვეობით და როგორ უნდა მივხვდეთ, მოხდა თუ არა ოვულაცია?
- ბაზალური ტემპერატურული მრუდის მიხედვით გამოთვლიან ოვულაციის სავარაუდო თარიღს, თუმცა ეს მეთოდი დღეს მოძველებულად მიიჩნევა. ამჟამად ფოლიკულის მომწიფებისა და ოვულაციის კონტროლი ულტრასონოგრაფიული მეთოდით ხდება. ბაზალური ტემპერატურა ძირითადად სწორ ნაწლავში იზომება. ბაზალური ტემპერატურის გაზომვით შეგიძლიათ გაიგოთ:
- მწიფდება თუ არა კვერცხუჯრედი და როდის (შესაბამისად, გამოიყოს დაორსულებისთვის ოპტიმალური ან, პირიქით, არახელსაყრელი დღეები);
- მოხდა თუ არა ოვულაცია - კვერცხუჯრედის მომწიფება;
- სათანადოდ ფუნქციობს თუ არა ქალის ენდოკრინული სისტემა;
- გინეკოლოგიური დარღვევა ხომ არ არის სავარაუდო;
- როდის უნდა ველოდეთ მომდევნო მენსტრუაციას;
- უჩვეულო მენსტრუაციის ან მისი შეკავების დროს დავადასტუროთ ორსულობა.
ბაზალური ტემპერატურის გაზომვისას ჩვენი მთავარი მიზანია, დავადგინოთ, მოხდა თუ არა ოვულაცია. მენსტრუაციის დროს ტემპერატურის მრუდი მიდრეკილია დაქვეითებისკენ. დაქვეითების საწყისი წერტილი ინდივიდუალურია. ციკლის ფაზების შესაბამისად, ორგანიზმში იცვლება ჰორმონული ფონი. მასთან ერთად იცვლება ბაზალური ტემპერატურაც.
ციკლის ნახევრამდე (პირველ ფაზაში) ნორმალური ბაზალური ტემპერატურა 37 გრადუსზე დაბალია. ასეთი დაბალი ტემპერატურა გამოწვეულია ესტროგენების მოჭარბებით.
პირველი ფაზის ხანგრძლივობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცვლება. მეორე ფაზაში იმძლავრებს პროგესტერონი და ბაზალური ტემპერატურა იმატებს. სწორედ ამ ჰორმონის დამსახურებაა ბაზალური ტემპერატურის 36,9-37,2 გრადუსზე შენარჩუნება. დაბალიდან მაღალ ტემპერატურაზე გადასვლის მომენტში ხდება ოვულაცია. ვიდრე აიწევს, ქალების მცირე ნაწილს ტემპერატურა უმნიშვნელოდ (0,1 გრადუსით) უქვეითდება. თუ დაქვეითება არ მოხდა, ოვულაციის მომენტი შეიძლება ვივარაუდოთ ბაზალური ტემპერატურის, ცერვიკალური ლორწოსა და საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის საფუძველზე.
მეორე ფაზა ნორმალური და სრულფასოვანია, თუ გრძელდება 12-16 დღე. მისი ხანგრძლივობა ყოველი ქალისთვის ინდივიდუალურია, თუმცა მუდმივი.
ამგვარად, ნორმაში ბაზალური ტემპერატურა დაბალი უნდა იყოს მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში, უნდა მოიმატოს ოვულაციის მომენტში და მაღალი დარჩეს მთელი მეორე ფაზის განმავლობაში (მომდევნო მენსტრუაციამდე).
ბაზალური ტემპერატურის განხილვისას მნიშვნელობა ენიჭება არა აბსოლუტურ მაჩვენებლებს, არამედ ტემპერატურულ სხვაობას. ეს სხვაობა უნდა შეადგენდეს 0,4 გრადუსს. ამ სხვაობის საშუალო მნიშვნელობა რომ გამოთვალოთ, შეკრიბეთ პირველი ფაზის ტემპერატურის თითოეული დღის მაჩვენებლები და ამ ფაზის დღეების რაოდენობაზე გაყავით. ასევე გამოთვალეთ მეორე ფაზის საშუალო ტემპერატურაც. შემდეგ მეორე ფაზის საშუალო მაჩვენებელს გამოაკელით პირველის საშუალო მაჩვენებელი. სასურველი შედეგია 0,4 გრადუსი.
- როგორ უნდა გავიზომოთ ბაზალური ტემპერატურა?
- ბაზალური ტემპერატურის გასაზომავად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი (ვერცხლისწყლის ან ელექტრონული) თერმომეტრი. ვერცხლისწყლის თერმომეტრით ტემპერატურას იზომავენ 5 წუთის განმავლობაში, ელექტრონულ თერმომეტრს იღებენ სიგნალის შემდეგ. თერმომეტრი უნდა მოამზადოთ წინა საღამოს და დაიდოთ გვერდით. არ შეიძლება ვერცხლისწყლის თერმომეტრის ბალიშის ქვეშ დადება. ბაზალური ტემპერატურის გაზომვას მკაცრი წესები აქვს:
- ტემპერატურა აუცილებლად ერთსა და იმავე დროს უნდა გაიზომოთ;
- ისე, რომ არ ადგეთ, არ წამოჯდეთ, საწოლში არ გამოავლინოთ განასაკუთრებული აქტივობა, აიღეთ თერმომეტრი და შეიყვანეთ იგი უკანა ტანში;
- იწექით უძრავად 5 წუთის განმავლობაში;
- თერმომეტრი ამოიღეთ, ჩაიწერეთ მაჩვენებელი ცხრილში.
- როგორ უნდა ავაგოთ გრაფიკი და როგორია ნორმალური ბაზალური ტემპერატურის მრუდი?
- იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ, გრაფიკი უმჯობესია ავაგოთ ჩვეულებრივ უჯრედებიან ქაღალდზე. ერთ ფურცელზე უნდა დავხაზოთ ბაზალური ტემპერატურის მაჩვენებლები მთელი ციკლის (და არა მთელი თვის) განმავლობაში. ჰორიზონტალურ ხაზზე ერთი უჯრა შეესაბამება ერთ დღეს, ხოლო ვერტიკალზე - 0,1 გრადუსს. 370C-ზე, როგორც წესი, ავლებენ ჰორზონტალურ ხაზს. ნორმალური ბაზალური ტემპერატურის მრუდი ჰგავს მფრინავ თოლიას: ციკლის პირველ ნახევარში იგი 370C-ზე დაბალია, მეორე ნახევარში კი მასზე მაღალი.
- შეიძლება თუ არა, ვენდოთ ორსულობის სწრაფ ტესტებს, რომლებიც აფთიაქებში იყიდება?
- ორსულობის სწრაფი ტესტი განსაზღვრავს ორსულობის ჰორმონის (ადამიანის ბეტა-ქორიონული გონადოტროპინის) დონეს შარდში. ეს ჰორმონი გამომუშავდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებისთანავე, ანუ ოვულაციის შემდეგ მე-14 დღეს. ეს ტესტები ჭეშმარიტ შედეგს იძლევა მენსტრუაციის გადაცდენის ვადის შესაბამისად. საეჭვო შედეგი შეიძლება გამოვლინდეს იმ შემთხვევაში, თუ მას მენსტრუაციის გადაცდენამდე გაიკეთებთ. გადაცდენის მეორე დღიდან ტესტის პასუხი 85-100%-ით სწორია.
ტესტი აჩვენებს ნებისმიერ ორსულობას, საშვილოსნოსგარე ორსულობასაც კი. ამ დროს სისხლში ქორიონულ გონადოტროპინზე ანალიზი გაცილებით უფრო ინფორმაციულია, ვიდრე ტესტი შარდში მის არსებობაზე - საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევაში მისი დონე უფრო დაბალია, ვიდრე ნორმალური ორსულობისას. მაგრამ გახსოვდეთ, საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოზს სვამს მხოლოდ ექიმი. თუ ადამიანის ბეტა-ქორიონული გონადოტროპინის დონე აღემატება 1500 სე/ლ-ს და საშვილოსნოს ღრუში ნაყოფი არ დასტურდება, საშვილოსნოსგარე ორსულობა უნდა ვიეჭვოთ.
თავად განსაზღვრეთ ოვულაციის დღეები - გადადით ოვულაციის გამომთვლელზე