მზრუნველობას მოკლებული ბავშვები
XIX საუკუნის დამლევს ხშირად ხმარობდნენ სიტყვას “ჰოსპიტალიზმი”, რომლითაც ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების სხვადასხვა თავისებურებას აღნიშნავდნენ. ეს თავისებურებები ახასიათებდათ ბავშვებს, რომლებმაც დიდი ხანი გაატარეს, მაგალითად, თავშესაფარში ან საავადმყოფოში. მათ ხასიათის სპეციფიკური დარღვევები არ ეტყობოდათ, მაგრამ თუ მათ ქცევაში იყო კიდეც რაიმე გადახრა, ეს, უპირველესად, აიხსნებოდა ბიოლოგიური ფაქტორებით, რომლებიც ემთხვეოდა არახელსაყრელი სოციალური გარემოს ზემოქმედებას და ქმნიდა პიროვნული თავისებურებების რთულ სურათს. შვეიცარიელმა ფსიქოლოგებმა მარია მაიერჰოფერმა და ვილჰელმ კელერმა ჩაატარეს გამოკვლევა თავშესაფარში მცხოვრები ბავშვების ფსიქიკური განვითარების შესასწავლად. ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს 7-დან 14 წლამდე ასაკის 450-ზე მეტი ბავშვის განვითარება. მათ აინტერესებდათ, რატომ მოხვნენ ეს ბავშვები თავშესაფარში, ვინ იყვნენ მათი მშობლები, რა გავლენა მოახდინა ბავშვთა განვითარებაზე უდედმამობამ და ა.შ. რა გამოირკვა? მხოლოდ ორ შემთხვევაში იყო თავშესაფარში ბავშვის მოთავსების მიზეზი მშობლების ავადმყოფობა; ყველა დანარჩენი ბავშვი “უკანონოდ შობილი” იყო ან მშობლებს საერთოდ არ უნდოდათ მათი აღზრდა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ეს ბავშვები კანონიერი ქორწინების გარეშე დაიბადნენ ან მშობლებმა უარყვეს, არამედ ისიც, რომ მათ თავის ტვინის მემკვიდრეობითი დაზიანებები ჰქონდათ. გამოირკვა, რომ მშობელთა თითქმის 50 პროცენტი დაავადებული იყო მძიმე ალკოჰოლიზმით, გონებასუსტობით, ფსიქიკურად, ეწეოდა პროსტიტუციას, სჩადიოდა დანაშაულს. გარდა ამისა, ბავშვების დაახლოებით ნახევარი მძიმე ორსულობისა და მშობიარობის შედეგად დაიბადა და თავშესაფარში უკვე ფსიქიკური პათოლოგიით მოხვდა, მათი ნაწილი კი იქ სწორედ იმიტომ აღმოჩნდა, რომ მშობლებმა იცოდნენ პათოლოგიის შესახებ და არ სურდათ ეტვირთათ აშკარად დეფექტური ბავშვის აღზრდა. ამრიგად, მაიერჰოფერისა და კელერის მიერ გამოკვლეული ბავშვები მკვეთრად განსხვავდებოდნენ თავშესაფრებში მცხოვრები იმ ბავშვებისგან, რომელთაც აღწერდნენ XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის პირველ ნახევარში - ბავშვებისგან, რომელთა მშობლებიც დაიღუპნენ ომის დროს, დაიხოცნენ ეპიდემიისგან ან იძულებულნი გახდნენ, სიღარიბის გამო შვილები თავშესაფარში მიებარებინათ. ბავშვები, რომლებიც ჩვენს დროში გამოიკვლიეს, თავშესაფარში უმთავრესად იმის გამო აღმოჩნდნენ, რომ დაიბადნენ ფსიქიკურად და სოციალურად არასრულფასოვანი მშობლებისგან, მრავალ მათგანს ნერვული სისტემის ადრეული ორგანული დაზიანების აშკარა ნიშნები ჰქონდა. ინგლისელმა მეცნიერმა ჯოზეფ ბოულბიმ დაწერა წიგნი “დედობრივი მზრუნველობა და ფსიქიკური აშლილობანი”. ამ წიგნში სამედიცინო-პედაგოგიურ განსაზღვრებად გამოყენებულია ტერმინი “დედობრივი მზრუნველობის მოკლება”, რომელიც ფართოდ გავრცელდა. ბოულბი დიდხანს მუშაობდა დედებთან არასრულფასოვანი კონტაქტის პირობებში მცხოვრები ბავშვების განვითარების პრობლემაზე. იგი განსაკუთრებით ინტენსიურად შეისწავლიდა ბავშვთა სახლებსა და თავშესაფრებში მცხოვრები ბავშვების განვითარებას. თუ შევაჯამებთ მისი მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების მონაცემებს, ისინი პირობითად შეიძლება შემდეგნაირად გამოიხატოს:
- ბავშვის ხასიათის სწორად ჩამოყალიბებისთვის, მისი ჰარმონიული განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დედასთან კონტაქტს; დედას ვერავინ შეცვლის, თუნდაც ყველაზე უკეთესი საბავშვო დაწესებულება.
- დედას ძალდატანებით დაშორებული ბავშვის ქცევაში ბოულბი გამოყოფს ერთიმეორის მომდევნო ფაზებს: პროტესტის ფაზას, სასოწარკვეთის ფაზას, ძალაუნებური შემრიგებლობის ფაზას.
- დედასთან განშორება უკვალოდ არასოდეს ჩაივლის. ბოულბის აზრით, ბავშვი შეიძლება გაიზარდოს სასტიკი, შურისმგებელი, კაცთმოძულე. ამრიგად, უდავოა მხოლოდ ერთი რამ: ბავშვის ხასიათის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია დედობრივი მზრუნველობა. მაგრამ როგორი უნდა იყოს ის, რით უნდა გამოიხატოს, ჯერ კიდევ სადავოა.
როგორი დამოკიდებულება აქვთ თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებს მშობლებთან? ეს დამოკიდებულება გაორებულია. ბავშვებს, რომლებიც უდედოდ ცხოვრობენ, შემონახული აქვთ მათ მიმართ სიყვარულიც და სიძულვილიც. ნებისმიერ საზოგადოებაში არიან ობლები, ბავშვები, რომელთა დედ-მამას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, ბავშვები, რომლებზეც მშობლებმა უარი თქვეს. ნაცნობ-ნათესავებისაგან მათ ხშირად ესმით საწყენი სიტყვები მშობლების მისამართით, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ რაც უფრო მეტს ლანძღავენ მათ, მით უფრო უყვართ ისინი, მითებს კი არ ჰყვებიან განსაცდელში ჩავარდნილ, უბედურ მშობლებზე - მხოლოდ უანგაროდ უყვართ და ეს სიყვარული არავითარ ახსნას არ საჭიროებს. რომ იცოდნენ მშობლებმა, როგორ ენატრებათ ისინი ბავშვებს, რომლებიც ადვილად გაწირეს ანდა სულაც დაივიწყეს... პარადოქსია: საზოგადოება შეუფერებელი საქციელისთვის ახდენს ზრდასრული ადამიანების იზოლაციას, ართმევს მათ მშობლის უფლებას, მაგრამ რჩებიან მათი შვილები - ერთადერთნი ამქვეყნად, რომლებიც ინარჩუნებენ ამ უღირსი ადამიანებისადმი ერთგულებას.