უსინათლო ბავშვთა სამყარო თბილისში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უსინათლო ბავშვთა სამყარო თბილისში

სკოლაში მისვლაზეც კარგა ხანს ვითრევდი ფეხს, - ვიცოდი, დამთრგუნავდა ნანახი. მაგრამ საქმე საქმეა და ერთ მშვენიერ დღეს თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის ზღურბლს გადავაბიჯე. ბარემ აქვე გეტყვით - მოლოდინის საპირისპიროდ, სკოლიდან საოცრად დადებითი განწყობით, მეტიც - აღფრთოვანებული და გაოცებული წამოვედი.

ჭიშკარს გავცდი თუ არა, იქვე მოთამაშე ბავშვები დავინახე. ორი ბიჭუნა ჭიდაობდა, დანარჩენები კი ისე ლაღად, სიცილ-კისკისით დასდევდნენ ერთმანეთს, ერთხანს ეჭვიც შემეპარა ნუთუ ესენი უსინათლონი არიან-მეთქი. სკოლაში შესულს კიდევ რამდენიმე გოგონა შემხვდა. ისე თავისუფლად მიმოდიოდნენ, ვერც კი დაიჯერებდი, რომ ვერ ხედავენ.

სკოლას ასევე დაუჯერებელი ენერგიისა და სათნოების ქალბატონი ხელმძღვანელობს. ფიზიკოსი თამარ მერებაშვილი 1995 წლიდან აქ მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო 5 წელია, დირექტორია. მისი ძალისხმევის, თავდადებისა და დაუღალავი შრომის წყალობით სკოლა უსინათლოთა ერთ დიდ, ლამაზ ოჯახად იქცა.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ სკოლა არათბილისელი მოსწავლეებისთვისაც არის განკუთვნილი...

- ნამდვილად ასეა, ჩვენთან თბილისელი ბავშვების გვერდით რაიონიდან ჩამოსულებიც სწავლობენ. ისინი კვირის ხუთ დღეს აქ ატარებენ, ხოლო პარასკევს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მშობლებს შინ მიჰყავთ. ზოგიერთი თბილისელი მოსწავლეც პანსიონური სისტემით სწავლობს. არიან ისეთებიც, რომლებიც მშობლებს ყოველდღე მოჰყავთ. არ დაიჯერებთ და უმრავლესობას შაბათ-კვირას შინ დაბრუნებას აქ ყოფნა ურჩევნია - აქ ხომ ერთად, მეგობრულად ცხოვრობენ, ერთობიან, თამაშობენ, თავიანთი სამყარო აქვთ და თავს მარტოსულად არ გრძნობენ.

- სწავლის პროცესზე რას გვეტყვით?

- სასწავლო პროგრამა ჩვეულებრივი საჯარო სკოლების პროგრამისგან არ განსხვავდება. ჩვენი კურსდამთავრებულები, სხვა ბავშვების მსგავსად, უმაღლეს სასწავლებლებშიც აბარებენ. მიუხედავად იმისა, რომ უსინათლონი არიან, ნიჭიერებითა და გონიერებით გამოირჩევიან. პირველი ეროვნული გამოცდები რომ ჩატარდა, ჩვენმა ორმა მოსწავლემაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენი სკოლისთვის ძალიან საამაყო იყო, რომ ბავშვებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები და სტუდენტები გახდნენ.

გეცოდინებათ, ახლახან პრეზიდენტმა ოლიმპიადაში გამარჯვებული ჩვენი მოსწავლეებიც დააჯილდოვა (მართლაც, ინტერვიუს ჩაწერამდე სულ ორიოდე დღით ადრე საინფორმაციო გამოშვებებში რამდენჯერმე გააშუქეს სხვა ბავშვებთან ერთად წარჩინებულ უსინათლოთა დაჯილდოებაც).

ჩვენ გვყავს უსინათლო პედაგოგები, რომლებმაც თავის დროზე ეს სკოლა დაამთავრეს, უმაღლესი პედაგოგიური განათლება მიიღეს და ახლა უსინათლო ბავშვებს თავად ასწავლიან. გარდა პედაგოგებისა, ჩვენთან აღმზრდელებიც მუშაობენ. ისინი ბავშვებს საშინაო დავალებების მომზადებაში ეხმარებიან. საღამოს 5 საათზე ჩვენთან ზარი ირეკება და ბავშვები საშინაო დავალების მომზადებას იწყებენ. ღამით აღსაზრდელებთან ძიძები რჩებიან. სკოლას ემსახურებიან პედიატრი, ოფთალმოლოგი, ფსიქოლოგი. ამჟამად 47 მოსწავლე გვყავს. უსინათლო პედაგოგებისგან გადმოცემით ვიცი, რომ წინათ 150 და მეტი ბავშვი სწავლობდა. თითოეულ კლასში 12-15 მოსწავლე იყო. სკოლა მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებაზეა. მიუხედავად ამისა, მრავალ უსინათლოს თანატოლების მსგავსად აქ სწავლის ბედნიერება არ აქვს. არ მინდა, სიტყვა "ბედნიერება" გადაჭარბებად ჩამითვალოთ - მართლა ასეა. ბავშვებს აქ ყოფნა უხარიათ, რადგან სასწავლო დისციპლინებთან ერთად უამრავ რამეს ეუფლებიან, ერთობიან, ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებენ და ეს ძალიან ახარებთ.

მშობლებს, ჩვეულებრივ, ეცოდებათ უსინათლოები და თავად აჭმევენ, აცმევენ, თასმებს უკრავენ, - რითაც ფაქტობრივად დათვურ სამსახურს უწევენ. აქ კი ყოველივე ამას ბავშვები შესანიშნავად ართმევენ თავს. ღმერთმა ყველას დიდხანს უცოცხლოს მშობელი და მომვლელი, მაგრამ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ოდესმე უსინათლოსაც დასჭირდება დამოუკიდებლად რამის გაკეთება და საამისო უნარ-ჩვევების გარეშე დაიტანჯება, დიდი სირთულეების პირისპირ აღმოჩნდება. ეს აუცილებლად უნდა გააცნობიერონ მშობლებმა. მით უმეტეს, მათ ხშირად არც დრო აქვთ და არც ნერვები, ბავშვებს რამე ასწავლონ, ჩვენ კი აქ უსინათლოებს, გარდა ჩვეულებრივი სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული საგნებისა, ვასწავლით სივრცით და საყოფაცხოვრებო ორიენტაციას, რიტმიკას. სკოლაში ფუნქციობს ხალხური საკრავების, ქსოვის, შაშისა და ჭადრაკის შემსწავლელი წრეები, გვაქვს მასაჟის მაგიდა, სადაც ბავშვები მასაჟის ხელოვნებას ეუფლებიან - მოგეხსენებათ, უსინათლოებს ტაქტილური შეგრძნება განსაკუთრებულად აქვთ განვითარებული. უნდა ნახოთ, როგორ ქსოვენ მაკრამეს, როგორ უკრავენ და მღერიან. ლიტვის საელჩოს დახმარებით მოვუწყვეთ კულინარიული ოთახიც, სადაც დანა-ჩანგლის გამოყენებას, კვერცხის შეწვას და სხვა კულინარიულ ჩვევებს ეუფლებიან. მინდა გითხრათ, რომ ბიჭებს გოგონებზე არანაკლებ უყვართ ფუსფუსი და კერძების მომზადება.


შინ კი ყოველივე ამის კეთების საშუალება არ აქვთ. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სკოლა სახელმწიფო დაფინანსებაზეა, რომ მოგვმართონ და მოიყვანონ უსინათლოები, დააწყებინონ სწავლა და ახალი ცხოვრება, მაგრამ მაინც არ მოჰყავთ. მესმის, რომ უსინათლოს სკოლაში ყოველდღე ტარება ძნელია, მაგრამ დატოვებაც არ უნდათ, ეძნელებათ მათთან განშორება, ჰგონიათ, რომ მათი შვილები ამ ყველაფერს თავს ვერ გაართმევენ და დაითრგუნებიან. სინამდვილეში პირიქით არის, პედაგოგები და აღმზრდელები მათზე არანაკლებ ზრუნავენ, ვიდრე მშობლები და, რაც მთავარია, გაცილებით მეტს ასწავლიან. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ახლახან ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან უსინათლო გოგონა გადმოგვიყვანეს; ბავშვს იქ უჭირდა სწავლა, სასწავლო პროცესში ჩართვა და მონაწილეობა, ვერ ხედავდა, იტანჯებოდა, სადღაც კლასის კუთხეში იყო მიყუჟული, აქ კი თავისივე მსგავსი ბავშვების გვერდით გახალისდა, უფრო გალაღდა, კომპლექსებისგანაც გათავისუფლდა და გაცილებით უკეთაც სწავლობს.

ყველა ადამიანს სჭირდება კოლექტივში, საზოგადოებაში ინტეგრაცია, უსინათლოებისთვის კი სპეციალური სკოლა ამის იდეალური საშუალებაა. ბოლოს და ბოლოს, სკოლა 110 წლისაა და დიდ ისტორიასთან ერთად დიდი გამოცდილებაც აქვს. ჩემს გაოცებასა და აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ქალბატონმა თამარმა კულინარიული ოთახი დამათვალიერებინა, ბავშვების მიერ მომზადებული შოკოლადები და ნამცხვრები მაჩვენა. სკოლაში არის ბიბლიოთეკა, სადაც ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ წიგნებთან ("ვეფხისტყაოსანი", ყაზბეგის, ვაჟას და სხვათა ნაწარმოებები) ერთად საკმაოდ მდიდარი ფონოთეკაც არის. უმცროსკლასელები თავისუფალ დროს სიამოვნებით უსმენენ ზღაპრებსა და საინტერესო ამბებს, უფროსკლასელები კი უმეტესად მუსიკით ერთობიან. როგორც დირექტორისგან შევიტყვეთ, ქალაქის მერიის დაფინანსებით სტადიონიც მოეწყო, სადაც ბავშვები ვარჯიშობენ და - გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ბურთს თამაშობენ (ჭრაჭუნა პარკში ათავსებენ და ისე ისვრიან). ის კი არა, ბირთვის კვრასა და ხტომაშიც კი ვარჯიშობენ და სპარტაკიადისთვის ემზადებიან.

დირექტორის თავდადების წყალობით სატრენაჟორო დარბაზი თვით სკოლის შენობაშიც არის მოწყობილი - ასეთი რამ ბევრ საჯარო სკოლას არ გააჩნია. არ დაიჯერებთ და უსინათლოებისთვის სპეციალურად დაპროგრამებული კომპიუტერებიც უდგათ. თურმე აუდიოკონტაქტით ბავშვები კლავიატურასაც შესანიშნავად ეუფლებიან, ინტერნეტშიც მუშაობენ და სკაიპითაც ეკონტაქტებიან ერთმანეთს. რაც მთავარია, აქვთ რბილი ავეჯით გაწყობილი დასასვენებელ-გასართობი ოთახიც. იცით, რა ჰქვია ოთახს? არც მეტი, არც ნაკლები - "ცხოვრება მშვენიერია".

თამარ მერებაშვილი: - ძალიან მინდოდა, ბავშვებს დასასვენებელი, გასართობი კუთხე ჰქონოდათ და, რაც მთავარია, ეს კუთხე რბილი ავეჯით, სავარძლებით ყოფილიყო მოწყობილი - ჩვენი სკოლა ხომ ბავშვების მეორე სახლია და თუ სხვა ბავშვებს სკოლიდან დაბრუნების შემდეგ რბილ სავარძელში დასვენების ან რბილ დივანზე წამოწოლის საშუალება აქვთ, უსინათლოებმა რა დააშავეს?! სულ მაგარ სკამებზე და მერხებთან ხომ არ ისხდებიან?! ამას ყოველთვის აღვნიშნავდი და როგორც იქნა, ესეც გულთან მიიტანეს, ესეც შევძელით და ოთახი მოვაწყვეთ. საელჩო არ დამიტოვებია, თუ სადმე ხმა მიმიწვდება, ყველას ვაწუხებ და ვცდილობ, სკოლისთვის მაქსიმუმი გავაკეთო. მთავარი პრობლემა მაინც სახელმძღვანელოებია. ახალი პროგრამის შესაბამისად ახალი სახელმძღვანელოების დაბეჭდვა გვჭირდება, ეს კი ძვირი სიამოვნებაა, თუმცა განათლების სამინისტროს მხარდაჭერით პრინტერიც შევიძინეთ, ქაღალდიც მოვიძიეთ. დარჩა კორექტურა და ამობეჭდვა.

დიახ, ქალბატონმა თამარმა იმდენი მოახერხა, რომ მოსწავლეებისთვის ბრაილის შრიფტით წიგნები სკოლაშივე დაიბეჭდება (ეს შრიფტი ამობურცული წერტილების - ასოებისა და სხვა სიმბოლოების ერთობლიობაა, რომელთაც უსინათლოები შეხებით შიფრავენ). თამარ მერებაშვილი: წერა გაცილებით ადვილია, კითხვა - უფრო ძნელი. ახლა გვყავს მეორეკლასელი მოსწავლე, რომელიც სხაპასხუპით კითხულობს, თუმცა არიან მეთერთმეტე, მეათეკლასელები, რომლებსაც კითხვა უჭირთ - არ გამოუმუშავდათ ეს აღქმა, შეხებისას ვერ აღიქვამენ ამობურცულ წერტილებს. ეს მართლაც არ არის ადვილი.

- თქვენ დიდი ხანია უსინათლო ბავშვებს იცნობთ. რას იტყვით, როგორია მათი სამყარო?

- ძნელი სათქმელია. მეც არ ვიცი. აი, მაგალითად, ბავშვები ასრულებენ მოქმედებებს წილადებზე, ხსნიან განტოლებებს, შესანიშნავად ერკვევიან მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში და სულ ვფიქრობ, როგორ ახერხებენ ამას, როგორ წარმოუდგენიათ ყოველივე ეს, როგორია მათი აღქმა. მე ეს დღემდე ვერ ამიხსნია.

თავის დროზე ჩემი ხელით მაქვს სქემატურად აწყობილ-გამოსახული მანქანის ძრავისა და მექანიკის სხვა დეტალები, რომ მათ ეს ყოველივე ახსნის პარალელურად შეხებითაც შეესწავლათ. ბიჭები რომ გამოკითხოთ, დარწმუნდებით, რომ მრავალი მათგანი ამაში შესანიშნავად ერკვევა, მაგრამ როგორ აქვთ ეს ყოველივე წარმოდგენილი თავიანთ ცნობიერებაში, არ ვიცი. ერთი რამ კი შემიძლია გითხრათ: ჩვენზე უკეთ იციან და ესმით ბევრი რამ. ყველაფერი აინტერესებთ, ყველაფერს დაწვრილებით გვეკითხებიან და სმენით მაქსიმალურად ითვისებენ. მე ვერ ვგრძნობ, რომ ისინი უსინათლონი არიან. თითქოს მე ვარ ამ ბავშვებში ინტეგრირებული, მე ვარ მათ საზოგადოებაში გაწევრებული.

მერწმუნოს მკითხველი, მართლა ასეა. რაც იქ ვნახე, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია - რა მკვირცხლად დარბიან, თამაშობენ ბავშვები, როგორი გალაღებულები არიან, როგორ კითხულობენ, როგორი სიყვარულით ესაუბრება მათ დირექტორი, როგორ თავისუფლად შემორბიან მის კაბინეტში მოსწავლეები, როგორი განსხვავებულია სამყარო ამ სათნო, ენერგიული, თავდადებული და მზრუნველი ადამიანის ირგვლივ!

ცალკე საკითხია, როგორ სწავლობენ უსინათლოები. ეს ყოველივე ხომ ამ მართლაც რომ გმირი პედაგოგების დამსახურებაა. ეს არ არის მხოლოდ თავდადების, მხოლოდ საქმის სიყვარულის, მხოლოდ შინაგანი პედაგოგიური აზარტისა თუ პროფესიონალიზმის შედეგი; ეს რაღაც სხვა, კიდევ უფრო ამაღლებული და ფასდაუდებელი რამ არის! აბა, წარმოიდგინეთ, როგორია, უსინათლოს ნივთიერებათა თვისებები, ქიმიური რეაქციები ან უჯრედთა აგებულება, მათი დაყოფა, გამრავლება და უამრავი სხვა რამ აუხსნა და შეასწავლო. შოკირებული მდუმარედ დავყვებოდი ამ სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასაწავლებელს, ქალბატონ ალინა გოცირიძეს, როდესაც კაბინეტებს მათვალიერებინებდა. ეს ქალბატონი, სპეციალობით ფიზიოლოგი, 30 წელია უსინათლო ბავშვებს ამ ორ რთულ საგანს ასწავლის. ენა ვერ იტყვის, რამდენი ფანტაზია და ძალისხმევა აქვს ჩაქსოვილი მათთვის თვალსაჩინოებათა (თავად ასე უწოდებს, თორემ მე ვფიქრობ, ეს შეხება- ან შეგრძნებასაჩინოებაა) შექმნაში. როგორ შეიძლება, მუდამ - სკოლაში, სახლში, სტუმრად, აგარაკზე - მოსწავლეები გახსოვდეს, მათთვის სულ მუდამ ლობიოს სხვადასხვა ზომის მარცვლებს, სამლებნიან კაკლებსა და სხვა ნივთებს აგროვებდე, ახალი და ახალი მასალა მოგქონდეს, ნაირნაირ ჰერბარიუმებს აკეთებდე, რომ ბავშვებმა მცენარეების ამოცნობა ისწავლონ. ამ ყველაფერზე, თავისი ხელით შექმნილ უამრავ სქემასა და "შეგრძნებასაჩინოებაზე" ქალბატონ ალინას წარწერები ბრაილის შრიფტით აქვს გაკეთებული. საკუთარი თვალით თუ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ეს სასწაულზე გაცილებით მეტია! იმ აზრმაც კი გამიელვა, ამ 72 წლის ქალბატონს ღმერთმა კიდევ დიდხანს შეაძლებინოს მოღვაწეობა და მისი შემცვლელი ნეტავ ვინ უნდა მოიყვანონ-მეთქი ამ სკოლაში!

ალინა გოცირიძე: - ხშირად ინტეგრირებულად ვატარებთ გაკვეთილებს, რომ ბავშვებმა მასალის მაქსიმალურად აღქმა მოახერხონ და დაინტერესდნენ. როდესაც "ხმელ წიფელს" უხსნიან, ვერ ვითმენ, რომ ეს კომპოზიცია (ქალბატონი ალინა წიფლის ხმელი ტოტებისა და ფოთლებისგან თავისი ხელით შექმნილ საოცარ კომპოზიციას მაჩვენებს) არ ჩამოვატარო და არ ვაჩვენო თითოეულ მათგანს. რაც მთავარია, ახალი, ნორჩი ყლორტებიც მომაქვს ხოლმე და იქვე ვამაგრებ, რომ ნორჩი ღერო გამხმარი, ბებერი ტოტისგან განასხვაონ. ჩემს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. ამ საოცარი ქალის შრომით, თავდადებით, საქმისა და ბავშვების სიყვარულით გაოგნებული კარგა ხანს უძრავად ვიდექი. როგორ დავტოვე სკოლა და როგორ დავბრუნდი შინ, არ მახსოვს!