რატომ არის მნიშვნელოვანი ახალშობილის ჭიპლარის სისხლის შენახვა
როგორც უნიკალური ბიომასალა, საუკეთესო სამედიცინო დაზღვევაა შვილისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე, რადგან საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ მისი გამოყენება.
როგორც ამბობენ, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა მომავლის მედიცინაა. თუმცა აქვე დავძენთ, რომ ჩვენს რეალობაშიც, აწმყოშიც, ამ უნიკალური ბიომასალით განკურნების არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
მშობიარობის დროს ახალშობილის გადაკვეთილ ჭიპლარში რჩება ჰემოპოეტური (სისხლმბადი) ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც უნიკალური თვისებები აქვს. ჰემობანკის, იმავე სისხლის ბანკის დახმარებით ეს უჯრედები შეიძლება დიდი ხნით შეინახოთ და საჭიროების შემთხვევაში სამკურნალოდ გამოიყენოთ.
მსოფლიო მასშტაბით ჭიპლარის სისხლის ბანკებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს!
როდესაც ჩვენი ექიმებისა თუ მეცნიერების მიღწევებსა და წარმატებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ შევეხოთ იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ, საბედნიეროდ, ჭიპლარის სისხლის ბანკი საქართველოშიც არსებობს და ჩვენს მოქალაქეებსაც აქვთ სიცოცხლის გადარჩენის შანსი!
2018 წლის გამორჩეულ მოვლენებს შორის უნდა აღვნიშნოთ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე სამ ბავშვთან საკუთარი ღეროვანი უჯრედებით ჩატარებული მკურნალობა და გასაოცარი შედეგები. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ჭიპლარის სისხლის ბანკის „ჯეოქორდი“ სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი, გოჩა შათირიშვილი.
მანამდე კი, „ჯეოქორდისა“ და მისი სპეციალისტების რამდენიმე წარმატება:
- 2018 წლის 14-16 სექტემბერს მაიამიში გაიმართა ჭიპლარის სისხლის ასოციაციის პირველი მსოფლიო კონგრესი. მონაწილეობდა 330 სტუმარი 33 ქვეყნიდან, მათ შორის - „ჯეოქორდის“ სამედიცინო დირექტორი გოჩა შათირიშვილი.
კონგრესის პირველი დღე მიეძღვნა ჭიპლარის სისხლის პირველი გადანერგვის 30-ე წლისთავს. 1988 წლის 6 ოქტომბერს 6 წლის ამერიკელ მეთიუ ბეროუს, რომელსაც ფატალური თანდაყოლილი ანემია - ე.წ. ფანკონის ანემია დაუდგინდა, გადაენერგა თავისი პატარა დის ჭიპლარის სისხლი. გადანერგვა ჩატარდა პარიზის კლინიკაში, სადაც ფანკონის ანემიის მკურნალობაში გამოცდილი ექიმი ელიან გლუკმანი მონაწილეობდა. პაციენტს თან ახლდნენ მისი მკურნალი ექიმი ჯოან კურცბერგი და ჰალ ბროქსმაიერი, მეცნიერი, რომლის კვლევებმაც დაადასტურა, რომ ჭიპლარის სისხლი არის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრული ალტერნატივა. გადანერგვა წარმატებული აღმოჩნდა და პაციენტი დღესაც ჯანმრთელადაა, ჰყავს ოჯახი და შვილი. კონგრესში მონაწილეობდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირი, რომლებმაც გაიხსენეს პირველი ტრანსპლანტაციის მომზადებისა და ჩატარების დეტალები.
- 2018 წლის 11-12 ოქტომბერს რიგაში ჩატარდა რეპროდუქციის, გენეტიკისა და ბიოტექნოლოგიის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია. ღეროვანი უჯრედების სესიის თავმჯდომარე იყო „ჯეოქორდის“ სამედიცინო დირექტორი - გოჩა შათირიშვილი, რომელმაც ასევე წარადგინა პირველი შედეგები ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებით აუტიზმის მკურნალობის შესახებ. ეს უკანასკნელი „ჯეოქორდისა“ და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ერთობლივი პროექტია. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია კონფერენციის მონაწილე ავსტრიელ, ინგლისელ, გერმანელ, ესპანელ მეცნიერებსა და ლატვიელ ექიმებს შორის, შემდგომი თანამშრომლობის გეგმებიც დაისახა.
ცნობისათვის, 2017 წელს „ჯეოქორდი“ საერთაშორისო ხარისხის ოქროს გვირგვინის მფლობელი გახდა. ჯილდოს მინიჭება ქართული კომპანიის ხარისხისა და ინოვაციის დარგში მოპოვებული მიღწევების საერთაშორისო აღიარებაა. ოქროს გვირგვინი „ჯეოქორდს“ კომპანია BID Group One-ის მიერ ორგანიზებულ The International Quality Crown Award კონგრესზე გადაეცა.
* * *
- ბატონო გოჩა, როდის შეიქმნა ღეროვანი უჯრედების ბანკი საქართველოში და რას ემსახურება ის? თბილისის გარდა სხვაგანაც თუ გაქვთ ფილიალი?
- ჭიპლარის სისხლის ბანკი „ჯეოქორდი“ მოქმედებს 2006 წლის 1 ივლისიდან. ბანკში ინახება ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები. „ჯეოქორდი“ არის ე.წ. კერძო ბანკი, სადაც მშობლები თავის ახალშობილ შვილებს უნახავენ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს ხანგრძლივი დროით, რათა მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, ეს მასალა უჯრედების მფლობელის ან მისი დედმამიშვილის სამკურნალოდ გამოიყენონ.
ბანკი მდებარეობს თბილისში, ჯერჯერობით ფილიალი არ გვაქვს, თუმცა აქტიურად ვთანამშრომლობთ სამშობიარო სახლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით და ბათუმისა და ქუთაისის კლინიკები ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.
- განუმარტეთ მკითხველს, რას ნიშნავს, საზოგადოდ, ღეროვანი უჯრედების ბანკი, რეალურად რას და როგორ ინახავთ, რა ვადით, როგორ პირობებში და ა. შ.
- ღეროვანი უჯრედების ბანკი ინახავს ჭიპლარის სისხლიდან გამოთავისუფლებულ ბირთვიან უჯრედებსა და სისხლმბად ღეროვან უჯრედებს. მიღებული უჯრედების სუსპენზია კრიონიადაგთან ერთად განთავსებულია სპეციალურ კონტეინერში, რომელიც თხევადი აზოტის საცავებში, ულტრადაბალ ტემპერატურაზე ინახება. ამგვარად შენახული ღეროვანი უჯრედები ძალიან დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს მაღალ სიცოცხლისუნარიანობას. ეს უჯრედები ეკუთვნის ბავშვს და მის ოჯახს და მათი მოთხოვნით, საჭიროების შემთხვევაში, გადაიგზავნება სატრანსპლანტაციო ცენტრებში მსოფლიო მასშტაბით.
- რა მნიშვნელობა აქვს ღეროვანი უჯრედების შენახვას, როდის დგება მათი გამოყენების აუცილებლობა?
- საზოგადოდ, ღეროვანი უჯრედები ორგანიზმის თვითაღდგენისა და განახლების წყაროა. სიცოცხლის საწყის ეტაპზე, ანუ კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან ჩანასახის განვითარების პირველი კვირების განმავლობაში, ადამიანის ორგანიზმი შედგება მხოლოდ ღეროვანი უჯრედებისგან; შემდგომი ზრდისას ამ უჯრედების ძირითადი ნაწილი დიფერენცირდება და ქსოვილებსა და ორგანოებს წარმოქმნის, თუმცა ორგანიზმში მუდმივად რჩება ღეროვანი უჯრედების გარკვეული რაოდენობა, რომელიც თვითრეგენერაციას უზრუნველყოფს. რაც უფრო ახალგაზრდაა ორგანიზმი, მით მეტია მასში ღეროვანი უჯრედების პროცენტული შემადგენლობა. დაბერების პროცესის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ღეროვანი უჯრედების მარაგის მნიშვნელოვანი შემცირებაა.
ჭიპლარის სისხლი ღეროვანი უჯრედების მდიდარი წყაროა. მისი მფლობელი მთელი სიცოცხლის მანძილზე გარანტირებულია უნიკალური და მაღალი პოტენციალის მქონე ღეროვანი უჯრედებით. საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რომ ჭიპლარის სისხლის უჯრედებზე არ უმოქმედია არანაირ მავნე გარემო პირობებს, მედიკამენტებსა თუ ტოქსიკურ ნივთიერებებს, არც რადიაციას და ულტრაიისფერ გამოსხივებას, არც მიკრობებსა და ვირუსებს, სტრესსა და სხვა მრავალ მავნე ფაქტორს, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით მოზრდილები და რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას. ამასთან, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების რეგენერაციის უნარი ბევრად სჭარბობს მოზრდილი ადამიანის ღეროვანი უჯრედების რეგენერაციულ უნარს, იმ განსხვავების გამო, რაც ჩვილისა და მოზრდილის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს შორის არსებობს.
- ყველაზე ხშირად რომელი ქსოვილების აღსადგენად გამოიყენება ჩვენთან ღეროვანი უჯრედები?
- საზოგადოდ, ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაცია ძვლის ტვინის გადანერგვის სრულფასოვან ალტერნატივას წარმოადგენს და ისევე როგორც ძვლის ტვინი, 80-ზე მეტი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. აღნიშნულ დაავადებებს შორის ძირითადად ონკოჰემატოლოგიური (ლეიკემია, ლიმფომა, მიელომური დაავადება, მიელოდისპლაზიური სინდრომი) და არაონკოლოგიური ჰემატოლოგიური დაავადებებია: ჰემოგლობინოპათიები - თალასემია, ნამგლისებრი ანემია, ფანკონის ანემია, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები და ანემიები. ბოლო ათწლეულია მსოფლიოში ფეხს იკიდებს ჭიპლარის სისხლის გამოყენება აღდგენით მედიცინაში ნეიროგანვითარების დაავადებების: ცერებრული დამბლის, ჰიპოქსიურ-იშემიური ენცეფალოპათიებისა და აუტიზმის, თავის ტვინის ტრავმების, იშემიური ინსულტების, აპრაქსიის დროს, ასევე სმენის შეძენილი დეფიციტის (ანტიბიოტიკებითა და მაღალი ხმაურის შედეგად გამოწვეული) და პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ ან პრევენციისათვის. ჩატარებულია კლინიკური კვლევები3 რომლითაც დადასტურებულია ჭიპლარის სისხლის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა; მიმდინარეობს შემდგომი კლინიკური კვლევებიც, როგორც საკუთარი, ასევე დედმამიშვილის ან ალოგენური დონორის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით. პირველი გადანერგვა 1988 წლის 6 ოქტომბერს ჩატარდა ამერიკელი და ფრანგი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით ფანკონის ანემიის - სასიკვდილო დაავადების სამკურნალოდ. პაციენტი დღესაც ჯანმრთელია. სადღეისოდ მსოფლიოში ჭიპლარის სისხლის 45000-მდე ტრანსპლანტაციაა ჩატარებული.
წელს, სექტემბერში, მაიამიში ჭიპლარის სისხლის საერთაშორისო კონგრესზე საზეიმოდ აღინიშნა პირველი ტრანსპლანტაციის 30 წელი.
რაც შეეხება „ჯეოქორდს“, მარდალეიშვილის ცენტრსა და ნეიროგანვითარების ცენტრთან ერთობლივად მიმდინარე კვლევის ფარგლებში ჩვენს ბანკში შენახული საკუთარი ჭიპლარის სისხლი გამოვიყენეთ სამ პაციენტთან, სამივე დაავადებულია აუტიზმით. თითოეულს ორ-ორჯერ გადაენერგა საკუთარი ჭიპლარის სისხლი. ჩვენი შედეგები დამაიმედებელია: მკურნალობა იყო უსაფრთხო და რაც მთავარია, ეფექტური.
პაციენტებს მოუწესრიგდათ ქცევა, ამეტყველდნენ, დიდად გაუუმჯობესდათ ლექსიკა: 0-იდან 1000 და მეტი სიტყვის მარაგამდე, გაუუმჯობესდათ ასევე ინტელექტუალური განვითარება, შეიძინეს წერის, კითხვის, ხატვის, არითმეტიკული ამოცანების ამოხსნისა და სხვა უნარ-შესაძლებლობები. პაციენტების მონიტორინგს ვაგრძელებთ.
ვგეგმავთ საკუთარი ჭიპლარის სისხლით ცერებრული დამბლის მკურნალობის კლინიკური კვლევის დაწყებას. კვლევა დაეფუძნება მსოფლიოს მოწინავე ცენტრების მიღწევებსა და „ჯეოქორდის“ გამოცდილებას.
- ბანკის არსებობის მანძილზე, სხვა შემთხვევაში თუ გამოუყენებიათ შენახული მასალა?
- როგორც უკვე მოგახსენეთ, მხოლოდ სამ პაციენტთან (4, 6 და 7 წლის) მოხდა საკუთარი მასალის გამოყენება. სამივე პაციენტს მკვეთრად გამოხატული აუტიზმი ჰქონდა, ქცევის გამოკვეთილი დარღვევებითა და პრაქტიკულად ლექსიკური მარაგის არარსებობით. ჩვენთან, მიმდინარე კლინიკური კვლევის ფარგლებში, თითოეულს ჩაუტარდა საკუთარი ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ინტრათეკალური ტრანსპლანტაცია (ხერხემლის არხში თავზურგტვინის სითხეში შეყვანით). პროცედურები მეორდება 6 თვის ინტერვალით, სულ უნდა ჩატარდეს 3 შეყვანა 6-6 თვის შუალედით. ამ ეტაპზე სამივე პაციენტთან განხორციელებულია ორი ტრანსპლანტაცია, შედეგი კი აშკარად გამოხატულია.
- ჟურნალ „ოჯახის მკურნალის რედაქცია“ დიდ წარმატებას უსურვებს „ჯეოქორდს“ პაციენტთა განკურნება-გადარჩენის საქმეში, ჩვენს ერთგულ მკითხველსა და საზოგადოდ, მოსახლეობას კი ვუსურვებთ ჯანმრთელობას, გქონოდეთ ახალშობილთა ჭიპლარის სისხლის შენახვის ფინანსური საშუალება, თუმცა არ დაგჭირვებოდეთ ამ უნიკალური ბიომასალის გამოყენება!