ეგოიზმი ბავშვთა შორის
ეს და უამრავი სხვა კითხვა აწუხებს ბევრ მშობელს ბავშვთა აღზრდის პროცესში. მოდი, შევეცადოთ გავერკვიოთ ამ საკითხში და დავიწყოთ ბავშვის დაბადებიდან. ერთ წლამდე ბავშვისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ კომფორტი, მისი ყველა მოქმედება მიმართულია საკუთარი კეთილდღეობის დასაცავად და ეს არ არის ეგოიზმი, ეს ემოციური თავდაცვაა, რომელიც განპირობებულია თვითგადარჩენის პრინციპით. 2-3 წლის ბავშვი იკვლევს სამყაროს და ერგება მას. მას ყველაზე ძალიან აინტერესებს თამაში და ამის გამო თანახმაა, ნაწილობრივ დათმოს კომფორტი, რომელიც მეორეხარისხოვანი ხდება. ბავშვის მოთხოვნილება მოძრაობასა და განვითარებისაკენ ხშირად არღვევს გარშემომყოფთა სიმშვიდეს, თუმცა ეს მაინც არ არის ეგოიზმი. 3-7 წლამდე ასაკში ბავშვს, კომფორტისა და თამაშის გარდა, უჩნდება მოთხოვნილება „იყოს კარგი“. ეს არის საუკეთესო ნიადაგი და დრო მშობლისათვის ეგოიზმის პრევენციის ჩასატარებლად...
როგორ ხდება ეგოიზმის პრევენცია?
4 წლის ასაკიდან მშობლებმა ბავშვს უნდა აუხსნან, რომ ის ოჯახის ნაწილია და ოჯახში ყველას აქვს განსხვავებული სურვილები და მოთხოვნილებები. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ახსნაც, რომ ის უყვართ და ასევე უყვართ სხვა ოჯახის წევრებიც, ზრუნავენ მასზე და სხვებზე, პატივს სცემენ მის სურვილებსა და მოთხოვნილებებს ისევე, როგორც ოჯახის სხვა წევრების სურვილებს. ეს ყველაფერი უნდა იყოს ბავშვისათვის ახსნილი და ნაჩვენები როგორც სიტყვის, ასევე ქცევის დონეზე.
ამ ასაკში ბავშვს ასწავლიან კომპრომისს და უხსნიან, რომ მისი „მინდა აქ და ახლავე“ ყოველთვის არ არის მისაღები და სთავაზობენ მისაღებ, კომპრომისულ ვარიანტებს.
ხშირად ბავშვს აკრავენ იარლიყს – „ეგოისტი“, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამით ბავშვს მიმართულებას აძლევენ არასწორი ქცევისაკენ. მისთვის ირჩევენ ქცევის მცდარ მოდელს, რომელიც ბავშვის ცხოვრების წესად შეიძლება იქცეს.
იარლიყების მინიჭებით შესაძლოა ბავშვს ჩამოუყალიბდეს აზრი: „მე ცუდი ვარ და ყოველთვის ცუდად ვიქცევი, სამაგიეროდ ვიღებ ყველაფერს, რაც მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დანარჩენი ცუდად გრძნობს თავს“. ეს ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე, ხელს უწყობს შიშების ჩამოყალიბებას.
ზოგჯერ მშობლები არასწორად აფასებენ ბავშვის ქცევას და მის ლიდერულ თვისებებში ხედავენ ეგოიზმს.
შეეცადეთ გაერკვეთ ბავშვის ქცევის მოტივში იმისათვის, რომ თქვენი რეაქცია იყოს სწორი. რბილი ტონით მითითება, რჩევა, ახსნა დაეხმარება ბავშვს ქცევის სწორი მოდელის ჩამოყალიბებაში.
უხეში კომენტარები იწვევენ ბავშვის გარიყულობას, სტკენენ გულს. ნებისმიერი აგრესიული რეაქცია მშობლების მხრიდან იწვევს ნეგატიურ შედეგებს. ის ბავშვში იწვევს დაუმორჩილებლობას და ხშირად განაპირობებს მიღებული ქცევის ნორმების დარღვევას.
არსებობს აზრი, რომ ეგოიზმი ადამიანის ნორმალური თვისებაა, თუ ის არ არღვევს სხვა ადამიანის კეთილდღეობასა და უფლებებს. პოლონელმა მწერალმა, იულიან ტუვიმმა, თქვა: „ეგოისტი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე უფრო ფიქრობს, ვიდრე ჩემზე“.
ადამიანი უნდა იცავდეს საკუთარ ინტერესებს, ის უნდა ფიქრობდეს საკუთარ თავზე, უნდა უფრთხილდებოდეს საკუთარ „მეს“ – ეს ადამიანის თვითრეალიზაციის წყაროა – ჯანსაღი ეგოიზმი. პათოლოგიური ეგოიზმი კი იწვევს სხვა ადამიანების ტანჯვას. ხდება მათი ინტერესების იგნორირება საკუთარი ინტერესების გამო. ეს ხშირად არის არასწორი აღზრდის შედეგი. ბავშვს სურს, რომ იყოს „კარგი“ და მან უნდა იცოდეს, რომ სხვა ადამიანების შეურაცხყოფა არ შეიძლება, რადგან ეს „ცუდი“ ქცევაა.
თუ ბავშვს ამას ასწავლიან დროულად, მისთვის ხდება ბუნებრივი საკუთარი და სხვა ადამიანების ინტერესებს შორის ბალანსის ძებნა – კომპრომისი.
არ მისცეთ ბავშვს თქვენით და სხვებით მანიპულირების უფლება, რადგან მანიპულაციის დროს ერთი ადამიანი – მანიპულატორი – იგებს, ხოლო მეორე – მანიპულაციის მსხვერპლი – აგებს. თავიდანვე დაიცავით თქვენი „მე“ ბავშვთან ურთიერთობის დროს, არ შესწიროთ მას თქვენი ინტერესები, რადგან ამით პატარა ეგოისტს შექმნით. ბავშვი თავიდანვე უნდა ითვალისწინებდეს ოჯახის სხვა წევრების ინტერესებს და გრძნობდეს, რომ მის ინტერესებსაც პატივს სცემენ. ასე ორივე ადამიანი მოგებულია, ბავშვი კი ბედნიერ და წარმატებულ ზრდასრულად ჩამოყალიბდება.
რა არის ეგოიზმი?
არსებობს გარკვეული სიტუაციები, რითიც ჩვენ ბავშვის ეგოცენტრულ ქცევას ვუწყობთ ხელს. ეს შეიძლება იყოს მისთვის ყველა სურვილისა თუ ახირების შესრულება, არაადეკვატური, გადამეტებული შეფასება, მისი პიროვნული თვისებების გადამეტებული ხაზგასმა და ა.შ. დაახლოებით 4-5 წლის ასაკიდან მშობელს შეუძლია ამ საკითხებზე მუშაობა და ეგოიზმის პრევენცია. საამისოდ მნიშვნელოვანია ჰქონდეს ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის საჭირო სწორი სტრატეგიები და მიდგომები.
პათოლოგიური ეგოიზმი გამოიხატება მაშინ, როცა ბავშვი უგულებელყოფს სხვის სურვილებსა და აზრს. ხშირ შემთხვევაში სწორედ მშობლის არასწორი დამოკიდებულება იწვევს ეგოიზმს, ასევე აღზრდის ფორმა. მაგალითად, ხშირია, როცა ოჯახის ერთი წევრი უარს ეუბნება რამეზე, მეორე კი უსრულებს, ან ერთი შენიშვნას აძლევს, მეორე იმავე საქციელს უქებს. ბავშვმა უნდა იცოდეს სიტყვა „არა“ და ეს სწორად უნდა მივაწოდოთ და ავუხსნათ.
როგორ ვლინდება ბავშვების ეგოიზმი?
არსებობს სიტუაციები, სადაც მშობლები საკუთარი მცდარი მიდგომით ახალისებენ ბავშვის ეგოიზმს. თითქმის ყველა მსგავს სიტუაციაში იდენტური პრობლემაა, თუმცა მშობლებს ამაზე დაგვიანებული რეაგირება აქვთ.
განქორწინებული წყვილის ცხოვრებაში, სადაც ბავშვი ხდება მთავარი მოქმედი გმირი, მშობლები იწყებენ ჰიპერმზრუნველობას ერთმანეთის დასანახად ან ჯიბრზე. ხშირად სწორედ ამ გარემოებას ბავშვი მანიპულაციისთვის იყენებს. მაგალითად, ფრაზის ხაზგასმით: „მე ეს სათამაშო მიყიდა მამამ“, დედასაც აყიდინებს სათამაშოს. ამ დროს არ ხდება ბავშვის კაპრიზების რეგულაცია. თუ ამის რეგულაციას არ მოვახდენთ, ვაყალიბებთ ეგოცენტრულ ბავშვს, რომელსაც ზრდასრულობაში უფრო გაუჭირდება ადაპტირება.
ასევე, გავრცელებულია ბავშვის ეგოიზმის გამოვლინება, როდესაც ოჯახში სხვა შვილი უნდა გაჩნდეს.
ასეთ დროს ბავშვს არაცნობიერად მშობლების მზრუნველობისა და სიყვარულის დაკარგვის შიში აქვს და ამას ავლენს სხვადასხვა ფორმით. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლებმა მოამზადონ ოჯახის ახალ წევრთან შესახვედრად, ჩართონ მასზე ზრუნვის პროცესში, რაც ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ეგოიზმისა და ეჭვიანობის დასაძლევად. ამიტომ, თუ ბავშვი პატარაა, შეაჩვიეთ წინასწარ იმ აზრს, რომ მალე ოჯახში ახალი წევრი გეყოლებათ. აუცილებლად ასწავლეთ დამოუკიდებლად დაძინება, თუ ის მანამდე თქვენ გარეშე ვერ იძინებდა.
7 რჩევა:
1. ბავშვს ასწავლეთ საკუთარი და სხვისი ინტერესების პატივისცემა. აუხსენით, რომ მისი სურვილი ყოველთვის ვერ დაკმაყოფილდება, რომ სხვასაც გააჩნია სურვილები და მოთხოვნილებები, რაც ასევე პატივსაცემია.
2. ბავშვს არ მისცეთ თქვენით და სხვებით მანიპულაციის უფლება. ხშირად მშობლები ჰიპერმზრუნველობით უარს ამბობენ საკუთარ სურვილებსა და ინტერესებზე, ამით მხოლოდ ხელს შეუწყობთ ეგოცენტრული პიროვნების ჩამოყალიბებას.
3. აუხსენით ბავშვს თქვენი უარის მიზეზი მის ახირებულ მოთხოვნაზე.
4. მიაჩვიეთ სხვის/თანატოლის პოზიტიურ შეფასებას – მაგ: გულწრფელად აღნიშნეთ და ინტერესი გამოხატეთ თქვენი შვილის თანატოლის მიღწევების მიმართ.
5. ასწავლეთ სხვაზე ზრუნვა, ეს არის ეგოიზმის საპირისპირო ქცევა, რისი სწავლა და წახალისება მნიშვნელოვანია. შეიძლება დაიწყოთ სულ მცირედით, სთხოვოთ მოგაწოდოთ რაიმე ნივთი, მიაჩვიეთ ზრუნვას ოჯახის წევრებზე.
6. ვცადოთ მივცეთ მაგალითი. ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს, როდესაც ხედავს მაგალითს და მეტიც, ის ზუსტად ბაძავს ჩვენს ქცევას.
7. შეაქეთ ბავშვი, როცა ის კარგად იქცევა, რათა მან მომავალში გაიმეოროს ჩვენთვის სასურველი ქცევა. მნიშვნელოვანია შექება შეეხებოდეს არა მის პიროვნებას, არამედ მის ყოფაქცევასა და გაკეთებულ საქმეებს.