ცილა შარდში
ჯანმრთელი ადამიანის შარდი ცილას არ შეიცავს, ანდა მისი შემცველობა არ აღემატება 0,03 გ/ლ-ს (ზოგიერთი ავტორის მონაცემებით, შარდში ყოველთვის არის უმნიშვნელო რაოდენობის, დაახლოებით 0,08 გრამი ცილა, ხოლო ნორმად ითვლება შარდში ცილის 0,14 გ/ლ-მდე შემცველობა). სისხლის ცილის ორი ძირითადი ფრაქციიდან შარდში, ჩვეულებრივ, ალბუმინები გადადის.
ამის გამო ხანგრძლივი პროტეინურიის შემთხვევაში აღინიშნება არა მხოლოდ ჰიპოპროტეინემია (სისხლში ცილის დაბალი შემცველობა), არამედ სისხლის ცილოვანი კოეფიციენტის დაქვეითებაც (სისხლის ცილოვანი კოეფიციენტი წარმოადგენს ალბუმინების პროცენტული მაჩვენებლის შეფარდებას გლობულინების პროცენტულ მაჩვენებელთან).
შარდით, უპირველეს ყოვლისა, გამოიყოფა დაბალმოლეკულური ცილები, ხოლო მაღალმოლეკულური ცილების ექსკრეცია (გამოყოფა) თირკმელებით მხოლოდ მათი წინასწარი დანაწევრება-დაშლის (დახლეჩის) შემდეგ ხდება. ეს უკანასკნელი თირკმლის ფილტრაციისა და რეაბსორბციის (შეწოვის) დროს ფერმენტული და სხვა პროცესების ზემოქმედებით წარმოებს, ამიტომაც შარდში ყოველთვის აღმოაჩენენ ალბუმინებს. მათი შემცველობა შარდის ცილის 70 და მეტ პროცენტს აღწევს, მაშინ როცა გლობულინური ფრაქციის პროცენტული შემცველობა გაცილებით დაბალია და მეტად ვარიაბელურიც, ამიტომ შარდში ცილის არსებობას, გარდა პროტეინურიისა, ალბუმინურიადაც მოიხსენიებენ. გლობულინურია კი ალბუმინურიის დროს შარდში გლობულინების ფრაქციის მაღალი შემცველობაა.
საყურადღებოა ისიც, რომ ჯანმრთელი ადამიანების შარდში 20-მდე ცილოვანი ფრაქციის აღმოჩენა ხდება. მათ შორისაა პრეალბუმინები, ალბუმინი, პოსტალბუმინები, სიდეროფილინი, ცერულოპლაზმინი, ჰაპტაგლობინები, იმუნოგლობულინები A, G და სხვა.
განასხვავებენ ორი სახის ალბუმინურიას:
- ცრუ ალბუმინურია;
- ჭეშმარიტი (თირკმლისმიერ)ალბუმინურია. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შესაძლოა იყოს:
- ფიზიოლოგიური ჭეშმარიტი ალბუმინურია,
- ფუნქციური ჭეშმარიტი ალბუმინურია,
- პათოლოგიური ჭეშმარიტი ალბუმინურია.
ჩვეულებრივი ცილის გარდა, რომელიც გოგირდალბუმინისა და გოგირდგლობულინისგან შედგება, გარკვეულ შემთხვევებში შარდში შესაძლოა გაჩნდეს ძმარმჟავა-ცილოვანი სხეული და ე.წ. ბენს-ჯონსის ცილოვანი სხეულიც.
-
ცრუ ალბუმინურია
ცრუ ალბუმინურიის დროს შარდში ცილის გაჩენა ყოველთვის არ არის თირკმელებით მისი ელიმინაციის (გამოყოფის) შედეგი.
ცილა შარდს შესაძლოა შეერიოს:
- შარდგამომყოფი გზებიდან ანთებითი (კატარული) პროცესების დროს;
- თირკმლის ფიალებიდან ჩირქოვანი პროცესების გამო;
- შარდსაწვეთებიდან;
- შარდის ბუშტიდან.
ცილა შარდში შესაძლოა მენსტრუალური სისხლის ან საშოდან გამონადენის შერევის შედეგად გაჩნდეს. ასეთ შემთხვევებში ცილის შემცველობა 1%-ს არ აღემატება.
-
ჭეშმარიტი ალბუმინურია
-
-
ფიზიოლოგიური ალბუმინურია
-
ფიზიოლოგიურ ალბუმინურიას მიეკუთვნება შარდში ცილის დროებითი გაჩენის ისეთი შემთხვევები, რომლებიც დაავადებებს არ უკავშირდება. ასეთი ალბუმინურია შესაძლოა ჯანმრთელ ადამიასაც განუვითარდეს არადენატურირებული ცილებით მდიდარი საკვების (უმი კვერცხის, ანადუღარი რძის და ა. შ.). მიღების შემდეგ. მას ალიმენტურ ალბუმინურიასაც უწოდებენ.
ყველაზე ხშირად ფიზიოლოგიური ალბუმინურია ვითარდება ძლიერი კუნთოვანი დაძაბვის, ხანგრძლივი მოგზაურობის, სპორტული შეჯიბრების, აგრეთვე - ცივი შხაპისა და აბაზანის შემდეგ.
საზოგადოდ, გაციების გამო შარდში ცილის გაჩენას თირკმელების სისხლის მიმოქცევის რეფლექსურად აღმოცენებული დარღვევით ხსნიან.
მიიჩნევენ, რომ პროტეინურიის იგივე მექანიზმი ირთვება ინტენსიური ინსოლაციის პირობებში, როდესაც ინსოლაციაზე ვითარდება კანის ძლიერი რეაქცია.
ფიზიოლოგიურმა ალბუმინურიამ შესაძლოა თავი იჩინოს ტვინის შერყევის დროს, აგრეთვე - ეპილეფსიური გულყრის შემდგომ პერიოდში (ე.წ. ცენტროგენული ალბუმინურია).
ფიზიოლოგიური ალბუმინურიის მიზეზი ხშირად ძლიერი ემოციაა. ე.წ. ემოციური ალბუმინურია აღენიშნებათ, მაგალითად, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ძლიერი ნერვული დაძაბულობის გამო გამოცდების პერიოდში.
-
-
ფუნქციური ალბუმინურია
-
ფუნქციური ალბუმინურია გულისხმობს შარდში ცილის გაჩენის ისეთ შემთხვევებს, რომლებიც თირკმელების ორგანულ დაავადებებს კი არ უკავშირდება, არამედ განპირობებულია ორგანიზმში მიმდინარე გარკვეული ფუნქციური დარღვევებით.
ფუნქციურ ალბუმინურიას, უპირველეს ყოვლისა, მიაკუთვნებენ ციკლურ ან, როგორც მას უწოდებენ, ორთოსტატიკურ ალბუმინურიას. მისი მაგალითია ასევე შეგუბებითი და ალერგიული ალბუმინურია.
ფუნქციური ალბუმინურია ვლინდება სხვადასხვა სახის ფსიქიკური და ნერვული დაავადებების დროსაც. ორთოსტატიკური ანუ ყმაწვილთა (მოზარდთა) ალბუმინურია ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში (7-დან 15 წლამდე) გვხვდება. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, სირთულე იჩენს თავს ალბუმინურიის ბუნების დადგენისას. აღნიშნული ტიპის ალბუმინურია, როგორც წესი, სუსტ, ფერმკრთალ, თავის ტკივილების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს აღენიშნებათ.
გულის დეკომპენსაციის დროს თირკმელებში განვითარებული შეგუბებითი პროცესებიც შეიძლება ფუნქციური ალბუმინურიის მიზეზად იქცეს. ალბუმინურია ზოგჯერ ამა თუ იმ პათოლოგიური პროცესიის დროს ქვედა ღრუ ვენაზე ზეწოლის შედეგია.
-
- ცილა ორსულთა შარდში
იმის გამო, რომ ორსულობის დროს ხშირია ოლიგურია, შარდში ცილის შემცველობამ შესაძლოა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს მიაღწიოს (10-12%-მდეც კი). ცილა ორსულთა შარდში ზოგჯერ ორსულობის მეორე ნახევარში ჩნდება და მშობიარობის შემდგომ მალევე ქრება.
აღნიშნული ალბუმინურია, რომელიც ნორმალურად, ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის ბოლო თვეებში ასიდან 15-20 შემთხვევაში გვხვდება, ზოგიერთი ავტორის მონაცემებით, არ უნდა აგვერიოს იმ ალბუმინურიაში, რომელიც ორსულობის პირველ თვეებში აღმოცენდება და რომელიც სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის შედეგია (ტოქსიკოზი და სხვა).
ორსულთა შარდში ცილის მომატება იმაზე მეტყველებს, რომ თირკმელები თავს ვერ ართმევენ თავიანთ ფუნქციას. თირკმელების ფუნქციური დარღვევები კი, თავის მხრივ, სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. თუ ცილა ორსულობის საწყის პერიოდში აღმოჩნდა შარდში და მისი შემცველობა შემდგომ პერიოდში უცვლელი დარჩა, ეს მიანიშნებს თირკმელების ფარულ პათოლოგიაზე, რომელიც ქალს ორსულობამდე ჰქონდა. სხვადასხვა სახის გართულებათა თავიდან ასაცილებლად ასეთი ორსული აუცილებლად ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.
შარდში ცილის გაჩენისას ექიმები, წესისამებრ, ორსულთა გესტოზს ეჭვობენ. დიაგნოზი - გვიანი გესტოზი ანუ ორსულობის მეორე ნახევრის გესტოზი - იმ შემთხვევაში ისმება, როდესაც ორსულს სამი ძირითადი სიმპტომი აღენიშნება: შარდში ცილის მომატება, არტერიული წნევის მომატება, შეშუპება. გვიანი გესტოზი (იგივე ორსულთა ნეფროპათია) მეტად საყურადღებო პათოლოგიაა, რადგან სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედასა და ნაყოფს.
ფუნქციურ ალბუმინურიად მიიჩნევა აგრეთვე შარდში ცილის გაჩენა:
- ალერგიული რეაქციების დროს;
- სისხლის დაავადებების (მაგალითად, ანემიის) დროს;
- ლეიკემიის დროს;
- ქლოროზის დროს;
- სისხლის გადასხმის შემდგომ პერიოდში;
- ზოგიერთი სახის ნერვული და ფსიქიკური დაავადების, კერძოდ, ეპილეფსიის დროს, განაკუთრებით - გულყრების შემდგომ პერიოდში;
- ლაქტაციის შეკავებისას;
- მომატებული ოფლიანობისას;
- უმარილო დიეტის დაცვის შემთხვევაში;
- აციდოზის დროს (აციდოზი ორგანიზმში მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევის ფორმაა, რომელსაც ახასიათებს ანიონთა და კათიონთა თანაფარდობის გადახრა ანიონების მატებისაკენ).
-
პათოლოგიური ალბუმინურია
პათოლოგიური ალბუმინურია განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს შარდში ცილის გაჩენა თირკმელების პათოლოგიასთან არის დაკავშირებული. მწვავე გლომერულონეფრიტის დროს ალბუმინურია თითქმის ყოველთვის შეინიშნება, უბრალოდ, სხვადასხვა ხარისხით ვლინდება (3-5% და მეტი). ის ხშირად განპირობებულია მნიშვნელოვანი ჰემატურიით (შარდში სისხლის არსებობით), რომელიც თირკმლის ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა ამ დროს შარდით გამოყოფილი ცილის რაოდენობაც ასევე მაღალია. მდგომარეობის გაუმჯობესების, გამოჯანმრთელებისდა კვალად ცილა შარდში თანდათანობით მცირდება და ბოლოს ქრება.
ქრონიკულ ნეფრიტსაც ახასიათებს ალბუმინურია, თუმცა შარდში ცილის შემცველობა ამ დროს დაბალია. როდესაც პათოლოგიური პროცესი მეორეულად შეჭმუხნილ თირკმელში გადადის, ალბუმინურია უმნიშვნელო ხდება, ზოგჯერ კი სრულიად ქრება. მიუხედავად ამისა, ავადმყოფის მდგომარეობა, პათოლოგიური პროცესის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა საგანგაშო იყოს. თირკმლის პირველადი შეჭმუხნის შემთხვევაში შარდში ცილის შემცველობა შესაძლოა ასევე უმნიშვნელო იყოს, არ აღემატებოდეს 0,33-1%-ს.
შესაძლოა ალბუმინურია არც კი გამოვლინდეს. ნეფროზს მნიშვნელოვანი რაოდენობის ცილის გამოყოფა ახასიათებს. ასეთი რამ განსაკუთრებით ხშირად ხდება სიფილისური და ლიპოიდური ნეფროზის დროს, აგრეთვე - ორსულთა ნეფროპათიების შემთხვევაშიც. ნეფროზების დროს ალბუმინურია შესაძლოა თვეობით გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ალბუმინურიის ხარისხი ამ დროს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეფრიტების დროს, პროგნოზი გაცილებით კეთილსაიმედოა. ქრონიკული ნეფროზის დროს ალბუმინურია შესაძლოა ნაკლებად იყოს გამოხატული, ან კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, ინტესივობის თვალსაზრისით კი როგორც შემცირდეს, ასევე გაძლიერდეს.
-
ცილოვანი სხეულები შარდში
შარდში ზოგჯერ ძმარმჟავა-ცილოვან სხეულსაც აღმოაჩენენ. ეს უკანასკნელი ქონდროიტინ-გოგირდმჟავასთან ცილის ნაერთია. როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, ის მეტად მგრძნობიარე სიმპტომია, რომელიც თირკმელების ეპითელიუმის დაზიანებაზე მიანიშნებს.
ძმარმჟავა-ცილოვანი სხეული შარდში ყველაზე ხშირად ჩვეულებრივ ცილასთან ერთად გამოიყოფა, თუმცა შესაძლოა ცალკეც გაჩნდეს. ის უპირატესად ვლინდება, ორთოსტატიკური ალბუმინურიის, თირკმელებში შეგუბებისა და ზოგადად ისეთი შემთხვევების დროს, რომლებიც თირკმელებში სისხლის მიმოქცევის დარღვევითაა განპირობებული.
ფიზიკური გადაძაბვის შემდეგ შარდში პირველად სწორედ ძმარმჟავა-ცილოვანი სხეული გამოიყოფა, ხოლო კიდევ უფრო დიდი დატვირთვების შემდეგ უკვე ალბუმინიც და გლობულინიც ჩნდება.
აღსანიშნავია, რომ ძმარმჟავა-ცილოვანი სხეულის არსებობას შარდში დღეს დიდ სადიაგნოზო მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მეორე ცილოვანი სხეული, რომელიც ასევე ჩნდება შარდში, ბენს-ჯონსის სხეულის სახელწოდებითაა ცნობილი. ის აღირიცხება ენდოთელიუმის, ლეიკემიის, ოსტეოსარკომის დროს. დამახასიათებელ ნიშნად მიიჩნევა მისი გაჩენა მრავლობითი მიელომის დროს, თუმცა მისი არსებობა ამ დაავადებისთვის ყოველთვის დამახასიათებელი არ არის.