სამკურნალო წერილები
.
-
თუ ლიბიდო გაქრა
მთელი სიცოცხლე იმ ხალხს დავცინოდი, ვინც თავგამოდებით ზრუნავდა თავის ლიბიდოზე. ნუ დასცინი სხვასაო, ხომ გაგიგონიათ - აი, უკვე რამდენიმე წელია, ვამჩნევ, რომ მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარს, სქესობრივად აღარ მიზიდავს. თავდაპირველად მიზეზს საკუთარ თავში ვეძებდი, შემდეგ მეუღლის საქციელს დავუწყე ჩხრეკა, მაგრამ ამაოდ - ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვე. სექსოლოგთან მისვლისა მრცხვენია - პატარა გოგო აღარ ვარ და ცოტა არ იყოს, მერიდება წუწუნი, რომ სქესობრივი ურთიერთობა ისეთივე სიამოვნებას აღარ მგვრის, როგორსაც 20 წლის წინათ მგვრიდა. ბევრი ვიფიქრე და მეგობარს გავენდე. მან ჯერ გულიანად იცინა, შემდეგ კი თავისი ხურჯინიდან ასეთი რამეები შემომთავაზა:
- თურმე სალბი საგრძნობლად ააქტიურებს სასქესო ჯირკვლების მოქმედებას. ამაში რომ დარწმუნდეთ, უნდა აიღოთ 1-2 სუფრის კოვზი სალბი და დაასხათ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე, 1 საათის შემდეგ გადაწუროთ და მიიღოთ 1 დღის განმავლობაში 3 ჯერზე. ამ რეცეპტის გამოყენება აკრძალულია მწვავე ნეფრიტისა და ორსულობის დროს.
- კარგია ქაცვის ახალგამოწურული ან დაკონსერვებული წვენიც. ქაცვი კენკროვანთა შორის ყველაზე C მეტ ვიტამინს შეიცავს, ამიტომ ასაკთან დაკავშირებული ჰორმონული დისბალანსით გამოწვეული ალიბიდემიისას ეფექტიანია.
ხშირად ალიბიდემია ქრონიკული დაღლილობით და ნერვული მიზეზებით ყოფილა გამოწვეული. ასეთ დროს აუცილებელია ნერვული სისტემის დამშვიდება, რაც ძალიან ადვილია კატაბალახას ფესვების აბაზანით.
უნდა აიღოთ 30 გრამი დაქუცმაცებული კატაბალახას ფესვი, დაასხათ 1 ლიტრი ცივი წყალი, გააჩეროთ 1 საათს. ადუღოთ 20 წუთს და გააჩეროთ კიდევ 5 წუთს. შემდეგ ეს ნაყენი უნდა ჩაასხათ აბაზანაში, რო-მელშიც წყლის ტემპერატურა არ აღემატება 36 გრადუსს, ჩაწვეთ და დარჩეთ, ვიდრე წყალი არ გაცი-ვდება. ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს ძილის წინ. მკურნალობის კურსი დაახლოებით 12-14 პროცე-დურაა.
-
ტილების გასანადგურებლად
70 წლის ვარ და დღემდე მეგონა, პედიკულოზი მხოლოდ უსუფთაო ადამიანებს ემართებოდათ, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი. ჩემს შვილიშვილებს მოვლა-პატრონობა ნამდვილად არ აკლიათ, საბავშვო ბაღიდან და სკოლიდან მოყვანილ `დაუპატიჟებელ სტუმრებს~ კი ვერაფერი მოვუხერხეთ. უმცროსს გავასუფთავებთ, უფროსი დატილიანდება, მას გავასუფთავებთ და უკვე უმცროსი გვყავს მისახედი.
უფროსი მეორე კლასშია და მისთვის ტილების მოცილება უფრო ადვილია, უმცროსი კი ჯერ მხოლოდ წლინახევრისაა, მისთვის ძლიერმოქმედი ანტიპედიკულოზური საშუალებების გამოყენება არ შეიძლება, დანარჩენები კი ვერ შველის. ჩვენს მეზობლად პენსიონერი ქალბატონი ცხოვრობს, რომელსაც ჩემი პატარა შვილიშვილი საკუთარივით უყვარს და სასეირნოდაც ხშირად დაჰყავს. ერთ-ერთი გასეირნებისას პატარას თავზე მოსეირნე მკბენარი შეუმჩნევია. როცა ეს მითხრა, მეგონა სირცხვილისგან დავიწვებოდი, მაგრამ თვითონვე დამამშვიდა, მითხრა, მეც ამ დღეში ვიყავი, ვიდრე ერთმა ღვთისნიერმა ქალმა უებარი საშუალება არ მასწავლა, სცადე და ნახავ, ერთხელ და სამუდამოდ მოისვენებო. წამალი მეტად იოლი მოსამზადებელი აღმოჩნდა:
უნდა აიღოთ 1 სადილის კოვზი ლიმონმჟავას ფხვნილი და დაასხათ 3 სადილის კოვზი ძმარი, კარგად აურიოთ, რომ ფხვნილი ბოლომდე გაიხსნას. ბავშვს უნდა წაუსვათ ეს ნარევი, კარგად შეაზილოთ თმის ძირებში, თავი შეუხვიოთ და ასე დატოვოთ, ვიდრე გაუძლებს (სასურველია, 2 საათს მაინც), შემდეგ კი თავი თბილი წყლით ჩამობანოთ, შეგიძლიათ, საპონი და შამპუნი არც კი გამოიყენოთ. თმა რომ გაუშრება, წვრილკბილება სავარცხლით ჩამოვარცხნეთ.
ეს პროცედურა 3-ჯერ მაინც უნდა გაიმეოროთ. მერწმუნეთ, 1 კვირის შემდეგ ბავშვს აღარაფერი შეაწუხებს, ხოლო თუ ყოველი დაბანის შემდეგ პროფლაქტიკის მიზნით ლიმონმჟავასა და ძმრის ნარევს გადაავლებთ, მკბენარი აღარ მიეკარება.
-
ანდეთ თვალები პიტნას და გვირილას
რამდენიმე წელია, კომპიუტერთან ვმუშაობ. დღეში 6-7 საათს მონიტორთან ჯდომა მიწევს. თავდაპირველად ამგვარ დატვირთვას ადვილად ვუძლებდი, ახლა კი სულ უფრო მეტად მიჭირს, თვალების გადაღლის სინდრომისთვის დამახასიათებელი აშკარა ნიშნები მაწუხებს. რამდენიმე თვის წინ ნაცნობების რჩევით ხელოვნური ცრემლების ხმარება ვცადე, მაგრამ მაინცდამაინც არ მიშველა. ერთ-ერთ წვეულებაზე მეგობრებთან დავიჩივლე, მათ კი პიტნის ნაყენი მირჩიეს. სიცილად არ მეყო, მაგრამ მაინც ვსინჯე და რამდენიმე დღის შემდეგ აშკარა შვება ვიგრძენი. გთავაზობთ ამ მეტად სასი-ამოვნო წამალს ყველას, ვისაც თვალების გადაღლა აწუხებს. ეს რეცეპტი გამოგადგებათ ქუთუთოების ხშირი შეშუპებისა და ანთების დროსაც.
უნდა აიღოთ 1 სუფრის კოვზი პიტნა (უმჯობესია, ველური) და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, დადგათ დაბალ ცეცხლზე და ადუღოთ 5-10 წუთს, გააგრილოთ და გადაწუროთ. მიიღებთ ნახარშს, რომელიც უნდა გააცივოთ ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ მასში დაასველეთ ბამბის ტამპონი (ძლიერ არ გაწუროთ), გააბრტყელეთ და 10 წუთით დაიდეთ თვალზე.
ვისაც პიტნა არ მოსწონს, შეუძლია, გვირილის ნაყენი გამოიყენოს: 1-2 ჩაის კოვზ მშრალ გვირილას უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩეროთ 10-15 წუთს, გაწუროთ და ნაყენში დასველებული საფენები 3-5 წუთით დაიწყოთ თვალებზე. განსაკუთრებით კარგია ამ პროცედურის ჩატარება დილით, რათა მთელი სამუშაო დღის განმავლობაში თვალების დაღლილობამ თავი აღარ შეგახსენოთ.
თუ ქუთუთოები შეწითლებული გაქვთ, ხოლო კანი - აქერცლილი, თბილ ნახარშში დასველებული ტამპონი დაგჭირდებათ, რომელიც ზედიზედ 3-4-ჯერ 1-2 წუთით უნდა დაიდოთ ქუთუთოებზე და მოიცილოთ.
თვალის გამოშრობის, ქუთუთოების შეწითლებისა და შესიების დროს შვებას მოგგვრით ცაცხვის ყვავილის ნაყენი: 1-2 ჩაის კოვზ გამხმარ ყვავილს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩეროთ 10-15 წუთს და თვალები ამოიბანოთ. გადაღლილ თვალებს, გაწითლებულ ქუთუთოებს უხდება ახალი კიტრის წვენის საფენებიც.
-
კოჟრების მოსაცილებლად
ტერფის ნეკა თითებზე კოჟრები, შეიძლება ითქვას, მემკვიდრეობით მერგო. ამგვარ წამონაზარდებს განსაკუთრებით მამის ნათესავები უჩიოდნენ. ახალი ფეხსაცმლის ერთხელ ჩაცმაც კი საკმარისია, რომ კოჟრი გამიჩნდეს. ზამთარში კიდევ ვეგუები, ზაფხულში კი იწყება ჩემი ტანჯვა: მოვიცილებ - ისევ ჩნდებიან. ამის გამო ღია ფეხსაცმელს აღარც კი ვყიდულობ. ერთ დღესაც ჩემი სატკივარი ნაცნობ ფარმაცევტს შევჩივლე. იქვე მოხუცი ქალბატონი იდგა, რომელსაც ჩემი სიტყვები გაუგონია. აფთიაქიდან გამოსვლისას გამაჩერა, ძველი კოსმეტოლოგი ვარ, კოჟრების მოცილების მეტი რა მიკეთებია, მაგრამ დღეს ჩემი რეცეპტები აღარავის სჭირდება, შენ მაინც გასწავლი, თუ გინდა, სცადეო და აი რა მასწავლა:
- აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გაფქცვენით, გაჭერით ორად და ჩადეთ ძმარში, 1 დღე-ღამით გააჩერეთ სითბოში. მეორე დღეს ამოიღეთ ძმრიდან, მოაცალეთ ერთი ფურცელი და დაიდეთ კოჟრზე. ფურცელი დღეში ორჯერ უნდა გამოცვალოთ.
- კოჟრებს ადვილად აცილებს ნივრის ფაფა: 5-6 კბილი ნიორი შეწვით, გააცივეთ, დაასხით 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ, ვიდრე არ მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელიც წინასწარ სოდიან წყალში დამბალ კოჟრზე უნდა დაიდოთ.
- გამოდგება ლიმონიც: ძილის წინ გაიკეთეთ ფეხების ცხელი აბაზანა, შემდეგ ლიმონი ოთხად გაჭერით და ერთი ნაწილი რბილობის მხრიდან დაიდეთ გამაგრებულ ადგილზე, შეიხვიეთ და 3 დღის შემდეგ მოიხსენით. ამის შემდეგ კვლავ ცხელი აბაზანაა საჭირო, რომლის შემდეგაც დარბილებული კოჟრი ადვილად მოგშორდებათ.
ჩვენი წინაპრები კი დაკოჟრილ ხელებს ასე შველოდნენ: ჭიქაში ასხამდნენ ძმარს და შიგ 1 ცალ ახალდადებულ კვერცხს აგდებდნენ; 8 დღის შემდეგ კვერცხი მთლიანად იხსნება და მიიღება მალამოსმაგვარი მასა, რომელიც კოჟრზე უნდა წაისვათ და შეიხვიოთ. რამდენიმე დღეში მალამო ისე ალბობს კოჟრს, შეიძლება, თვითონვე ამოვარდეს, თუ არადა ცოტა მიხმარება დასჭირდება.
-
სასმელი ზოგჯერ წამალია
ალკოჰოლი ადამიანის მტერი არ არის. სპირტიანი სასმელი უამრავი სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის. ფრანგი ექიმები პაციენტებს გულის გასამაგრებლად ღვინოს უნიშნავენ, სისხლძარღვთა გასაფართოებლად - კონიაკს. გერმანიის ზოგიერთ კოსმეტიკურ კლინიკაში ლუდის აბაზანებს იღებენ, რადგან ამ სასმელს კანის დაავადებათა სამკურნალო იდეალურ საშუალებად მიიჩნევენ. დიდი ხანია, სპირტიან სასმელებს მეც წამლად ვიყენებ. მინდა, ორი-სამი რეცეპტი ჩემი საყვარელი ჟურნალის მკითხველსაც შევთავაზო:
- ასთმის შეტევების თავიდან ასაცილებლად: ვირისტერფას 40 ფოთოლს დაასხით 0,5 ლ არაყი. დააყენეთ მთელი ღამით. ყოველ ღამე ამოიღეთ ქილიდან და დაიფინეთ გულმკერდზე იმდენი ფოთოლი, რამდენიც დაგეტევათ. მკურნალობა განაგრძეთ, ვიდრე ფოთლები არ გამოილევა. სასურველია, კურსი 3 თვეში ერთხელ გაიმეოროთ.
ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის: ნახევარლიტრიანი ბოთლი მესამედამდე შეავსეთ დაჭრილი ნივრით, აავსეთ არყით, 2 კვირით სიბნელეში დადგით და ყოველდღე ანჯღრიეთ. შემდეგ გაფილტრეთ. 4-5 წვეთი 1 ს/კ ანადუღარ ცივ წყალში გააზავეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. კურსი 4-6 კვირაა. დაავადების სიმძიმის კვალობაზე, მისი გავლა წელიწადში 2-4-ჯერ არის საჭირო.
- არითმიისა და ტაქიკარდიის დროს: 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ წითელ კუნელს დაასხით არაყი, 7 დღეს გააჩერეთ სიბნელეში, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 20-30 წვეთი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 10-14 დღეა.
- მაღალი სიცხით მიმდინარე გაციებისას: აიღეთ ერთი ბოთლი მაგარი, მუქი ლუდი, 300ც-მდე შეათბეთ წყლის აბაზანაზე, დალიეთ, ჩაწექით ლოგინში და თბილი საბანი დაიხურეთ.
- ბრონქიტისა და ძლიერი ხველის დროს: 2 ცალი ლიმონი გათალეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 1/2 ჭიქა ლუდი, 1 ჭიქა შაქარი, 2 ს/კ ძირტკბილას დაქუცმაცებული ფესვი და 1 ჩ/კ ანისულის ფოთოლი, 1 საათით დადგით წყლის აბაზანაზე, შემდეგ გაფილტრეთ და გააცივეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
-
ნერვები გღალატობთ?
ჩვენს დროში ჯანსაღი ნერვული სისტემის შენარჩუნება გმირობის ტოლფასია. ყოველთვის მოიძებნება ნერვული აშლილობის მიზეზი: სამსახურში - თანამშრომლების არაპროფესიონალიზმი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში - უპატივცემულობა, შინ - ოჯახური უსიამოვნებები... მით უმეტეს, როდესაც არსებობს განწყობა, ყველაფერს აგრესიით უპასუხოთ. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მამაჩემი მუდამ გაღიზიანებული და განერვიულებული იყო. ერთხანს ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მერე და მერე შევამჩნიე, რომ უმიზეზოდ ბრაზობდა, ყვიროდა და ნერვებს ვერ თოკავდა. გადავწყვიტე, ვინმესთვის რჩევა მეკითხა. თავდაპირველად ჩვენი უბნის ნევროპათოლოგს მივაკითხე. ჩემი მონათხრობის მიხედვით, მამაჩემს სენილური (მოხუცებულთა) ნევროზის ანუ ნევრასთენიის დიაგნოზი დაუსვა. მამისთვის ამის თქმა მერიდებოდა, მეშინოდა კიდეც, ვაითუ სხვანაირად ჩამომართვას-მეთქი, მაგრამ მკურნალობა ხომ სჭირდებოდა?! ამიტომ ხერხი ვიხმარე: მოვძებნე დამამშვიდებელი ნაყენის რამდენიმე რეცეპტი, დავიწყე მათი მიღება და მამაჩემსაც ვურჩიე - შენს ასაკში, თანაც გაზაფხულის პირზე, გამოფიტული ორგანიზმის მომაგრება აუცილებელია-მეთქი. დამიჯერა და "მოსამაგრებელი" ნაყენების სმა დაიწყო. მართალია, დიდი სიამოვნებით არა, მაგრამ ხან ხუმრობით, ხან დაყოლიებით მაინც ვასმევდი. ამ ნაყენებს ვიღებდით თვეში ორი კვირა, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. ნახევარი წლის შემდეგ მამაჩემს აშკარა უკეთესობა დაეტყო - დამშვიდდა, გაცილებით თავშეკავებული გახდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ახალგაზრდული ენერგიაც კი დაუბრუნდა. იშვიათად მაინც კარგავს წონასწორობას, მაგრამ ეს უკვე ხასიათის თავისებურებაა, რომელსაც ამ ასაკში აღარაფერი ეშველება. მე ხომ, ვიდრე მამას ვმკურნალობდი, ამ ნაყენების წყალობით სიმშვიდის განსახიერებად ვიქეცი... ნაყენის მომზადება ადვილია და მგონია, მისი მიღება მრავალ ჩვენგანს ძალიან სჭირდება.
- აიღეთ კარგად დაფქული 2 ჩაის კოვზი პიტნის ფოთოლი, 2 ჩაის კოვზი წყლის სამყურას ფოთოლი, 1 ჩაის კოვზი კატაბალახას ფესვი, 1 ჩაის კოვზი სვიის გირჩა. ერთმანეთში აურიეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, შეფუთეთ და დააყენეთ 30 წუთით, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 2-ჯერ - დილით და ძილის წინ.
- აიღეთ თითო ჩაის კოვზი კარგად დაქუცმაცებული კრაზანას ყვავილი, პიტნის, ჭინჭრის, სალბის, შავბალახას ფოთლები, კატაბალახას ფესვი, ასკილის ნაყოფი. ნარევს დაასხით 7 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ. შავბალახასა და კატაბალახას ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ მათი ნაყენები (30-30 წვეთი), აგრეთვე დასაშვებია ასკილის სიროფის (1 ჩაის კოვზი) გამოყენება. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, თვეში 10 დღის განმავლობაში. შესვენება აუცილებელია.
- კარგად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ: 30 გ კუნელის ნაყოფი და ამდენივე ყვავილი, 30 გ კრაზანა, 30 გ ფარსმანდუკი და 20 გ კატაბალახას ფესვი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 5-6 საათს და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ამ ნარევების მუდმივად მიღება არ შეიძლება - ზედოზირება ნერვული სისტემისთვის მავნეა.
-
უძილობამ თუ შეგაწუხათ
ეს რამდენიმე წელია, უძილობამ გამაწამა. რა არ ვცადე: ხან - თაფლიანი წყალი, ხან - სააღამოობით სუფთა ჰაერზე სეირნობა, ხან - თბილი რძე, მაგრამ, ჩემი სამუშაოსა და ცხოვრების დაძაბული რეჟიმის გადამკიდე, არაფერმა მიშველა. მხსნელად დედამთილი მომევლინა. ის ექიმია და ამავე დროს ხალხური მედიცინის თაყვანისმცემელიც. სწორედ მან მასწავლა თავშავას ნაყენი, რომელმაც მართლაც მარგო. მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ:
1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ დაახლოებით ერთი საათით და გადაწურეთ. დალიეთ საღამოს, ჩაის ნაცვლად, ან ძილის წინ. შეგიძლიათ, დაატკბოთ თაფლით.
თავშავა არაჩვეულებრივად მოქმედებს თავის ტკივილის დროსაც. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დალიოთ მისი ნაყენი, გაიკეთოთ საფენები ან დაიბანოთ თავი. არაჩვეულებრივი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ბალახეულ აბაზანებს. კარგია როზმარინი, ავშანი და ცაცხვი. აიღეთ 1 კგ მცენარე, დაასხით 3-4 ლიტრი ცივი წყალი, 10 წუთის შემდეგ დადგით ცეცხლზე და 5 წუთს ადუღეთ. დააყენეთ დაახლოებით 10 წუთით, შემდეგ გადაწურეთ. ჩაასხით წყლით ნახევრამდე სავსე აბაზანაში და ოციოდე წუთით ჩაწექით. ასეთი აბაზანა რეკომენდებულია კვირაში ერთხელ, ძილის წინ.
-
თმა თუ გცვივათ
წლების განმავლობაში მცვიოდა თმა. მიზეზი ვერაფრით დავადგინეთ. მეზობელმა მასწავლა თმის ცვენის საწინააღმდეგო ხალხური საშუალება, რომელსაც, ჩემი მხრივ, სიამოვნებით ვასწავლი ჩემი საყვარელი ჟურნალის მკითხველს:
აიღეთ 1 ჩაის კოვზი კონიაკი, 4 ჩაის კოვზი ხახვის წენი, 6 ჩაის კოვზი ბირკავას ნახარში (1 სუფრის კოვზი ბალახი ერთ ჩაის კოვზ წყალზე). მიღებული ნარევი შეიზილეთ თავის კანში, შეიხვიეთ პირსახოცით და 2 საათს გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.