გამორთეთ ტელევიზორი!

ნუთუ მართლა ვერ გავძლებთ უტელევიზოროდ? ტელევიზორი ჩვენი ცხოვრების ნაწილია. შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანები ოთახში სხედან და ტელევიზორი უბრალოდ აქვთ ჩართული? მას ყურადღებასაც არავინ აქცევს, მაგრამ თუ ეკრანის ციმციმი შეწყდა, თავს არაკომფორტულად ვიგრძნობთ. ტელევიზორი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, მის გარეშე ცხოვრება მოსაწყენი და არაკომფორტულია. რა არის ეს? ცუდი ჩვევა? არა, ეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება უფროა. მას თავისი სახელიც აქვს: ტელემანია - ავადმყოფური დამოკიდებულება ცისფერ ეკრანზე. მისგან თავის დაღწევა სულაც არ არის იოლი.
და თუ ტელეეკრანზე დამოკიდებული ხდება მოზრდილი, რა უნდა მოვთხოვოთ პატარა ბავშვს? ბუნებრივია, ეკრანი მას მაგნიტივით იზიდავს. რა არის იმაში ცუდი, რომ ბავშვი ტელევიზორთან ზის? მისი მეშვეობით პატარა ალბათ რაღაც ახალსაც შეიტყობს, თანაც არავის შეუშლის ხელს. ტელევიზორის გარეშე ბავშვის გართობა ძალიან ძნელია, განსაკუთრებით - დღის ბოლოს, როცა პატარა ჭირვეულობს, არავის ემორჩილება... სამწუხაროდ, მშობლები სწორედ ასე ფიქრობენ.
თავდაპირველად ტელევიზორი ბევრ რამეში გვშველის: რეკლამების დროს ბავშვს ვაჭმევთ, სხვაგვარად შეუძლებელია, მას განკუთვნილი ულუფა მივართვათ, მაგრამ გადის მცირე ხანი და გვიკვირს - მაინც რა მოხდა, რატომ გახდა ასეთი ჯანმრთელი და მშვიდი პატარა ჭირვეული. არავის მოსდის აზრად, რომ პრობლემები სწორედ ტელეეკრანთან დიდი ხნის განმავობაში ჯდომის ჩვევასთანაა დაკავშირებული.
რა შეიძლება გამოიწვიოს ტელემანიამ?
უპირველეს ყოვლისა, ტელევიზორი უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე. უდავოა, რომ ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამასთან ერთად, ტელეეკრანთან დიდხანს ჯდომის ჩვევა აისახება ბავშვის ხერხემალზე. ხანგრძლივი უმოძრაობა ბავშვის ხერხემლისთვის ძალიან მავნეა. უმოძრაობამ ანუ ჰიპოდინამიამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჭარბ წონასა და სიმსუქნეს.
მოდი, გაიხსენეთ, როგორ ვატარებთ დროს ტელეეკრანთან - გაუნძრევლად ვსხედვართ და ხანდახან რამე კალორიულსაც შევექცევით. ხშირად აღმოცენდება სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევა.
ალბათ დაკვირვებიხართ: თუ რაიმე პრობლემისთვის ნევროლოგისთვის მიგიმართავთ, მას აუცილებლად დაუსვამს შეკითხვა - "რამდენ ხანს ატარებს ბავშვი ტელევიზორთან?" ეს კითხვა იმ გარემოებას უკავშირდება, რომ ტელეეკრანი დამღუპველად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. მოუსვენარი ძილი, ჩაძინების პრობლემა, ენაბორძიკობა, ტიკები, აგზნებადობა - ეს არასრული ჩამონათვალია ყოველივე იმისა, რის პროვოცირებაც ტელევიზორთან დიდხანს ჯდომას შეუძლია.
ალბათ ზედმეტია საუბარი ბავშვის ფსიქიკაზე რეკლამისა და ბოევიკების მავნე ზემოქმედების შესახებ. სურათების სწრაფი ცვლა, აგრესიული მუსიკა და აღნიშნულის შედეგი - ლამაზი ფრაზები და ბავშვის საუბარი რეკლამის ენით, კანფეტის, საღეჭი რეზინის და სათამაშოს მუდმივი მოთხოვნა. ძალადობის სცენები, რომლებიც ხშირად არა მარტო ფილმებში, არამედ მულტსერიალებშიც გვხვდება, ბავშვის აგრესიას და სისასტიკეს იწვევს.
ტიპური შეცდომები
შეცდომა #1. ჩვენ ტელევიზორს ვუყურებთ, ბავშვი კი იქვე თავისთვის თამაშობს. თუ ამ დროს პატარა მეორე ოთხშია და ოთახის კარიც მიხურულია, მართლაც ყველაფერი რიგზეა. თუ იქვეა, ოთახის კუთხეში, თავისთვისაც რომ თამაშობდეს, მაინც ისმენს და უყურებს ტელეეკრანზე მომხდარის სულ ცოტა ორ მესამედს და პრაქტიკულად ყველაფერს იმახსოვრებს.
შეცდომა #2. "ჩვენ არ ვანებებთ ბავშვს ყველაფრის ყურებას, მარტო მულტფილმებს და საბავშვო გადაცემებს ვურთავთ", - ამბობენ მშობლები. რა თქმა უნდა, დღეს ტელეარხების ფართო არჩევანია და შეიძლება საბავშვო გადაცემები ვიპოვოთ, მაგრამ ესეც არ არის გამოსავალი. ხშირად მულტფილმების ყურებაში ბავშვი მთელ დღეს ატარებს. ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, თუ ბავშვი შემეცნებით გადაცემებს უყურებს, ცოდნას დამოუკიდებლად შეიძენს, შეიძლება ენაც ისწავლოს. არც ეს შეხედულებაა სწორი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ტელეეკრანის დახმარებით პატარა ბავშვმა შეიძლება მხოლოდ ცალკეული სიტყვები გამოიცნოს, კარგი შედეგისათვის კი აუცილებელია რეგულარული მეცადინეობა უფროსების ხელმძღვანელობით. ისინი უნდა ეხმარებოდნენ პატარას, უხსნიდნენ გაუგებარ საკითხებს, აკონტროლებდნენ მასალის ათვისებას.
შეცდომა #3. მშობლები თვლიან, რომ თუ ბავშვს მუსიკისადმი აქვს მიდრეკილება, მისთვის მუსიკალური გადაცემების ყურება უბრალოდ აუცილებელია. თუ ბავშვს ცეკვა და სიმღერა უყვარს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში მას აუდიოჩანაწერები უნდა ჩავურთოთ და არა ტელევიზორი. მიუხედავად ერთი შეხედვით უვნებლობისა, სატელევიზიო კლიპები ფსიქიკაზე ზემოქმედების თვალსაზრისით რეკლამის ანალოგიურია. კაშკაშა კადრები ძალიან სწრაფად იცვლება და ბავშვიც მონუსხულივით შესცქერის ეკრანს. ამასთან ერთად, კლიპების სიუჟეტი იშვიათადაა საბავშვო, ისინი ხშირად შეიცავს ძალადობას და პატარებისთვის არასასურველ სცენებს. ყველაფერთან ერთად, ხშირად მუსიკალური გადაცემებიც უწყვეტი რეჟიმითაა ეკრანზე და ბავშვს თუ ნებას დავრთავთ, მთელი დღე-ღამე უყურებს მას.
შეცდომა #4. "ჩვენ ბავშვს მხოლოდ ხარისხიან, კლასიკად ქცეულ მულტფილმებს ვუჩვენებთ. სახლში საკმაოდ კარგი ვიდეოთეკა გვაქვს", - ასეთია ზოგიერთი მშობლის არგუმენტი. რა თქმა უნდა, ეს ოპტიმალური ვარიანტია, თუმცა ზომიერება აუცილებლად უნდა დავიცვათ. მიუხედავად მაღალი მხატვრული ღირებულებისა, დიდი ხნის განმავლობაში, შესვენების გარეშე ამ მულტფილმების ყურებაც დაუშვებელია, ეს ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს. რა თქმა უნდა, ყველა მშობელს აქვს სიტუაცია, როცა აუცილებელია რაღაც გავაკეთოთ ძალიან სწრაფად, დაუყოვნებლივ და ამ დროს გვჭირდება ბავშვები დავასაქმოთ. ასეთ დროს კარგი მულტფილმების კოლექცია მართლაც დიდ დახმარებას გაგიწევთ. ძალიან დიდია ცდუნება, რომ ამ მეთოდს ხშირად მივმართოთ, მაგრამ თუ თქვენთვის ძვირფასია შვილის ჯანმრთელობა უდავოდ უნდა სძლიოთ მას.