News

კერძოდ, კიბოთი ავადობა ერთი მეოთხედით მცირდება, სიკვდილიანობა კი მესამედით და უფრო მეტად. დღესდღეობით ასპირინი ფართოდ გამოიყენება ინსულტისა და გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ზოგიერთი შუახნის პაციენტი გვერდითი ეფექტების შიშით ამ პრეპარატის მიღებას ერიდება, თუმცაღა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანისთვის ასპირინს ზიანზე გაცილებით მეტი სარგებლობა მოაქვს.
ასპირინის გავლენის დასაზუსტებლად მეცნიერები 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ ამ წამლის მცირე დოზას - თავის ტკივილის დროს გამოსაყენებელი დოზის მეოთხედს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ასპირინის მომხმარებლებს შორის მსხვილი ნაწლავის კიბოთი ავადობამ 24%-ით იკლო, ხოლო სიკვდილიანობამ - 35%-ით. ამის კვალობაზე, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ასპირინის რეგულარული მიღება, მიუხედავად გართულებების (სისხლჩაქცევა ან ცხვირიდან სისხლდენა) ალბათობისა, მაინც გამართლებულია.
დიდ ბრიტანეთში ოცი ადამიანიდან ერთს მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზს უსვამენ, ხოლო ყოველწლიურად ამ დაავადებით დაახლოებით 16 000 ადამიანი იღუპება. გამოკვლევის ხელმძღვანელის, პროფესორი პიტერ როთუელის თქმით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში ასპირინის როლი დიდი ხანია ცნობილია, მათმა გამოკვლევამ კი ცხადყო მისი მნიშვნელობა ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკის კუთხით. მეცნიერი დარწმუნებულია, რომ მომავალში სხვა სიმსივნეების პროფილაქტიკაში ასპირინის როლის დადგენასაც შეძლებენ. მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკის მქონე ადამიანებს (ჭარბწონიანი და ამ დაავადების ოჯახური ისტორიის მქონე პირები) პროფესორი ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ასპირინით მკურნალობის საკითხს, ოღონდ - ექიმთან შეთანხმებით.
ორალური სექსი მამაკაცებს კიბოს უქადის
მედიკოსები კარგა ხანია მოუწოდებენ ახალგაზრდა ქალებს, გაიკეთონ ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო აცრა. ეს ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. ევროპასა და ამერიკაში ჩატარებული ბოლოდროინდელი გამოკვლევების შედეგად კი შემჩნეულ იქნა აპვ-ის კავშირი მამაკაცებში თავისა და ყელის კიბოს განვითარებასთან, ამიტომ ზოგიერთი სპეციალისტი აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მამაკაცებსაც მოუწოდებს.
ექიმები ხაზს უსვამენ, რომ სქესობრივი ქცევის გაუკუღმართება (სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყება, მრავალი პარტნიორის ყოლა, ორალური სექსისადმი მიდრეკილება) უკავშირდება პირ-ხახის სკვამოზური კიბოს ეპიდემიას (ყელის, ნუშურებისა და ენის კიბო). კიბოს ეს ტიპები ახალგაზრდა მამაკაცებისთვის მომაკვდინებელია.
ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ონკოლოგის ჯონ დიიკენის თქმით, 20 წლის წინ ორალური ტიპის კიბოების 20% აპვ-სთან იყო დაკავშირებული, სადღეისოდ კი მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს. ყელისა და თავის კიბოების შემთხვევათა 85% მამაკაცების წილად მოდის და მხოლოდ 15% - ქალებისა, მაგრამ შესაძლოა, ეს მონაცემები ერთმანეთს გაუტოლდეს.
ორალურ სექსთან დაკავშირებული ასეთივე მაღალი მაჩვენებლები მიიღეს შვედმა მეცნიერებმა. მათ გამოკვლევაში 542 სტუდენტი მონაწილეობდა. მერილენდის უნივერსიტეტთან არსებული კიბოს ცენტრის თანამშრომელს, დოქტორ კევინ კალენს, ეეჭვება, რომ ეს ყველაფერი ორალური სექსის ბრალია, რადგან ბოლო 20 წლის განმავლობაში სქესობრივი ქცევა ისე კარდინალურად არ შეცვლილა, რომ ამას კიბოს სტატისტიკაზე ემოქმედა, თუმცა აპვ-ის საფრთხეს არ უარყოფს.
აპვ-ინფექციას არ აქვს სიმპტომები. გადაედება სქესობრივი გზით. არსებობს ამ ვირუსის 100-ზე მეტი შტამი. ზოგიერთი გენიტალიების მეჭეჭებს იწვევს, ზოგიერთი კი უჯრედულ ცვლილებებს და ეს შეცვლილი უჯრედები ათეულობით წლის შემდეგ შესაძლოა კიბოს უჯრედებად გარდაიქმნან.
ტესტოსტერონის დონის ასაკობრივი დაქვეითება გულის დაავადებათა რისკს ზრდის
შეფილდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში კორონარული არტერიების პრობლემების მქონე 390 პირი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ტესტოსტერონის დეფიციტის მქონე ყოველ მეოთხე მამაკაცს ადრეულ ასაკში სიკვდილის რისკი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე ტესტოსტერონის ნორმალური დონის მქონე მათ თანატოლებს. ამგვარად, უარყოფილ იქნა მოსაზრება, რომ მამაკაცებში გულით ავადობის სიხშირეს მათ ორგანიზმში ქალის ჰორმონების - ესტროგენების - სიმცირე განაპირობებს.
გამოკვლევის შედეგები მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ტესტოსტერონის დეფიციტის კომპენსაციით შესაძლებელი გახდება გულის დაავადებათა განვითარების შეფერხება. მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონი დაქვეითებას უმეტესად 40 წლიდან იწყებს, ისიც - თანდათანობით, წელიწადში დაახლოებით 1%-ით, რაც კლიმაქსურ პერიოდში ქალური ჰორმონების დაქვეითებასთან შედარებით უმნიშვნელოა. და მაინც, 60 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე მამაკაცს ტესტოსტერონის დონე ნორმასთან შედარებით საკმაოდ დაბალი აქვს. ჰორმონთერაპიას კი აქვს ნაკლიც: შეუძლია წინამდებარე ჯირკვლისა და ურეთრის კიბოს პროვოცირება.
ჯერჯერობით გამოკვლევის ავტორები მამაკაცებს ურჩევენ, მისდიონ ცხოვრების აქტიურ წესს, ხოლო სპირტიანი სასმელები რაც შეიძლება ცოტა სვან, რადგან ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება ჰორმონული დისბლანსი გამოიწვიოს.