სახის დაბერების ტიპები და ესთეტიკური კოსმეტოლოგიის როლი მის გაახალგაზრდავებაში
ასაკთან ერთად ხდება ბუნებრივი შინაგანი ცვლილებები, რომლებიც „ბიოლოგიური საათის“ მექანიზმითაა განპირობებული და ცალკეულ ორგანოებთან ერთად კანსაც მოიცავს.
დაბერების გარდაუვალი პროცესის ფონზე, სახის დაბერება მაინც განსაკუთრებულად მტკივნეულად აღიქმება, მით უფრო, ქალების მიერ. ასეთ დროს, ხსნად, ესთეტიკური კოსმეტოლოგია გვევლინება.
ესთეტიკური კოსმეტოლოგია მოიცავს კოსმეტიკური პროცედურების ფართო სპექტრს, რომელიც მიზნად ისახავს კანის მოვლასა და გაჯანსაღებას, ასევე სხვადასხვა სახის კოსმეტიკური ნაკლოვანების აღმოფხვრას.
სახის კანის დაბერების პროცესსა და მისი შენელება-გადავადებისათვის მოწოდებულ კოსმეტოლოგიურ მეთოდებსა და საშუალებებზე გვესაუბრება კლინიკა „თიმელესს“-ის დამფუძნებელი, ექიმი ინიექციონისტი ნინო დიდია:
– ქალბატონო ნინო, რა როლი აქვს ესთეტიკურ კოსმეტოლოგიას სახის კანის დაბერების გადავადებაში, რა მეთოდებს იყენებს და რა ასაკიდან არის სასურველი მისი ჩართვა?
– კოსმეტოლოგმა რომ სწორად შეარჩიოს კანის მოვლის, გაახალგაზრდავების, დაბერების შეჩერების მეთოდები და შემოგთავაზოთ ყველაზე ეფექტური პროცედურები, უნდა იცოდეთ არა მხოლოდ თქვენი კანის მახასიათებლები (მშრალი, ცხიმიანი და ა.შ.), არამედ გენეტიკური ფაქტორიც, ანუ კანის დაბერების პრინციპი, რადგან თითოეული მორფოტიპი საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას.
ექსპერტები გამოყოფენ სახის დაბერების 5 ტიპს, რომელთაგან თითოეული ხასიათდება გარკვეული ცვლილებებით და შესაბამისად, საჭიროებს კორექციას ინდივიდუალურად შერჩეული სქემით.
კანის მორფოტიპის განსაზღვრისა და სწორი დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია ანამნეზის შეკრება, რადგან კანის დაბერების ტიპი გენეტიკური ფაქტორებითაა გამოწვეული.
დაბერების ტიპებია:
1. დაღლილი;
2. წვრილნაოჭოვანი;
3. კუნთოვანი;
4. დეფორმული;
5. კომბინირებული.
დაღლილი დაბერების მორფოტიპი – მიიჩნევა ადრეული დაბერებისკენ მიდრეკილ მორფოტიპად, თუმცა, სწორი და დროული ჩარევით ის ადვილად ემორჩილება კორექციას.
ახასიათებს: კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე, დღის ბოლოს სახის შეშუპება წყლის შეკავების ხარჯზე, სახის კანისა და კუნთების ტონუსის დაქვეითება, კანის სიმშრალე, ცხვირტუჩის ნაოჭების გაღრმავება, ტუჩის კუთხეების ჩამოწევა, სახის ქვედა მესამედის ოვალის დარღვევა.
ამ ტიპის კანისთვის რეკომენდებულია: ქიმიური პილინგი, ბუსტერიზაცია, არ არის სასურველი ცხვირტუჩის ნაოჭის ღარის შევსება, რადგან ღარი ჩნდება შეშუპების ხარჯზე, აქ აუცილებელია ლიმფოდრენაჟი, მაგალითად, აირსითხოვანი პილინგი, ძირითადად აპარატურული მკურნალობა (ultherapy), ლაზერით სახის ზედაპირის აღდგენა, რადიოტალღური ლიფტინგი ან ნემსი RF.
ლიმფოსტაზი და შეშუპება, რომელიც დაღლილ მორფოტიპს ახასიათებს, გენეტიკური პრობლემაა, ამიტომ პროცედურებს უნდა ჰქონდეს მუდმივი ხასიათი, რეკომენდებულია პოლირძემჟავას პრეპარატები, ძაფები, კოლაგენის სტიმულირება, ბოტულინოტოქსინი ჩვენების მიხედვით.
წვრილნაოჭოვანი კანის მორფოტიპი – ამ ტიპის კანი შედარებით ლამაზად ბერდება, არ იცვლება სახის ოვალი, არ არის გამოხატული ფტოზი (ზემო ქუთუთოს დაწევა-დაშვება), თუმცა, სახის კანსა და დეკოლტეს მიდამოში ხასიათდება მრავლობითი წვრილი ნაოჭით, რაც განპირობებულია კანის სითხელით. თხელი კანი წლებთან ერთად განიცდის ატროფიას – დერმატოპოროზს. კანის ეს მორფოტიპი ახასიათებთ გამხდარ ქალებს, რომლებსაც აქვთ მშრალი კანი და განუვითარებელი კანქვეშა ცხიმი.
კანის ამ მორფოტიპს ახასიათებს: ნაოჭების ადრეული გამოჩენა, მიმიკური ნაოჭების სიმრავლე, კანის სიმშრალე და ელასტიკურობის დაქვეითება, ასევე პიგმენტაცია.
ამ ტიპის კანისთვის რეკომენდებულია: კოსმეტოლოგის მიერ შერჩეული საცხი, რომელიც ატენიანებს კანს, აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი, ასტიმულირებს უჯრედულ მეტაბოლიზმს, კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. აპარატურული მეთოდებიდან: ზედაპირული და საშუალო პილინგი, ბიორევიტალიზაცია, ბოტოქსის ინიექციები, კონტურული პლასტიკა, Rf ტექნოლოგიები (ნემსით ან სტიმულაციური), აპარატურული მეზოთერაპია, კარბონის პილინგი, ჰიალურონის მჟავით გამდიდრება და ბოტულინოთერაპია, არ არის სასურველი ქირურგიული ჩარევა, რადგან ეფექტი ზედმეტად ხელოვნურია.
კუნთოვანი კანის მორფოტიპის მქონე ადამიანებს ახასიათებთ მკვეთრად განვითარებული სახის კუნთები და ნაკლებად განვითარებული ცხიმოვანი ქსოვილი.
დამახასიათებელია ასევე: ღრმა ნაოჭების ადრეული გამოჩენა ტუჩის კუთხეებში, წარბებს შუა მიდამოში, შუბლზე, ამ ტიპის კანი მიდრეკილია მიმიკურობისკენ, აღინიშნება ქუთუთოების ფტოზი, ტუჩების დახრილი კუთხეები, კანის მოდუნება.
ამ ტიპის კანისთვის რეკომენდებულია: ფოტოგაახალგაზრდავება და ულტჰერაპყ. ბოტულინოთერაპია: ადრეული (30 წლის) ასაკიდან კოლაგენის სტიმულირება, დამატენიანებელი და პიგმენტის საწინააღმდეგო საცხები, ლიფტინგი, ქიმიური პილინგი, ასევე რეკომენდებულია პლასტიკური ქირურგია, ჭარბი და მოდუნებული ქსოვილის მოსაშორებლად.
– რას გვეტყვით დაბერების დეფორმულ და კომბინირებულ მორფოტიპებზე?
– დეფორმული დაბერების მორფოტიპს ახასიათებს ე.წ. ღაბაბის არსებობა, ნიკაპსა და კისერს შორის 90 გრადუსიანი კუთხის უქონლობა. ღაბაბი ზოგჯერ 25 წლის ასაკშიც კი ვლინდება. დეფორმულია სახის ოვალი, რაც გამოწვეულია სტრუქტურული ცვლილებებით, ამ ტიპის პაციენტებს სახის ზედა და შუა მესამედი უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს.
ამ ტიპის კანისთვის რეკომენდებულია: ძაფის პროცედურები, მაგრამ, რადგან ამ ტიპის კანისათვის დამახასიათებელია ქსოვილების მოდუნება და ფტოზი, სასურველია ალტეროთერაპია – კანის შეკავება და ბოტულინოთერაპია სახის ქვედა მესამედში, სამკურნალოდ ინიშნება ისეთი ტიპის პრეპარატებიც, რომლებიც ამკვრივებენ კანს და ებრძვიან ზედაპირულ ცხიმოვან პარკებს, ხშირად, 45-50 წლის ასაკში, პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე ქირურგიული ჩარევა, ლიპოსაქცია ხდება საჭირო. თუმცა, კოსმეტოლოგიური პროცედურების დროულად ჩართვა ახანგრძლივებს გზას ოპერაციულ ჩარევამდე.
კომბინირებული დაბერების მორფოტიპი – ამ ტიპისთვის დამახასიათებელია წვრილი ნაოჭები, დეფორმაცია, კანის მოდუნება, კანის მდგომარეობაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ადრეულ ასაკში, 25-30 წლიდან, საყურადღებო პერიოდია პრემენოპაუზაც.
ამრიგად, ექიმმა უნდა შეკრიბოს პაციენტის ანამნეზი, აუხსნას მას პრობლემები, გააცნოს პროცედურები და პრეპარატები, რომლებსაც სთავაზობს. პაციენტი კი უნდა გაეცნოს ყველაფერს. ის, რაც თქვენს მეგობრებს, მეზობლებს ან თუნდაც, თქვენს დას უხდება, შეიძლება სრულად მიუღებელი იყოს თქვენი სახისთვის და სასურველ ეფექტს ვერ მიაღწიოთ.
საუკეთესო შედეგის გარანტია ინდივიდუალური მიდგომა, სწორად შერჩეული და კურსად ჩატარებული პროცედურები.
– სადღეისოდ ყველაზე დიდი მოთხოვნა რომელ პროცედურაზეა? რომელს იყენებთ კოსმეტოლოგები ყველაზე ხშირად?
– სადღეისოდ, ყველაზე მოთხოვნადი, რა თქმა უნდა, ინიექციური პროცედურებია, ძირითადად – ტუჩის აუგმენტაცია, ცხვირის მოდელირება ფილერით, ფულლ ფაცე, ძაფებით სახის ლიფტინგი. გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი პროცედურის შედეგი, ადამიანის ანატომიური აგებულების გამო, ინდივიდუალურია. ამიტომ, ხშირად გვიწევს მსურველთათვის უარის თქმა ამა თუ იმ პროცედურაზე, რადგან ვერ მივიღებთ მათთვის სასურველ შედეგს (რომელიც წარმოუდგენიათ და უნდათ).
– როგორია ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე ტენდენციები?
– სადღეისოდ ესთეტიკურ მედიცინაში დიდი გამოწვევებია, ძალიან შეიცვალა მიდგომები და მეთოდები. 10-15 წლის წინ, ცხვირ-ტუჩის ზონის ფილერით კორექცია რომ მიაჩნდათ გაახალგაზრდავების მეთოდად და კოსმეტოლოგები სტანდარტული პროცედურებით შემოიფარგლებოდნენ, დღეს ასე აღარაა, თანამედროვე კოსმეტოლოგები პრაქტიკულად თერაპევტები არიან, რადგან კომპლექსური მიდგომით, სხვადასხვა პროცედურითა თუ მეთოდით, კანის არაერთ პრობლემას უგვარებენ ადამიანს. ცალკეულ პროცედურათა (პილინგი, მეზო ან ბიორევიტალიზაცია, აპარატურული პროცედურა, ფილერები, ძაფები და ა.შ.) კომბინაციითა და სახის მოვლის სწორად შერჩეული კოსმეტიკით, დღეს შესაძლებელია სასურველი და ხანგრძლივი შედეგის მიღება.
– გართულებები თუ ახლავს ამ პროცედურებს და რომელი ვლინდება მათგან ყველაზე ხშირად?
– იმის გამო, რომ სახის მოდელირებასთან დაკავშირებული მიდგომები რადიკალურად შეიცვალა და ინიექციების დროს პრეპარატების უფრო დიდ მოცულობებს (2-3 მლ-ს ან მეტს) ვიყენებთ, გართულებების რისკი გაიზარდა. სახეზე არ არსებობს „უსაფრთხო“ ზონა და ბუნებრივია, ბევრ პროცედურას ახლავს კიდეც გართულება. ყველა პროფესიონალმა კოსმეტოლოგმა იცის გართულებების განვითარების მექანიზმი, შესწავლილი აქვს მათი პრევენციის, ამოცნობისა და მართვის ტექნიკა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში არსებული ესთეტიკური ცენტრების სპეციალისტები და პლასტიკური ქირურგები ერთმანეთს ეხმარებიან გართულებათა ამოცნობისა და სწორად მართვის საქმეში.
– როგორც კოსმეტოლოგი, რას ურჩევთ მკითხველს, როგორ შეანელონ სახის დაბერება და როდის, რა ასაკში მიაკითხონ კოსმეტოლოგს?
– კოსმეტოლოგისთვის მიმართვა რეკომენდებულია 25-30 წლის ასაკიდან. სახის არსებული მდგომარეობა კი, ზოგადად, დამოკიდებულია ბევრ შინაგან თუ გარე ფაქტორზე: სად და როგორი წესით ვცხოვრობთ, რითი ვიკვებებით, როგორ ვუვლით თავს, კანის როგორი მორფოლოგიური ტიპი გვაქვს, როგორი გენეტიკა და ა.შ.
თუ თხელი და მგრძნობიარე კანი აქვს ადამიანს, სასურველია 22-25 წლიდან მიმართოს კოსმეტოლოგს. ამ ასაკში ინიექციური პროცედურებით არ იწყება კანის მოვლა. არსებობს ზედაპირული მოვლის ბევრი პროფესიონალური საშუალება, რომლითაც ხდება კანის იმუნიტეტის ამაღლება, დატენიანება, ნაოჭების გასადავება და ა.შ. 40+, 50+ ასაკის პირებთანაც პროცედურები ირჩევა ინდივიდუალურად და აუცილებლად კომპლექსურად ტარდება მკურნალობა თუ გამაჯანსაღებელი კურსი.
რადგან სახე ორგანიზმის სარკეა და მასზე გამოვლენილ პრობლემებს განვიხილავთ მთელი ორგანიზმის რეაქციად ამა თუ იმ პრობლემაზე, ხშირად საჭირო ხდება სხვადასხვა სპეციალისტის ჩართვა და, პარალელურად, თანმხლები დაავადებების მკურნალობაც.