დედასთან განშორება
რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის დედასთან თუნდაც ერთი-ორი კვირით განშორება? რა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი ამ დროს?
გსურთ, არდადეგები ბავშვის გარეშე გაატაროთ. მით უმეტეს, დამტოვებელიც არსებობს - ბებიასა და ძიძასთან ყოფნას პატარა შეჩვეულია. როცა ბავშვს ძუძუს აწოვებთ, იოლი მისახვედრია, რომ შორს ვერ გაემგზავრებით. რაც შეეხება ორი წლის ასაკს, აქ საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. ზოგი ბავშვი ამ ასაკში საკმაოდ დამოუკიდებელია და დედასთან განშორებას დიდ ტრაგედიად არ აღიქვამს, ზოგი კი სამი წლის ასაკშიც მტკივნეულად განიცდის უდედობას. 3-4 წლის ასაკში კი პრობლემა იშვიათად იჩენს თავს. ამ ასაკის ბავშვებს კარგად ესმით, რომ დედა სამუდამოდ არ მიემგზავრება, რომ მალე დაბრუნდება და ლამაზ საჩუქრებს ჩამოუტანს.
მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გამგზავრება ბავშვისათვის უსიამოვნო სიურპრიზად არ იქცეს - ის ამას თანდათანობით უნდა შეაჩვიოთ. ბავშვებს არ უყვართ ცვლილებები, მით უმეტეს, მოულოდნელი. უსიამოვნო ინფორმაცია მათ მეხივით არ უნდა დაატყდეთ თავს. ადრიანად შეამზადეთ პატარა იმისათვის, რომ მცირე ხანს უთქვენოდ ყოფნა მოუწევს.
გამგზავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე უთხარით, რომ წასვლას აპირებთ. აჩვენეთ რუკაზე, სად მიდიხართ, უთხარით, ვისთან მოუწევს დარჩენა, როგორ იცხოვრებს თქვენ გარეშე. დაუგეგმეთ საინტერესო ღონისძიებები, მაგალითად, ზოოპარკში ან კინოში წასვლა, მეგობრებთან ერთად სეირნობა. რაკი თქვენ დასასვენებლად მიემგზავრებით, თქვენს პატარასაც უნდა ჰქონდეს გასართობი. მას მოსაწყენად არ უნდა ეცალოს, რათა არ დასევდიანდეს და თქვენზე არ იდარდოს. შვილი აუცილებლად გკითხავთ, რატომ არ მიგყავთ იგი თან. მისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ თქვენ მისი ცუდი საქციელის გამო არ მიდიხართ, მას დასჯის მიზნით არ ტოვებთ მარტო.
გასაგებად აუხსენით, რომ ყველა დედას აქვს მარტო დარჩენის სურვილი. დაარწმუნეთ პატარა, რომ თქვენ აუცილებლად დაბრუნდებით. განშორება ნუ შეგაშინებთ. მთავარია, ბავშვმა იცოდეს, რომ დედა აუცილებლად დაბრუნდება.
რამდენიმე ინსტრუქცია
თუ გამგზავრებას გადაწყვეტთ, დაუტოვეთ ბებიას ან ძიძას მითითებები ყოველგვარი სიტუაციისთვის. ფურცელი, რომელზეც მითითებები იქნება ჩამოწერილი, დადეთ გამოსაჩენ ან ადვილად მისაგნებ ადგილას:
- ჩამოთვალეთ, რა ეკრძალება ბავშვს. მაგალითად, ფანჯრის რაფაზე აძვრომა, გაზქურის ანთება, დღეში ერთზე მეტი შოკოლადის შეჭმა;
- ჩამოთვალეთ მოქმედებები, რომლებიც სხვა ოჯახებში აკრძალულია, თქვენთან კი - არა. მაგალითად, თუ ბავშვი ჩვეულებრივ მიირთმევს არა სამზარეულოში, არამედ თავის ოთახში, ეს აუცილებლად აღნიშნეთ;
- ჩამოწერეთ დღის რეჟიმი, რომელსაც ის შეჩვეულია;
- მიუთითეთ ტელეფონის ნომრები, რომლებიც საჭიროა გადაუდებელი შემთხვევების დროს, მაგალითად, სამაშველო სამსახურისა ან ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმისა;
- მიუთითეთ ადგილი, სადაც ინახება ბავშვის საბუთები და ფული;
- მიუთითეთ იმ ნათესავის, მეგობრის ტელეფონის ნომერი და მისამართი, ვისაც შეიძლება საჭიროების შემთხვევაში დახმარება სთხოვონ.
იმისთვის, რომ საქმის კურსში იყოთ, რა ხდება სახლში, როგორ არის ბავშვი, შეუთანხმდით ბებიას ან ძიძას, როდის დაურეკავთ (ან დაგირეკავენ). დღე-ღამეში ერთ-ორ ჯერზე მეტად დარეკვა არ არის საჭირო. თუ ტელეფონზე ჩამოეკიდებით, ვერც დასვენებას მოახერხებთ და შინ დარჩენილებსაც ანერვიულებთ. იფიქრეთ იმაზეც, რომ დროა, ბავშვი დამოუკიდებლობას შეეჩვიოს.
თუ საშუალება გაქვთ, განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება ბავშვთან ინტერნეტკავშირის დამყარებაც. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გარდა დედისა, მას ჰყავს ძალიან ახლობელი ადამიანები: ბებია და ბაბუა, რომლებსაც ის ძალიან უყვართ და მუდამ იზრუნებენ მასზე. რაც უფრო ხშირი კონტაქტი აქვს პატარას ბებიასა და ბაბუასთან, მით უფრო გაწონასწორებული და სოციალურად ადაპტირებულია იგი: უფროსი ნათესავები მას სტაბილურობის განცდას უღვივებენ.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა
შოტლანდიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ როცა ბავშვი საბავშვო ეტლში სახით წინ ზის, ეს მავნებელია მისი ფსიქიკისთვის. უფრო მეტიც - ამუხრუჭებს მის განვითარებას. ბავშვი, რომელიც მოკლებულია დედასთან ვიზუალურ კონტაქტს, უფრო ნერვიული იზრდება და ხშირად ავადმყოფობს.