როცა ჰიგიენის წესები ირღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ჰიგიენის წესები ირღვევა

ტერმინი "დიზენტერია" (ბერძ. დის - დარღვევა, აშლილობა, ენტერონ - ნაწლავი) შემოიღო ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ, რომელიც ნაწლავთა დაავადებებს ორ ტიპად ყოფდა: ჩვეულებრივი ფაღარათით მიმდინარედ და ფაღარათითა და მუცლის ტკივილით მიმდინარედ. ძვ. წ. აღ-ის პირველ საუკუნეში კი არეთეოსმა დაავადება დაწვრილებით აღწერა და მას "ჭინთვითი ფაღარათი" უწოდა. დაავადების გამომწვევი დიზენტერიის ჩხირის 50-მდე ნაირსახეობაა ცნობილი. მათზე დაწვრილებით არ შევჩერდებით, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბიოქიმიური და ანტიგენური თვისებებით ისინი 4 ჯგუფად იყოფა: შიგელა დიზენტერია, შიგელა ფლექსნერი, შიგელი ბოილი, შიგელა ზონე.

რა უქმნის ჩხირებს საშიშროებას

დიზენტერიის ჩხირები მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით სწრაფად იღუპება, 60 გრადუსზე - 30 წუთის განმავლობაში, 100 გრადუსზე კი - მყისვე. ჩვეულებრივი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარში ჩხირი რამდენიმე წუთში იღუპება, ხოლო ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში (სიბნელე, ზომიერი ტემპერატურა, სინოტივე და სხვა), ასევე - საღამურ საცვლებზე, ღამის ქოთნებზე - სიცოცხლეს კვირაობითა და თვეობით ინარჩუნებს, საკვებ პროდუქტებზე - 15-30 დღე, ხოლო წყალში - 9 დღემდე.

ვის ემუქრება დაავადება

შიგელოზი მსოფლიოში გავრცელებული დაავადებაა და მის მიმართ მიმღებლობა ყველა ასაკში აღინიშნება. უმეტესად ავადდებიან 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები. სკოლამდელი ასაკის წილად მოდის შემთხვევათა მესამედი.

როგორ შეიძლება დაავადდეს ადამიანი

დაავადებული და ბაქტერიამატარებელი საშიშროებას წარმოადგენს ჯანმრთელი ადამიანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის გადაცემის მექანიზმი ერთია - ფეკალურ-ორალური - და ყველა შემთხვევაში აუცილებელია ჯანმრთელი ადამიანის პირის ღრუში ინფექციის მოხვედრა, მისი გადაცემის გზა რთული და მრავალმხრივია. ამას ადასტურებს ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები, რომელთა საშუალებითაც დადგინდა ინფექციის გადაცემის სამი ძირითადი გზა მიკრობების თვისებების გათვალისწინებით. მაგალითად, შიგელა დიზენტერიასთვის ძირითადად მიიჩნევა გავრცელების საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზა, რაც უფრო ხშირია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში (ავადმყოფმა ან მატარებელმა შესაძლოა ჭუჭყიანი, დაუბანელი ხელებით დააინფიციროს სხვადასხვა ნივთი, ჭურჭელი, სათამაშო, კარის სახელური და ა.შ.). ეს გზა უპირატესად ერთეულ შემთხვევებს განაპირობებს, იშვიათად - ჯგუფურს. შიგელა ფლექსნერათი დასნებოვნებაში ხშირად წამყვანია წყლის ფაქტორი, რაც უპირატესად დაავადების ეპიდემიურ აფეთქებებს იწვევს. შიგელა ზონე უმთავრესად საკვები პროდუქტების (არაჟანი, ხაჭო, პაშტეტი, ბოსტნეული, წვენები და სხვა) ინფიცირების შედეგად ვრცელდება. დაავადება ხშირად ჯგუფურ ხასიათს იღებს, წესისამებრ - მჭიდრო კოლექტივებში, ე.წ. დახურულ დაწესებულებებში (ბაგა-ბაღი, ყაზარმა და ა.შ.). ეპიდემიის განვითარებაში დიდი როლი ეკისრება სოციალურ-საყოფაცხოვრებო და ბუნებრივ ფაქტორებსაც - არადამაკმაყოფილებელ სანიტარიულ მდგომარეობას, დაბალ ჰიგიენურ კულტურას.

წლის რომელი დროა ყველაზე საშიში

დაავადება მთელი წლის განმავლობაში გვხვდება, მაგრამ მისი მაღალი მაჩვენებლები ზაფხულ-შემოდგომის პერიოდზე მოდის, რასაც ხელს უწყობს კვების ხასიათის შეცვლა (კვება უპირატესად თერმულად დაუმუშავებელი, უმი ხილითა და ბოსტნეულით), ინფექციის განვითარებისთვის ოპტიმალური პირობების არსებობა (გარემოს ტემპერატურა, სინოტივე და სხვა), პროდუქტების დამზადებისა და შენახვის წესების დარღვევა.

რით განსხვავდება სხვა ნაწლავური ინფექციებისგან

ბაქტერიული დიზენტერია იწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებით სუბფებრილური რიცხვებიდან 39-40 გრადუსამდე. ბავშვებში ხშირად აღინიშნება გულისრევა ან განმეორებითი ღებინება, უმადობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში გარკვეული ლოკალიზაციის გარეშე. განავალი თავდაპირველად ჩვეულებრივი კონსისტენციისაა, შემდგომ თხელდება, მცირდება, იღებს მომწვანო ფერს, შეიცავს ლორწოს, ხშირად სისხლსაც. ზოგჯერ განავალი მხოლოდ ლორწოსა და სისხლისგან შედგება (კოლიტური სინდრომი). დიზენტერიისთვის დამახასიათებელი ნიშანია ტენეზმი (ჭინთვები). ყოველ დეფეკაციას წინ უძღვის მუცლის ტკივილი. ზოგჯერ ტენეზმს განავლოვანი მასების გამოყოფა არ მოსდევს, ადამიანს აქვს მოტყუების შეგრძნება, დეფეკაცია არ იწვევს დაკმაყოფილებას, ავადმყოფი დიდხანს ზის ქოთანსა თუ უნიტაზზე. წლამდე ასაკის ბავშვებში დიზენტერიას რამდენიმე თავისებურება ახასიათებს. თუმცა კოლიტური სინდრომის სიხშირე 80-90%-ს აღწევს, იგი სუსტადაა გამოხატული: განავალი თხიერია, მომწვანო, შეიცავს ლორწოს, სისხლს - ნაკლებად. უფროსი ასაკისთვის დამახასიათებელი ტენეზმები (ჭინთვები) იცვლება მათი ეკვივალენტებით - დეფეკაციის წინ მოუსვენრობით, ტირილით, სახის შეწითლებით, ანუსის სფინქტერის მოდუნებით (ანუსის ღიაობა, სწორი ნაწლავის გამოვარდნა). ამავე დროს ვლინდება ზოგადი ინფექციური ინტოქსიკაციის ნიშნები. ნუ ეცდებით თვითმკურნალობას. დაავადების ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართეთ ინფექციონისტს, სპეციალიზებულ ინფექციურ კლინიკას. თვითმკურნალობა, ხალხური საშუალებების (ბალახეული ნაყენების) გამოყენება დაუშვებელია. დაავადების დაგვიანებულ და არასწორ მკურნალობას სერიოზული გართულებები მოჰყვება, რაც შესაძლოა სავალალოდაც დასრულდეს!


სალმონელოზი

სალმონელოზი (არატიპური სალმონელოზი) წარმოადგენს მწვავე ინფექციურ დაავადებას, რომელიც უპირატესად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით მიმდინარეობს. განასხვავებენ სალმონელური დაავადების ორ ჯგუფს. პირველში შედის მუცლის ტიფი, პარატიფი A და B (რომელთა გამომწვევი მხოლოდ ადამიანში იწვევს დაავადებას). მეორეს მიეკუთვნება საკუთრივ სალმონელოზი, რომელსაც იწვევს როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისთვის პათოგენური სალმონელები. სახელწოდება "სალმონელოზი" გამოიყენება მხოლოდ მეორე ჯგუფის დაავადების აღსანიშნავად.

რა უნდა ვიცოდეთ გამომწვევის შესახებ

სალმონელა შედარებით გამძლეა გარემოში. მაგალითად, წყალში 2 თვემდე ძლებს, მიწაში - 4-5 თვემდე, ოთახის მტვერში - 3 თვე, მშრალ ფეკალიებში - 3-4 წელი. მიკრობისთვის კარგ საკვებ ნიადაგს წარმოადგენს რძის პროდუქტები (არაჟანი, კარაქი, რძის ფხვნილი და სხვა), ხორცი, კვერცხი, კვერცხის ფხვნილი. კარგად იტანს გამოშრობას, ზოგჯერ 80 გრადუს ტემპერატურამდე გაცხელებასაც კი, გამძლეა ანტიბიოტიკების უმრავლესობის მიმართ. მიკრობის ლიკვიდაციისთვის საჭიროა ხარისხიანი თერმული ზემოქმედება. მაგალითად, კვერცხის 2-3-წუთიანი ხარშვა მას ვერ გაანადგურებს, საჭიროა დუღილის გახანგრძლივება 15-20 წუთამდე. 400-გრამიანი ხორცის ნაჭერი 2,5 საათის განმავლობაში უნდა ვხარშოთ. აღსანიშნავია, რომ სალმონელები მაღალმგრძნობიარენი არიან სადეზინფექციო პრეპარატების მიმართ ჩვეულებრივ განზავებაში.

ვისგან უნდა ველოდოთ საშიშროებას

ინფექციის ძირითად წყაროს წარმოადგენენ ცხოველები:

  • ღორი, ძროხა, კატა, ძაღლი, ასევე - შინაური ფრინველები, განსაკუთრებით - ბროილერის ჯიშის ქათმები, იხვები და ბატები, რომლებიც სალმონელას სხვადასხვა ტიპის რეზერვუარები არიან.
  • ხორცსა და შინაგან ორგანოებში მიკრობების განთესვა განპირობებულია ენდოგენურად - პროდუქტების ტრანსპორტირების, შენახვისა და კულინარიული დამუშავების წესების დარღვევით.
  • დაავადების გავრცელების კუთხით დაავადებული ცხოველების შემდეგ მეორე ადგილი უკავიათ ავადმყოფ და ბაქტერიამატარებელ ადამიანებს, განსაკუთრებით - თუ ესენი კვების ქსელში (ხორცის, რძის კომბინატები და სხვა) მომუშავე პერსონალია.
  • ინფექციის გადაცემა ხდება ფეკალურ-ორალური გზით, ხოლო გადაცემის მთავარი ფაქტორია საკვები, შემდეგ - წყალი. საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით ინფიცირება უმთავრესად მცირე ასაკის ბავშვებში შეინიშნება.
  • სალმონელოზით ავადობა წლის ყველა პერიოდში გვხვდება. მცირე სეზონურობა ახასიათებს ზაფხულში, რაც დაკავშირებულია ინფიცირების ხელშემწყობ პირობებთან (თერმულად დაუმუშავებელი საკვები, უმაცივროდ საკვების შენახვა და ა.შ.).

როგორ ვლინდება დაავადება

დაავადება სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელი სექტორია დაზიანებული - კუჭი (გასტრიტი), წვრილი ნაწლავები (ენტერიტული ფორმა), მსხვილი ნაწლავი (კოლიტი) თუ მათი კომბინაცია. გასტრიტული და გასტროენტერიტული ფორმები უფრო ხშირად გვხვდება 3 წელს გადაცილებულ ბავშვებში, დაკავშირებულია ინფიცირებული საკვების მიღებასთან და ხშირად მიმდინარეობს ტოქსიკოინფექციის ტიპით. იწყება უეცრად - ტემპერატურის მკვეთრი მომატებით 39-40 გრადუსამდე, განმეორებითი ღებინებით. ავადმყოფები უჩივიან საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს, თავბრუხვევას, ტკივილს ეპიგასტრიუმის (ჭიპის ზემოთ) არეში და მთელ მუცელში. ენა შელესილია, მშრალი, კანი - მშრალი, მუცელი - შებერილი. ფაღარათი - ფაფისებრი ან თხელი, უხვი და ქაფიანი, მცირედი ლორწოს შემცველი მასებით. დაავადება 4-5 დღე გრძელდება. ენტერიტული ფორმის დროს ფაღარათი დღე-ღამეში 5-10-ს აღწევს, განავალი უხვია, აკუწული, შეიცავს გადაუმუშავებელ, თეთრ კოშტებს, მცირე ლორწოს და აქვს მძაფრი სუნი. სამედიცინო ჩარევის გარეშე ორგანიზმი სწრაფად გამოშრება. გასტროენტეროკოლიტი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. იგი უპირატესად მცირე ასაკის ბავშვებში გვხვდება, განსაკუთრებით - ერთ წლამდე. იწყება მწვავედ, მაღალი - 39-40 გრადუსი - ტემპერატურით, 3-4 დღის განმავლობაში გამოიხატება დაავადებისთვის დამახასიათებელი გახშირებული დეფეკაცია. პირველსავე დღეებში განავალი იღებს მოშავო-მომწვანო ფერს, რომელიც მოგვაგონებს ჭაობს, აღინიშნება სპაზმური, შეტევითი ხასიათის ტკივილები, ჭინთვების ეკვივალენტური სახის გაწითლება, შეტევითი ხასიათის მოუსვენრობა. წლამდე ასაკის ბავშვებში ღებინება იშვიათია. ახალშობილთა სალმონელური ინფექცია, გარდა გასტროინტესტინური ფორმისა, ხშირად მიმდინარეობს სეფსისური გამოვლინებითაც - მენინგიტით, მენინგოენცეფალიტით, ოსტეომიელიტით და სხვა. სიკვდილიანობა ყველაზე მეტად ახალშობილთა კონტინგენტზე მოდის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სალმონელური ინფექციის კერების არსებობას სამშობიარო სახლებში, სადაც ინფექციის წყაროს უმთავრესად წარმოადგენს ავადმყოფი ან ბაქტერიამატარებელი დედა, ასევე - სამედიცინო პერსონალი, რომელთაც აქვთ ჰოსპიტალური, ანტიბიოტიკებისადმი პოლირეზისტენტული შტამების მატარებლობა. ნაყოფის ინფიცირება შესაძლოა მოხდეს სამშობიარო გზების გავლის დროსაც. ინფიცირებული ახალშობილი სტაციონარიდან ეწერება საინკუბაციო პერიოდში, გარეგნულად ჯანმრთელი (საინკუბაციო პერიოდი 3-4 დღეა), დაავადების გამოვლენა კი სახლში ხდება.

რით განსხვავდება დიზენტერია სალმონელოზისგან?

სალმონელოზის მთავარი სიმპტომია დაავადების მწვავე დასაწყისი, შედარებით ხანგრძლივი ტემპერატურა, მდგრადი პირღებინება, განავლის ენტერიტული ხასიათი მწვანე ლორწოსა და სისხლის შემცველობით, მყრალი სუნით, მეტეორიზმი. დიზენტერია სალმონელოზისგან განსხვავდება თითქმის ყოველთვის მიმდინარეობს კარგად შემოფარგლული კოლიტური სინდრომით (ჭინთვები, სიგმოიდური კოლინჯის სპაზმი, სფინქტერის მოდუნება - ანუსის ღიაობა), დეფეკაციით ლორწოსა და სისხლის შემცველი განავლის მცირე ულუფებით, ტემპერატურა გრძელდება რამდენიმე დღე. განსხვავებაა მკურნალობის თვალსაზრისითაც: სალმონელოზის დროს საჭიროა ორგანიზმის შევსება სითხითა და ელექტროლიტებით, ანტიბიოტიკებით მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი, დიზენტერიის დროს კი განავალში სისხლიანი ლორწოს გაჩენა ანტიბიოტიკის დანიშვნის ჩვენებაა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ გაიდლაინებშია მითითებული.