News
როდესაც იმუნური სისტემა ასაკის, სტრესის ან რომელიმე დაავადების გამო სუსტდება, ვირუსი იღვიძებს, იწვევს ანთებას, გამონაყარს, ტკივილს. შეტევები შესაძლოა 2-4 კვირა გაგრძელდეს. ყოველ მეათე ავადმყოფს უვითარდება პოსტჰერპესული ნევრალგია, რომელიც საკმაოდ გავრცელებული გართულებაა და ქრონიკული ტკივილით გამოიხატება. ეს ტკივილი, სულ ცოტა, სამი თვით მოსვენებას უკარგავს ადამიანს და ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. არის შემთხვევები, როდესაც ტკივილი 10 წელიც კი გრძელდება. სტანდარტული თერაპია გულისხმობს ანტიდეპრესანტების, ანტიკონვულსანტების (ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების) მიღებას. ჭინსტონ Laboratories კი ამ მიზნით კაპსაიცინის (ნივთიერება, რომელიც მწარე გემოს აძლევს წიწაკას) გამოყენებას გვირჩევს. ის ამცირებს ნერვების მგრძნობელობას და ხსნის ტკივილს. ექსპერიმენტის დროს 40 მოხალისეს დღეში ორჯერ სთავაზობდნენ ან ამ ნივთიერების, ან პლაცებოს სპრეის. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, სპრეი წამლის მიღების ყველაზე ოპტიმალური ფორმაა. ის გაცილებით ეფექტურია, ვიდრე კაპსაიცინის შემცველი ემპლასტრო. ექსპერიმენტის დაწყებიდან ერთ კვირაში ტკივილის სიმწვავე 40%-ით შემცირდა და ძილი გაუმჯობესდა.
ჭიპლარის რამდენიმე წუთით გვიან გადაჭრა სასარგებლოა
ამერიკელი მეცნიერები გამოკვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუ ბავშვს ჭიპლარს არა დაბადებისთანავე, არამედ რამდენიმე წუთით გვიან გადაუჭრიან, პატარა მიიღებს რკინისა და ვიტამინების დამატებით დოზას, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება შანსი, მას ჯანმრთელი სისხლის სისტემა ჰქონდეს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჭიპლარის დაგვიანებით გადაჭრამ შეიძლება რამდენადმე გაზარდოს სიყვითლის განვითარების რისკი. ამჟამად ყველა განვითარებულ ქვეყანაში ჭიპლარის დაბადებისთანავე გადაჭრაა მიღებული, თუმცა ამერიკისა და ავსტრალიის რამდენიმე კლინიკაში 4000 დედისა და ახალშობილის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჭიპლარის რამდენიმე წუთით გვიან გადაჭრა სისხლში ჰემოგლობინის ადრეული კონცენტრაციის, რკინისა და ზოგიერთი სხვა სასარგებლო ნივთიერების მატებას იწვევს. “ბავშვისთვის სიცოცხლის პირველივე დღიდან მნიშვნელოვანია ყველა საკვები ნივთიერება. მეტიც - ეს მისი მომავალი ჯანმრთელობის საფუძველია. ამ ნივთიერებათა დეფიციტი ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ჯანმრთელობაზე. ჩვენი აზრით, ჭიპლარის გადაჭრის გადავადების დადებითი მომენტები გადაწონის სიყვითლის განვითარების შედარებით დაბალ რისკს”, - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა, პროფესორმა ფილიპა მიდლტონმა. პარალელურად ექსპერტებმა გააანალიზეს 15 გამოკვლევა, რომლებიც ჭიპლარის გადაკვანძვის დაგვიანებას ეძღვნებოდა. დადგენილ იქნა, რომ თუ ჭიპლარი ერთიდან სამ წუთამდე შუალედში გადაიჭრა, სიცოცხლის პირველი კვირების განმავლობაში ბავშვი უფრო სწრაფად იმატებს წონას. ექსპერტები განმარტავენ, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღენაკლული ახალშობილებისთვის, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ ჯანმრთელობის პრობლემები დაბადებისას მცირე წონის გამო. უახლესი რეკომენდაციით, ყველაზე ოპტიმალურად მიიჩნევა ჭიპლარის გადაჭრა მეორე წუთის ბოლოს.
დემენციის რისკზე თვალის სისხლძარღვების ზომა მიუთითებს
დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარი იდან შალევი ამტკიცებს, რომ ბადურაზე არსებული სისხლძარღვების ზომით შეიძლება ადამიანის თავის ტვინის მდგომარეობაზე მსჯელობა, თანაც დემენციის ნიშნების გამოვლენამდე გაცილებით ადრე. იდეა მარტივია: თუ სისხლძარღვები წესრიგშია, ესე იგი თავის ტვინს ჟანგბადი ნორმალურად მიეწოდება, რაც მისი კარგი ფუნქციობის საწინდარია. შალევმა და მისმა კოლეგებმა ერთად გამოიყენეს ბადურას ციფრული გამოსახულება შეფასების სისტემის შემუშავებისთვის. ბადურაზე გამავალი სისხლძარღვების ზომა, სტრუქტურა და ფუნქცია თავის ტვინის სისხლძარღვების იდენტურია. მეთოდიკის ტესტირება მოხდა 1972 წლის აპრილიდან 1973 წლის მარტამდე დაბადებულ 1000-ზე მეტ მოხალისეზე. აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანს 38 წლის ასაკში ბადურას სისხლძარღვები გაფართოებული აქვს, მას ბავშვობაში IQ-ს დაქვეითება აღენიშნებოდა. ეს მოწმობს, რომ გაუარესებულია ზოგადი კოგნიტური და ნეიროფიზიოლოგიური ფუნქციები, რაც მოიცავს სიტყვიერ გააზრებას, მსჯელობის უნარს, სამუშაო მეხსიერებას და აღმასრულებელ ფუნქციებს.