როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში

ორგანიზმი ამ დროს გარემო ფაქტორებზე განსაკუთრებულად რეაგირებს და ხშირად ვუჩივით გამონაყარს, კანის გამოშრობას და აქერცვლასაც კი.

რა პროცესები ვითარდება კანში აციებისას

ზამთრის პერიოდში ძირითად მოვლას საჭიროებს სახე და ხელები. ამიტომ, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ამ მიდამოების კანის აღდგენაზე.

ზომიერი სიცივის დროს სისხლძარღვები ფართოვდება და სახე წითლდება. უფრო დაბალ ტემპერატურაზე კანი ფერმკრთალდება ზედაპირული სისხლძარღვების შევიწროვების გამო. ამით ორგანიზმი ცდილობს სითბოს დანაკარგის შემცირებას. შესაბამისად, კანის სისხლით მომარაგება მცირდება. ამის გამო ნივთიერებათა ცვლა ქვეითდება, კანის კვება ირღვევა და ის მგრძნობიარე, ფერმკრთალი და მოდუნებული ხდება.

თუ კანი ხანგრძლივად განიცდის დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებას, მასში არსებული სითხე იწყებს კრისტალიზებას, რამაც შეიძლება დააზიანოს კანის სტრუქტურა. რაც უფრო მაღალია კანის ზედა შრეში წყლის რაოდენობა, მით უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიადგეს მას.

ზამთრის დაბალ ტემპერატურასთან ერთად, გასათვალისწინებელია დახურულ სივრცეებში გამათბობელი სისტემების გამოყენების შედეგად კანის ზედაპირიდან წყლის გაძლიერებული აორთქლება. კანი ხდება მშრალი, მგრძნობიარე, კარგავს ბუნებრივ ტენიანობას და იწყებს აქერცვლას, კარგავს ტონუსს, იღებს არაჯანსაღ ფერს, გამოიხატება კუპეროზიც (გაფართოებული კაპილარული ქსელი) სიწითლის სახით.

ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში კანის ხარისხიანი მოვლა.

როგორ დავიცვათ კანი და ავირიდოთ აღნიშნული ფაქტორებით გამოწვეული კანის ნაადრევი დაბერება

დახურულ სივრცეებში (სახლში, ოფისში) მოვახერხოთ ჰაერის დატენიანება. არ გამოვიყენოთ სახის გასაწმენდად ისეთი საშუალებები, რომლებიც აშრობს კანს.

არ არის სასურველი ცხელი შხაპის მიღება, რადგან ის კანის ლიპიდურ ბალანსს არღვევს და კანის ტენიანობის დაკარგვას უწყობს ხელს. უნდა გამოვიყენოთ კანის ხარისხიანი დამატენიანებელი კრემები, რომლებიც შეიცავენ აქტიურ დამატენიანებლებს და ანტიოქსიდანტებს.

სახის დასაბანად გამოვიყენოთ ტუტოვანი საპნები. ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ კანის აგრესიულ გაწმენდას. შეიძლება შევცვალოთ კრემის ტექსტურა: ცხიმოვანი კანისთვის ავიღოთ ნორმალური ტიპის კანის კრემი, ნორმალური და კომბინირებული კანისთვის – მშრალი ტიპის კანის საცხი.

როდის დავიტანოთ საცხი სახეზე

სასურველია კრემი დავიტანოთ სახეზე სახლიდან გამოსვლამდე 30-40 წუთით ადრე.

არის ასეთი აზრი, რომ დამატენიანებელი კრემების გამოყენება ზამთარში არასასურველია, რადგან ძლიერი ყინვის დროს, ასეთი ტიპის კრემმა კანზე შეიძლება ყინულის ფენა შექმნას. შემიძლია დაგამშვიდოთ, თანამედროვე, ხარისხიანი კრემები მიმართულია კანის საკუთარი ჰიდრობალანსის შენარჩუნებისკენ: ეს არის ქსოვილში სითხის შენარჩუნება და მისი აორთქლების პრევენცია.

ჩამოთვლილი საშუალებებით ჩვენ ვეხმარებით კანის ზედა შრეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია კანის ღრმა შრეებზე ზრუნვაც. განსაკუთრებით ისეთ უჯრედებზე, როგორიცაა ფიბრობლასტები, რომლებიც განსაზღვრავენ კანის სიჯანსაღესა და ახალგაზრდულ იერს.

გააქტიურებული ფიბრობლასტები სწრაფად აღადგენენ ასევე კანის დაზიანებულ ზედა შრეს, ეპიდერმისს. ამ პროცესებს ყველაზე კარგად ასტიმულირებს კოსმეტოლოგიური პროცედურები – ბიორევიტალიზაცია და მეზოთერაპია.

ზამთარი და საზოგადოდ, ცივი პერიოდი, იდე­ალური დროა ამ პროცედურების ჩასატარებლად. პროცედურის შემდეგ კანის აღდგენა ზამთრის პერიოდში უფრო სწრაფად და გართულებების გა­რეშე მიმდინარეობს. მოსალოდნელი ანთებითი რეაქციებიც ნაკლებია. ამას ხელს უწყობს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ზომიერი მუშაობა. ცივ პერიოდში ნაკლებია პროცედურის შემდეგ პიგმენტაციის გაჩენის შესაძლებლობაც. ეს პროცედურები ღრმად ატენიანებს კანს. კანი ჯანსაღდება და ბზინავს. ის არა მარტო კარგად გამოიყურება, ასევე აქტიურად უმკლავდება არასახარბიელო პირობებს წელიწადის ცივ პერიოდში. განსაკურებით ასაკთან ერთად ორგანიზმი ნაკლებად გამოიმუშავებს ჰიალურონის მჟავას, კოლაგენს, ელასტინს, რომლებიც განსაზღვრავენ კანის ხარისხს და ამ ყველაფერს ეხმარება ბიორევიტალიზაცია და მეზოთერაპია. საჭიროების შემთხვევაში, ეს პროცედურები შეგვიძლია 25 წლის ასაკიდანაც დავიწყოთ.

გამოიყენება ბიორევიტალიზაციის ორი ძირითადი პროგრამა: სამკურნალო და პროფილაქტიკური.

სამკურნალო:

თუ კანის ნორმალური ტონუსი დაქვეითებულია, კანი გაუწყლოებულია და მიდრეკილია ნაოჭების წარმოქმნისკენ, უნდა ჩაიტაროთ 2-3 პროცედურა, ორ ან სამკვირიანი ინტერვალით. შემდეგ ერთი პროცედურა 2-3 თვეში ერთხელ.

პროფილაქტიკური:

თუ კანის ტონუსი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, მაგრამ დაბერების პირველი ნიშნები უკვე ჩანს, ორი პროცედურა ორი ან სამკვირიანი ინტერვალით და შემდეგ ერთი შემანარჩუნებელი პროცედურა 3-4 თვეში ერთხელ.

აციებასთან ერთად სწორედ პროფილაქტიკური პროგრამის ჩართვაა საჭირო კანის მოვლაში.

ბიორევიტალიზაცია იდეალური პროცედურაა, რომელიც გამოიყენება ბევრ მიდამოზე: სახეზე, ყელზე, დეკოლტეზე, ხელის მტევნებზე, იდაყვებზე, მუხლებზე.

ცოტა რამ ტუჩებისა და ხელის მოვლაზე ზამთრის პერიოდში

სიცივე და ყინვა ძალიან აზიანებს ტუჩისა და ხელების მიდამოებსაც. სასურველია და აუცილებელია ტუჩებზე ბალზამის გამოყენება, რომელიც არ შეიცავს წყალს, მაგრამ შეიცავს ცვილსა და E ვიტამინს.

ხელების დასაცავად, პირველ რიგში, უნდა გამოვიყენოთ ხელთათმანი. დასატენიანებლად მკვებავი კრემი. არ დავიბანოთ ხელი ცხელი წყლით და ანტიბაქტერიული საპნით, გამოვიყენოთ დამატენიანებელი საპნები.

ზამთრის პერიოდში არასასურველია დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება, გამომშრალ, აქერცლილ კანზე ტონალური კრემების წასმა. თუ კანი აქერცლილია, სასურველია, ის დატენიანდეს და ჩატარდეს მსუბუქი პილინგი.

სადღეისოდ არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც ამ შედეგს ერთდროულად იძლევა. ეს არის უინიექციო პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის მსუბუქ პილინგს და ძლიერ დატენიანებას. ანუ ეს არის ბიორევიტალიზაცია პილინგთან ერთად. მას ეწოდება PRX-ბიორევიტალიზაცია. სწორედ ამ პროცედურების შემდეგ, თამამად შეიძლება ზამთარში დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება.

ასევე ბალანსირებული კვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზამთარში და რაც გულისხმობს ომეგა-3 შემცველი პროდუქტების გამოყენებას. ეს პროდუქები აძლიერებენ კანის დაცვას გარეშე დაზიანებებისგან. ასევე ანტიოქსიდანტების და ვიტამინების, განსაკუთრებით D ვიტამინის შემცველი პროდუქტების მიღება. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე.

7 მარტივი წესი, რომელიც წელიწადის ყველაზე მკაცრ სეზონზე სახის კანის მოვლაში დაგეხმარებათ

1. მიიღეთ მეტი წყალი

მცხუნვარე ზაფხულისგან განსხვავებით, ცივ ზამთარში წყალი სულ უფრო ნაკლებად გვინდება, რაც ძალიან ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანის სიჯანსაღისთვის ყოველდღიურად ორგანიზმს გარკვეული რაოდენობის წყალი სჭირდება.

ამიტომ, პრობლების მოგვარების გზაზე პირველი და უმარტივესი ნაბიჯი, უბრალოდ, თავისთვის იმის შეხსენებაა, რომ წყალი უნდა დავლიოთ.

2. სახე თბილი წყლით დაიბანეთ

სიცივეში ცხელი წყლით დაბანას არაფერი სჯობს, თუმცა, იმისათვის, რომ სახიდან ზედმეტად ბევრი ცხიმი არ ჩამოვირეცხოთ, უმჯობესი იქნება, თუ ზამთარში სახესა და ხელებს ყოველთვის თბილი წყლით დავიბანთ.

3. გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი

ზამთარში ადამიანების უმრავლესობას კანის სიმშრალე აწუხებს, რაც მასზე ცივი და გამომშრალი ჰაერის ზემოქმედებით არის გამოწვეული. კანის სიმშრალის პრობლემას კი ნებისმიერი დამატენიანებელი მარტივად გადაჭრის.

4. ერიდეთ პარფიუმერიას

რთულია სილამაზის მოყვარულ ადამიანს უთხრა, რომ პარფიუმერია არ გამოიყენოს, თუმცა, ფაქტია, რომ ბუნებრივი სილამაზე გარკვეულ მსხვერპლსაც მოითხოვს.

ზამთარში კანის გაღიზიანებას რომ არ შევუწყოთ ხელი და გამონაყარი ავირიდოთ, რაც შეიძლება იშვიათად უნდა გამოვიყენოთ პარფიუმერია.

5. დაიცავით კანი გარემოს ზეგავლენისგან

კანი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ორგანოა, რომელიც გარემო ფაქტორებზე მყისიერად რეაგირებს. ამიტომ განსაკუთრებულად ცივ ამინდებში ყოველთვის დაიცავით ის სიცივისგან, ქარისან უბრალოდ, მზისგან, რომელიც ზამთარშიც კი ახერხებს ჩვენი სილამაზის შელახვას.

6. გამოიყენეთ სახის ნიღბები

სასურველია, რომ კანი თქვენივე ხელით დამზადებული ბუნებრივი ნიღბებით ხშირად გაანებივროთ.

ნიღბის დასამზადებლად ნებისმიერი ჯანსაღი პროდუქტი გამოგადგებათ – თაფლი, კვერცხი, კიტრი, შვრია, სტაფილო ან ავოკადო.

7. იკვებეთ სწორად

დაბოლოს, შეუძლებელია კანის პრობლემის მოგვარება სწორი კვების გარეშე, რადგან რამდენი ნიღაბი, დამცავი და დამატენიანებელიც უნდა წაისვათ, თუ ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით არ მოამარაგებთ, წარუმატებლობისთვის ხართ განწირული.

ხშირად იკვებეთ ისეთი წვნიანი საკვებით, როგორიც არის საზამთრო, ფორთოხალი, პომიდორი, ან უბრალოდ ვაშლი.