საშვილოსნოსგარე ორსულობა
საშვილოსნოსგარე ორსულობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენი მკითხველის დიდ ინტერესს იწვევს, ამიტომ ამ საკითხებზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ მერი ვახტანგიშვილს მივმართეთ.
- ქალბატონო მერი, რისი ბრალია საშვილოსნოსგარე ორსულობა?
- მოგეხსენებათ, კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდები ერთმანეთს საკვერცხესთან ხვდებიან, რის შემდეგაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი კვერცხსავალი მილის გავლით საშვილოსნოს ღრუში გადაინაცვლებს და მის ლორწოვან გარსში ჩაიზრდება. ასე იწყება ნორმალური ორსულობა. საშვილოსნოსგარე ანუ ექტოპიური ორსულობა ისეთი ორსულობაა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუს გარეთ ჩაინერგება და იქვე იწყებს განვითარებას. ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ კვერცხსავალი მილის, საკვერცხის, საშვილოსნოს ყელის, მუცლის ღრუს ორსულობას. მუცლის ღრუში გამოტყორცნილი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შესაძლოა საკვერცხეში, პერიტონეუმში, ნაწლავში ჩაიზარდოს. ყველაზე ხშირია კვერცხსავალი მილების ორსულობა. მის წილად მოდის გარეორსულობათა 98%. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიძლება ჩაინერგოს კვერცხსავალი მილის ამპულარულ, ისთმურ, ფიმბრიალურ ნაწილში. ამპულა კვერცხსავალი მილის ყველაზე განიერი ნაწილია. საშვილოსნოსგარე ორსულობა ათიდან რვა შემთხვევაში სწორედ კვერცხსავალი მილის ამპულარულ ნაწილში ვითარდება. ამ დროს სანაყოფე კვერცხი შესაძლოა საკმაოდ დიდი ზომისაც გახდეს.
ისთმური ნაწილი კვერცხსავალი მილის ყველაზე ვიწრო ნაწილია. ასეთი ლოკალიზაციის ორსულობა გაცილებით ადრეულ ვადაზე წყდება.
კვერცხსავალი მილის ინტერსტიციული ნაწილის ორსულობა ყველაზე იშვიათი (2%) და ყველაზე საშიშია - მილის ეს ნაწილი ნაკლებელასტიკურია და გაძლიერებულად მარაგდება სისხლით, ამიტომ ორსულობა შესაძლოა ძლიერი და სასიკვდილო სისხლდენით დასრულდეს. საშვილოსნოს გარეთ ჩანერგილი ემბრიონი ფაქტობრივად დასაღუპავად არის განწირული, რადგან არ გააჩნია ზრდისა და განვითარებისთვის საკმარისი სივრცე, ვერ იღებს საკვებს... ვინაიდან ეს ადგილები განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისამაგრებლად არ არის შექნილი, ადრე თუ გვიან წარმონაქმნი სკდება და იწყება მუცლის ღრუში მასიური სისხლდენა, ამიტომ საშვილოსნოსგარე ორსულობა ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც კი სრულდება.
- რისი ბრალია საშვილოსნოსგარე ორსულობა?
- საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების მიზეზებად მიიჩნევენ:
- ქალის სასქესო ორგანოების ქრონიკულ დაავადებებს. მილის ორსულობის განვითარებისკენ ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი ქალები, რომელთაც გადატანილი აქვთ მცირე მენჯის ღრუს ორგანოების (უპირატესად - სასქესო ორგანოთა) ანთებითი დაავადებები. ანთების გამო ვითარდება შეხორცება, რაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადასვლას აძნელებს.
- კვერცხსავალი მილების აგებულების თანდაყოლილ ანომალიებს, კეთილთვისებიან სიმსივნეებს, ენდომეტრიოზს, გადატანილ აბორტებს.
- საკვერცხეების ფუნქციის დარღვევას.
- მცირე მენჯის ღრუში მიმდინარე შეხორცებით პროცესებს მშობიარობის შემდგომი გართულებისა და ახლომდებარე ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შედეგად.
- ქირურგიულ ჩარევებს. კვერცხსავალ მილებზე ჩატარებული ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია ან ორსულობა, რომელიც სრულდება ფალოპის მილების გადაკვანძვით, ზრდის საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკს.
ალბათობა იზრდება, როდესაც ქალს უკვე აქვს გადატანილი საშვილოსნოსგარე ორსულობა, ითვლება უნაყოფოდ, იღებს ოვულაციის მასტმულირებელ მედიკამენტებს ან პროგესტინულ ტაბლეტებს - მინი-პილის, იყენებს საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივებს, კერძოდ, სპირალს, არის 35 წელზე მეტი ასაკის. რისკის ფაქტორია ექსტრაკორპორალური განაყოფიერებაც - შემთხვევათა 5% საშვილოსნოსგარე ორსულობით რთულდება.
- რომელმა სიმპტომებმა შეიძლება გვაეჭვებინოს საშვილოსნოსგარე ორსულობა?
- სამწუხაროდ, საშვილოსნოსგარე ორსულობის ამოცნობა ადრეულ სტადიაში ძნელია. თავდაპირველად ის ჩვეულებრივ ორსულობასავით მიმდინარეობს: წყდება მენსტრუაცია, ქალი უჩივის უმადობას, გულისრევას, პირღებინებას, სარძევე ჯირკვლების გამკვრივებას. იშვიათად მუცლის ქვედა ნაწილში, ცალ მხარეს, შეიგრძნობა სუსტი მქაჩავი ტკივილი. მაგრამ ყურადღებას თითქმის არ აქცევენ.
საშვილოსნოსგარე ორსულობა, წესისამებრ, მე-5-8 კვირას წყდება. ეს პროცესი სხვადასხაგვარად მიმდინარეობს: ზოგჯერ ვითარდება მილის აბორტი - ჩანასახის ქსოვილი აშრევდება მიმაგრების ადგილიდან და ან მილშივე რჩება, ან მუცლის ღრუში გადადის. მილის აბორტი ხშირად რამდენიმე კვირა გრძელდება. ამ დროს მუცლის მწვავე, მჩხვლეტი, ზოგჯერ ყრუ ტკივილის გარდა შესაძლოა თავი იჩინოს სარძევე ჯირკვლების ტკივილმა, საშოდან მუქმა წითელმა ან ყავისფერმა სისხლიანმა გამონადენმა.
სხვაგვარად მიმდინარეობს საშვილოსნოსგარე ორსულობა, როდესაც მილის კედელი ვერ უძლებს დატვირთვას და ირღვევა. ამ დროს სიმპტომები იმდენად აშკარაა, რომ შეუძლებელია, ვერ შევამჩნიოთ: ძლიერი გენერალიზებული ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მომატებული ოფლიანობა, მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა. ზოგჯერ ქალი გონებასაც კი კარგავს. მილის გახეთქვას მოჰყვება სიცოცხლისათვის საშიში მასიური შინაგანი სისხლდენა. საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო კვერცხსავალი მილის გასკდომამ და მუცლის ღრუში სისხლდენამ შესაძლოა გამოიწვიოს შოკი და კოლაფსი.
- სტატისტიკა გვამცნობს, რომ ყოველ მეოთხე ქალს საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოზს შეცდომით უსვამენ...
- საქმე ის არის, რომ პაციენტის ჩივილების საფუძველზე სვამენ წინასწარ დიაგნოზს, რომელსაც შემდ-გომი გამოკვლევა დაადასტურებს ან უარყოფს. ვინაიდან საშვილოსნოსგარე ორსულობის კლინიკური სურათი წაშლილია და დიაგნოზის დასმა მხოლოდ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით არის შესაძლებელი, ორსულობაზე მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი ქალი უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში, სადაც გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ერთად მას ჩაუტარებენ ტრანსვაგინალურ ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას. ეს მეთოდი შესაძლებლობას გვაძლევს, ზუსტად დავადგინოთ, სად იმყოფება ნაყოფი.
ზოგჯერ სადიაგნოზოდ აუცილებელია მუცლის ღრუს ლაპაროსკოპიის ჩატარებაც - სისხლდენა, რომელსაც ორსულობის შეწყვეტა იწვევს, იმდენად სწრაფი და ინტენსიურია, რომ შესაძლოა საავადმყოფომდე ვერც კი მიასწროთ, ამიტომ, გვერწმუნეთ, ოპერაციის გაკეთება მანამდე სჯობს, ვიდრე ქალი შოკში ჩავარდება. ლაპაროსკოპიული მეთოდით ყველაზე უკეთ განისაზღვრება მილის ორსულობის ზუსტი მდებარეობა.
- სანდოა თუ არა ამ კუთხით ორსულობის ტესტები, რომლებიც აფთიაქებში იყიდება?
- ორსულობის ტესტი განსაზღვრავს ორსულობის ჰორმონის (ადამიანის ბეტა-ქორიონული გონადოტროპინის) დონეს შარდში. ეს ჰორმონი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებისთანავე გამომუშავდება. მისი პასუხი ჭეშმარიტია მენსტრუაციის ვადის გადაცდენის შემდეგ. საეჭვო შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუ მას მენსტრუაციის გადაცდენამდე ჩავიტარებთ. გადაცდენის მეორე დღიდან პასუხი 85-100%-ით სწორია. ტესტი აჩვენებს ნებისმიერ ორსულობას, თუნდაც ის საშვილოსნოსგარე იყოს, მაგრამ თავად საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოზის დასმა ასეთი ტესტით არ ხდება. ამ დროს გაცილებით ინფორმაციულია სისხლის ანალიზი ქორიონულ გონადოტროპინზე - საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევაში მისი დონე უფრო დაბალია, ვიდრე ნორმალური ორსულობისას. თუ ადამიანის ბეტა-ქორიონული გონადოტროპინის დონე აღემატება 1500 სე/ლ-ს და საშვილოსნოს ღრუში ორსულობა არ დგინდება, საშვილოსნოსგარე ორსულობა უნდა ვიეჭვოთ.
- როგორია მკურნალობის ტაქტიკა საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს?
- ოპერაციული ჩარევა საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტის ძირითადი მეთოდია. მცირე ვადაზე, როდესაც ორსულობა ჯერ კიდევ ვითარდება მილში, შესაძლებელია მისი შეჩერება მედიკამენტების მე-შვეობით, თუმცა კონსერვატიული მკურნალობა შესაძლოა თვენახევარსაც კი გაგრძელდეს. კვერცხსავალი მილის გახეთქვისა და შინაგანი სისხლდენის დროს ალტერნატივა არ არსებობს: გადაუდებელი ოპერაცი-ული ჩარევა აუცილებელია.
- რა უპირატესობა აქვს ქირურგიულ მკურნალობას?
- ქირურგიული მკურნალობის უპირატესობა ის გახლავთ, რომ:
- შესაძლებელია, დადგენილ იქნეს მილის ორსულობა;
- შეფასდეს დაზიანებული და ჯანმრთელი მილებისა და მცირე მენჯის ღრუს ზოგადი მდგომარეობა;
- მკურნალობა, სანაყოფე კვერცხის ზომის, მილის გახეთქვისა და ჰემოპერიტონეუმისგან (მუცლის ღრუში სისხლის ჩაღვრისგან) დამოუკიდებლად, სწრაფად და ეფექტურად ჩატარდეს.
ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად იყენებენ ოპერაციული მკურნალობის ლაპაროსკოპიულ მეთოდს. პროგრესირებადი საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს სალპინგოტომიის (კვერცხსავალი მილის გაკვეთა) და სალპინგოექტომიისთვის (კვერცხსავალი მილის ამოსაკვეთად) უმთავრესად სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ. ოპერაციული ჩარევის ეს გზა ნაკლებ ტრავმული და დამზოგველია. გართულებათა სიხშირე დაახლოებით 0,6%-ს უტოლდება. გვიან დიაგნოსტირებული საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევაში, როდესაც შეხორცებითი პროცესები უკვე განვითარებულია, ოპერაცია კეთდება მუცელ-კვეთით. თუ ამის საშუალებას ავადმყოფის მდგომარეობა და მილის დაზიანების ხარისხი აძლევს, ქირურგი მაქსიმალურად ცდილობს, ოპერაციის დროს მილი შეინარჩუნოს.
- ართმევს თუ არა ქალს დედობის უნარს საშვილოსნოს მილის ამოკვეთა?
- თუ მეორე მილი ჯანმრთელია, დაზიანებულის ამოკვეთა ქალს დაორსულებასა და ბავშვის გაჩენაში ხელს არ შეუშლის.
- როგორია საშვილოსნოსგარე ორსულობის შემდეგ ნორმალური ორსულობის განვითარების ალბათობა?
- იმის გარანტიას, რომ საშვილოსნოსგარე ორსულობა აღარ განვითარდება, ვერავინ მოგვცემს, მაგრამ შესაძლებელია რისკის დაქვეითება გამომწვევი მიზეზის მკურნალობით.
- როგორ ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოსგარე ორსულობა?
- პირველ ყოვლისა, დროულად უნდა ვუმკურნალოთ მცირე მენჯის ღრუს ანთებით დაავადებებს. ორსულობის დაგეგმვამდე აუცილებელია კომპლექსური გამოკვლევა ქლამიდიის, მიკოპლაზმის, ურეაპლაზმის და სხვა პათოგენური მიკრობების არსებობაზე, რათა მათი აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა დროულად ჩატარდეს. გამოკვლევა და მკურნალობა უნდა ჩაიტაროს ორივე მეუღლემ (სქესობრივმა პარტნიორმა). საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო ოპერაციული ჩარევის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტაცია, რომელიც მიმართულია მომდევნო ორსულობის მომზადებისკენ. ჩვეულებრივ, იგი მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად გინეკოლოგის მეთვალყურეობით. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მილების ოპერაციის შემდეგ მომდევნო ორსულობამდე საუკეთესო ინტერვალი ნახევარი-ერთი წელია.