დაუდეგარი

დღეს "ჰიპერაქტივობა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი" თითქმის ყოველი მეორე ბავშვის ისტორიაშია აღნიშნული. ამ თემაზე შესრულებული ნაშრომებისა თუ ინტერნეტსაიტების რიცხვიც საკმაოდ შთამბეჭდავია. რასთან გვაქვს საქმე? უბრალოდ, მოდაა თუ ასეთი ბავშვების რიცხვი მართლაც გაიზარდა?
პროფესიონალთა აზრით, ჰიპერაქტიური პატარების რიცხვი ისეთივეა, როგორიც წინათ. თითქმის ყოველ მეშვიდე-მერვე ბავშვს აქვს იმ დარღვევის ესა თუ ის ნიშანი, რომელსაც ყურადღების დეფიციტის სინდრომი ჰქვია. არცთუ იშვიათად დიაგნოსტიკის საფუძველია დედის სიტყვები ბავშვის "უჩვეულო მოუსვენრობის, ნევროზულობის" შესახებ, წუწუნი იმის თაობაზე, რომ პატარას "დაწყნარება შეუძლებელია", თუმცა ეს სიმპტომები ხშირად არა ნევროლოგიური დარღვევის, არამედ მშობლების პედაგოგიური უძლურების გამოვლინებაა.
როგორ უნდა მოვიქცეთ, მშობლების აზრით, "ზედმეტად აქტიურ" ან რეალურად, ნევროლოგიური სტატუსით ჰიპერაქტიურ ბავშვთან?
რეკომენდაციათა სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია და დამოკიდებულია იმ ქვეყნების სპეციფიკაზე, სადაც ნაშრომები შეიქმნა. რუსი ავტორები სიმკაცრისკენ მოგვიწოდებენ, ბრიტანელები კი გვირჩევენ, ასეთი ბავშვების მშობლები "ურიგოდ გავატაროთ". ალბათ ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. არავითარ შემთხვევაში არ იქნება სწორი ჰიპერაქტიური ბავშვის "მარწუხებში მოქცევა" და გარესამყაროსგან იზოლაცია. ის ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციას უნდა შეეჯახოს. თუნდაც იმისთვის, რომ ზოგჯერ მაინც მიეცეს ყურადღების კონცენტრირების უნარის გავარჯიშების საშუალება. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ყველაფრის უფლება. "ერთ ადგილზე ჯდომა არ შეუძლია!" - თავს იმართლებს დედა, როცა მისი შვილი პოლიკლინიკის დერეფანში დარბის, სათამაშოს კედლებსა და კარებს ურტყამს და ყველას აწუხებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
თუ არ შეუძლია, როგორ ზის საათობით კომპიუტერთან ან როგორ უყურებს მულტფილმებს?!. არც საბავშვო ბაღში უჩივიან მაინცდამაინც...
ჰიპერაქტიურობა, თუნდაც სპეციალისტის მიერ დიაგნოსტირებული, არ არის დაავადება. ეს ნერვული სისტემის მდგომარეობაა. სწორედ ამიტომ არის დაუშვებელი, ასეთ პატარას ავადმყოფივით ვუყუროთ. ამას, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ინტერესები მოითხოვს. მაშ, როგორ უნდა მოიქცეს ჰიპერაქტიური ბავშვის მშობელი ამა თუ იმ სიტუაციაში? მოდი, მაგალითები განვიხილოთ.
რიგში დგომა
რიგში დგომა გამოცდაა არა მარტო ბავშვისთვის, არამედ მოზრდილისთვისაც. თუ მინიმალური საშუალება მაინც არის, ჯობს, პატარა შინ ან ეზოში დავტოვოთ. როგორ მოვიქცეთ, თუ ამის საშუალება არ გვაქვს ან პატარას წაყვანა აუცილებელია, - მაგალითად, როცა პედიატრთან მივდივართ? მშობელი, რომელიც კარგად იცნობს თავისი შვილის თავისებურებებს, სათანადოდ უნდა იყოს "აღჭურვილი" ჰიპერაქტიურობის მორიგი შეტევის პროფილაქტიკის მიზნით. მაინც რით შეიძლება აღვიჭურვოთ?
პატარა და მსუბუქი სათამაშოებით. მაგალითად, თოჯინით და მისი ტანსაცმლის ნაკრებით, ტრანსფორმერით, შტამპითა და ბლოკნოტით. თუ ლოდინის დროს შესაძლებელია სადმე ჩამოჯდომა, წაიღეთ ლამაზი წიგნი, რომელსაც ერთად დაათვალიერებთ. თუ ბავშვი კონტაქტურია და დიდია ალბათობა, რომ რიგში სხვა ბავშვებიც იქნებიან, შეგიძლიათ, ორ-ორი სათამაშო წაიღოთ, რათა ერთობლივ თამაშს გაუწიოთ ორგანიზება. ამასთანავე, პატარამ უნდა იცოდეს, სად გადის ნებადართულის ზღვარი. "იქ თამაში შეიძლება, ოღონდ გარკვეულ ადგილას და ჩუმად!" - უნდა გავაფრთხილოთ ბავშვი.
კულტმასობრივი ღონისძიებები
ჰიპერაქტიურ ბავშვებს საბავშვო სპექტაკლის ყურებაც კი უჭირთ, მაგრამ ამის გამო თეატრში სიარულზე უარი არ უნდა ვთქვათ. წინასწარ იზრუნეთ იმაზე, რომ კუთხეში იჯდეთ და საჭიროების შემთხვევაში ადვილად დატოვოთ წარმოდგენა. შესაძლოა, თავდაპირველად ერთი მოქმედებაც საკმარისი აღმოჩნდეს - ბავშვი მაინც საკმაო შთაბეჭდილებას მიიღებს. შემდგომ, როცა პატარა წამოიზრდება, ღონისძიება მასთან ერთად დაგეგმეთ. "ჩვენ შეგვიძლია სპექტაკლზე წავიდეთ. ეს საინტერესოა. როგორ ფიქრობ, გაძლებ ბოლომდე? დროსა და ფულს ტყუილად ნუ დამაკარგვინებ!" - უნდა ვუთხრათ ბავშვს, ანუ პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ. ასეთი მიდგომისას ბავშვი 3 წლის ასაკში თუ ერთ მოქმედებას ნახავს, 5 წლის ასაკში უკვე მთელ წარმოდგენას უყურებს.
კარნავალებსა და ზეიმებზე ჰიპერაქტიური ბავშვები ხშირად მეტისმეტად აღიგზნებიან და შემდეგ ჭირვეულობენ, ზოგჯერ ისტერიკასაც მართავენ. არ ღირს ბავშვის გადატვირთვა, მაშინაც კი, თუნდაც ზეიმი ძალიან მომხიბლავი და პრესტიჟული იყოს. უფრო მოზრდილ ბავშვს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რათა მივხვდეთ, როდის არის დღესასწაულის დასრულების დრო. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ მხიარულების გახანგრძლივება სურს, "თავი ხელში უნდა აიყვანოს" - გარკვეული წესები უნდა დაიცვას. მას ეს სავსებით ხელეწიფება.