სქესობრივი პრობლემები

ერექციული დარღვევები, ერექციულ დისფუნქციას დიდხანს იმპოტენციად იხსენიებდნენ. დღეს დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან შესაძლოა, სავსებით პოტენტურ მამაკაცს რაიმე პრობლემის გამო ერექცია დაერღვეს, მასზე კი ნამდვილად არ ითქმის იმპოტენტი, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია სქესობრივი აქტის საკმარისად გახანგრძლივებისა და პარტნიორის დაკმაყოფილების უნარი.
ერექციული დარღვევების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათ შორის - ნევროლოგიურ პრობლემებს, სისხლის მიმოქცევის მოშლილობას, ენდოკრინულ პათოლოგიებს. ერექციული უკმარისობის ნევროლოგიურ მიზეზთა რიცხვს მიეკუთვნება:
- ეპილეფსია;
- პარკინსონის დაავადება;
- გაფანტული სკლეროზი;
- თავისა და ზურგის ტვინის, მცირე მენჯისა და შორისის ტრავმები ან ქირურგიული ოპერაციები ამ უბნებში.
დაავადებათა სიმპტომები იმდენად მძიმეა, რომ ერექციული დარღვევები უკანა პლანზე გადადის. რაც შეეხება ოპერაციის ან ტრავმის შედეგად განვითარებულ დარღვევებს, ისინი ხშირად მართლაც სერიოზულ პრობლემებს ქმნიან, რომელთა წინაშე, სამწუხაროდ, ზოგჯერ მედიცინაც უძლურია. ერექციის უკმარისობას ხშირად სისხლძარღვოვანი დაავადებები უდებს სათავეს. ნორმალური ერექციის დროს მამაკაცის გენიტალიებში მკვეთრად ძლიერდება არტერიული სისხლის მიდინება, ხოლო ვენებში მისი გადინება პრაქტიკულად ბლოკირებულია. ამის კვალობაზე, ერექციული უკმარისობის დროს სისხლძარღვოვან დარღვევათა ორ ძირითად ფორმას განასხვავებენ:
- გენიტალიებში არტერიული სისხლის ნაკადის უკმარისობას;
- ვენებში სისხლის ჭარბ გადასროლას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
პირველ შემთხვევაში ერექციის მიღწევას დიდი ხანი სჭირდება და შესაძლოა, ხარისხიც დაეცეს, ვენური დაზიანების დროს კი პირიქით, ერექცია სწრაფად მიიღწევა და ხარისხიანიც არის, მაგრამ ძალზე ხანმოკლე. ხსენებული დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს:
- ენდარტერიიტმა;
- აორტისა და მსხვილი სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა;
- აორტის ანევრიზმამ;
- ვენების ვარიკოზულმა გაგანიერებამ;
- მცირე მენჯისა და შორისის მიდამოების ტრავმამ.
სამწუხაროდ, სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დროს ერექციული უკმარისობის პირველმიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება.
მამაკაცებს ერექციის დაქვეითება არცთუ იშვიათად აღენიშნებათ ჰიპერტონიული დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს. ამ შემთხვევაში ერექციის დაქვეითებას რამდენიმე შესაძლო მიზეზი აქვს: ნევროლოგიური, სისხლძარღვოვანი, ადგილობრივი და მედიკამენტური. საქმე ის გახლავთ, რომ დაავადებათა სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატის (წნევის დამწევ საშუალებათა 64% და ფსიქოტროპული პრეპარატების 90%) ხანგრძლივი მიღება სწორედ ერექციულ უკმარისობას იწვევს.
არსებობს ენდოკრინული დაავადებები, რომლებიც სათესლე ჯირკვლების დისფუნქციასაც განაპირობებს. ასეთ დროს ერექციული უკმარისობის სიმძიმე დაავადების სირთულესა და ჯირკვლების დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული. თუ ეს პრობლემა უკვე მოზრდილ მამაკაცს გაუჩნდა, ერექციაზე ის ნაკლებად მოახდენს გავლენას, მაგრამ სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰორმონული ბალანსის რღვევა ამუხრუჭებს მოზარდის სქესობრივი ცხოვრებისთვის მომზადების პროცესს.
აღსანიშნავია ფსიქოგენური მიზეზებიც, რომლებიც, ჩვეულებრივ, წარუმატებლობის შიშსა და უსიამოვნო განცდებს უკავშირდება. აქვე უნდა ვახსენოთ სომატური მდგომარეობებიც. მოგეხსენებათ, სქესობრივი აქტი მამაკაცისგან განსაზღვრულ ფიზიკურ ძალისხმევას ითხოვს, ამიტომ შესაძლოა გენიტალიები წესრიგში ჰქონდეს, მაგრამ ფილტვების, გულის, თირკმელების ქრონიკული დაავადებები უქმნიდეს პრობლემებს სქესობრივი ცხოვრების ნორმალურად წარმართვაში.
ზოგჯერ ერექციულ უკმარისობას შეცდომით უნაყოფობასთან აიგივებენ. სინამდვილეში ბევრ უნაყოფო მამაკაცს საკმაოდ ძლიერი სქესობრივი პოტენცია აქვს და პირიქით, შესაძლოა ნაყოფიერი მამაკაცი სულაც არ გამოირჩეოდეს სქესობრივი შესაძლებლობებით.
ერექციის მასტიმულებელი პრეპარატები
თანამედროვე ფარმაკოლოგიურ ბაზარზე არსებული ერექციის მასტიმულებელი პრეპარატების უმრავლესობა ერთჯერადი ერექტოგენია, ანუ გამოიყენება ერექციის გასაუმჯობესებლად კონკრეტულ მომენტში და დაახლოებით 60-65%-ით აუმჯობესებს მის ხარისხს. ხშირად წარუმატებლობის მოლოდინი თრგუნავს ამ პრეპარატთა ეფექტს, ამიტომ მათი გამოყენება ნაცნობ პარტნიორთან ურთიერთობისას სჯობს, როცა ფსიქოლოგიური სტრესი ფაქტობრივად მინიმუმამდეა დასული. ერექციული უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ითვალისწინებს მამაკაცის შინაგანი სქესობრივი რესურსების გაზრდას და, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, შედეგიანია.