როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად თამაში
ზოგჯერ შვილის თხოვნას უმალვე ვეხმაურებით, ვიწყებთ კუბებისგან სახლის შენებას, ვაჭმევთ თოჯინას, ვეთამაშებით ძაღლს, მაგრამ ადრე თუ გვიან დგება წუთი, როცა გაისმის: ”წადი, შენ თვითონ ითამაშე!”
როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად თამაში? ამოცანა არცთუ ისე მარტივია. უპირველეს ყოვლისა, დავფიქრდეთ: რატომ გვინდა, ბავშვს დამოუკიდებლად თამაში ვასწავლოთ? იქნებ ვშიშობთ, რომ პატარა, რომელსაც მარტო თამაში არ შეუძლია, ვერც ცხოვრების სხვა ასპექტებში გამოიჩენს დამოუკიდებლობას? მართლაც, ბავშვი, რომელსაც მდიდარი ფანტაზია აქვს, შეუძლია, თამაშის სიუჟეტი მოიგონოს და განავითაროს, უფრო მეტად ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ და რეალურ ცხოვრებაშიც უფრო იოლად გამოამჟღავნებს კრეატიულ თვისებებს, ვიდრე ის პატარა, რომელსაც მუდამ უფროსები ართობენ.
იქნებ ბავშვის დამოუკიდებელი თამაშისკენ იმიტომ ვისწრაფვით, რომ მეტი თავისუფალი დრო დაგვრჩეს? არც ეს სურვილია არაბუნებრივი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იმისთვის მაინც უნდა მოიცალოთ, რომ პატარას დამოუკიდებლად თამაში ასწავლოთ. თავდაპირველად ეს უფრო ძნელი იქნება, ვიდრე თვით თამაში, მაგრამ თუ შეასრულებთ მარტივ წესებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ შედეგი არ დააყოვნებს.
- სტიმული მიეცით ბავშვის ინტერესს სხვადასხვა საგნის მიმართ. დართეთ ნება, გააღოს, შეძვრეს, მისწვდეს... ჩვენ საკუთარ ინტერესებზე ვფიქრობთ და ბავშვს ამის უფლებას იშვიათად ვაძლევთ - უჯრას თუ მისწვდა, მისი შიგთავსი ხომ სულ მალე იატაკზე აღმოჩნდება! ჩვენი აკრძალვის შედეგად კი ბავშვი მალე გადაეჩვევა ინიციატივის გამოვლენას, დაკარგავს დამოუკიდებლად თამაშის ინტერესს და სამყაროს აქტიური მკვლევარის ნაცვლად მოვლენათა პასიურ დამკვირვებლად იქცევა.
- თუ გსურთ, პატარას დამოუკიდებლად თამაშის უნარი განუვითარდეს, მიეცით სათამაშო, რომელიც ამის საშუალებას მისცემს. დედაშვილობანა, ისევე როგორც სხვა თამაშები, რომლებიც ორი ადამიანის მონაწილეობას მოითხოვს, ამ თვალსაზრისით გამოუსადეგარია. დამოუკიდებლობის თავისებურ "ტრენაჟორებად" შეიძლება იქცეს კუბები, მოზაიკა, კონსტრუქტორები და ის "სათამაშოები", რომლებიც სინამდვილეში სათამაშოები სულაც არ არიან. მაგალითად, ერთ წლამდე ასაკში თითქმის ყველა ბავშვი უსაზღვრო ინტერესს განიცდის ჭურჭლის მიმართ: პატარა ქვაბი ხომ შეიძლება დიდში ჩადო, თავსახური დაახურო და ახმაურო კიდეც! ეცადეთ, საკუთარი ლექსიკონიდან ამოიღოთ ფრაზა "ეს სათამაშო არ გეგონოს!" ბავშვი ირგვლივ არსებულ ნივთებს სულ სხვანაირად აღიქვამს. ის სამყაროს თამაშის დროს შეიცნობს, ამიტომ ის, რაც ჩვენთვის ყოველდღიური მოხმარების საგნებია, მისთვის სათამაშოები გახლავთ. ისღა დაგვრჩენია, ამ გარემოებას შევურიგდეთ და პატარას უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ - დაგვეთანხმებით, წვეტიანი საგნებით თამაში ნამდვილად არ შეიძლება.
- ბავშვს უნდა ასწავლოთ თამაში ნამდვილი სათამაშოებით. სათამაშო პირველ რიგში ასაკის შესაფერისი უნდა იყოს. მაგალითად, კონსტრუქტორი, რომელსაც მრავალი პატარა დეტალი აქვს, არ შეიძლება ვუყიდოთ 2-3 წლის ბავშვს - დიდია ალბათობა, რომ პატარა მის რომელიმე ნაწილს პირისკენ გააქანებს. თავსატეხი, რომელზეც რთული ნახატია გამოსახული და რომლის აწყობა თქვენც კი გიჭირთ, ბავშვს მხოლოდ გააბრაზებს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა სათამაშო ასაკის შესაფერისია, გარკვეული დრო უნდა დახარჯოთ, რათა პატარას მისი დანიშნულება აუხსნათ და თამაში ასწავლოთ. უმჯობესია, კუბებისგან სასახლე პირველად ერთად ააშენოთ, მერე კი ორივემ ცალ-ცალკე `იმუშაოთ~. მალე პატარა მშენებელი კოშკს თავისით ააგებს. ბავშვს არასოდეს უთხრათ უარი დახმარებაზე, მაგრამ არც ყურადღებით მოაბეზროთ თავი.
ლექსიკონიდან ამოიღეთ შემდეგი სიტყვებიც:"ნახე, როგორ უნდა ითამაშო!", "შენ ვერ გააკეთებ" და ასე შემდეგ. უმჯობესია, ბავშვს უთხრათ: "მოდი, ასე ვცადოთ!", "ყოჩაღ, უკვე გამოგდის!" არ დაივიწყოთ ბავშვის ნახელავით აღფრთოვანების გამოხატვა.
-
განუვითარეთ ბავშვს ფანტაზია. თამაში შემოქმედებითი პროცესია. მის საფუძველს სიუჟეტის განვითარება წარმოადგენს. რაც უფრო მდიდარი წამოსახვის უნარი აქვს ბავშვს, მით უფრო საინტერესოა მისთვის თამაში. თუ ამ ფსიქიკური ფუნქციის განვითარებას შეძლებთ, ბავშვს არასოდეს ექნება მარტო თამაშის პრობლემა. ის ადვილად მოიგონებს სიუჟეტს და ამ მიზნით სრულიად ჩვეულებრივ საგნებსაც გამოიყენებს.