პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

.

  • ჩემს ქმარს არ მოსწონს ჩემი სამსახური, რადგან შინიდან ადრე გავდივარ და გვიან საღამოს ვბრუნდები. მოითხოვს, სხვა მოვძებნო. არადა საინტერესო სამუშაო მაქვს, კოლექტივი კარგია და ანაზღაურება - სოლიდური. ჩემი ქმარი ფიქრობს, რომ მხოლოდ მისი სურვილი საკმარისია სხვაგან გადასასვლელად. როგორ მოვიქცე?ირინა, 27 წლის

- თქვენი ქმარი ეგოისტურად იქცევა, როცა საყვარელ სამუშაოზე უარის თქმას გაძალებთ. ცხადია, არ უნდა დათანხმდეთ, მაგრამ იფიქრეთ, როგორ მოახერხოთ მისდამი ნაკლები ყურადღების ანაზღაურება. თქვენი მეუღლის მოთხოვნის მიზეზი ეჭვიანობაა ან წყენა. თავი მიტოვებული გონია. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მასთან, ყველა საღამო და დასვენების დღეები მაინც. მნიშვნელოვანია, რომ მასთან ერთად გატარებული საათები სავსე იყოს სითბოთი და სიყვარულით, რომელთა გახსენებაც არ მისცემს მას ეჭვიანობის საბაბს.

  • როგორც იქნა, ჩემმა მეგობარმა მამაკაცმა თავის სახლში ცხოვრება შემომთავაზა. ის დედასთან ერთად ცხოვრობს. მართალია, დედამისს ჩემთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ წინააღმდეგია, მათთან ჩემს გოგონასთან ერთად გადავიდე. ბავშვთან დაშორება კი არ შემიძლია. ცალკე ბინის დაქირავებისთვის საშუალება არ გაგვაჩნია. როგორ მოვიქცე, არ ვიცი.

ელენე, 31 წლის

- თუ თქვენმა მეგობარმა მამაკაცმა შემოგთავაზათ მასთან ერთად ცხოვრება, მანვე უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს სიტუაცია საყოველთაო სტრესის მიზეზი არ გახდეს. ის უნდა დაგეხმაროთ, რომ მოაწესრიგოს დედამისსა და თქვენს ქალიშვილს შორის ურთიერთობა. შეეცადეთ, ყველამ ერთად გაატაროთ დასვენების დღეები. გადით ბუნებაში. ხშირად აგრესიის მიზეზი მომავლის შიშია. თუ თქვენი პოტენციური დედამთილი გოგონას ახლოს გაიცნობს, ალბათ ცოტა მოლბება

  • იუმორის ნიჭი მაინცდამაინც არა მაქვს. ამის გამო ხშირად ბრიყვულ მდგომარეობაში ვვარდები. მაგალითად, თუ ვინმე იხუმრებს, მას სერიოზულად ვპასუხობ, ირგვლივ კი ყველა ჩემზე იცინის...

ანა, 22 წლის

- შეეცადეთ, დააკვირდეთ თანამოსაუბრის მიმიკასა და ინტონაციას. ეს კი საშუალებას მოგცემთ, გაარჩიოთ იუმორის სხვადასხვა ტიპი და ამისთვის გამოყენებული ხერხები. მათაც კი, ვინც სერიოზული სახით ხუმრობს, ყოველთვის `უცინით~ თვალები. ყურადღება მიაქციეთ ამ თავისებურებებს და მაშინ დაცინვის ობიექტად იოლად ვეღარ გაქცევენ.

  • საკმარისია ცოტათი გავნერვიულდე, რომ მაშინვე ვიწყებ თითების კვნეტას. როგორ გადავეჩვიო ამ მავნე ჩვევას?

ეკა, 21 წლის

- მოიფიქრეთ რაიმე ახალი ჩვევა, რომელიც შეცვლის ძველს. შეიძინეთ კრიალოსანი, რომელსაც დამარცვლავთ ნერვიულობის დროს. შეიღებეთ ფრჩხილები სპეციალური მწარე გემოს ლაქით - ის აფთიაქებში იყიდება, ან დაიწებეთ ფრჩხილები - ხელოვნური ფრჩხილების კვნეტა უსიამოვნო იქნება.

  • ჩემს შეყვარებულს ვეჩხუბე, მაგრამ მუდამ მახსოვს, ვერ ვივიწყებ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ისევ მიყვარს?

ლიკა, 25 წლის

- არის მომენტები, როცა წყენის დროს ადამიანს საკუთარი თავის სიბრალულის გრძნობა უჩნდება. ცდილობს, თუნდაც ფიქრით მოახდინოს დანაკლისის კომპენსაცია, ზოგი უფლისწულთან შეხვედრაზე ოცნებობს, თქვენ კი ძველ რომანს იხსენებთ. შეეცადეთ, დამშვიდების სხვა საშუალებას მიმართოთ - მეგობარ გოგონებს შეხვდეთ, არც შოპინგი დაივიწყოთ.

  • როდესაც დედაჩემმა ჩემი ფეხმძიმობის ამბავი გაიგო, თავზარი დაეცა. საშინელ დღეში ჩამაგდო, გამომლანძღა, დამაძალა აბორტის გაკეთება. არანაირი თანაგრძნობა არ გამიწია. შეიძლება ითქვას, გამწირა... უკვე ორი კვირაა, მეგობართან ვცხოვრობ, რომელმაც დიდი თანადგომა გამიწია. ბებია თვლის, რომ აუცილებელია დედასთან შერიგება, მე კი ვერ ვპატიობ დედას. ვერ ვივიწყებ მის სისასტიკეს. როგორ მოვიქცე? მშობლები ხომ უნდა მიყვარდეს.

ვერიკო, 20 წლის

- ამბობთ, დედამ ძალიან მატკინა გულიო. ჯერ ალბათ ვერ შეძლებთ ყველაფრის პატიებას. შერიგებაზე ფიქრიც ნაადრევია. წყენის დასავიწყებლად საჭიროა დრო, თვეები, შეიძლება წელიც. მანამდე შესარიგებლად ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა არაგულწრფელი იქნება, ალბათ სიტუაციას ვერ შეცვლის. მოიქეცით ისე, როგორც თქვენთვის და თქვენი მომავალი ბავშვისთვის აჯობებს, ახლა მხოლოდ თქვენ თავზე არ უნდა იზრუნოთ, ნერვიულობა კი ბავშვს ავნებს, დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ. ნუ დაივიწყებთ, რომ ბრაზის მიუხედავად, თქვენს სულის სიღრმეში უწინდებურად ცოცხლობს დედის სიყვარული.

  • შეყვარებულმა მიმატოვა. მას შემდეგ მარტო ვარ. ვიწყებ ფლირტს თაყვანისმცემლებთან, ხოლო როცა ვინმე პაემანზე მიმიპატიჟებს, სიმპათია მიქრება, ვღიზიანდები. როგორ შევცვალო ეს სიტუაცია? არ მინდა ვიყო მარტო.

მარიკა, 18 წლის

- ვფიქრობ, თქვენ არ გაქვთ სიმპათიები ამ ახალგაზრდა კაცების მიმართ. ისინი მხოლოდ იმისთვის გჭირდებათ, რომ უფრო თავდაჯერებული გახდეთ, რომ მომხიბვლელი ხართ. შესაძლოა, კვლავ განხეთქილების და განშორების ფიქრი გაშინებთ, სწორედ ამიტომ არ გსურთ ვინმეს მიეჯაჭვოთ. ნუ იჩქარებთ, დრო გჭირდებათ უწინდელი რომანის დასავიწყებლად.

  • ჩემი ქმარი ძალიან განიცდის, რომ მცირე ხელფასი აქვს. მე არ ვმუშაობ, რადგან ბავშვი პატარა მყავს. ვცდილობ, დავარწმუნო მეუღლე, რომ ფული არ არის უმთავრესი, მით უმეტეს, რომ თანდათან აწინაურებენ, მაგრამ მაინც მიჭირს მისი დამშვიდება.

ლიანა, 24 წლის

- თქვენი ქმრისთვის მნიშვნელოვანია ოჯახის უზრუნველყოფა. ეს არის თქვენდამი მზრუნველობის გამოხატვა, აგრეთვე საშუალება, რომ თავი ნამდვილ მამაკაცად იგრძნოს. თუ რაღაცაში ხელი ეშლება, ფიქრობს, რომ მისი ფასი, როგორც ქმრისა და მამისა, ეცემა. ნუ იტყვით, რომ ყველაფრით კმაყოფილი ხართ - ნუ წაართმევთ მას განვითარებისა და წინსვლის სტიმულს. უფრო მნიშვნელოვანია, თუ უჩვენებთ, რომ გჯერათ მისი და არ გეეჭვებათ, მალე სიტუაცია გაუმჯობესდება.

  • შევნიშნე, რომ ჩემი 9 წლის ბიჭი სულ უფრო და უფრო ცრუობს... შეუძლია მოიტყუოს ნიშნებისა და საშინაო დავალების გამო, რომ ისადილა, თუმცა ვხედავ, საჭმლისთვის ხელი არ უხლია. როგორ გადავაჩვიო ტყუილების თქმას მიზეზის გამო თუ უმიზეზოდ?

თამარი, 33 წლის

- მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახსნა იმისა, რომ ტყუილი ცუდია, არამედ შვილთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა უნდა იქონიოთ. მისი ტყუილი ხომ სურვილია, გაექცეს იმ შედეგს, რომელიც უნდა მოჰყვეს მის საქციელს, უპირველეს ყოვლისა, საყვედურს ან სასჯელს. გააანალიზეთ საკუთარი ქცევა, დაფიქრდით ოჯახის სხვა წევრების საქციელზე, შესაძლებელია თქვენ ან რომელიმე წევრი აიძულებთ რაიმეს გაკეთებას, იქნებ ზედმეტად მკაცრი ხართ მის მიმართ? დაელაპარაკეთ ბიჭს ტყუილების მიზეზებზე, ოღონდ იყავით ყურადღებიანი და მომთმენი. დაიმახსოვრეთ: თუ ახლა ვერ შეძლებთ აჩვენოთ მას, რომ თქვენი ნდობა შეიძლება, შემდგომში ურთიერთობის დამყარება უფრო გართულდება. თვითონ უნდა უჩვენოთ შვილს კარგი მაგალითი. დააკვირდით საკუთარ თავს, ნურასოდეს მოატყუებთ ბავშვს, თუ შეჰპირდებით რაიმეს გაკეთებას - აუცილებლად შეუსრულეთ.

  • ჩემი შეყვარებული საშინელ ქაოსში და არეულობაში ცხოვრობს! როგორ შევთავაზო მას დახმარება დელიკატურად? მინდა მოვუმზადო ვახშამი, შინ წესრიგი დავახვედრო. მაგრამ მეშინია, არ დავაფრთხო: მამაკაცებს არ უყვართ, როცა თავს მოახვევენ ხოლმე თავიანთ სურვილებს, სთავაზობენ დახმარებას. როგორ გავიგო, ესიამოვნება და გაახარებს თუ არა მას ჩემი მზრუნველობა?

ქეთი, 26 წლის

- ნუ იჩქარებთ, შესაძლოა, მისთვის ეს ქაოსი და არეულობა - სამუშაო უწესრიგობაა, მოხერხებული და მყუდრო. თავდაპირველად, გაარკვიეთ, როგორ შეხვდება თქვენი შეყვარებული თქვენს სურვილს - შინ ნამზადი სადილით გაუმასპინძლდეთ. მაგალითად, საუბარში ჩაურთეთ, რომ კარგად ამზადებთ და დაპატიჟეთ ვახშმად თქვენთან. მხოლოდ შემდეგ, როცა შეაფასებს თქვენს კულინარიულ ოსტატობას, შესთავაზეთ, - საგანგებო სადილს ან ვახშამს შენს სახლში მოგიმზადებთო. შემდეგ შეიძლება ბინის დალაგებაზეც ჩამოუგდოთ სიტყვა, ყველაფერი თანდათანობით გააკეთეთ.

  • ჩემი მეუღლის გულახდილობამ გამაოგნა. თურმე მეგობრებთან ერთად მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებთან დადიოდა. ჩემი ქმარი ამას ღალატად არ თვლის... რა უნდა გავაკეთო, რომ ეს აღარ განმეორდეს?

ნატო, 28 წლის

- აუხსენით ქმარს, რატომ არ გსიამოვნებთ მისი საქციელი და აუცილებლად გაარკვიეთ, რატომ მოიქცა ასე. შესაძლოა, თუ ის გაიგებს და მიხვდება, როგორ მოქმედებს თქვენზე მისი ასეთი მოქმედება, იქნებ სიტუაცია შეიცვალოს.

  • მე და ჩემი მეუღლე დედამთილთან ვცხოვრობთ. ის გამუდმებით გვთრგუნავს თავისი გამოხტომებით. მოითხოვს, ცალკე იცხოვრეთ, დამღალეთო. მე ჯერ სტუდენტი ვარ, ჩემს ქმარს კი მცირე ხელფასი აქვს.

ანა, 23 წლის

- გამოსავალი ერთია - უნდა იქირაოთ ბინა ან ოთახი მაინც, რადგან თქვენ ცხოვრობთ დედამთილის ტერიტორიაზე, მას აქვს უფლება, მოიქცეს ისე და მოითხოვოს ის, რაც სურს. ნუ შეეკამათებით - ის თქვენი ქმრის დედაა, ეს მას მისცემ საბაბს, თქვას, რომ შვილს უმხედრებთ. საკამათო სიტუაციების მოგვარება ქმარს მიანდეთ - ის უკეთ იცნობს დედას.