ნეიროქირურგიული დაავადებები
.
როდის არის საჭირო ნეიროქირურგიული ჩარევა და რა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს თავის ტვინის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის ოპერაცია, ამაზე თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების ექიმი, ნეიროქირურგი ზურაბ გერმანიშვილი გვესაუბრება.
-
ბატონო, ზურაბ, ყველაზე ხშირად რომელი დაავადების დროს გიწევთ ნეიროქირურგიული ჩარევა?
- ხერხემლის ნეიროქირურგიაში დღეს არსებულ დაავადებათა ფონზე (ხერხემლის ტრავმები ზურგის ტვინის დაზიანებით, ზურგის ტვინის სიმსივნეები), მეტად აქტუალური გახდა დისკოგენური რადიკულიტების თემა. ოპერაციების სიხშირეს ძირითადად თანამედროვე სადიაგნოსტიკო საშუალებების პროგრესი განსაზღვრავს. წინათ პაციენტმა იცოდა, რომ მის დაავადებას ერქვა რადიკულიტი და მას მთელი სიცოცხლის მანძილზე მკურნალობდა, კომპიუტერულმა გამოკვლევამ კი ექიმს საშუალება მისცა, ჩაეხედა ორგანიზმში და დაენახა, რომ ის, რასაც მანამდე კისრის ან წელის რადიკულიტს ვუწოდებდით, მხოლოდ ნერვის ჩვეულებრივი ანთება არ არის. დისკოგენურ რადიკულიტს თან ახლავს ნერვის ანთება, მისი ნამ-დვილი მიზეზი კი მექანიკური ზეწოლაა, რასაც იწვევს მალათაშუა დისკის გარეთა რგოლის დაზიანება და დისკის შიგთავსის ნაწილობრივი მიგრაცია სპინალური არხისკენ. სწორედ ეს მასები აწვება ფესვს, ზურ-გის ტვინის გარსებს, იწვევს ტკივილს და იმ ნევროლოგიურ სიმპტომებს, რომლებიც დისკოზებს ახასი-ათებს.
დისკოს დაზიანებისა და ზურგის ტვინის მიმართულებით გადაადგილებისას ოპერაცია მიზნად ისახავს ამ მექანიკური ზეწოლის მოხსნას, რათა ფესვი ან ზურგის ტვინი კომპრესიისაგან გათავისუფლდეს და ნორმალური ფუნქციონირების საშუალება მიეცეს. დისკოზის ფართოდ გავრცელებას ხელი შეუწყო მისი გამომწვევი მიზეზების გახშირებამ. ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფი ხერხემალი და მისი მალები ძლიერ ზეწოლას განიცდის. ყველაზე დიდი დატვირთვა წელის მეხუთე, მეოთხე და მესამე დონეებზე მოდის. ეს დატვირთვა ერთიათად იზრდება არასწორი მოძრაობისა და სიმძიმის არასწორი აწევისას. დაზიანებას ხელს უწყობს მემკვიდრეობითი განწყობა, გადატანილი ინფექციები, ჭარბი წონა, ნიკოტინი და ალკოჰოლი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სკოლიოზი.
ყველა ორგანოს თავისი სისხლძარღვოვანი ქსელი აქვს, რომლის მთავარი დანიშნულება ორგანოს კვება და ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი პროდუქტების გამოტანაა. დისკი ის ორგანოა, სადაც დაახლო-ებით 18-24 წლიდან აღარ არის სისხლძარღვოვანი ქსელი - იწყება მისი ფიზიოლოგიური ატროფია (განლევა) და ხერხემლის მექანიკური გზით კვება. ასე რომ, რაც უფრო მეტს მოძრაობს ხერხემალი, მით უფრო უკეთ იკვებება და მით უფრო ჯანმრთელია იგი, XXI საუკუნის ადამიანი კი ძალიან ცოტას მოძრაობს.
-
დისკოზის დროს რის საფუძველზე წყდება ოპერაციის საკითხი?
- ოპერაციის საკითხი მაშინ დაისმის, როცა თანამედროვე კონსერვატიული მეთოდები და ფარმაკოლო-გიურ საშუალებათა მთელი არსენალი უძლური აღმოჩნდება დაავადების წინაშე და კომპიუტერული გამოკვლევაც გვიდასტურებს, რომ დაზიანებული დისკის ფრაგმენტი ისეთი ზომისა და ფორმისაა, ისეთი მდებარეობა აქვს, რომ კონსერვატიული მეთოდებით პრაქტიკულად ვერ მოვერევით. ოპერაციული მიდ-გომა დისკის გამოწეული ფრაგმენტის ზომისა და ნევროლოგიური მაჩვენებლების მიხედვით განისაზღვ-რება.
საოპერაციოა პაციენტი, რომელსაც აღენიშნება ზურგის ტვინის არხის მკვეთრი შევიწროება და დაახ-ლოებით 8 მმ-იანი ან მეტი ზომის გამოსული ფრაგმენტით ზეწოლა (დისკის 8 მმ-იანი ფრაგმენტის დაშლის ან გაწოვის ალბათობა მცირეა). ნევროლოგიურ მაჩვენებლებს შორის მხედველობაშია მისაღები ტკივილი, მისი ხასიათი და ხარისხი. აუტანელი, გაუსაძლისი ტკივილი, რომლის გამოც პაციენტი კარგავს შრომის უნარს - ასევე საოპერაციოა.
ოპერაცია აუცილებელია, როდესაც ამ ნიშნებს დაერთვის ქვედა კიდურების ატროფია - დაპატარავება, განლევა. ოპერაციის ჩვენებად ითვლება ასევე მოძრაობის შეუძლებლობა, მცირე მენჯის ღრუ ორგანოების ფუნქციის მოშლა. რაც შეეხება კისრის არეს და ხერხემლის ნებისმიერ სხვა განყოფილებას, საოპერაციო კრიტერიუმები იგივეა, ოღონდ კისრის დონეზე. რა თქმა უნდა, ამ უბანში სპინალური არხის დიამეტრის ზომებიდან გამომდინარე, დაზიანებული დისკოს ფრაგმენტის ზომები მცირდება და აღინიშნება ზედა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ქვედა კიდურებში ცვლილებებიც. კისრის დონეზე საოპერაციოა შემთხვევა, როცა ფრეგმენტის ზომა 5 მმ-მდეა და პაციენტს აქვს ერთდროულად ხელისა და ფეხის სისუსტე და აუტანელი ტკივილი.
-
დისკოგენური ზეწოლის შემთხვევაში, ტკივილის მანიფესტაციის შემდეგ, ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს?
- შესაძლოა, პაციენტს 20 წლის განმავლობაშიც კი აწუხებდეს ტკივილი, რომელიც პერიოდული კონსერ-ვატიული მკურნალობის შედეგად გაივლის. ასეთ შემთხვევაში ოპერაცია არ ინიშნება, მაგრამ თუ ადამი-ანმა წინა დღეს სიმძიმე ასწია, მეორე დღეს კი უკვე მძიმე ნევროლოგიური სურათი ჩამოუყალიბდა - აუტანელი ტკივილი დაეუფლა, ტერფი ჩამოუვარდა და გაუბუჟდა, - ის მაშინვე საოპერაციოა, რადგან ეს იმის მაუწყებელია, რომ ფესვზე ზეწოლა ძალიან დიდია, რაც ნერვშიდა უჯრედულ დონეზე ძლიერი დაზიანების გამო ნერვკუნთოვანი გადაცემის შეწყვეტას იწვევს და შესაძლოა, ნერვული ქსოვილი დაიღუპოს.
-
როცა ძვალსახსროვანი სისტემის დაავადება ძლიერ აზიანებს ხერხემალს, მკურნალობა რევმატოლოგების კომპეტენციაა თუ ნეიროქირურგის?
- რევმატოლოგიური დაავადების საწყის სტადიაში მკურნალობა, რა თქმა უნდა, რევმატოლოგების საქმეა, მაგრამ შორს წასული ფორმების დროს, როდესაც ხერხემლის სახსროვანი აპარატი ძლიერ არის დაზია-ნებული, დეფორმირდება, ფორმას იცვლის, დიდდება და ფესვს აწვება, ტკივილი კი აუტანელია, პაცი-ენტს უკვე რევმატოლოგებთან მუდმივი კონტაქტით ვუწევთ ოპერაციულ დახმარებას.
-
საკმაოდ გახშირდა და გაახალგაზრდავდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად განვითარებული ინსულტი. როდის არის მიზანშეწონილი თავის ტვინიდან ჰემატომის მოსაცილებლად ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება?
- ოპერაცია თავისთავად დიდი ტრავმაა. ინსულტის შემდგომ, როდესაც ჰემატომის ევაკუაცია გვსურს, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ოპერაციამ არ უნდა დააზიანოს იმაზე მეტი ქსოვილი, ვიდრე სისხლჩაქცევამ უკვე დააზიანა. აქედან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს:
- რა რაოდენობის სისხლის ჩაქცევასთან გვაქვს საქმე;
- თავის ტვინის რომელ უბანშია სისხლჩაქცევა;
- როგორია ავადმყოფის ზოგადი თუ ნევროლოგიური სტატუსი. ამ უკანასკნელზე დამოკიდებულია ოპერაციის მოცულობა.
თავის ტვინის მარცხენა - ინტელექტუალურ ნახევარსფეროში სისხლჩაქცევის დროს უნდა განისაზღვროს გამოჯანმრთელების ხარისხი. პაციენტიც და მისი ოჯახიც შეეგუებიან ოპერაციის შემდეგ ხელის ან ფეხის გაჩერებას, მაგრამ ვერავინ შეეგუება იმას, რომ არ ილაპარაკოს, ვერ იაზროვნოს, ვერ გაიგოს ოჯახის წევრების მეტყველება, ამიტომ მარცხენა ნახევარსფეროს ისეთი სისხლჩაქცევების დროს, რომელთა ოპერაციასაც შესაძლოა ასეთი შედეგი მოჰყვეს, ვცდილობთ, ქირურგიული ჩარევისგან თავი შევიკავოთ.
რაც შეეხება მარჯვენა ნახევარსფეროს დაზიანებას, ასეთ დროს ოპერაცია გამართლებულია, ვინაიდან პიროვნება ცვლილებებს არ განიცდის, შესაძლოა, მხოლოდ კიდურების ფუნქციები დაიკარგოს.
ცაციებს პირიქით უნდა მივუდგეთ. თავის ტვინი მოთავსებულია ძვლოვან კოლოფში, რომელიც ოპერა-ციის დროს იხსნება - კეთდება ფანჯარა. შემდეგ იწყება ტვინოვანი ქსოვილი. როდესაც სისხლჩაქცევა ღრმადაა, უნდა გაკეთდეს არხი, რომლის დიამეტრი 5-10 მმ-ზე ნაკლები ვერაფრით იქნება, შესაბამისად, ტვინის დამატებითი ტრავმირება გარდაუვალია, ამიტომ წინასწარ უნდა განისაზღვროს, რომელი უბნიდან მოხდეს ჰემატომის ევაკუაცია, რათა მინიმალური ტრავმის ხარჯზე მივაღწიოთ სასურველ შედეგს.
რაც შეეხება სისხლჩაქცევის ზომას, საექიმო ეთიკით, 25 მლ ჩაქცეული სისხლი საოპერაციოა.
ნეიროქირურგია ის დარგია, სადაც ექიმს ყველაზე მეტად მოეთხოვება ოპერაციის შედეგებისა და მოსალოდნელი გართულებების ზუსტი გათვლა, რათა შევინარჩუნოთ არა მარტო ადამიანი, არამედ პიროვნება თავისი ცნობიერებითა და ინტელექტით. არ შეიძლება ოპერაციის ჩატარება, როდესაც ის საჭირო არ არის.
ქირურგი ამის გამო პიროვნულად აუცილებლად დაისჯება, განურჩევლად იმისა, შეგნებულად ჩაიდინა ეს თუ შეუგნებლად. კარგი იქნება, თუ ახალგაზრდა ქირურგები ამაში არა საკუთარი, არამედ უფროსი თაობის შეცდომების საფუძველზე დარწმუნდებიან. როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ ოპერაცია არ არის აუცილებელი, პაციენტს პირდაპირ ვეუბნები: "თქვენ კატეგორიულად არ ხართ საოპერაციო". შესაძლოა, ამ გამოთქმაზე გაგეცინოთ, მაგრამ მსურს, ამით პაციენტის ცნობიერებაში ეს ფრაზა მყარად დავაფიქსირო, რათა ის ვერავინ შეიყვანოს შეცდომაში.