სხეულის პოზები ძილის დროს - რა უნდა ვიცოდეთ
ღამის დასვენების რეგულარული დარღვევა იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს და უარყოფითად აისახება ფსიქიკაზე. რა სჭირდება ჯანმრთელ ადამიანს კარგი ძილისთვის? მშვიდი გარემო, შესაფერისი მიკროკლიმატი, მორგებული ბალიში და კომფორტული პოზა.
მოცემული სტატიიდან შეიტყობთ, რა გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე პოზა, რომელშიც გვძინავს, როგორ ავირჩიოთ ის სწორად და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ძილის დროს სხეულის არასასიამოვნო პოზას.
არის თუ არა ძილის პოზა ასე მნიშვნელოვანი?
პირველ რიგში, ძილის დროს არასწორი პოზიცია (პოზა) ზრდის კუნთების დაძაბულობას, აფერხებს სისხლის მიმოქცევას და იწვევს ზურგის ტკივილს. იმ შემთხვევებში, როცა უკვე არსებობს ხერხემლის პრობლემა, სხეულის არასასიამოვნო და არახელსაყრელი პოზა, ღამის დასვენების დროს, მხოლოდ ამძიმებს სიტუაციას.
ღამის დასვენებისთვის ყველაზე შესაფერისი პოზები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდ ძილს, ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე გაღვიძებისას, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ესენია:
- ლეიბისა და ბალიშის ხარისხი. ბალიშის არჩევანს საკვანძო მნიშვნელობა აქვს - ის არ უნდა იყოს ძალიან მაღალი ან დაბალი და სასურველია, ბალიში მიჰყვებოდეს ჩვენი კისრის ბუნებრივ მრუდს;
- სხეულის ინდივიდუალური მახასიათებლები;
- მწვავე და ქრონიკული დაავადებების არსებობა;
- მავნე ჩვევები, მაგალითად, ზედმეტად მაღალი ტემპერატურის მქონე ოთახში ძილი ან მობილური მოწყობილობების გამოყენება ძილის წინ.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები თანხმდებიან - ძილის ხარისხს დიდწილად განსაზღვრავს ის პოზები, რომლებშიც ღამეს ვატარებთ, იმასაც აღიარებენ, რომ პოზების „სასარგებლო რეიტინგი“ არ არსებობს, ანუ სპეციალური და სასარგებლო პოზის გამოყოფა არასწორია.
პოზიციას და პოზას თავად სხეული ირჩევს და ის უნდა შეცვალოთ (ხელახლა ისწავლოთ სხვაგვარად ძილი) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „გატეხილი“, „დანგრეული“ იღვიძებთ.
რაზე ზემოქმედებს სხეულის პოზა ძილის დროს?
ძილის პოზა გავლენას ახდენს მხოლოდ ერთზე - რა მდგომარეობაში გაიღვიძებთ. თუ დილით თავს მხნედ და დასვენებულად გრძნობთ, არ გაქვთ დისკომფორტი სხეულში, მაშინ ის პოზა, რომელშიც გეძინათ, თქვენთვის შესაფერისია. პირიქით, მოდუნებულობა და მუდმივი ტკივილი ზურგის არეში შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ძილის დროს სხეულის პოზიციის შეცვლა გჭირდებათ. ამის გაკეთება ადვილი არ არის, მაგრამ სავსებით შესაძლებელია. გამოდის, რომ არსებობს უფრო სასარგებლო და ნაკლებად სასარგებლო მდგომარეობები (პოზები). შესაძლებელია თუ არა „ხელახლა სწავლა“, ასე ვთქვათ, გადასწავლა, იმისათვის, რომ ადამიანმა სწორად იძინოს?
კონკრეტული პოზების უპირატესობები და უარყოფითი მხარეები
ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი პოზა ძილისათვის. უბრალოდ იმიტომ, რომ დიდხანს ვერ დაიძინებს ამ პოზაში.
ღამით ადამიანი ტრიალებს დაახლოებით ხუთ-ათჯერ, ყოველ საათნახევარში. ეს ნორმალური და ფიზიოლოგიურია. სხეული კარნახობს, რომ რაღაც მომენტში წოლა გახდა არასასიამოვნო და ადამიანმა უნდა შეცვალოს სხეულის პოზიცია.
ზურგზე წოლა - ნაოჭებისა და კისრის ტკივილის დროს
ძილის საუკეთესო და ყველაზე გავრცელებული პოზაა ზურგზე წოლა. ითვლება, რომ სწორედ ამ მდგომარეობაში სხეული მაქსიმალურად დუნდება, ხერხემალი და კუნთები ისვენებს.
ზურგზე ძილი იდეალურია იმ ქალებისთვის, რომლებსაც ეშინიათ დილით სახეზე „ნაკეცების“ დანახვის (ისინი ბალიშთან კონტაქტის გამო ჩნდება და საბოლოოდ ნაოჭების წარმოქმნას იწვევს).
საყურადღებოა: ზურგზე ძილი უკუნაჩვენებია ჭარბი წონის მქონე და ხვრინვისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის. ზურგზე წოლამ შეიძლება გამოიწვიოს აპნოე (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს).
გვერდზე წოლა - შესაფერისია ორსულებისთვისაც კი
ძილის კიდევ ერთი გავრცელებული პოზაა გვერდზე წოლა. ის არ იწვევს ხვრინვას და ამცირებს დატვირთვას წელის არეზე (ამიტომაც ამ პოზას ყველაზე ხშირად ორსულებს ურჩევენ).
ჩვეულებრივ, ადამიანებს არ აინტერესებთ, რომელ მხარეს, რომელ გვერდზე იძინებენ, მაგრამ ზოგიერთს მიაჩნია, რომ მარცხენა მხარეს, ანუ მარცხენა გვერდზე წოლა საზიანოა გულისთვის. ეს მითია.
არის ნიუანსი: გვერდით პოზაში ძილი, ანუ გვერდზე წოლა, ძალიან მგრძნობიარეა... ბალიშის მიმართ. სწორად შერჩეული ბალიში უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის მხრის სიგანეს (თავი უნდა იყოს დაახლოებით ზურგის დონეზე).
ემბრიონის პოზა - სწრაფად ჩაძინება
ეს პოზა ჰგავს ბავშვის (ნაყოფის) პოზიციას დედის მუცელში: გვერდზე მოკალათებული, მუხლები მოხრილი და მუცელზე მიჭერილი. ამ პოზაში ბავშვები თავს მაქსიმალურად დაცულად გრძნობენ, უფროსები კი კარგად ისვენებენ, იძინებენ უფრო სწრაფად და მარტივად.
არსებობს ნიუანსი: თუ ამ პოზაში დიდხანს გძინავთ, შესაძლოა ზურგის ტკივილმა შეგაწუხოთ.
სწორი პოზები ჯანსაღი ძილისთვის
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არსებობს საყოველთაოდ იდეალური, სასარგებლო და ასევე ცალსახად მავნე პოზები. ყველაფერი ინდივიდუალურია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მნიშვნელოვანია იცოდეთ!
ზურგზე დაწოლილ პოზაში ძილის დროს ხერხემლის ტკივილის განვითარების საფრთხე მინიმალურია, ასევე მცირდება გასტროეზოფაგური ანუ მჟავა-რეფლუქსი. გარდა ამისა, ამ პოზას აქვს ნაოჭების განვითარების ყველაზე ნაკლები რისკი.
გვერდზე წოლა და ისე ძილი სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულმკერდის ან კისრის ტკივილი აწუხებს. გარდა ამისა, ეს პოზა გვეხმარება ღამის ხვრინვისგან თავის დაღწევაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი არ გვირჩევს მუცელზე ძილს, ეს პოზა ყველაზე კომფორტული პოზაა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. მუცელზე ძილი ამცირებს შფოთვას და დეპრესიას.