კალციუმის იონების არსებობა აუცილებელია არა მხოლოდ კუნთოვანი სისტემის კოორდინირებული ფუნქციობისათვის (შეკუმშვითი ფუნქციის რეგულაციისათვის), არამედ ჰორმონთა ცვლისათვის, ზრდის პროცესთა ნორმალურად წარმართვის, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნების, ფერმენტთა გააქტივების, ნეირორეგულატორების (ნეირონთაშორისი კომუნიკაციის აღმასრულებელი ქიმიური ნივთიერებები) გამოყოფისა და საზოგადოდ, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისათვის. ამ თვისების გამო ზოგიერთი ნეიროფიზიოლოგი კალციუმს საუკეთესო ბუნებრივ დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნევს.
ამ კუთხით კალციუმი ბუნებაში უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ცხოველებზე დაკვირვებით დადგენილია, რომ, მაგალითად, ბაჭიები, გადატანილი სტრესის შემდეგ (მაგალითად, მტრისაგან თავის დაღწევის, გაქცევისა და სხვა უბედური შემთხვევის შემდეგ) ინსტინქტურად ეძებენ კალციუმით მდიდარ მცენარეებს, კერძოდ: კამას, სალბს, როზმარინს, მაიორანს, ბეგქონდარას, რომლებიც “ნერვების დამაწყნარებელი კალციუმის”, სულ მცირე, 2-2,5%-ს მაინც შეიცავს.

კალციუმის ძირითადი გამოვლინებანი
კალციუმის დეფიციტის შედეგები შესაძლოა აისახოს როგორც მთელ ორგანიზმზე, ასევე გამოვლინდეს ორგანიზმის ცალკეული სისტემების დონეზე:
- ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა;
- კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები;
- ძვლების ტკივილი, სიარულის მანერის დარღვევა;
- ზრდის პროცესთა დარღვევა;
- ჰიპოკალცემია, ჰიპოკალცინოზი და სხვა...
კალციუმის სიჭარბის ძირითადი გამოვლინებანი
- კუნთოვანი და ნერვული ბოჭკოების აგზნებადობის დათრგუნვა;
- გლუვი კუნთების ტონუსის დაქვეითება;
- კუჭის მჟავიანობის მომატება;
- გასტრიტისა და წყლულოვანი პათოლოგიის განვითარება-გამწვავება;
- კალცინოზი, კალციუმის ჩალაგება ქსოვილებსა და ორგანოებში (კანში, კანქვეშა ქსოვილში, კუნთებსა და მყესებში, ნერვებსა და სისხლძარღვთა კედლებში და სხვა);
- ბრადიკარდია, სტენოკარდია;
- ორგანიზმიდან მაგნიუმის, ფოსფორის, თუთიისა და რკინის გამოდევნა.
* * *
ცერებრო-ვასკულარული (ტვინის სისხლძარღვოვანი) დარღვევების პათოგენეზში ძირითადი რგოლი კალციუმის ტრანსპორტირების პროცესთა მოშლაა. სისხლძარღვოვანი ტონუსის მთავარი მარეგულირებელი მექანიზმია კალციუმის იონების დაბალანსებული მიწოდება სისხლძარღვების ნერვული და გლუვკუნთოვანი უჯრედებისათვის. ამ მექანიზმის მოშლის შემთხვევაში სხვადასხვა სახის ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია ვითარდება. მაგალითად, იშემიური ინსულტის დროს ძლიერდება კალციუმის იონების ნაკადი ნეირონებისადმი, რაც იწვევს მათი მემბრანების დეპოლარიზაციას. უჯრედშიდა გარემოში კათიონების დაგროვება ეხმარება ნეირონთა ფუნქციების გადატვირთვა-გამოფიტვას. ცერებრო-ვასკულარული დარღვევების დროს კალციუმის ანტაგონისტების დანიშვნა მიზნად ისახავს სწორედ ნეირონებში კალციუმის იონთა შეღწევის დაბლოკვას, რითაც ბალანსდება უჯრედული მეტაბოლიზმი და რეგულირდება სისხლძარღვოვანი ტონუსი.
ახალშობილთა ტეტანია
სიცოცხლის პირველ დღეებში ჰიპოკალცემია (სისხლში კალციუმის დაბალი დონე) და კრუნჩხვითი მდგომარეობა უხშირესად დღენაკლულ ახალშობილებს, ტყუპებს, ინფექციური და სიყვითლით მიმდინარე პათოლოგიით შეპყრობილ პატარებს აღენიშნებათ. დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისათვის კალციუმის მიწოდების რეჟიმს, პერიფერიული რეცეპტორების რეზისტენტობას, კალციტონინის სეკრეციის (გამოყოფის) გაძლიერებას.
სიცოცხლის პირველ კვირებში ჰიპოკალცემია ბავშვებთან შესაძლოა განპირობებული იყოს კვების თავისებურებათა დარღვევით, კალციუმისა და ფოსფორის მიწოდების წონასწორობის დარღვევით, დედის ორგანიზმში D ვიტამინისა და მინერალის ნაკლებობით. კლინიკურად ახალშობილებთან ჰიპოკალცემია ვლინდება გენერალიზებული ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობით, კრუნჩხვებით, რესპირატორული სიმპტომებით, ტაქიკარდიით, ღებინებით.