სუბფებრილური ტემპერატურა - რამდენად საშიშია და რა დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს დაბალი ტემპერატურა
- ბევრს განსაკუთრებით აშფოთებს ტემპერატურის 37°C-ის ფარგლებში მერყეობა. პაციენტები ამ მდგომარეობას დაბალ სიცხეს უწოდებენ და გაცილებით საშიშ მდგომარეობად მიიჩნევენ, ვიდრე ტემპერატურის მომატების სხვა შემთხვევებს. მართებულია თუ არა ეს შეხედულება და რისი ბრალი შეიძლება იყოს ტემპერატურის ამგვარი მომატება?
- ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ტემპერატურის მიხედვით შეუძლებელია მისი გამომწვევი დაავადების სიმძიმეზე ვიმსჯელოთ.
37-38°გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა იყოს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი დაავადების სიმპტომი.
თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ხანგრძლივი სუბფებრილური ტემპერატურა თერაპევტის პრაქტიკაში ერთ-ერთი სერიოზული დიაგნოსტიკური პრობლემაა.
ასეთი ჩივილით უმეტესად ახალგაზრდა ქალები მოგვმართავენ.
ამ შემთხვევაში ტემპერატურის მომატება დაკავშირებულია ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან, შარდსასქესო სისტემის იოლ ინფიცირებასთან, ფსიქოვეგეტატიურ დარღვევებთან.
პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ.
ინფექციათაგან უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზი, რომლის ძირითად სიმპტომებზე უკვე ვისაუბრეთ. ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები - კბილის გრანულომა, წიაღების ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება, პროსტატიტი, საშვილოსნოს დანამატების ანთება.
ზოგჯერ სუბფებრილურ ტემპერატურას იწვევს რევმატიზმიც.
სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ არაინფექციურ მიზეზთაგან საყურადღებოა თირეოტოქსიკოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი და ეგრეთ წოდებული ფიზიოლოგიური მიზეზები. ცნობილია, რომ ბევრისთვის სუბფებრილური ტემპერატურა ინდივიდუალური ნორმის ვარიანტია.
მისი მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, საკვების მიღება, ცხელ შენობაში ყოფნა. ზოგიერთ ქალს სუბფებრილური ტემპერატურა აქვს მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში, ხოლო მენსტრუაციის დროს და ორსულობის პირველი 3-4 თვის განმავლობაში ნორმას უბრუნდება.
გარდა ამისა, ხშირად ტემპერატურა სხვადასხვა იღლიის ფოსოში 0,1-0,3°C-ით განსხვავდება, რაც მისი მომატების ილუზიას ქმნის. ამ ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია, რათა გაუმართლებელი კვლევა თავიდან ავიცილოთ.
- რომელი კვლევები ტარდება ცხელების მიზეზის დასადგენად?
- უპირველეს ყოვლისა, ექიმი პაციენტს დეტალურად სინჯავს. რიგ შემთხვევაში ცხელების მიზეზი ამ ეტაპზევე ვლინდება, რის შემდეგაც ექიმი მიზანმიმართულად ნიშნავს აუცილებელ კვლევებს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ეჭვი არც ერთ დაავადებაზე არ ჩნდება.
ამ დროს ინიშნება ცხელების მიზეზის დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებული კვლევები, მათ შორის - სისხლის, შარდის, განავლის საერთო ანალიზები, სისხლისა და შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ბიოქიმიური გამოკვლევები, გულმკერდის რენტგენოგრაფია, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, საჭიროებისამებრ - კომპიუტერული ტომოგრაფია ან ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული კვლევა.
ზოგჯერ საჭიროა დამატებითი კვლევებიც, რომელთა დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა.