ულტრაბგერით გამოკვლევას პედიატრიულ პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და დიდი უპირატესობითაც გამოირჩევა. გვესაუბრება ბავშვთა ინფექციური კლინიკის დირექტორი, ულტრაბგერითი გამოკვლევის კაბინეტის ხელმძღვანელი ნინო წივწივაძე.
- რა უპირატესობა აქვს ულტრაბგერით გამოკვლევას ინსტრუმენტული კვლევის სხვა მეთოდებთან შედარებით?
- პედიატრებს ულტრაბგერითი გამოკვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ამასთანავე, მას, რენტგენოლოგიური გამოკვლევისგან განსხვავებით, არ გააჩნია მავნე გამოსხივება და თამამად შეგვიძლია, რამდენიმეჯერ ჩავატაროთ. გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია ავადმყოფის საწოლთან. კვლევა აბსოლუტურად უმტკივნეულოა, არ სჭირდება პაციენტის სპეციალური მომზადება და ასე შემდეგ.
- რა ინფორმაციას იძლევა ულტრაბგერითი მეთოდი სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის გამოკვლევისას?
- ამბობენ, რომ ულტრაბგერით გამოკვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალშობილთა თანდაყოლილი პათოლოგიების გამოსავლენად...
- ახალშობილობის პერიოდში მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა, სწორად შეფასდეს სახსარში მიმდინარე ცვლილებები - ჰიპოპლაზია, დისპლაზია და სხვა. ამ გამოკვლევამ მინიმუმამდე შეამცირა ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა სახსრის განვითარების პათოლოგიური ცვლილებების გამოსასწორებლად. სახსრების ულტრაბგერითი გამოკვლევა წარმატებით გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის. იუვენილური ფორმის დროსაც. მუხლის სახსრის გამოკვლევით შეიძლება შეფასდეს ხრტილის ჰიალინური აგებულება, ძვლების შრეობრივი აგებულების მდგომარეობა, სახსრის ღრუში თავისუფალი სითხის არსებობა-არარსებობა, ხოლო ულტრაბგერითი ანგიოგრაფიით - რბილი ქსოვილების სისხლძარღვოვანი რეაქცია. წლამდე, ვიდრე ყიფლიბანდი ღიაა, ულტრაბგერითი მეთოდით შესაძლებელია თავის ტვინის გამოკვლევა. ახალშობილობის პერიოდში ნევროლოგიური პათოლოგიების ადრეულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისა და შემდგომი პროგნოზის თვალსაზრისით. ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკის მეთოდებს შორის სწორედ ნეიროსონოგრაფია გამოირჩევა. მისი ღირსებებია:
- ინფორმაციულობა;
- უმტკივნეულობა;
- წინასწარი მომზადების გარეშე კვლევის შესაძლებლობა;
- სხივური დატვირთვის არარსებობა;
- თავის ტვინის მორფოლოგიური ცვლილებების გამოვლენის უნარი.
- ალბათ, ნეიროსონოგრაფიული გამოკვლევა ყველა ახალშობილს არ სჭირდება...
- რასაკვირველია. ის მაშინ ტარდება, თუ ნეონატოლოგმა სამშობიაროშივე შეამჩნია ან შემდგომ უბნის პედიატრმა იეჭვა ნევროლოგიური დაზიანება. მხედველობაშია მისაღები:
- ნევროლოგიური სიმპტომატიკა;
- უჩვეულო თავის ფორმა;
- დიდი ზომის თავი;
- თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობის შეუსაბამობა;
- თავის ქალას ორი ან რამდენიმე ნაკერის ღიაობა ან ერთ-ერთის გამოხატული გაფართოება;
- მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარების შეფერხება;
- დღენაკლულობა;
- ახალშობილის უწიფრობის ნიშნები;
- დიდი რაოდენობით სტიგმა;
- მუცლადყოფნის პერიოდში ჩამოყალიბებული თავის ტვინის განვითარების მანკი;
- სხვა ორგანოებისა და სისტემების განვითარების მანკები;
- დამძიმებული ანამნეზი.
თუ ნეიროსონოგრაფიულმა გამოკვლევამ რაიმე ცვლილება გამოავლინა, საჭიროა დინამიკაში დაკვირვება, მკურნალობის კონტროლისთვის თავის ტვინის განმეორებითი კვლევა წლამდე, ვიდრე დიდი ყიფლიბანდი ბოლომდე არ დაიხურება. ნეიროსონოგრაფიული გამოკვლევა სიცოცხლის პირველ დღეებსა და თვეებში საშუალებას იძლევა, ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიური მდგომარობა კლინიკური ნიშნების გაჩენამდე (მანიფესტაციამდე) გამოვლინდეს. სერიოზული ნევროლოგიური დარღვევების დროული აღმოჩენისას მინიმალური მედიკამენტური კორექცია უმეტესად საკმარისია დადებითი შედეგის მისაღწევად. საზოგადოდ, ახალშობილთა ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგები რადიკალურად ცვლის მკურნალობის შესაძლო სქემას, საშუალებას იძლევა, დროულად იქნეს დაწყებული პროფილაქტიკური ღონისძიებები. ულტრაბგერითი ტექნოლოგიების განვითარების, ადრეული დიაგნოსტიკისა და დროული კორექციის წყალობით მცირდება მძიმე პათოლოგიური მდგომარეობების ხანგრძლივობა, საგრძნობლად უმჯობესდება პატარა პაციენტების სიცოცხლის ხარისხი.