როდის და როგორ ვლინდება თავბრუხვევა
ვის და როდის უვლინდება უხშირესად თავბრუხვევა, რომელი დაავადებების სიმპტომია ის ძირითადად, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება აკადემიკოს ვ. ბოჭორიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრისა და დ. ტატიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი, თსსუ მოწვეული პედაგოგი – ინეზა ბობოხიძე:
– თავისა და წელის ტკივილის შემდეგ თავბრუხვევა, უფრო სწორად თავბრუ, ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც პაციენტები ექიმს აკითხავენ. თავბრუ, უმეტესად, დროებით აქვეითებს შრომისუნარიანობას და სოციალურ ადაპტაციას. თუმცა თავბრუხვევა შესაძლოა იყოს ისეთი ნოზოლოგიების მანიფესტაციაც, რომლებიც ჯანმრთელობის მყარ და შეუქცევად მოშლას იწვევენ.
ყოველივე ეს ქმნის აუცილებლობას დეტალურად იქნეს გაანალიზებული თავბრუხვევის მიზეზები და, რა თქმა უნდა, დაისახოს მისი აღმოფხვრის კონკრეტული ტაქტიკა. ხშირად ამ პროცესის მართვას მარტო ნევროლოგიც ვერ ყოფნის და საჭირო ხდება ოტოლარინგოლოგის, კარდიოლოგის და ოფთალმოლოგის ჩართულობა.
– თავბრუხვევის დროს ადამიანს ეჩვენება, რომ ის ბრუნავს, მოძრაობს, თუმცა სინამდვილეში ის უმოძრაოა. პირიქითაც ხდება – ზოგს აქვს განცდა, რომ მის ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი და მოძრაობს – საგნები, მაგალითად, მიწა ფეხქვეშ და ა. შ. რა განაპირობებს ასეთ განცდებს?
– თავბრუხვევა არის სუბიექტური შეგრძნება და პაციენტები მრავალფეროვანი ინტერპრეტაციით ახდენენ ჩივილის ვერბალიზაციას. „თავში სიცარიელე“, „ყანყალი“, „თავში კარუსელი“, „მიწა გამომეცალა ფეხქვეშ“, „ვარდნა სადღაც შორს“, „კედლების ტრიალი“, „თვალებზე შავი ბინდი“, „თვალებზე ბადის გადაფარება“ და სხვა.
ხშირად თავბრუხვევას თან ახლავს ვეგეტატიური სიმპტომატიკა: გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, ტაქიკარდია, ხშირია შფოთვითი განცდებიც. თავბრუხვევა 80%-ში ფსიქოგენურია, 20%-ში ორგანული პათოლოგიით არის განპირობებული. არსებობს რამდენიმე ათეული სომატური პათოლოგია, რომლებსაც თან ახლავს თავბრუხვევა. ხშირად თავბრუხვევის ჩივილების დროს კლინიკურ-ნევროლოგიური და ლაბორატორიული მონაცემები ნორმის ფარგლებშია და დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ ანამნეზური მონაცემების საფუძველზე.
– რა არის თავბრუხვევის ყველაზე ხშირი მიზეზი?
– თავბრუხვევა გამომწვევი მიზეზების მიხედვით შეიძლება დაიყოს:
1. ცენტრალური მიზეზებით გამოწვეული თავბრუ;
2. პერიფერიული მიზეზებით გამოწვეული თავბრუ;
3. სისტემური მიზეზებით გამოწვეული თავბრუ.
ცენტრალური გენეზის თავბრუხვევის მიზეზი ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებაა. ეს შეიძლება იყოს უკანა ცირკულაციის დარღვევა, მადემიელინიზებული დაზიანებები, მენინგიომა, ნათხემ-ხიდის კუთხის სიმსივნეები, კრანიალური ნეიროპათია – ვესტიბულური ნერვის ფოკალური დაზიანება და სხვა.
პერიფერიული თავბრუხვევის მიზეზი კი შეიძლება იყოს: პერიფერიული ვესტიბულოპათია, პოსტტრავმული დაზიანებები, ლაბირინთიტი, ოტოტოქსიკური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება.
სისტემური თავბრუხვევის მიზეზი შეიძლება იყო ენდოკრინული დაავადებები (გლუკოზის მერყევი ციფრები სისხლში), რეოლოგიური ცვლილებები (დაბალი ჰემოგლობინი, რკინადეფიციტური ანემია), ორგანიზმის ზოგადი დეჰიდრატაცია, კარდიოლოგიური ნოზოლოგიები, დისრითმია, ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, ინფექციური სნეულებები და სხვა.
პერიფერიული თავბრუხვევა, უმეტესად, შეტევითი, ძლიერი და მკვეთრია, შეიძლება თან ახლდეს ღებინების ან გულისრევის შეგრძნება, ხანმოკლე და გარდამავალია, თუ ერთ პოზიციაში ვლინდება, პაციენტი ერთი მიმართულებით (დაზიანების კერის მხარეს) ეცემა, თვალების დახუჭვა და მზერის ფიქსაცია თავბრუს ამცირებს.
ცენტრალური თავბრუ მუდმივი და პროგრესირებადია, იშვიათად ახლავს ღებინება და გულისრევა. თვალების დახუჭვა და მზერის ფიქსაცია თავბრუს არც ასუსტებს და არც აძლიერებს. ყველაზე პათოგნომური ნიშანია თავბრუს პროგრესირება.
ცენტრალური თავბრუხვევის დროს თავის ტვინის ის ნაწილი ზიანდება, რომელიც პასუხისმგებელია პერიფერიული ვესტიბულური აპარატიდან ინფორმაციის მიღებაზე და მის ანალიზზე.
ვერტიგო – კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუხვევა ყოველთვის განსაზღვრული მოძრაობების დროს იჩენს თავს. მისი საფუძველი ნახევარრკალოვან არხებში (შიგნითა ყური) კალციუმის მარილების – ოტოკლასტების წარმოქმნაა. ოტოკლასტები გარკვეული მოძრაობების დროს იწვევენ შესაბამისი რეცეპტრორების გაღიზიანებას, რაც აღიქმება როგორც თავბრუ ან უმყარობა.
კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუ (ვერტიგო) ვესტიბულური დარღვევების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ტიპია. თავბრუხვევათა 17% ვერტიგოა. მას მრავალფეროვანი კლინიკურ-ნევროლოგიური სიმპტომები შეიძლება ახლდეს თან.
– რას გვეტყვით მენიერის დაავადებაზე?
– მენიერის დაავადება ხასიათდება მწვავე, ძლიერი თავბრუხვევით, ღებინებით, სმენის პროგრესული დაქვეითებით, ყურის დახშობის და ყურში ზეწოლის შეგრძნებით. შეტევები პერიოდულია და ახასიათებს რემისიები. წონასწორობის მოშლა რამდენიმე დღე გრძელდება და შემდეგ დგება რემისია. ყოველი მომდევნო შეტევის შემდეგ სმენის დაქვეითება პროგრესირებს. მენიერის დაავადების მიზეზი ენდოლიმფური სითხის მომატება და ნახევარრკალოვანი სადინარების (შიგნითა ყურის აპკოვანი ნაწილი) გაწელვა გახლავთ. თუმცა ხშირად მიზეზი ვირუსული ინფექციაც არის, შეიძლება სულაც იდიოპათიური (გაურკვეველი წარმოშობის) იყოს.
– ვის უვლინდება უხშირესად თავბრუხვევა?
– ასაკოვან ადამიანთა შორის ხშირია დისეკვილიბრიუმი – მოძრაობითი დარღვევები, უმეტესად აღმოცენდება სიარულის დროს და მოსვენებულ-წოლით რეჟიმში იხსნება. ეს ყოველივე სენსორული დეფიციტითაა განპირობებული.
ხშირია შაკიკთან ასოცირებული ვერტიგო. ე. წ. ვესტიბულური შაკიკი. ხშირ შემთხვევებში შაკიკი მხოლოდ შეტევითი თავბრუხვევით ვლინდება და არ ახლავს ცეფალგია. ვესტიბულური შაკიკი ხშირია ბავშვებთან.
თავბრუ შეიძლება გამოვლინდეს ეპილეფსიის დროს. ოღონდ ამ შემთხვევაში გამოხატულია მოტორული კომპონენტი უნებლიე მოძრაობების სახით.
თავბრუ შეიძლება გახდეს ისეთი სომატური პათოლოგიების გამოვლენის მიზეზი, როგორებიცაა V წყვილი (სამწვერა), VI წყვილი (გამზიდველი) და VII წყვილი (სახის) ნერვების ან კიდევ ნათხემის დაზიანება. ეს დაზიანებები შეიძლება იყოს ონკოლოგიური გენეზის, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა და სწრაფრეაგირებას მოითხოვს.
თავბრუხვევა ის პათოგნომური სიმპტომია, რომელიც კვალიფიციურ ანალიზსა და დიფერენციაციას მოითხოვს. ეს კი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების საწინდარია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!