ცხელება
ჩვენი სტუმარია აკად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს თერაპევტი, მედიცინის დოქტორი აკაკი სარიშვილი.
- რა არის ცხელება და ტემპერატურის რომელი ციფრები ითვლება ნორმად?
- ცხელება ორგანიზმის ზოგადი და რთული რეაქციაა სხვადასხვა, უმეტესად ინფექციურ გამღიზიანებელზე, რომლის დროსაც სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მეტად იწევს. იღლიის ფოსოში გაზომვისას ტემპერატურის ნორმად 36,3-36,9°C ითვლება.
- როგორ ვლინდება ტემპერატურის მომატება?
- მაღალ ტემპერატურას ყველა ინდივიდუალურად, თავისებურად შეიგრძნობს, თუმცა არსებობს რიგი ნიშანი, რომელიც ცხელებისთვის საკმაოდ ტიპობრივია. ასეთია სხეულში მტვრევის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, თავბრუ, ზოგადი სისუსტე, პულსის გახშირება. ცნობილია, რომ ტემპერატურის ერთი გრადუსით მატებისას პულსი წუთში დაახლოებით 8-12 დარტყმით იმატებს. ტემპერატურის მატებას ხშირად თან სდევს შემცივნება, კანკალი. ტემპერატურის მომატების ფაზაში კანი ცხელი და მშრალია, დაქვეითებისას კი ოფლის გამოყოფა იწყება.
- საშიშია თუ არა მაღალი ტემპერატურა? ნიშნავს თუ არა მისი მკვეთრი მომატება მძიმე დაავადებას?
- ტემპერატურის მომატება თავისთავად დაავადება არ არის, ის განსაზღვრული პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომია და იმის მაუწყებელია, რომ ადამიანის ორგანიზმში რაღაც განსაკუთრებული, არანორმალური ხდება. მართალია, ტემპერატურის უმნიშვნელო მომატებაც კი დისკომფორტს იწვევს, მაგრამ მოზრდილი ადამიანის ორგანიზმისათვის საშიში ის მხოლოდ მაშინ არის, თუ მაჩვენებელმა 39,4°C-ს მიაღწია. ძნელია, ტემპერატურის მაჩვენებლის მიხედვით მისი გამომწვევი დაავადების სიმძიმეზე ვიმსჯელოთ. ზოგჯერ მსუბუქი პათოლოგიაც კი საკმაოდ მაღალი ცხელებით მიმდინარეობს, ხოლო რიგ შემთხვევაში ტემპერატურა ძალიან მძიმე დაავადების დროსაც კი უმნიშვნელოდ იმატებს.
- რომელი დაავადების დროს იწევს ტემპერატურა?
- ტემპერატურის მომატება უმეტესად ვირუსულ, ბაქტერიულ ან პარაზიტულ ინფექციას უკავშირდება და მასზე ორგანიზმის რეაქციას წარმოადგენს, თუმცა არსებობს ისეთი მიზეზებიც, რომლებსაც ინფექციურ პროცესებთან კავშირი არ აქვს, მათ შორის - სითბური დაკვრა, რევმატოიდული ართრიტი, ავთვისებიანი სიმსივნე, ზოგიერთი მედიკამენტი (მაგალითად, ანტიბიოტიკი, მაღალი არტერიული წნევის ან ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები). არის შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად საფუძვლიანი გამოკვლევისა, ცხელების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. როდესაც ადამიანს ტემპერატურა სამ კვირაზე მეტხანს აქვს მომატებული, მაგრამ მიზეზს ვერ ადგენენ, ამბობენ, რომ საქმე გვაქვს უცნობი ეტიოლოგიის (წარმოშობის) ცხელებასთან, თუმცა ისიც უნდა ითქვას, ასეთი ცხელება უმეტესად იშვიათი ან ნაკლებად შესწავლილი დაავადებით კი არა, ატიპურად, უცნაურად მიმდინარე გავრცელებული პათოლოგიით არის გამოწვეული.
- უმეტესად რომელი ინფექცია იწვევს ტემპერატურის მომატებას?
- ცხელების მიზეზად შეიძლება იქცეს ნებისმიერი ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული ინფექცია, თუმცა უმთავრესად ტემპერატურის მომატება ზემო სასუნთქი გზების, საშარდე გზების, საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციებს უკავშირდება. იშვიათი არ არის ასევე მძიმე ინფექციური პროცესები - პნევმონია (ფილტვების ანთება), ოსტეომიელიტი (ძვლის ინფექცია), აპენდიციტი (ჭიანაწლავის ანთება), ტუბერკულოზი, ცელულიტი (კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ინფექცია), მენინგიტი (ტვინის გარსების ინფექცია). ცალკე უნდა გამოვყოთ ინფექციური დაავადებები, რომელთათვისაც ცხელება ერთ-ერთი წამყვანი კლინიკური სიმპტომია. მათთვის დამახასიათებელია დაავადების კონკრეტული გამომწვევის არსებობა, ტიპური კლინიკური სურათი და რიგ შემთხვევაში - ცხელების განსაზღვრული სახე.
- სასუნთქი გზების რომელი დაავადებები იწვევს ცხელებას და როდის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტემპერატურის მომატების მიზეზი აღნიშნული დაავადებებია?
- ტემპერატურა საკმაოდ ხშირად იმატებს ზემო სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებების - რინიტის (ცხვირის ლორწოვანის ანთება), სინუსიტის (წიაღების ანთება), ფარინგიტის (ხახის ანთება) თუ ტონზილიტის (ნუშურა ჯირკვლების ანთება) შემთხვევაში. მათი უმრავლესობა ვირუსულ და ბაქტერიულ გამომწვევებთან არის დაკავშირებული და არცთუ ისე რთული სადიაგნოზოა. ჩვეულებრივ, ამ დროს ტემპერატურა ძალიან მაღალი არ არის. იმის მიხედვით, თუ რა ლოკალიზაციის ანთებით პროცესთან გვაქვს საქმე, ცხელებას თან ახლავს ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ყელის ტკივილი, ტკივილი წიაღების საპროექციო არეში, თავის ტკივილი, ხველა, ყელი წითელია, ნუშურა ჯირკვლები გადიდებულია, ზოგჯერ ვლინდება ნადები. ჩვეულებრივ, მსგავს ანთებით პროცესებს პაციენტები "გაციებას" უწოდებენ და ამ დროს აღმოცენებული ტემპერატურული რეაქციაც განსაკუთრებულ ყურადღებას არ იპყრობს, რადგანაც რამდენიმე დღეში გაივლის. ცხელება ხშირია ქვემო სასუნთქი გზების დაავადებების - ბრონქიტისა და პნევმონიის ანუ ფილტვების ანთების დროსაც. ამ დროს პაციენტი უჩივის ხველას, ნახველის არსებობას, სუნთქვის გაძნელებას, ზოგჯერ - გულმკერდის ტკივილს. ექიმი პაციენტის გასინჯვისას ფილტვების მოსმენის საფუძველზე ადგენს ამ პათოლოგიების არსებობას. დიაგნოზის დაზუსტება ხდება რენტგენოლოგიური კვლევისა და ნახველის ანალიზის მეშვეობით. ზემო სასუნთქი გზების დაავადებებისგან განსხვავებით, პნევმონია მძიმე პათოლოგიაა, რომლის გამომწვევიც უმეტესად ბაქტერიაა. შესაბამისად, დაავადებას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. მის დროულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატებული მკურნალობისთვის. სწორედ ამიტომ, როცა ტემპერატურის მატებას ერთვის ზემოთ დასახელებული ნიშნები, რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. ტემპერატურის მომატება თან სდევს პლევრიტს, პლევრის ემპიემას (პლევრის ფურცლების ჩირქოვან ანთებას), რომლის დროსაც პლევრის ღრუში ჩირქი გროვდება, ფილტვების აბსცესს (შემოფარგლულ ჩირქგროვას), ბრონქოექტაზიებს - ბრონქების ანთებით დეფორმაციას და ჩირქოვან ანთებას. ამ დაავადებების დროს უმეტესად ყურადღებას იპყრობს მაღალი ცხელება, ნახველის ჩირქოვანი ხასიათი, დამახასიათებელი რენტგენოლოგიური ცვლილებები. რიგ შემთხვევაში სადიაგნოზოდ დამატებით ტარდება პლევრის პუნქცია - ჩხვლეტა სპეციალური ნემსით, სითხის ამოღება და ლაბორატორიული გამოკვლევა, ბრონქოსკოპია - ბრონქების დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოთი. ჩამოთვლილი დაავადებების წარმატებული მკურნალობის შემთხვევაში ტემპერატურის მაჩვენებელი რამდენიმე დღეში მნიშვნელოვნად იკლებს, ბოლოს კი ნორმას უბრუნდება. ხანგრძლივი, ხშირად ნორმასთან შედარებით უმნიშვნელოდ (37-37,50C-ის ფარგლებში) მომატებული ტემპერატურა, რომელსაც ერთვის ხველა, ზოგჯერ სისხლიანი ნახველი, ოფლიანობა, სისუსტე, უპირველეს ყოვლისა ფილტვების ტუბერკულოზს გვაეჭვებინებს. ასეთი სიმპტომების არსებობისას საჭიროა ფთიზიატრის კონსულტაცია.
- ცხელების მიზეზებს შორის თქვენ საშარდე გზების ინფექციებიც დაასახელეთ...
- შარდგამომყოფი სისტემის ცხელებით მიმდინარე დაავადებებს შორის ყველაზე ხშირია მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), ურეთრიტი (შარდსადენის ანთება). საშარდე სისტემის ინფექციის შემთხვევაში პაციენტები ტემპერატურის მომატებასთან ერთად უჩივიან წვას შარდვისას, შარდში სისხლის არსებობას, გახშირებულ შარდვას, წელის ტკივილს. ამ სიმპტომების საფუძველზე ექიმი ივარაუდებს საშარდე გზების ინფექციას და დანიშნავს სათანადო კვლევებს - შარდის საერთო ანალიზს, საშარდე სისტემის ექოსკოპიას, შარდის ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას. ცხელების თავისებურების თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ქრონიკული პიელონეფრიტი, რომლის გამწვავებაც არცთუ იშვიათად მხოლოდ ცხელებით გამოვლინდება. მსგავს შემთხვევებში დიაგნოზის დასმაში ლაბორატორიული კვლევა გვეხმარება. ჩვეულებრივ, საშარდე გზების ინფექციისას ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება და ტემპერატურაც ნორმას უბრუნდება. ცხელების გამომწვევ თირკმლის დაავადებათაგან უნდა გამოვყოთ თირკმელების ტუბერკულოზი. სათანადო ნიშნების არსებობისას ექიმი მის დასადგენადაც ატარებს კვლევებს, ვინაიდან ცნობილია, რომ თირკმელების ტუბერკულოზი ფილტვგარეშე ლოკალიზაციის ტუბერკულოზური პროცესის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
- საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელი დაავადებები იწვევს ტემპერატურის მომატებას და როგორია ამ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა?
- ცხელება, რომელსაც მუცლის ტკივილი სდევს თან, ბადებს აპენდიციტის, ქოლეცისტიტის, მუცლის ღრუს სხვადასხვა ლოკალიზაციის ჩირქგროვის ეჭვს. დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია დაავადების გამოვლინების თავისებურებები. მაგალითად, აპენდიციტის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ტემპერატურა ზომიერად იმატებს, ტკივილი, რომელმაც თავდაპირველად შესაძლოა მუცლის ნებისმიერ არეში იჩინოს თავი, 2-3 საათის შემდეგ უპირატესად მარჯვენა ქვედა მიდამოში ლოკალიზდება. გასინჯვით ექიმი ავლენს აპენდიციტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის ანთება, უმეტესად ნაღველკენჭოვანი დაავადების ფონზე აღმოცენდება, ახასიათებს ძლიერი ტკივილი, რომელიც მარჯვენა ფერდქვეშა არეშია ლოკალიზებული, ტკივილის პიკზე აღინიშნება ღებინება, რომელიც მდგომარეობას არ ამსუბუქებს. ზოგჯერ მწვავე ქოლეცისტიტი რთულდება ქოლანგიტით - ნაღვლის სადინარების ანთებით, რომელიც ასევე იწვევს ცხელებას. ტემპერატურის მომატებასთან ერთად ხშირია სიყვითლე, კანის ქავილი, რაც სადინარებში ნაღვლის შეგუბების შედეგია. სხვადასხვა ლოკალიზაციის (დიაფრაგმისქვეშა, ღვიძლქვეშა, ღვიძლის, მცირე მენჯის) აბსცესისთვის დამახასიათებელია შემცივნება, მაღალი ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები, დიაგნოსტიკაში დახმარებას გვიწევს ექოსკოპიური კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია. ამ დაავადებებს ქირურგიულად მკურნალობენ, ამიტომ აღწერილი კლინიკური სიმპტომების გამოვლინებისთანავე პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს. ზოგჯერ ცხელებით ვლინდება ჰეპატიტი, რომლის სხვა სიმპტომებსაც (სისუსტე, უმადობა, დისკომფორტი მუცლის არეში) პაციენტები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ, ვინაიდან მაღალი ტემპერატურის შედეგად მიიჩნევენ. მსგავს შემთხვევებში დიაგნოზი პაციენტის გასინჯვის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით მიღებული შედეგების საფუძველზე დაისმის. საჭმლის მომნელებელი სისტემის იმ პათოლოგიათაგან, რომლებმაც ცხელება შეიძლება გამოიწვიონ, აუცილებლად უნდა დავასახელოთ ნაწლავთა ანთებითი დაავადებები - კრონის დაავადება და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი. თუმცა კრონის დაავადების დროს ცხელებასთან ერთად ყურადღებას იპყრობს ფაღარათი, მუცლის ტკივილი და ნაწლავური დისკომფორტი, განავალი სისხლის მინარევებს შეიცავს. როგორც ცხელება, ასევე აღნიშნული სიმპტომები დაავადების სიმძიმის კვალობაზე სხვადასხვა ინტენსივობით არის გამოხატული. ნაწლავის შრეებზე ანთებითი პროცესის გავრცელება ფისტულების ან აბსცესების ფორმირებას იწვევს. დაავადებას ცხელებასთან ერთად ხშირად თან ახლავს ართრიტი, თვალის ანთებითი დაზიანება (ირიტი, ირიდოციკლიტი), ჰეპატიტი ან სანაღვლე გზების ანთება. ცხელება და ანალოგიური ზოგადი გამოვლინებები აღინიშნება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროსაც, თუმცა ამ შემთხვევაში პროცესი უპირატესად მსხვილი ნაწლავის მარცხენა ნახევარშია ლოკალიზებული. ნაწლავთა ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის ტარდება კოლონოსკოპიური კვლევა და სხვა ტესტები. ცხელება რემისიის მიღწევისას გაივლის. ცხელების გამომწვევი უმნიშვნელოვანესი მიზეზია ნაწლავური ინფექციები, რომელთა წარმატებული მკურნალობის შემთხვევაში ტემპერატურა ნორმას უბრუნდება.
- შესაძლოა თუ არა, ცხელების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები იყოს?
- გულის ნებისმიერი ანთებითი დაავადება ცხელებით მიმდინარეობს. მათ შორის აღსანიშნავია მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება, ენდოკარდიტი - გულის შიგნითა გარსის ანთება, პერიკარდიტი - გულის პერანგის ანთება. აღნიშნული დაავადებების კლინიკა თვალსაჩინოა, ცხელებასთან ერთად ყურადღებას იპყრობს გულის რიტმის დარღვევა, ხშირად - გულის უკმარისობის სიმპტომატიკა, ელექტროკარდიოგრაფიული თუ ექოკარდიოსკოპიული ცვლილებები, წინა პლანზე წამოწეული იმ დაავადებების სიმპტომები, რომელთა ფონზეც აღმოცენდება გულის ამა თუ იმ გარსის ანთება (მაგალითად, რევმატიზმი, გრიპი და სხვა). ცხელებით მიმდინარე კარდიოლოგიურ დაავადებათაგან უნდა აღვნიშნოთ ქვემწვავე სეფსისური ენდოკარდიტიც. ამ დროს სისხლში მოცირკულირე ბაქტერიები გულის სარქვლებზე იბუდებენ, მრავლდებიან და დაავადებას იწვევენ. სეფსისური ენდოკარდიტი უპირატესად ხანგრძლივი სუბფებრილური (38°C-მდე) ტემპერატურით მიმდინარეობს და ზოგჯერ შენიღბულია ანემიით, თრომბოზებით, თირკმელებისმხრივი ცვლილებებით, რაც დიაგნოსტიკას ართულებს. დაავადება ხშირად აღენიშნებათ იმ პირებს, რომელთაც გულის სარქვლოვანი პათოლოგია ანუ გულის მანკი აქვთ. ამის გათვალისწინებით, პაციენტებმა, რომელთაც გულის მანკის დიაგნოზი აქვთ დასმული ან გულის სარქველი აქვთ პროთეზირებული, გახანგრძლივებული ცხელების შემთხვევაში საკონსულტაციოდ აუცილებლად უნდა მიმართონ კარდიოლოგს. მაღალი ტემპერატურა აღინიშნება თრომბოფლებიტის დროსაც. თრომბოფლებიტი ვენის ანთებაა, რომელიც მის თრომბოზს ერწყმის. ყურადღებას იპყრობს კიდურის ტკივილი, გაწითლება, შეშუპება. დიაგნოზს ადასტურებს სპეციალური ანგიოლოგიური კვლევები. ცალკე უნდა გამოვყოთ უპირატესად სუბფებრილური ცხელება გულის კეთილთვისებიანი სიმსივნის - მიქსომის დროს. ის უმეტესად მარცხენა წინაგულში ვითარდება და მიუხედავად კეთილთვისებიანი ხასიათისა, თუ დროულად არ იქნა დიაგნოსტირებული, შესაძლოა საბედისწეროც აღმოჩნდეს გულში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო.
- პაციენტებს ძალიან აშფოთებთ ცხელების ის შემთხვევები, როცა მიზეზი აშკარა არ არის და ვერც საწყისი კვლევები ავლენს ამ სიმპტომის გამომწვევ დაავადებას. მათ ხშირად მიაჩნიათ, რომ მსგავს შემთხვევებში დიდია სიმსივნის არსებობის ალბათობა.
- ვერ ვიტყვით, რომ მსგავსი შიში უსაფუძვლოა. ზოგიერთი სამედიცინო ლიტერატურის თანახმად, დაუდგენელი გენეზის ცხელების 1/3 სწორედ იმ სიმსივნეებთან არის დაკავშირებული, რომელთა გამოვლენაც პირველადი ლოკალიზაციის გამო რთულია. ეს შეიძლება იყოს თირკმლის, განივი კოლინჯის, წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის), ღვიძლის, კუჭის, სისხლის ავთვისებიანი დაავადებები. ტემპერატურის მომატება აღინიშნება მეტასტაზური სიმსივნეების დროს, მიუხედავად პირველადი კერის ლოკალიზაციისა. აღსანიშნავია, რომ ცხელება რიგი ჰემატოლოგიური, თირკმლის თუ სხვა სიმსივნეების შემთხვევაში შეიძლება წინ უსწრებდეს სხვა სიმპტომების გამოვლინებას და გარკვეული დროის განმავლობაში დაავადების ერთადერთ ნიშანს წარმოადგენდეს. ცხელების გამომწვევ ჰემატოლოგიურ სიმსივნეთა შორის უნდა აღვნიშნოთ ლეიკემიები, ლიმფოგრანულომატოზი, მიელომური დაავადება.
- რისი ბრალია სიმსივნის შემთხვევაში ცხელება?
- ავთვისებიანი სიმსივნე ტემპერატურის მომატებას სხვადასხვა მექანიზმით იწვევს. რიგ შემთხვევაში ეს არის სიმსივნური უჯრედებით ცხელების გამომწვევი ნივთიერებების - ეგრეთ წოდებული პიროგენების პროდუქცია. ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეები არღვევენ ჰიპოთალამუსის ტემპერატურის მარეგულირებელ ფუნქციას. გარდა ამისა, ცხელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სიმსივნის სამკურნალოდ მიღებულ პრეპარატებთან. ასევე, სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში იმუნური სისტემის დასუსტების გამო ხშირია ინფექციების თანდართვა.
- შემაერთებელი ქსოვილის რომელი დაავადებები იწვევს ცხელებას და რა თავისებურებები ახასიათებს ტემპერატურის მომატების ამ შემთხვევებს?
- ცხელება შესაძლოა ნებისმიერი რევმატული დაავადების დროს აღმოცენდეს. მათ შორის აღსანიშნავია სისტემური წითელი მგლურა, კვანძოვანი პოლიარტერიიტი, რევმატოიდული ართრიტის ზოგიერთი შემთხვევა, სისტემური ვასკულიტები. ტიპურ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა დაავადების სრული კლინიკური სურათი, რევმატული დაავადებებით გამოწვეული ცხელების მიზეზის დადგენა რთული არ არის, თუმცა ამ პათოლოგიების მსგავსი გამოვლინება იშვიათია და დიაგნოსტიკის თვალსაზრისით სირთულეს ქმნის რამდენიმე გარემოება. უწინარესად ის, რომ ხშირად ცხელება გარკვეული ხნის განმავლობაში დაავადების პირველი და ერთადერთი გამოვლინებაა. გარდა ამისა, ცხელებისა და სახსრების ანთების (ართრიტის) ან დეფორმაციის ერთდროული გამოვლინებისას აუცილებელია სიმსივნისგან დიფერენცირება, ვინაიდან რიგ შემთხვევაში ავთვისებიანი სიმსივნე სწორედ ასეთი ნიშნებით აშკარავდება. სიმსივნის გამორიცხვაა აუცილებელი ცხელებასთან ერთად რევმატული დაავადებებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი გავრცელებული გამოვლინების - ნეფროზული სინდრომის დროსაც. ამ სინდრომის შემთხვევაში აღინიშნება შეშუპება, შარდთან ერთად ცილის კარგვა, სისხლში ცილის შემცველობის დაქვეითება.
- რატომ ვითარდება ცხელება ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას და რომელი პრეპარატებია საშიში ამ თვალსაზრისით?
- ცხელება მედიკამენტური მკურნალობის 3-5%-ში აღინიშნება და წამლის გვერდითი ეფექტის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. როდესაც ცხელება აღმოცენდება მედიკამენტის მიღების შემდეგ და არ ვლინდება მისი გამომწვევი არც ერთი სხვა მიზეზი, ლაპარაკობენ მედიკამენტურ ცხელებაზე. მედიკამენტური ცხელება პრეპარატის მიღების ფონზე შესაძლოა ნებისმიერ დროს აღმოცენდეს, მაგრამ მისი შეწყვეტის შემდეგ გაივლის. ჩვეულებრივ, ანტიბიოტიკები (პენიცილინები, ცეფალოსპორინები) ცხელებას იწვევს მკურნალობის ერთი კვირის შემდეგ, კარდიოლოგიური და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები - თვის შემდეგ, ხოლო ალერგიული რეაქციის შემთხვევაში ცხელება მკურნალობის დაწყებისთანავე ვითარდება. ცხელებას იწვევს ასპირინი და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული პრეპარატები, რაც მეტაბოლიზმის პროცესების ინტენსივობის მატების შედეგია. ანტიჰისტამინური საშუალებები, ანტიდეპრესანტები და სედაციური პრეპარატები აქვეითებენ ორგანიზმის მიერ სითბოს გაცემას, რითაც ტემპერატურის მატებას იწვევენ. უშუალოდ ცხელების გამომწვევ მედიკამენტთა შორის უნდა დავასახელოთ ჰეპარინი, ჰიდრალაზინი, იზონიაზიდი, მეთილდოფა, ქინიდინი. მედიკამენტური ცხელება უმეტესად განსაზღვრული პრეპარატის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის ცვლილებას უკავშირდება. ასეთი რეაქციის რისკი იზრდება რამდენიმე მედიკამენტის ერთდროული მიღებისას და უფრო მეტად არის მოსალოდნელი, თუ პაციენტს მსგავსი რეაქცია ადრეც ჰქონია. მედიკამენტური ცხელება უმეტესად ქალებს და ხანშიშესულებს აღენიშნებათ. მედიკამენტური ცხელების დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ვინაიდან მისი გამოვლინება არ განსხვავდება სხვა მიზეზებით აღმოცენებული ცხელებისგან. მას შესაძლოა თან ახლდეს ცხელებისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომი. ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანია ტემპერატურის ნორმალიზაცია მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემდეგ. მედიკამენტური ცხელების დიაგნოზს ადასტურებს ტემპერატურის ნორმალიზება პრეპარატის შეწყვეტისას და ცხელების განახლება მკურნალობის განმეორების შემთხვევაში.
- ცხელების გამომწვევ რომელ დაავადებებსა და მდგომარეობებს გამოყოფდით თავად?
- ცხელების გამომწვევ დაავადებათა შორის შეიძლება აღვნიშნოთ პერიოდული დაავადება - პათოლოგია, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის პირას მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის და ახასიათებს პერიოდული ცხელება მუცლის, გულმკერდის ან სახსრების შეტევითი ტკივილით. ამ დროს ვითარდება სეროზული გარსების ანთება, რომელიც ბაქტერიული აგენტებით არ არის გამოწვეული. კლინიკურად აღინიშნება მწვავე მუცლის, პლევრიტის სურათი. შეტევებს შორის პაციენტს ჩივილები არ აქვს. დიაგნოზს ადასტურებს მსგავსი დაავადების არსებობა გენეტიკურად ახლოს მდგომ პირებში და პრეპარატ კოლხიცინის ეფექტურობა როგორც შეტევის სამკურნალოდ, ასევე მის საპროფილაქტიკოდ. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზეც, რომ რიგი დაავადებისა და მდგომარეობის დროს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციობის დათრგუნვა ორგანიზმს ცხელებით მიმდინარე ინფექციებისადმი განაწყობს. ამავე დროს, ძირითადი დაავადებებისა და მდგომარეობების ფონზე აღნიშნული ინფექციური პროცესის დიაგნოსტიკა რთულია. ასეთი მდგომარეობაა სიმსივნე, სიმსივნის ქიმიოთერაპია, მკურნალობა ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, ხანგრძლივი სტეროიდული მკურნალობა, შიდსი, 65 წელზე ხამდაზმული ასაკი, სისტემური წითელი მგლურა, სარკოიდოზი (ამავე დროს აღნიშნული დაავადება შესაძლოა ცხელებით გამოვლინდეს), დიაბეტი, ალკოჰოლიზმი.
- როდის შეიძლება ვიფიქროთ, რომ ცხელება ფსიქოგენურია და არ არის გამოწვეული რომელიმე ორგანული დაავადებით?
- ასეთი ცხელება ერთბაშად აღმოცენდება და რამდენიმე საათში თავისთავად ქრება, თან ახლავს ისეთი გამოვლინებები, როგორიც არის ოფლიანობა, აგზნებადობა, გულის ფრიალის შეგრძნება, ჩხვლეტა გულის არეში. აღმოცენდება ემოციური დაძაბვის ფონზე. ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევები გადახრებს არ ავლენს. სწორედ უკანასკნელი ფაქტორი განასხვავებს ფსიქოგენურ ცხელებას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბისას აღმოცენებული ცხელებისგან - ამ დროს, ფსიქოგენური ცხელების მსგავსად, ემოციური ლაბილურობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია გამოხატული, მაგრამ სისხლში აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე და ფარისებრმასტიმულებელი ჰორმონის დაქვეითება.
- ტემპერატურის მომატებისას რა შემთხვევაშია აუცილებელი ექიმის კონსულტაცია?
- ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ, როცა:
- ტემპერატურა აღემატება 39,4°C-ს;
- ცხელება 3 დღე-ღამეზე მეტხანს გრძელდება;
- როდესაც ტემპერატურას, განურჩევლად ციფრებისა და ცხელების ხანგრძლივობისა, თან სდევს:
- თავის ძლიერი ტკივილი;
- ყელის ტკივილი;
- გამონაყარი, განსაკუთრებით - თუ გამონაყარი იმატებს;
- სინათლის შიში;
- ცნობიერების დარღვევა;
- განმეორებითი ღებინება;
- სუნთქვის გაძნელება ან გულმკერდის ტკივილი;
- ძლიერი აპათია ან გაღიზიანებადობა;
- მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი შარდვისას.
ცხელების შემთხვევაში ექიმთან მისვლა აუცილებელია მაშინაც, როცა ავადმყოფს რომელიმე მძიმე დაავადება აქვს. განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს გულის დაავადებების, დიაბეტის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ქრონიკული ბრონქიტი), მუკოვისციდოზის დროს. ცხელება საყურადღებო სიმპტომია მაშინაც, როცა პაციენტი მკურნალობს სიმსივნის გამო, დიდი ხანია იღებს ჰორმონულ პრეპარატებს ან ჩატარებული აქვს ორგანოს გადანერგვა.
- რომელი კვლევები ტარდება ცხელების მიზეზის დასადგენად?
- უპირველეს ყოვლისა, ექიმი პაციენტს დეტალურად სინჯავს. რიგ შემთხვევაში ცხელების მიზეზი ამ ეტაპზევე ვლინდება, რის შემდეგაც ექიმი მიზანმიმართულად ნიშნავს აუცილებელ კვლევებს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ეჭვი არც ერთ დაავადებაზე არ ჩნდება. ამ დროს ინიშნება ცხელების მიზეზის დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებული კვლევები, მათ შორის - სისხლის, შარდის, განავლის საერთო ანალიზები, სისხლისა და შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ბიოქიმიური გამოკვლევები, გულმკერდის რენტგენოგრაფია, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, საჭიროებისამებრ - კომპიუტერული ტომოგრაფია ან ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული კვლევა. ზოგჯერ საჭიროა დამატებითი კვლევებიც, რომელთა დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა.
- ბევრს განსაკუთრებით აშფოთებს ტემპერატურის 370ჩ-ის ფარგლებში მერყეობა. პაციენტები ამ მდგომარეობას დაბალ სიცხეს უწოდებენ და გაცილებით საშიშ მდგომარეობად მიიჩნევენ, ვიდრე ტემპერატურის მომატების სხვა შემთხვევებს. მართებულია თუ არა ეს შეხედულება და რისი ბრალი შეიძლება იყოს ტემპერატურის ამგვარი მომატება?
- ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ტემპერატურის მიხედვით შეუძლებელია მისი გამომწვევი დაავადების სიმძიმეზე ვიმსჯელოთ. 37-38°გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა იყოს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი დაავადების სიმპტომი. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ხანგრძლივი სუბფებრილური ტემპერატურა თერაპევტის პრაქტიკაში ერთ-ერთი სერიოზული დიაგნოსტიკური პრობლემაა. ასეთი ჩივილით უმეტესად ახალგაზრდა ქალები მოგვმართავენ. ამ შემთხვევაში ტემპერატურის მომატება დაკავშირებულია ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან, შარდსასქესო სისტემის იოლ ინფიცირებასთან, ფსიქოვეგეტატიურ დარღვევებთან. პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ. ინფექციათაგან უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზი, რომლის ძირითად სიმპტომებზე უკვე ვისაუბრეთ. ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები - კბილის გრანულომა, წიაღების ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება, პროსტატიტი, საშვილოსნოს დანამატების ანთება. ზოგჯერ სუბფებრილურ ტემპერატურას იწვევს რევმატიზმიც. სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ არაინფექციურ მიზეზთაგან საყურადღებოა თირეოტოქსიკოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი და ეგრეთ წოდებული ფიზიოლოგიური მიზეზები. ცნობილია, რომ ბევრისთვის სუბფებრილური ტემპერატურა ინდივიდუალური ნორმის ვარიანტია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, საკვების მიღება, ცხელ შენობაში ყოფნა. ზოგიერთ ქალს სუბფებრილური ტემპერატურა აქვს მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში, ხოლო მენსტრუაციის დროს და ორსულობის პირველი 3-4 თვის განმავლობაში ნორმას უბრუნდება. გარდა ამისა, ხშირად ტემპერატურა სხვადასხვა იღლიის ფოსოში 0,1-0,30C-ით განსხვავდება, რაც მისი მომატების ილუზიას ქმნის. ამ ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია, რათა გაუმართლებელი კვლევა თავიდან ავიცილოთ.
- ჩვენი ვრცელი საუბრის შემდეგ ხომ არ ჩათვლიან პაციენტები, რომ ცხელების მიზეზის დადგენის მცდელობა შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს?
- არა მგონია, ჩვენი საუბარი ასეთი დასკვნის საფუძველს იძლეოდეს. ჩვენ შევეცადეთ, მეტ-ნაკლებად ამომწურავად დაგვესახელებინა და შეძლებისამებრ ვრცლად მიმოგვეხილა შინაგან ორგანოთა ის პათოლოგიები, რომლებიც ცხელების მიზეზად გვევლინება. ბუნებრივია, ჩვენი საუბარი მხოლოდ მკითხველთა ინტერესის დაკმაყოფილებას ისახავდა მიზნად. მისი წაკითხვა იმას არ ნიშნავს, რომ მკითხველმა გამოკვლევის გეგმა თავად შეადგინოს და სამედიცინო დაწესებულებას ექიმის გვერდის ავლით მიმართოს. პროფესიონალი მედიკოსის მეთვალყურეობით ცხელების დიაგნოსტიკა და მართვა სავსებით შესაძლებელია. იმ შემთხვევაში, როცა ცხელების მიზეზის დადგენა შეუძლებელია, ინიშნება დინამიკური მეთვალყურეობა, რათა მდგომარეობის გაუარესება თავიდან იქნეს აცილებული.
- როგორ მოვიქცეთ ცხელების შემთხვევაში?
- დიაგნოზის დაზუსტებამდე აუცილებელია წყლის, ხილის წვენის უხვი მიღება და მოსვენება - ფიზიკური აქტივობისას ტემპერატურა იმატებს. არ არის სასურველი მეტისმეტად თბილად ან მეტისმეტად შილიფად ჩაცმა. არ მიიღოთ ალკოჰოლი და დროულად მიმართეთ ექიმს.