რით ვუშველოთ ისტერიკას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რით ვუშველოთ ისტერიკას

პირველი "გარდატეხის პერიოდი" ორი წლის ასაკია. ამ დროს პატარას ბევრი რამ შეუძლია და, რაც მთავარია, ბევრი რამ სურს. პრობლემა ის არის, რომ როცა ემოციებს ვერ უმკლავდება, ტირილს იწყებს. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ვასწავლოთ ბავშვს, როგორ გაუმკლავდეს მრისხანებას, როგორ მისცეს მას სათანადო მიმართულება და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ამ პრობლემის მოგვარებაში ფსიქოლოგები დაგვეხმარებიან.

რა სურს პატარას?

სწორედ ამ კითხვას სვამენ დედები ბავშვის დამშვიდების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ: წყალიც შესთავაზეს, ნამცხვარიც, ახალი სათამაშოს ყიდვაზეც თანახმანი არიან, მაგრამ ბავშვი მაინც არ ჩუმდება... მოდი, ვიდრე ფარ-ხმალს დავყრიდეთ, მისი ისტერიკის მიზეზს მივაგნოთ. პატარა ბავშვები დღევანდელი დღით ცხოვრობენ. სიტყვები "მერე", "მალე", "სხვა დროს" მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, სურვილი კი ძალიან ძლიერია და ბავშვი ვერ ხვდება, რატომ ვერ იღებს იმას, რაც ასე ძლიერ სურს.

სასურველის მისაღებად ბავშვები ნაცად ხერხს იყენებენ - ყვირიან, ტირიან, ფეხებს აბაკუნებენ. და ეს, როგორც წესი, ჭრის!

ბავშვს სურს, მიიქციოს მეზობელთან საუბარში გართული დედის ყურადღება. სანამ პატარა დედას ტანსაცმელზე ექაჩება, ის მის ხელს იშორებს, მაგრამ საკმარისია, ბავშვი აჩხავლდეს, რომ დედა უმალვე ანებებს თავს საუბარს. ბავშვი, რომელმაც ამ მეთოდით ერთხელ მიაღწია მიზანს, ნაცად ხერხს მომავალშიც გამოიყენებს.

ისტერიკის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ პატარას ჯერ არ შეუძლია საკუთარი ემოციების კონტროლი, საკუთარი სურვილების ჩამოყალიბება. როცა უფროსები მათ სურვილებს ვერ ხვდებიან, ბავშვები გულწრფელად ბრაზობენ, და რაკი პატარები ძალზე ემოციურნი არიან, მათი გაბრაზებიდან ისტერიკამდე ერთი ნაბიჯია.

საკითხი, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, მშობლებისთვის, რა თქმა უნდა, კარგად არის ცნობილი და შესაძლოა, შეხსენება ზედმეტიც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირი ისტერიკის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ჯანმრთელობას. პატარას სიფიცხის მიზეზი შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემა იყოს. ისტერიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი დაღლილობაც არის. მშვიდად ზიხართ სტუმრად და საუბრობთ, ერთობით. უცბად თქვენი პატარა აღრიალდა და ვეღარ მშვიდდება. ამ შემთხვევაში ისტერიკა მთლიანად მშობლების ბრალია. ასეთ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, ეცადეთ, აკონტროლოთ დრო და არ დაარღვიოთ ბავშვის რეჟიმი, დროზე წაიყვანოთ ის სახლში.

გახსოვდეთ: ახალი გარემო და უცხო ადამიანები პატარებს ძალიან აღაგზნებენ. ჯობს, სტუმრად ყოფნისას უარი თქვათ დესერტზე, მალე მორჩეთ საუბარს და ამით შვილის ფსიქიკა დაზოგოთ.

როდემდე იტირებს?

ისტერიკას აქვს მკვეთრი დასაწყისი - ხმამაღალი ტირილი და ყვირილი. შემდეგ პატარა გამოხატავს თავის პროტესტს, ზოგჯერ "არას" წამოიძახებს, შესაძლოა, ხელიც კი დაგარტყათ. ამ მომენტში ისტერიკის შეჩერება ჯერ კიდევ შეიძლება. ამას ინტენსიური ფაზა მოსდევს - ბავშვი ანჩხლდება, რაც არ უნდა შესთავაზოთ, მაინც ყვირის. იქნევს ხელებს, აბაკუნებს ფეხებს, იწელება, იატაკზე გორავს. ამ ფაზაში ისტერიკას ვეღარ შეაჩერებთ. ამ ეტაპზე ყველაზე გონივრულია, ბავშვი ოთახში მარტო დატოვოთ. რა თქმა უნდა, მალულად თვალყური უნდა ადევნოთ, რომ ემოციების პიკზე პატარამ საკუთარ თავს რამე არ ავნოს.

მაყურებლის გარეშე დარჩენილი ბავშვი მალე დამშვიდდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისტერიკა დამთავრდა. თითქოსდა დამშვიდებული ბავშვი ცოტა ხანს ისლუკუნებს, მერე დედას მიუახლოვდება და კალთაში ჩაჯდომას სთხოვს. ამ დროს დედამ ხელში უნდა აიყვანოს, მიეფეროს, უთხრას, რომ თავადაც წუხს, პატარამ ასე ძლიერ რომ იტირა, შესთავაზოს წყალი, წვენი ან საყვარელი ნუგბარი.

ისტერიკის მიზეზების განხილვა არ ღირს - პატარა ბავშვები ადვილად იცვლიან ემოციებს და ცოტა ხნის შემდეგ აღარც კი ახსოვთ, რატომ გამართეს ასეთი კონცერტი. თუ მას ისტერიკის მიზეზს გაახსენებთ, შესაძლოა ყველაფერი თავიდან დაიწყოს. სამ წლამდე ემოციების ხშირი ცვლა ნორმალურია. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო ძნელია მისთვის დამშვიდება ისტერიკის შემდეგ.


როგორ მოვიქცეთ

გარემოებათა მიხედვით, დედის ტაქტიკა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. ერთია ისტერიკა როგორც განსაზღვრული ტემპერამენტის შედეგი და სულ სხვაა ისტერიკა, რომლის მიზანიც არის უფროსებით მანიპულირება.

ხშირად ისტერიკის მიზეზია უკმაყოფილება საკუთარი თავით ან მშობლების ქცევით. ისტერიკა ამ უკმაყოფილების არავერბალური გამოხატულებაა. მიზეზის გარკვევის შემდეგ მშობლებისთვის ბავშვის ჭირვეულობაზე რეაგირება გაცილებით ადვილია.

თუ იგრძენით, რომ ბავშვი თქვენით მანიპულირებას ცდილობს (მაგალითად, მაღაზიაში ყვირის: "მიყიდე!" - და ფეხებს აბაკუნებს), ჯობს, ეს რეაგირების გარეშე დატოვოთ. მოჰკიდეთ პატარას ხელი და უთხარით, რომ თუ ტირილს არ შეწყვეტს, ახლავე შინ დაბრუნდებით და არაფერსაც არ უყიდით. სიტყვა აუცილებლად შეასრულეთ. თუ მაღაზიაში დარჩებით და პატარას მოთხოვნას შეუსრულებთ, სხვა დროსაც შეეჯახებით მანიპულაციურ მრისხანებას. საერთოდ, ჯობს, მანიპულატორს ყურადღება არ მიაქციოთ.

თუ პატარას ისტერიკა შინ ან სტუმრად ყოფნის დროს დაეწყო, გაიყვანეთ მეზობელ ოთახში და უთხარით, რომ სხვებს მაშინ შეუერთდება, როცა დამშვიდდება. ასეთი "ტაიმ-აუტი", როგორც წესი, ძალზე ეფექტურია.

თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას - მაღაზიაში, ტრანსპორტში, კაფეში, ქუჩაში - იმყოფებით, სცადეთ, ისტერიკის დაწყებისთანავე პატარას ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ. გამოცდილ დედებს ასეთი შემთხვევებისთვის ყოველთვის აქვთ სათამაშო ან წიგნი. თუ შესაძლებელია, მაშინვე გაემართეთ შინისკენ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ეცადეთ, ბავშვის ყვირილს ყურადღება არ მიაქციოთ. ნუ იფიქრებთ, რომ ირგვლივ მყოფები ცუდ დედად მიგიჩნევენ - ვისაც ბავშვი ჰყავს, თავადაც არაერთხელ აღმოჩენილა მსგავს მდგომარეობაში, ამიტომ მათგან მხოლოდ თანაგრძნობას უნდა ელოდეთ; ვისაც პატარა არ ჰყავს, მაინც ვერ გაიგებს, რომ ძალიან კარგი მშობლების შვილებიც ტირიან. სცადეთ გაიგოთ, რა სურს თქვენს შვილს.

თუ ბავშვი მშობლებით მანიპულირებას კი არ ცდილობს, არამედ რეალურად სჭირდება დახმარება, რადგან დაიღალა, შეშინდა, მოშივდა, თავს ცუდად გრძნობს და ასე შემდეგ, ეცადეთ ყველაფერი იღონოთ ისტერიკის მიზეზის აღმოსაფხვრელად.

ბავშვი ხშირად ცდილობს, ყვირილითა და ტირილით მიიღოს იმის ნებართვა, რაც აკრძალულია. "მოდი, ვიტირებ, იქნებ დედამ გვიან დაძინების ნება დამრთოს", - ფიქრობს პატარა, - "იქნებ მამას ჩემი ტირილის შეეშინდეს და წვნიანის მაგივრად კანფეტი მაჭამოს". ასეთ დროს ძალზე თანამიმდევრულნი უნდა იყოთ, არ უნდა შეიცვალოთ პოზიცია. ასეთი ტაქტიკის შედეგად პატარა კარგად დაიმახსოვრებს, რა შეიძლება და რა - არა და ალბათობაც იმისა, რომ სცენებს სპეციალურად მოგიწყობთ, შემცირდება.

თანამიმდევრულობასთან ერთად ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ერთსულოვნება. თუ დედა "არას" ამბობს, მამამაც იგივე უნდა თქვას.

სპეციალისტების რჩევის თანახმად, ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავართვათ ემოციების გამომჟღავნების უფლება. ზოგიერთს ისიც კი მიაჩნია, რომ რაც უფრო თავისუფალია პიროვნება ემოციურად, მით უფრო კომფორტულად გრძნობს ის თავს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მით უფრო მეტ წარმატებას აღწევს. ამიტომ ჩვენი, მშობლების ამოცანაა, დავეხმაროთ შვილს ზუსტად გადმოგვცეს თავისი გუნება-განწყობილება. მაგალითად, თუ ბავშვი ნაწყენი ან დაღლილია, მივაჩვიოთ, რომ მუშტები კი არ დაგვიშინოს, არამედ თქვას: "ნანა მინდა", "დავიღალე"... ავუხსნათ, რომ ტირილს და ფეხების ბაკუნს ჯობს, ჩვენთან მოვიდეს, ჩაგვეხუტოს, კალთაში ჩაგვიჯდეს. შვილს გრძნობებსა და ემოციებს რომ მიუხვდეთ, ის და თქვენ "ერთ ტალღაზე" უნდა იყოთ.

რა არ შეიძლება

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის ცემა, რადგან აგრესია აგრესიას შობს - ისტერიკები გახშირდება და გახანგრძლივდება. ამასთანავე, ბავშვი, რომელსაც ფიზიკურად უსწორდებიან, აგრესიულ პიროვნებად გაიზრდება. არავითარ შემთხვევაში არ უწოდოთ ბავშვს სულელი, ცუდი, ჯიუტი, უმსგავსო... რაც უფრო ძლიერი იქნება თქვენი აგრესია, მით უფრო მტრულად განეწყობა ბავშვი.

თავდაპირველად, ვიდრე ბავშვს არ შეუძლია პასუხი გაგცეთ, ის უმცროსებზე განიმუხტება, მაგრამ როცა გაიზრდება და ძალ-ღონე მოემატება, აღზრდისას დაშვებული შეცდომების შედეგებს საკუთარ თავზე იგრძნობთ.

სხვათა შორის, ფსიქოლოგები სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის "განმუხტვის" ასეთ მეთოდს გვთავაზობენ: ავიღოთ პატარა ბალიში და ისტერიკის პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე ბავშვს შევთავაზოთ, ბალიშს "მოკრივეობანა" ეთამაშოს. თუ ბავშვის ასაკი 5 წელს აღემატება, მას შეიძლება შევთავაზოთ, წარმოიდგინოს, რომ ბალიში ის ადამიანია, ვინც აწყენინა.

დამშვიდებაში დაგვეხმარება ღრმა სუნთქვა, ხმამაღალი სიმღერა. ასევე, პატარას შეიძლება ვთხოვოთ, დაგვიხატოს საკუთარი მრისხანება.

პატარა ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია, მშობლებს თავის ემოციებსა და გრძნობებზე ესაუბროს. ბავშვებსა და მშობლებს შორის ნდობა მომავალში ჰარმონიული ურთიერთობების საწინდარია.

კარგი იქნება, თუ ბავშვს წინასწარ ავუხსნით მისი საქციელის შედეგებს. მაგალითად: "შენ გიოს ნიჩაბი წაართვი და თან ჩაარტყი. გიოს ეწყინება და შენთან აღარ ითამაშებს. როგორ მოვიქცეთ, რომ გიო შეგვირიგდეს?"

როცა ბავშვი წამოიზრდება, სთხოვეთ, თავად გააანალიზოს საკუთარი ქცევის შედეგები, შემოგთავაზოთ მოვლენათა განვითარების საკუთარი ვერსია. ეს ყოველივე პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას უწყობს ხელს. როცა მშობლები სწორად იქცევიან, ბავშვი სამი წლისთვის წყვეტს ისტერიკების საშუალებით მანიპულირებას ან ამ ფორმით ემოციის გამოხატვას. ასე რომ, ღრმად ჩაისუნთქეთ, დამშვიდდით და მოთმინება მოიკრიბეთ - ყველაფერი კარგად იქნება!