დამსახურებული ქება
ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სასჯელი მაშინ არის ეფექტური, როცა ის იშვიათი და მოულოდნელია და, რაც მთავარია, სწორედ ქების ფონზე მიმართავენ. მშობლები ყურადღებას უმთავრესად შვილის ნაკლოვანებათა გამოსწორებას უთმობენ, ბავშვისთვის კი გაცილებით სასიამოვნო და შედეგიანია აღზრდა დადებითი ემოციების დახმარებით. აკრძალვა, შენიშვნა და სასჯელი უკიდურესი ზომა უნდა იყოს.
ზოგიერთი მშობელი განზრახ არ ამჩნევს შვილის წარმატებებსა და ღირსებებს, რადგან ეშინია, ზედმეტი ქებით ბავშვი არ "გააფუჭოს".სინამდვილეში კი აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია როგორც სასჯელი, ასევე ქება. მიუხედავად ამისა, უფროსები ხშირად ვერც კი ამჩნევენ პატარას იმ საქციელს, რომელიც ქებას იმსახურებს. თუ ბავშვი კარგად მოიქცა ან რამე ახალი ისწავლა, ამას უფროსები გულგრილად ხვდებიან - მიიჩნევენ, რომ ასეც უნდა იყოს. ამავე დროს, ბევრს მიაჩნია, რომ ბავშვის ქებას სულაც არ სჭირდება განსაკუთრებული ცოდნა. სინამდვილეში ასე არ არის. მაშ, რისთვის და როგორ უნდა შევაქოთ ბავშვი?
შექება ძალისხმევისთვის
აუცილებლად უნდა შევამჩნიოთ და წავახალისოთ ბავშვის ყოველგვარი ძალისხმევა, მიზნის მიღწევის მცდელობა. არ არის მნიშვნელოვანი, როგორი შედეგი გამოიღო ამან; მთავარია, არ გამოგვრჩეს ძალისხმევა, სწორი ზნეობრივი საქციელი. საქმე ის არის, რომ ზოგიერთ ბავშვს მცირე შედეგის მისაღებადაც კი დიდი ძალისხმევა სჭირდება, ამიტომ ის დადებითი ემოციის გარეშე არ უნდა დავტოვოთ. ფაქტი, რომ თქვენ მისი თუნდაც მცირე მიღწევა აღნიშნეთ, პატარას წარმატების, სიხარულის, შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილების შეგრძნებას მოუტანს, რაც თავისთავად დიდი ჯილდოა.
სამწუხაროდ, მშობლები ყოველთვის სწორად არ იყენებენ შექებას და ბუნებრივი მიზეზშედეგობრივი კავშირით ხელმძღვანელობენ. მაგალითად, თუ პატარამ სათამაშოები აალაგა, კანფეტს მისცემენ, თუ ათიანი მიიღო, სახარჯო ფულს აჩუქებენ. შედეგად კი ბავშვი მიეჩვევა, შეასრულოს ესა თუ ის სამუშაო ან ისწრაფოდეს ამა თუ იმ შედეგისკენ მხოლოდ მატერიალური ჯილდოს ხათრით. ასეთი ჯილდო შესაძლოა ყოველთვის არ გვქონდეს ხელთ, მაგრამ დაუწერელი კანონი, რომელიც თქვენვე უნდა დაამკვიდროთ, მას აუცილებლად მოითხოვს. არ შეიძლება, ჯილდოდ ბავშვი დაკისრებული მოვალეობისგან გავათავისუფლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყოველგვარ შრომას უსიამოვნო მოვალეობად მიიჩნევს და დაკარგავს შესრულებული სამუშაოთი მოგვრილი სიხარულის შეგრძნებას.
ბავშვს უნდა ესმოდეს: მნიშვნელოვანია არა მარტო შედეგი, არამედ მისი მიღწევისას შესრულებული სამუშაოც. წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის მთავარი სტიმული ქება იქნება და არა შინაგანი სიამოვნება, ჯილდოს მიღება უფრო გაახარებს, ვიდრე სირთულეთა გადალახვის პროცესი.
როგორ შევაქოთ ბავშვი, რომ მას სიამოვნებას ჰგვრიდეს არა ჯილდო, არამედ თვით მუშაობის პროცესი?
აუცილებელია, ხაზი გავუსვათ ბავშვის სიხარულს სირთულეთა გადალახვის გამო. ეს შთააგონებს პატარას, შესძენს საკუთარი თავის რწმენას, გაუღვივებს ახალი წარმატებების მიღწევის სურვილს.
მაშ, როგორ წავახალისოთ ბავშვი, თუ არა საჩუქრითა და არასასიამოვნო მოვალეობებისგან გათავისუფლებით?
წახალისების მიზნით შეიძლება ბავშვს დავაკისროთ საპატიო მოვალეობა, მაგალითად, ყვავილების მორწყვა ან მამასთან ერთად მანქანის მოწესრიგება. ბავშვისთვის ეს საკმაოდ სერიოზული თამაშია, საპასუხისმგებლო მოვალეობაა, რომელსაც, ჩვეულებრივ, უფროსები ასრულებენ, მაგრამ ახლა მას ანდეს. პატარა ბავშვი მთელი არსებით შეეცდება, გაამართლოს მისდამი გამოჩენილი ნდობა. დროთა განმავლობაში ეს მოვალეობები შეიძლება შევცვალოთ სხვა, უფრო რთული დავალებებით, რომელთაც ბავშვები კვლავ დიდი ხალისით შეასრულებენ, თუ მათ აღიქვამენ არა იძულებად, არამედ საპატიო მოვალეობად.
წახალისების ერთ-ერთი სახეა ბავშვის უფლებათა გაფართოება, მაგრამ მანამდე მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად შეუძლია ამა თუ იმ მოვალეობის შესრულება ბავშვს.
ასაკისთვის შეუფერებელი მოვალეობა ბავშვს არ უნდა დავაკისროთ. მთავარია მივაღწიოთ იმას, რომ აღზრდის შედეგად გაიზარდოს ბავშვის პირადი პასუხისმგებლობისა და თვითკონტროლის გრძნობა, განმტკიცდეს ის წარმატებები, რომლებიც პატარას უკვე აქვს. წახალისების ერთ-ერთი ფორმაა მადლიერებაც. მშობლები უნდა ამჩნევდნენ ბავშვის მიერ გამოვლენილ სინაზეს, სიკეთეს ახლობლების მიმართ, ზნეობრივ საქციელს რთულ სიტუაციაში. ეს აუცილებელია მისი ნორმალური განვითარებისთვის.
ალერსი, კოცნა, მოფერება, ოღონდ ზომიერი, წახალისების მისაღები ფორმაა ნებისმიერ ასაკში. რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ინდივიდუალური ურთიერთდამოკიდებულება. ზომიერება აუცილებელია, რადგან ზედმეტი ქების შემთხვევაში ბავშვმა შესაძლოა თავი აარიდოს რთულ ამოცანებს, ეცადოს, ქება მიიღოს უფრო იოლი გზით და, რაც მთავარია, შესაძლოა გაუჭირდეს ადაპტაცია ოჯახის გარეთ.
მხოლოდ ინდივიდუალობის გათვალისწინებით!
წახალისების მეთოდის არჩევა თითოეული ბავშვისათვის მის უნარზე, ასაკობრივ თავისებურებებსა და ინდივიდუალურ თვისებებზეა დამოკიდებული. უნდა გავითვალისწინოთ პატარას ფსიქოლოგიური ინდივიდუალობა, ნერვული სისტემის ტიპი, ტემპერამენტი და უკვე შეძენილი პიროვნული თვისებები.
პიროვნების რა ძირითადი ტიპები არსებობს და შექების რომელი ფორმაა მათთვის ყველაზე მეტად მისაღები?
პირველი ტიპია გაუბედავი, მშიშარა ბავშვი. ის მეტი ხალისით აქტიურობს არა მარტო, დამოუკიდებლად, არამედ უფროსების, ანდა უფრო დიდი ან მოხერხებული ბავშვების ხელმძღვანელობით. ამ ტიპის ბავშვები უმნიშვნელო მიზეზის გამოც კი ღელავენ, დარდობენ, ვაითუ თავი ვერ გაართვან ამოცანას. რაიმე სამუშაოს წარმატებით შესრულებისას ისინი ცდილობენ აღნიშნონ, რომ სხვები მას უკეთ შეასრულებდნენ. ასეთი ბავშვები უფრო იოლ სამუშაოს ამჯობინებენ, რადგანაც ეშინიათ ხელის მოცარვის და ხშირად სჭირდებათ გეზის მიმცემი პიროვნება.
ასეთი ბავშვების შექება და წახალისება აუცილებელია. არ შეიძლება, უყურადღებოდ დავტოვოთ მათი თუნდაც უმნიშვნელო მიღწევები. ქებით შეიძლება ასეთ ბავშვს შთავაგონოთ საკუთარი ძალების რწმენა. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ პატარას შესაძლებლობებიც. ასეთი ბავშვები წინასწარაც კი შეიძლება შევაქოთ, რათა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა განვუმტკიცოთ.
მეორე ტიპის ბავშვები მოწესრიგებულები და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობის პატრონები, თითქმის პედანტები არიან. ისინი მიისწრაფვიან, ნებისმიერი საქმიანობისას მაქსიმალური შედეგი მიიღონ. შეცდომა მათთვის მიუღებელია და თუ ასეთი რამ მოუვიდათ, მეტისმეტად განიცდიან. ამ ტიპის ბავშვები ცდილობენ, ყველაზე რთულ ამოცანებს შეეჭიდონ და იშვიათად აღიარებენ, რომ მათი შესრულება არ შეუძლიათ. ამ ტიპის ბავშვი მაღალ შედეგებს მოითხოვს არა მარტო საკუთარი თავისგან, არამედ სხვებისგანაც. მას შეუძლია, სამუშაოს მთელი თავისი ძალისხმევა დაახარჯოს, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებს მთავარისა და მეორეხარისხოვანის გამიჯვნას, რის გამოც ხშირად ვერ აღწევს სასურველ შედეგს.
ასეთი ბავშვებიც უფრო ხშირად უნდა ვაქოთ, მაგრამ არამარტო კარგი შედეგის მიღებისას. შექება მათთვის სასარგებლოა მუშაობის პერიოდშიც - ეს მათ დაეხმარება, შეიცნონ საქმის ძირითადი აზრი, მისი სიღრმე. გამხნევება და შექება საჭიროა მაშინაც, როცა რამე არ გამოუვათ, მაგრამ აშკარაა, რომ მცდელობა არ დაუკლიათ. ამ ტიპის ბავშვების წინასწარი შექება არ არის საჭირო.
მესამე ტიპს თავდაჯერებული ბავშვები მიეკუთვნებიან. მათ ბევრი რამ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გამოსდით. სხვებს იმავე შედეგის მისაღებად მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდებათ. ასეთი ბავშვები ძალზე ფრთხილად უნდა ვაქოთ, რათა საკუთარი თავის რწმენა თავდაჯერებაში, წარმატების მუდმივ მოთხოვნილებაში არ გადაეზარდოთ. ხანგრძლივი და მიზანმიმართული ძალისხმევა ასეთი ბავშვისთვის შესაძლოა მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ბავშვი შესაძლოა არაფრად აგდებდეს სხვათა მოკრძალებულ მიღწევებს, მათ მიმართ ირონიითა და ზიზღითაც კი იყოს განწყობილი.
თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს შვილს ეს თვისებები აქვს, შეაქეთ ის არა მარტო სერიოზული ძალისხმევის შედეგად მიღებული შედეგების გამო, არამედ მაშინაც, როცა ვინმეს დაეხმარება. ყოველთვის გაუსვით ხაზი იმას, რომ ბავშვს სხვების წარმატებაც ახარებს.