მშობლების მიერ გაუცნობიერებლად დაშვებული 10 შეცდომა
ყველა დედას სურს შვილი სწორად აღზარდოს, ჰქონდეს მას ბედნიერი ბავშვობა. ბავშვები იზრდებიან, იცვლებიან და ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება პრობლემები. ხშირ შემთხვევაში, მშობლებს უჭირთ მათთან გამკლავება და გაუცნობიერებლად უშვებენ შეცდომებს.
ბავშვის სწორად აღზრდაზე საუბრობს ნეიროფსიქოლოგი - ლილე ხაზაიშვილი. ის გაგვაცნობს იმ 10 შეცდომას, როლებსაც მშობლები გაუცნობიერებლად უშვებენ ბავშვის აღზრდისას:
1. გვავიწყდება, რომ საუკეთესო ქცევითი მოდელი თვითონ მშობელია: ხშირად მშობლები მოგვმართავენ ბავშვის ქცევითი და ემოციური სირთულეების გამო, მაგალითად, იმიტომ, რომ ბავშვმა არ იცის ემოციების მართვა, უხეში და ზედმეტად ფამილარულია, აგრესიული ან არაორგანიზებულია. თუ ბავშვების მშობლებს ვკითხავთ, თვითონ როგორ უკუკავშირს აძლევენ ბავშვს ან როგორ მოქმედებენ მსგავს სიტუაციაში, შესაძლოა იგივე პრობლემები საკუთარ თავზეც მოჰყვნენ. ყველაზე ბანალური მაგალითი რომ ავიღოთ, ვთხოვთ ბავშვს წაიკითხონ წიგნები, ჯანსაღად იკვებონ ან არ მოსწიონ სიგარეტი, როცა ამას თვითონ მშობლები აკეთებენ. ბავშვის ქცევის ცვლილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ქცევის ცვლილება, რომ ბავშვს ჰქონდეს ქცევის სწორი მოდელი. თეორიულად და მხოლოდ მორალის კითხვით ბავშვს ჩვენთვის იდეალურ ქცევებს ვერ დავასწავლით, იფიქრეთ იმაზე, რა მაგალითს აძლევთ შვილებს!
2. ვთხოვთ პირველობას: მშობლები ამაყობენ შვილების წარმატებით და ეს ბუნებრივია, თუმცა ის მესიჯები, რასაც ურთიერთობის პროცესში შვილებს ვაწვდით, ბავშვს უჩენს განცდას და აზრს, რომ ყოველთვის პირველი უნდა იყოს, მხოლოდ ასე თუ დაიმსახურებს მშობლის, საზოგადოების შექებას და სიყვარულს. შედეგად ვიღებთ მომატებულ შფოთვას, შიშებს, დაბალ თვითშეფასებას. პარადოქსია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბავშვი ბოლოს ნაკლებად წარმატებული და რეალიზებულია, რადგან მას ეშინია წაგების და შეცდომების დაშვების.
შეცდომა სწავლის, განვითარების პროცესის ბუნებრივი ნაწილია, სიხარულით არავინ ეგებება მას, თუმცა საკმარის ძალას პოულობენ ბავშვები, შეცდომისგან ისწავლონ და განვითარება განაგრძონ. თუ ძალიან დიდი პრეტენზიები გვაქვს ბავშვთან, ამ უნარის განვითარებას, პირიქით, ხელს ვუშლით, რადგან შფოთვისა და შიშის გამო ისინი გაუბედავები ხდებიან.
3. მხოლოდ შედეგზე და არა პროცესზე აქცენტირება - ხშირად მშობლები მოითხოვენ, ბავშვები გამუდმებით სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებში იყვნენ ჩართულები. ძალიან ხშირია სასკოლო ტურები და ოლიმპიადები, ზოგჯერ კომიკურ ხასიათსაც კი იღებს, ბავშვები ლამის ყოველ კვირას რაღაც ტურზე გადიან. მშობელი ამაყობს მიღწევებით, სახლში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ათავსებენ სერტიფიკატებს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მშობლისა და შვილის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა მხოლოდ ამ შედეგებზეა დამყარებული. არ ვაფასებთ იმ დროსა და ენერგიას, რასაც ბავშვი შედეგისთვის ხარჯავს. ჯობს იმის აღნიშვნა, რა გააკეთა ბავშვმა კარგი შედეგის მისაღწევად, რამდენად გაისარჯა, აჩვენა თუ არა თავისი შესაძლებლობები სრულად და არა მხოლოდ იმისა, რა ქულა მიიღო და მოიპოვა თუ არა საპრიზო ადგილი.
4. სჯერათ, რომ მათი შვილები უნაკლოები არიან - სამწუხაროდ, ბავშვები ძალზე იშვიათად თვლიან მშობლებს თანამოაზრეებად, მაგალითად, სკოლაში არსებული სირთულეების, ბულინგისა თუ სხვა პრობლემების დროს. ისინი თავად ცდილობენ პრობლემების მოგვარებას და ხშირად საშიშ გზებს მიმართავენ.
მშობლებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ მათი შვილები შეიძლება დაიჩაგრონ და თავი ვერ დაიცვან, რომ რაღაცის გამო მათ შეიძლება დასცინონ ან, პირიქით, მათმა შვილებმა სხვა დაჩაგრონ. მნიშვნელოვანია ბავშვის უარყოფითი მხარეების მიღება, თუ ამჩნევთ, რომ თქვენი შვილი აგრესიულია, ამაზე მას უნდა ესაუბროთ და ბრაზის მართვის მეთოდებიც ერთად მოიძიოთ.
5. ზრდიან შვილებს, როგორებიც უნდათ და არა ისეთებს, როგორებიც ისინი არიან - შვილებს დიდ ტვირთად აწევთ მშობლების განუხორციელებელი ოცნებები. შეეცადეთ, ბავშვი იმ მიზნების აღმსრულებლად არ აქციოთ, რასაც თავად ვერ მიაღწიეთ, არამედ გაითვალისწინეთ მისი მისწრაფებები, მიდრეკილებები, რას გააკეთებს ბავშვი ნამდვილად ენთუზიაზმითა და მონდომებით.
6. ყველაფრის უფლებას აძლევენ ან ყველაფერს უშლიან - აღზდის პროცესი კომპრომატების ძიებაა მინდასა და უნდას შორის. ბევრი რამე, რაც სასარგებლოა, არაა სასურველი, მაგალითად, ბოსტნეულის ჭამა, ისეთ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელიც არ მოგვწონს, ჩვენი საყვარელი სათამაშოს გათხოვება და ა.შ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თითოეულ გადაწყვეტილებას, თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი და განსაზღვროს პრიორიტეტები. ამ პროცესში უნდა შეეძლოს როგორც საკუთარი თავის გამოხატვა, ისე სხვისი სურვილის გათვალისწინება. მაგალითად, თუ უნდა სათამაშოები გადმოყაროს ან ტალახში გასვაროს, უნდა იცოდეს, რომ შემდეგ თავად უნდა აალაგოს და დაასუფთაოს. თუკი არ უღირს სათამაშოების გარეცხვა, მაშინ არც უნდა გადმოყაროს და ა.შ. ჩვენ აპრიორი არ უნდა მივცეთ მას ამის უფლება ან არ უნდა დავუშალოთ, შევთავაზოთ კომპრომისული, შუალედური არჩევანი.
7. საუბრობენ ბავშვების მაგივრად - საჯარო სიტუაციაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვს არ აძლევს მშობელი უფლებას გამოხატოს თავისი აზრი და თვითონ სცემს პასუხებს ბავშვისთვის დასმულ კითხვებს, ან ბლოკავს ბავშვის ინიციატიას, ინტერესს და სთხოვს გაჩუმდეს. ამით ის ბავშვს გაუბედაობას, საკუთარი თავის მიმართ ეჭვებსა და დაბალ თვითშეფასებას უნერგავს.
8. ეხმარებიან ყველაფერში - ჩვენთან ბავშვებს განსაკუთრებით უგვიანდებათ ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურების სწავლა, ზოგჯერ 10 წლის ბავშვმაც კი არ იცის, როგორ ჩაიცვას და გაიხადოს სწაფად, ან როგორ მოუაროს საკუთარ ნივთებს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამას ის ისედაც ისწავლის დროთა განმავლობაში, მაგრამ ასე არაა. შეიძლება ბევრი ზრდასრული კაცი გაგახსენდეთ ამის მაგალითად. რომც ისწავლოს, ის კარგავს უნიკალურ დროს, ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება და შეიძინოს დამოუკიდებლობისათვის საჭირო ემოციური და ქცევითი უნარები.
9. ყიდულობენ ყველაფერს - თუ მშობელს აქვს საშუალება, ხშირად ბავშვისთვის ყველაფერს ყიდულობს, რაც მას მოუნდება. ამით ბავშვს ეკარგება სათამაშოთი ან ნებისმიერი სიურპრიზით აღფრთოვანების უნარი. მაშინაც კი, როცა მშობელს გააჩნია ფინანსური რესურსი, ჯობს ბავშვს სურვილის გადავადება ასწავლოს, ნივთის შესაძენად საჭირო ფული ნელ-ნელა მისცეს, რომ ბავშვმა ისწავლოს შეგროვება, არჩევანის გაკეთება - დღეს დახარჯოს თუ შეინახოს თანხა, ნებისყოფისა და იმპულსის შეკავების უნარი განუვითარდეს.
10. განვითარების სირთულეების უგულებელყოფა - პირად პრაქტიკაში ხშირად შემხვედრია შემთხვევები, როდესაც მშობელი ცხადად ამჩნევს ბავშვის განვითარების სირთულეებს, ხედავს, რომ, მაგალითად, სამი წლის ასაკში ბავშვი ან საერთოდ ვერ ამბობს სიტყვებს, ან ძალიან მწირი ლექსიკური მარაგი აქვს, ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას. ამ დროს მშობელი ცდილობს თავი დაიმშვიდოს, გვიანი მეტყველება მხოლოდ გენეტიკურ ფაქტორებს დააბრალოს, ქცევისა და ემოციური სირთულეები კი მის ხასიათს - სიზარმაცეს, სიჯიუტეს და ა.შ.
პრობლემის უარყოფა ის სტრატეგიაა, რასაც ყველა მივმართავთ ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. როცა მშობელი თავის დასამშვიდებლად ობიექტურ რეალობას უარყოფს, ეს მისი უფლებაა, თუმცა ჩვენი დარგის პროფესიონალების ვარდებულებაა, მშვიდად და ფრთხილად მივუთითოთ მათ ბავშვის სირთულეებზე, უპირველესად იმისათვის, რომ პატარა არ დაზიანდეს, სპეციალისტების ყურადღება არ მოაკლდეს და კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს მისი მდგომარეობა.