როგორ დავამშვიდოთ ჭირვეული ბავშვი
პირველი დღეებიდანვე ხელში აყვანას შევაჩვიეთ, ახლა არც საწოლში ჩერდება, არც საბავშვო ეტლში და არც მანეჟში. შეცდომა ხომ არ დავუშვით? ნევროპათოლოგთანაც ვიყავით - ტირილის სერიოზული მიზეზი არ არსებობს. როგორ დავამშვიდოთ?
1-დან 3 წლამდე ყველა ბავშვისთვის დამახასიათებელია ჭირვეულობა, რასაც თან ახლავს გულისგამაწვრილებელი ყვირილი, მოსაწყენი სლუკუნი და ისტერიული ტირილი. ეს ბავშვის საყვარელი და მძლავრი იარაღია თავისუფლებისთვის ბრძოლაში. რაღა თქმა უნდა, მოგვიწევს მისთვის რაიმეზე უარის თქმა. ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვისადმი ტაქტიანი დამოკიდებულება. ზოგჯერ უნდა ვიეშმაკოთ კიდეც. მოვიკრიბოთ მოთმინება და დავეხმაროთ ბავშვს, დაძლიოს თავისი ჟინიანობა, თუმცა არ უნდა დავუთმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხშირად მიმართავს ისტერიკას, რომ თავისი გაიტანოს. ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ საშუალება მივცეთ ბავშვს, ღირსეულად დაგვემორჩილოს.
ამ მდგომარეობიდან შეიძლება გამოვიდეთ თამაშით:
- დაასხით ლამბაქზე ჭურჭლის სარეცხი სითხე და წვენის საწრუპი ჩხირით საპნის ბუშტები გაუშვით. რა ლამაზად მიფრინავენ ისინი!.. მერე კი სკდებიან!
- თუ უკვე აბანავეთ პატარა, საფენიც გამოუცვალეთ ის კი მაინც ღრიალებს, შეეცადეთ ეთამაშოთ მას თითებით, მის შიშველ სხეულზე აცეკვეთ ისინი, სანამ არ გაიცინებს.
- დღის ძილის შემდეგ ზოგიერთი ბავშვი უგუნებოდ იღვიძებს და ტირის. შეეცადეთ, გაღვიძებისთანავე გააცინოთ. გაითამაშეთ სცენები: “კაკ-კუკ, ვინ არის სახლში?” გააკეთეთ ეს რამდენჯერმე, შეიძლება მაშინვე არა, მაგრამ მოგვიანებით პატარა მაინც აჰყვება გართობას.
- მიიყვანეთ ჭიჭყინა სარკესთან და ჰკითხეთ: “სად არის ჩვენი პატარა? აი, ისიც!” თქვენ აღფრთოვანებული ხართ, რომ იპოვეთ იგი? ბავშვიც ბედნიერია.
- ძალიან იოლია მასთან დამალობანას თამაში: უბრალოდ, ჩამალეთ სახე ხელებში, მერე კი გახარებულმა გამოიჭყიტეთ. თუ ადრე ყველაფერი, რაც კი მისი თვალთახედვის არიდან ქრებოდა, წყვეტდა არსებობას, ახლა მან იცის, რომ თქვენ არსად წასულხართ, აქვე ხართ და ის უსაზღვროდ ბედნიერია დედის დანახვით.
- პატარა ოინბაზს არ სურს საწოლში ან მანეჟში ჯდომა, როცა თქვენ სამზარეულოში ფუსფუსებთ, ის გულისგამაწვრილებლად გაჰკივის, თქვენ კი არ შეგიძლიათ, ერთდროულად ორივე ადგილას იყოთ, ჩაწერეთ სიმღერა ან ზღაპარი და ჩაურთეთ მას ჩანაწერი.
- ბავშვი ფეხის ადგმისას ხშირად ეცემა. იტირებს თუ არა ის ამ დროს, დამოკიდებულია თქვენს რეაქციაზე: თუ თქვენ შეშინდებით, შეჰყვირებთ, გაექანებით მისკენ, დაუწყებთ სინჯვას, ბუნებრივია, ისიც შეშინდება, ხოლო თუ წყნარად იტყვით: “არა უშავს”, - ისიც მშვიდად წამოდგება.
- თუ თქვენ მთელი დღეა არ ყოფილხართ სახლში, თქვენი დანახვისთანავე ბავშვი ტირილს იწყებს, რომ გაჩვენოთ, რა მარტოსული და მოწყენილი იყო უთქვენოდ. აიყვანეთ პატარა მტირალა ხელში და ცოტა ხანი მასთან გაატარეთ.
- მამა, როგორც წესი, სახლში გვიან ბრუნდება მძიმე სამუშაო დღის შემდეგ. მას სურს, განიტვირთოს ბავშვთან თამაშით, პატარა კი ამ დროს უკვე დაღლილია და ეძინება, არ სურს და არ სიამოვნებს მამის ხელებში “თვითმფრინავით” ფრენა, ამიტომ ბავშვები მამის დანახვაზე ტირიან ხოლმე. უმჯობესია საღამოს აბანაოთ, აჭამოთ, უამბოთ ზღაპარი და ალერსით დააწვინოთ დასაძინებლად.
- ბავშვი ჭირვეულობს, ამ დროს კი თქვენი თითი ცელქობს, თქვენ თითქოს ვერ უმკლავდებით საკუთარ თითს, ის ხან ცხვირზე გიჭერთ, ხან ყურებზე გებღაუჭებათ, თქვენ უბრაზდებით თითს, ის კი თავს ჩაქინდრავს, თითქოს დარცხვენილია, რადგან იცელქა. ბავშვი აღფრთოვანებულია და წყვეტს ტირილს.
- ცრემლებთან ბრძოლისას რბილი სათამაშოები საუკეთესო მოკავშირეები არიან. მათ უამრავი ხერხი იციან ბავშვის გასაღიმებლად. საყვარელი დათუნია ამშვიდებს პატარას: “ნუ ტირი, ხომ ხედავ, მე რა მხიარულად ვარ!” შეიძლება, პირიქით, ბავშვმა დაამშვიდოს მტირალა დათუნია ან მოჩხუბარი დათუნია და კურდღელი შეარიგოს.
- რა სჯობია, უფრო სწორად, რა უარესია - ბავშვის გაუთავებელი სლუკუნი თუ არეულობა სამზარეულოში? ალბათ, უკეთესია, მივალაგოთ სამზარეულო და ბავშვსაც მივცეთ საშუალება ჩვენთან ერთად მოამზადოს რამე. მართალია, დაღვრილი წყლის წმენდა და ქვაბების რახარუხის მოსმენა მოგიწევთ, მაგრამ, სამაგიეროდ, რამდენიმე წლის შემდეგ ბავშვი თავისი მომზადებული საუზმით გაგახარებთ.
- ეს-ესაა, ბავშვმა თამაში დაიწყო, თქვენ კი საჭმელად უხმობთ. ბუნებრივია, ბავშვი აყვირდება და წინააღმდეგობას გაგიწევთ. აცადეთ რამდენიმე წუთი, რომ თამაში დაამთავროს, მერე - კიდევ ორიოდე წუთი და მშვიდად, უცრემლოდ გადადით მორიგ საქმეზე.
- როცა ორი ბავშვი სათამაშოს გამო ჩხუბობს, უმჯობესია განზე გადგეთ. ბავშვთა ფსიქოლოგებმა შეისწავლეს, როგორ წყდება ასეთი დავა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სათამაშო ყოველთვის მის პატრონს უბრუნდება. ამ ასაკში ბავშვები უკვე კარგად ხვდებიან, რომ კანონი მესაკუთრის მხარესაა.
- გაუცვალეთ ადგილი თქვენს ჟინიან ბავშვს, ის იყოს დედა ან მამა, თქვენ კი - შვილი. თუ ყურს მიუგდებთ, როგორ გამშვიდებთ ის, რა სიტყვებს იყენებს ამ დროს - საკუთარ თავს შორიდან შეხედავთ.
ნუ დაეცემით სულით, მოიკრიბეთ მოთმინება - რომელი ბავშვი გაზრდილა უტირლად? ნუ მოითხოვთ მისგან “თანასწორ ქცევას”. ეს სამართლიანი მოთხოვნაა, მაგრამ მთავარია, მივაგნოთ ხერხს, რათა ის ბავშვისთვისაც გასაგები გავხადოთ, მის არსებაში მხოლოდ დადებითი ემოციები გამოვიწვიოთ. ამაში კი ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებების ცოდნა დაგეხმარებათ.