მუცლის ტკივილი
დედამიწის მოსახლეობის 40% სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ მუცლის ტკივილს უჩივის, ეს ეხება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს.
უნდა ითქვას ისიც, რომ შესაძლოა მუცლის ტკივილით გამოხატული ერთი და იგივე დაავადება ქალებსა და მამაკაცებთან განსხვავებულად მიმდინარეობდეს. ყოველწლიურად იზრდება მუცლის ტკივილით სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვა, ამის გლობალურ მიზეზებად კი სახელდება: არარეგულარული და არარაციონალური კვების რეჟიმი, სტრესი, მემკვიდრული წინასწარგანწყობა, პროფესიული მავნეობის შემცველი ფაქტორები და სხვა.
მუცლის ტკივილი არასპეციფიკური კლინიკური სიმპტომია, რომელმაც შესაძლოა, როგორც ბანალური დიარეის ან ყაბზობისას, ისე საკმაოდ სერიოზული პათოლოგიების დროსაც იჩინოს თავი.
მუცლის ტკივილით მიმდინარე შემთხვევების 10% სერიოზული ქირურგიული პათოლოგიის მანიშნებელია, რომლებიც დროულ ჰოსპიტალიზაციასა და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებენ.
ყველაზე ხშირად ეს „მწვავე მუცლად“ წოდებული სიმპტომოკომპლექსის დროსაა აუცილებელი, რომელიც მუცლის ღრუს ორგანოთა სერიოზული დაზიანების მანიშნებელია. ასეთ დროს შეცდომა ადამიანის სიცოცხლისა და მისი ჯანმრთელობის ფასად ჯდება.
ცნობილია მუცლის ტკივილის განსხვავებულად მიმდინარე ვარიანტები, რომლებსაც ერთმანეთისგან გამოარჩევს ხასიათი, ინტენსივობა, საწყისი, სხეულის სხვა ნაწილებზე ირადიაცია – გავრცელება, ფაქტორები, რომლებიც მას იწვევენ.
მუცლის ტკივილის ყველა მახასიათებლის დეტალური შესწავლა სპეციალისტებს საშუალებას აძლევს 80%-იანი სიზუსტით დასვან წინასწარი დიაგნოზი და შემდგომი კვლევებიც მაქსიმალურად მიზანმიმართულად ჩაატარონ.
მდებარეობისა და ტოპოგრაფიული მონაცემების მიხედვით განირჩევა მუცლის გენერალიზებული და ლოკალური ტკივილი.
გენერალიზებული ტკივილი
გენერალიზებული ანუ ზოგადია მუცლის ტკივილი, რომელიც მოიცავს მუცლის ნახევარს ან მის დიდ ნაწილს. ყველაზე ხშირად იგი ვლინდება საჭმლის მომნელებელი პროცესის დარღვევის, ნაწლავური ინფექციების დროს. იგი წვრილი ნაწლავის ანთებითი დაზიანების შედეგია, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და მისი კუპირება ოჯახის პირობებშიც შესაძლებელია.
იშვიათ შემთხვევებში გენერალიზებული მუცლის ტკივილი თან ერთვის ნაწლავურ გაუვალობას და თუ ეს ასეა, მაშინ მისი ძალა და ინტენსივობა რამდენიმე საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება და აქ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე ტკივილის კუპირება შეუძლებელია.
ლოკალური ტკივილი
ლოკალურია ტკივილი, რომელიც ვითარდება მუცლის რომელიმე ნაწილში, ზევით, ქვევით ან ჭიპის არეში, ზოგჯერ ეს მწვავე, უეცარი ტკივილია და ხშირად ის მძიმე დაავადებების სიმპტომია, მაგალითად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციის, რომლის დროსაც კუჭიდან და ნაწლავიდან შიგთავსი მუცლის ღრუში ხვდება და მუცლის ფარის ანთებას – პერიტონიტს იწვევს.
მუცლის ტკივილის სტანდარტული ლოკალიზაციებია:
- ტკივილი მუცლის ზედა არეში;
- ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
- ტკივილი შუა მუცელში;
- ტკივილი მარჯვენა ნეკნქვეშ;
- ტკივილი მარცხენა ნეკნქვეშ;
- ტკივილი ჭიპის არეში.
ტკივილის ხასიათის, ფორმისა და ინტენსივობის მიხედვით კი ცნობილია:
სპასტიკური ტკივილი
ეს შეტევითი ხასიათის ტკივილია, რომელიც ტალღისმიერად მიმდინარეობს, დროის გარკვეული შუალედებით ძლიერდება და სუსტდება. სპაზმები ნაწლავის კუნთოვანი კედლის გაძლიერებული შეკუმშვის შედეგია. ჩვეულებრივ აირებზე გასვლის ან დეფეკაციის შემდგომ მისი ინტენსივობა იკლებს. ამგვარი ტიპის ტკივილი ახასიათებთ ქალებს მენსტრუალური ციკლის პერიოდშიც.
ნევროზული ტკივილი
ამ ტიპის მუცლის ტკივილი ნაწლავის ან მუცლის ღრუს სხვა დანარჩენ ორგანოთა დაზიანებას არ უკავშირდება. ეს ფუნქციური მუცლის ტკივილია, რომელიც გრძელდება 6 თვეზე მეტხანს როგორც პასუხი: სტრესზე, დეპრესიაზე, ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, ნერვულ გადაძაბვაზე.
მუცლის ტკივილი თავს იჩენს სტრესების და ძლიერი ემოციური ბიძგის შედეგად. ხშირად ეს საკმაოდ ძლიერი სპაზმური ტიპის ტკივილია, რომელიც პაციენტის დამშვიდების შემდგომ სუსტდება და ქრება. საჭიროებს ფსიქო-ნევროლოგიურ მკურნალობას.
მუცლის ტკივილი ხასიათის, ფორმისა და ინტენსივობის მიხედვით შესაძლოა იყოს მჭრელი, მკვეთრი, ხანჯლის დარტყმის მაგვარი, შეტევითი, კრუნჩხვითი, ბიძგისმაგვარი, ყრუ, მჩხვლეტავი, მწველი.
მუცლის ტკივილის თანმდევი სიმპტომები
მუცლის ტკივილი ხშირად სხვა სიმპტომებთან ერთად ვლინდება და ყველაზე ხშირად ესენია:
- ზოგადი სისუსტე;
- არტერიული წნევის დაქვეითება;
- გულისცემის აჩქარება;
- ღებინების შეგრძნება;
- გულისრევა;
- დიარეა;
- თავბრუსხვევა;
- ოფლიანობა;
- კანკალი;
- შემცივნება;
- სხეულის ტემპერატურის მომატება;
ხანგრძლივობის მიხედვით ცნობილია 2 ტიპის მუცლის ტკივილი.
მწვავე მუცლის ტკივილი
იწყება მოულოდნელად, უეცრად და საკმაოდ დიდი ძალისა და ინტენსივობის ტკივილია. იგი ხშირად რომელიმე ქირურგიული პათოლოგიის თანმდევი სიმპტომია და ამიტომ მისი გაჩენისას აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
ქრონიკული მუცლის ტკივილი
ქრონიკულია მუცლის ტკივილი, რომელიც გრძელდება 3 თვეზე მეტხანს. იგი ვითარდება თანდათან, მისი ინტენსივობა მცირეა და ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება ზოგჯერ კვირების განმავლობაში. მისი მიზეზი უპირატესად ნელა, მდორედ პროგრესირებადი ანთებითი დაზიანებებია.
ზოგჯერ ქრონიკული ტიპის მუცლის ტკივილი მორეციდივე ხასიათს იღებს და პაციენტს პერიოდულად თავს უფრო ძლიერი შეგძნებით ახსენებს. თუმცა, ისევ ქრება და შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ გამწვავდეს.
მუცლის ტკივილის ძირითადი მიზეზები
- მუცლის ღრუს ორგანოთა დაზიანება და დაავადებები: კუჭის, ნაღვლის ბუშტის, ნაწლავის, საშვილოსნოს და მისი დანამატების.
- თირკმლის, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები, ძვლების მოტეხილობების შედეგად გაჩენილი ჰემატომები, მუცლის აორტის ანევრიზმის აშრევება;
- მუცლის ღრუს სისხლძარღვების თრომბოზები და ემბოლიები;
- გინეკოლოგიური პროფილის პათოლოგიები: ცისტიტი, საშვილოსნოსა და მისი დანამატების პათოლოგიები;
- გულმკერდის ღრუს ორგანოთა დავაადებები, რომელთაც ახასიათებს მაირადირებელი – გავრცობილი ტკივილი მუცლის არეში: კრუპოზული პნევმონია, პლევრიტი, ბაზალური პლევრო-პნევმონია, მიოკარდის ინფარქტი, პერიკარდიტი;
- მუცლის წინა კედლის დაავადებები და დაზიანებანი: მუცლის თიაქრები, მუცლის წინა ფარის სისხლძარღვების კედლების უეცარი ტრავმული გასკდომა ჰემატომის წარმოქმნით, მუცლის კედლის ჩირქგროვა;
- ხერხემლის და ზურგის ტვინის ირადიაციით მიმდინარე დაავადება და დაზიანებანი: გულმკერდისა და წელის არის მალათა მოტეხილობა, ზურგის ტვინის სიმსივნე, წელისა და გავის რადიკულიტი.
სტატისტიკის მიხედვით ცნობილია ის ძირითადი დაავადებები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ მუცლის ტკივილს, ათეული კი ასე გამოიყურება:
1. მწვავე აპენდიციტი;
2. მწვავე პანკრეატიტი;
3. მწვავე გასტრიტი;
4. ნაწლავის ჭვალი;
5. თირკმელების ანთებითი დაავადებანი;
6. კენჭის გადასვლა შარდსაწვეთში;
7. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავების ანთებითი დაავადებები;
8. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავების წყლულოვანი დაავადებები;
9. ნაღვლის ბუშტის ანთება – ქოლეცისტიტი;
10. ფსიქოგენური, ე.წ. ნევროტული მუცლის ტკივილი.
მუცლის ტკივილს საკმაოდ სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია, რამდენადაც, ხშირად რთულია იმის დადგენა, კონკრეტულად რომელი ორგანოს დაზიანება იწვევს ტკივილს. ამის მიზეზი ის არის, რომ ხშირად არ არსებობს დაზიანებულ ორგანოსა და ტკივილის ლოკაციას შორის პირდაპირი კავშირი, ასე, მაგალითად, მუცლის არეში გარკვეული დისკომფორტი შესაძლოა ხერხემლის დაავადებას, ანემიას და ენდოკრინულ სისტემაში არსებულ პრობლემასაც კი უკავშირდებოდეს.