ბრონქოსკოპია - სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრონქოსკოპია - სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება

.

  • ბრონქოსკოპია- სასუნთქი გზების კვლევის მეთოდი

ბრონქოსკოპია სასუნთქი გზების კვლევის ერთ-ერთი ინსტრუმენტული, ენდოსკოპიური მეთოდია. იმ ენდოსკოპიური მეთოდების სპექტრი, რომელსაც პულმონოლოგიური პროფილის ავადმყოფთა გამოსაკვლევად იყენებენ, ბრონქოსკოპიის გარდა მოიცავს თორაკოსკოპიას, მედიასტინოსკოპიასა და ეზოფაგოსკოპიას.

  • ბრონქოსკოპი

ბრონქოსკოპია საუკუნეზე მეტია არსებობს. თავდაპირველად შეიქმნა ე. წ. რიგიდული ანუ არადრეკადი ბრონქოსკოპია. გამოკვლევა ხდებოდა მეტალის ბრონქოსკოპით, ადგილობრივი ანესთეზიით. ამჟამად, უკვე რამდენიმე ათწლეულია, ასეთი ტიპის გამოკვლევა ენდოტრაქეული ნარკოზის თანხლებით ტარდება. მეტალის ბრონქოსკოპი შედგება არადრეკადი ტუბუსისგან (მილისაგან), რომელსაც ორი წყარო აქვს: სინათლისა და ჰაერისა. ამ გამოკვლევისას სასუნთქი აირების მიწოდებასთან ერთად ხდება ტრაქეობრონქული სისტემის დათვალიერება, გამოსაკვლევი მასალის აღება და ა. შ.

  • ფიბრობრონქოსკოპი თუ ბრონქოსკოპი

არსებობს ფიბრობრონქოსკოპიც - დრეკადი მასალისგან შექმნილი გაუმჯობესებული აპარატი. ის იაპონელმა მეცნიერმა იკედამ შექმნა. მეთოდიც პირველად იაპონიაში დაინერგა, ამჟამად კი ის ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში.

თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ არადრეკად ბრონქოსკოპს ყავლი გაუვიდა - მასაც აქვს თავისი უპირატესობა. მისი უმთავრესი ღირსება ის გახლავთ, რომ -

  • ჯერ ერთი, რიგიდული ბრონქოსკოპიის ჩატარება შეიძლება ფილტვების ვენტილაციის პირობებში. როცა პაციენტს უვითარდება სუნთქვის უკმარისობა, საჭირო ხდება სუნთქვის მართვა აპარატის მეშვეობით. სწორედ ამის საშუალებას იძლევა რიგიდული ბრონქოსკოპია. თუ სუნთქვა არ ვმართეთ გამოკვლევისას, შესაძლოა გული გაჩერდეს და ავადმყოფი დაიღუპოს. ამდენად, ასეთი ტიპის პაციენტებს ფიბრობრონქოსკოპიას არ უტარებენ.
  • მეორე: არადრეკადი ბრონქოსკოპით მეტად მოხერხებულია უცხო სხეულების ექსტრაქცია (ამოღება). ამ სახის ინსტრუმენტს აქვს დიდი მაშები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია დიდი ზომის, მაგალითად, სამი-ოთხი კბილისგან შემდგარი პროთეზის, ლითონის, მინის უცხო სხეულის ამოღება, რომელთა ექსტრაქცია, მათი სიმძიმის გამო, დრეკადი ბრონქოსკოპის მცირე ზომის მაშებით შეუძლებელია.
  • მეტად ეფექტურია რიგიდული ბრონქოსკოპია ფილტვიდან სისხლდენისას - ფიბრობრონქოსკოპის პატარა ნათურა ადვილად იფარება სისხლის კოლტით, არადრეკად ინსტრუმენტს კი შედარებით დიდი ზომის ნათურა აქვს, რომლის მეშვეობითაც საჭირო ადგილის დათვალიერება გაცილებით იოლია.
  • ამასთანავე, მისი მეშვეობით შესაძლებელია, ფილტვში სპეციალური ნივთიერებით დასველებული ტამპონი ჩაიდოს, სისხლდენა შეჩერდეს და ავადმყოფი ფილტვის ამოკვეთას გადაურჩეს.

რაც შეეხება ფიბრობრონქოსკოპიის ანუ დრეკადი ბრონქოსკოპიის უპირატესობას, გეტყვით, რომ იგი ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. შესაძლებელია მისი ჩატარება ნებისმიერ პოზაში - როგორც წოლისას, ისე ჯდომისას. ფიბრობრონქოსკოპია მოხერხებულია, როდესაც პაციენტს მოკლე კისერი აქვს ან ვერ ხერხდება მისთვის ინტუბაციის ჩატარება, ასევე - ბეხტერევის დაავადების დროს და სხვა. ამ ტიპის ინსტრუმენტით შესაძლებელია საკმაოდ წვრილ ბრონქებში შეღწევა და მათი ვიზუალიზაცია.

სხვათა შორის, იაპონელებმა ძაფისოდენა დიამეტრის მქონე ბრონქოსკოპიც შექმნეს, თუმცა ეს უფრო მათი ტექნიკური შესაძლებლობების მორიგი დემონსტრირება გახლდათ, ვინაიდან ასეთი ტიპის ბრონქოსკოპს დიდი სამკურნალო ღირებულება არ გააჩნია.

  • ბრონქოსკოპიის სახეეები

განასხვავებენ ბრონქოსკოპიის რამდენიმე სახეს:

  • პირველია მიმოხილვითი ბრონქოსკოპია

პულმონოლოგიაში (მეცნიერება ფილტვების დაავადებების შესახებ) არსებობს დაუწერელი კანონი: თუ უკუჩვენება არ აღინიშნება, ამ სახის გამოკვლევა პულმონოლოგიური პროფილის ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს.

აქვე გეტყვით, რომ ბრონქოსკოპია უკუნაჩვენებია გულის მწვავე უკმარისობის, დეკომპენსირებული დიაბეტის, ეპილეფსიური გულყრების სერიის შემთხვევაში, პოსტინფარქტულ (ინფარქტის შემდგომ) პერიოდში და ა. შ. უკუჩვენება მრავალია, მაგრამ მე ვგულისხმობდი შემდეგი სახის ბრონქოსკოპიას: როცა დიაგნოზი სხვა სახის გამოკვლევებით თითქმის მთლიანად დადგენილია და ასეთ დროს ბრონქოსკოპია შეიძლება ჩატარდეს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ დროს ექიმებს ბრონქოსკოპიის მეშვეობით მეტად ფასეული ინფორმაცია მიუღიათ. მაგალითად, შემოდის ავადმყოფი პლევრიტის დიაგნოზით. ამ დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბრონქოგენური ონკოლოგიური დაავადების დროს ბრონქის ობტურაცია ზოგჯერ მთლიანად არ ხდება და ამის გამო ატელექტაზი რენტგენოლოგიურად არ ჩანს. ბრონქოსკოპიის საშუალებით კი შესაძლებელია ინახოს ბრონქოგენური წარმონაქმნი, მოხდეს მისი ბიოფსია, დადგინდეს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი და გაირკვეს, რომ უკვე განვითარებული პლევრიტი მეორეულ ხასიათს ატარებს. მოკლედ, ექიმიც და პაციენტიც ამ შემთხვევაში დროს იგებენ, ექიმი ჭეშმარიტ დიაგნოზს ადგენს და მკურნალობაც შესაბამისი ტარდება. ზოგჯერ პაციენტი შემოდის პნევმონიით, რომელიც გარკვეული ინტერვალებით უმეორდება ფილტვის ერთსა და იმავე უბანზე. ამ დროსაც უნდა ვიეჭვოთ ახალწარმონაქმნის არსებობა, რომელიც ახშობს ბრონქს, რასაც, როგორც წესი, პნევმონია მოჰყვება. ბრონქოსკოპია ამ დროსაც აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

  • სადიაგნოსტიკო ბრონქოსკოპია.

მეორე სახე გახლავთ სადიაგნოსტიკო ბრონქოსკოპია. მისი კომპეტენცია მხოლოდ ბრონქული ხის დათვალიერება და ამა თუ იმ დაავადების პირდაპირი და ირიბი ნიშნების აღმოჩენა არ გახლავთ - ბრონქოსკოპის საშუალებით ხდება ბიოფსიური, ასპირაციული მასალების აღება.

  • სამკურნალო ბრონქოსკოპია

მომდევნო სახეობაა სამკურნალო ბრონქოსკოპია, რომელიც ფართოდ გამოიყენება. ამ დროს ზოგად (ტაბლეტებით, ინექციებით) ანტიბაქტერიულ თერაპიას ერთვის და მეტად ეფექტურს ხდის ადგილობრივი (უშუალოდ დაზიანებული ადგილის) მკურნალობა. მაგალითისთვის, ავიღოთ აბსცედირებული პნევმონია, როცა ფილტვის ქსოვილის რღვევის საწყის ფაზასთან გვაქვს საქმე. როდესაც დაგროვილი ჩირქი ბრონქში სათანადოდ არ არის გახსნილი, ორგანიზმის ინტოქსიკაცია ძლიერია, ავადმყოფობა მიმდინარეობს შემცივნებითა და მაღალი სიცხით. ბრონქოსკოპიით კი შესაძლებელია, გაიხსნას ჩირქით სავსე უბნის მადრენირებელი ბრონქი, მოხდეს მისი სანაცია, ჩირქი ბრონქში თავისუფლად გადმოვიდეს და ავადმყოფმა მისი ამოხველება შეძლოს. ამის შედეგად პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება. ამგვარად, ბრონქოსკოპით ხდება ჩირქით გავსებული და გადაკეტილი ბრონქის გახსნა, ჩირქის ამოქაჩვა, კათეტერიზაცია, ნახველის გამათხიერებელი ან ანტიბაქტერიული საშუალებების ჩასხმა. ყველაფერი ეს ძალიან კარგ თერაპიულ ეფექტს იძლევა.

ბრონქოსკოპია შედეგიანია ტუბერკულოზის ზოგიერთ შემთხვევაშიც.

  • სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ბრონქოსკოპია

შემდეგია სადიაგნოსტიკო-სამკურნალო ბრონქოსკოპია. ცალ-ცალკე მათ შესახებ უკვე ვისაუბრეთ. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ორივე მეთოდი ერთად გამოიყენება ანუ სადიაგნოსტიკო ბრონქოსკოპია თავისუფლად შეიძლება გაგრძელდეს სამკურნალოთი.

  • პერიფერიული ბრონქების კათეტერიზაცია რენტგენოსკოპიის კონტროლით

მომდევნო სახეობას წარმოადგენს პერიფერიული ბრონქების კათეტერიზაცია რენტგენოსკოპიის კონტროლით. ახლავე აგიხსნით, რაშია საქმე. ბრონქოსკოპით ვიზუალიზაციის შესაძლებლობები განსაზღვრულია - ინსტრუმენტით შეიძლება დაინახო მეოთხე-მეხუთე ყალიბის ბრონქები. ამის იქით ბრონქოსკოპისთვის ბრმა ზონა იწყება, მაგრამ რენტგენის კონტროლით და ბრონქოსკოპის მეშვეობით შესაძლებელია, მეტალის სპეციალური ინსტრუმენტით მივუდგეთ დაზიანებულ ან საეჭვო უბანს და იქიდან ავიღოთ ბიოფსიური მასალა, რომლის გამოკვლევაც ექიმს დიაგნოზის დასმაში დიდად ეხმარება.

  • კომბინირებული ბრონქოსკოპია

მეტად ეფექტურია კომბინირებული ბრონქოსკოპია. ამ დროს გამოკვლევა იწყება რიგიდული ბრონქოსკოპით, თუმცა მასთან ერთად გამოიყენება ფიბრობრონქოსკოპიც.

  • შერწყმული ბრონქოსკოპი

არსებობს ე. წ. შერწყმული ბრონქოსკოპია. ამ დროს ფიბრობრონქოსკოპიასთან ერთად ტარდება სხვა სახის, მაგალითად, ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევაც. ფილტვში ბრონქოსკოპით შეჰყავთ სპეციალური ელექტროდი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება განისაზღვროს ფილტვის ისეთი რეგიონული ფუნქციები, როგორიც არის ფილტვის სისხლსავსეობა ამა თუ იმ უბანში, ჰაერის შემცველობა და სისხლის მიმოქცევის ინტენსიურობა.

  • რეანიმაციული ბრონქოსკოპია

არსებობს რეანიმაციული ბრონქოსკოპია. ის მოიცავს გადაუდებელ შემთხვევებს, როდესაც ავადმყოფი ასპირაციული სინდრომით მოჰყავთ. ვთქვათ, მოხდა ინსულტი და მას დაერთო ღებინება, კუჭის შიგთავსი კი ფილტვებში მოხვდა. ამ დროს სასწრაფოდ უნდა გაფართოვდეს სასუნთქი ზედაპირი, უნდა ამოიქაჩოს კუჭის მჟავე შიგთავსი, რომელიც ლორწოვანის დაწვას იწვევს. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კი ბრონქოსკოპია გეგმურად უნდა ჩატარდეს, რათა თავიდან ავიცილოთ მრავალი მძიმე გართულება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საქმე ლეტალური შედეგით დასრულდეს.

  • ოპერაციული ბრონქოსკოპია

ბრონქოსკოპიის უკანასკნელი სახე, რომელიც ჩემთვის ცნობილია, გახლავთ ოპერაციული ბრონქოსკოპია. მის ფუნქციებში შედის, მაგალითად, სისხლმდინარი სისხლძარღვის კოაგულაცია (მოწვა). შესაძლოა, მოხერხდეს ბრონქოგენური წარმონაქმნის ამოკვეთა დიდი ოპერაციული ჩარევის გარეშე. ხშირად ბრონქოსკოპის მეშვეობით იყენებენ ქირურგიულ ლაზერს. მისი საშუალებით სიმსივნეების შორს წასულ შემთხვევებს მკურნალობენ და, სხვათა შორის, არცთუ ისე წარუმატებლად.

  • ბრონქოგრაფია

ბრონქოგრაფია არის კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ბრონქებში შეჰყავთ კონტრასტული ნივთიერება და შემდეგ აკეთებენ რენტგენოგრაფიას. ფიბრობრონქოსკოპის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებამ საგრძნობლად შეამცირა ბრონქოგრაფიის ჩატარების აუცილებლობა, თუმცა არსებობს დაავადებები, რომელთა დიაგნოსტირება ბრონქოგრაფიის გარეშე დღესაც კი შეუძლებელია. ასეთია, მაგალითად, ბრონქოექტაზიური დაავადება. გარდა ამისა, ბრონქოგრაფია ინფორმაციულია ფილტვების პოლიკისტოზის დროს. ზოგჯერ, განსაკუთრებით - იურიდიულ შემთხვევებში, ბრონქოგრაფიის ჩატარება წვევამდელები-სთვის ან პენსიონერთა ჯგუფის დასადგენად აუცილებელია.

დამატებით შემიძლია გითხრათ, რომ ფიბრობრონქოსკოპი ძალიან ხშირად გამოიყენება საყლაპავის გამოსაკვლევად, მაგალითად, საყლაპავის დამწვრობის დროს. ამ ინსტრუმენტით ზოგჯერ სანაღვლე გზებსა და პლევრის ღრუსაც ათვალიერებენ. ის კი არა, ერთხანს მას ნეიროქირურგიაში, თავის ტვინის პარკუჭების დასათვალიერებლადაც კი იყენებდნენ. ისე რომ, ამ ტიპის ინსტრუმენტულ გამოკვლევას კიდევ კარგა ხანს ექნება მედიცინაში დიდი მნიშვნელობა.